იტვირთება

რევაზ ხარაზი: ამ ქალაქში [ბათუმში] 1,500 ადამიანით მეტმა მიმართა უფასო სასადილოს, ვიდრე 2020 წლის მარტში.

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრი“ რევაზ ხარაზის განცხადებას უვერდიქტოდ ტოვებს.

რეზიუმე: ბათუმში ერთჯერადი უფასო კვებით 7,595 ბენეფიციარი სარგებლობს. 2020 წელს უფასო სასადილოს სერვისით 5,522 ადამიანი სარგებლობდა. ბენეფიციარების რაოდენობა, ჯერ კიდევ მიმდინარე წლის დასაწყისში, 736-ით გაიზარდა და 6,258-ს მიაღწია, ხოლო ბოლო მონაცემებით, 1,337 ბენეფიციარი დაემატა. ეს ნიშნავს, რომ საერთო ჯამში, გასულ წელთან შედარებით, ერთჯერადი უფასო საკვები 2,073 ბენეფიციარით მეტს მიეწოდება.

აღსანიშნავია, რომ უფასო სადილის მომლოდინეთა რიგში ყოველწლიურად ასეულობით ადამიანი ირიცხებოდა. 2020 წელს მათმა რაოდენობამ 1,938 ადამიანი შეადგინა. კოვიდპანდემიის პირობებში, ბათუმის მერიამ მომლოდინეთა განცხადებები ეტაპობრივად დააკმაყოფილა. 2021 წლის აგვისტოში, უფასო სასადილოს ბენეფიციარად რეგისტრაციის მოთხოვნით, მერიაში მხოლოდ 228 განცხადება შევიდა. ა(ა)იპ ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტომ აგვისტოში ყველა მომლოდინის საკითხი დადებითად გადაწყვიტა. ამ ეტაპზე მომლოდინეთა (ვინც უფასო სასადილოს დამატებით სიაში ირიცხება და ბენეფიციარად რეგისტრაციას ელოდება) რაოდენობა ნულს გაუტოლდა.

აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ მიიჩნევს, რომ განცხადების კონტექსტი ადამიანების სოციალური მდგომარეობის გაუარესების შესახებ, სიმართლეა და ეს, თავის მხრივ, პანდემიით გამოწვეულ კრიზისსაც უკავშირდება. თუმცა ბათუმის უფასო სასადილოს ბენეფიციართა რაოდენობის ზრდა განაპირობა იმან, რომ 2021 წელს მერიამ მომლოდინეთა განცხადებები დააკმაყოფილა. ამ ეტაპზე ქვეპროგრამას მომლოდინეები, ფაქტობრივად, აღარ ჰყავს. ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ რიცხვები რეალურად ასახავს, სინამდვილეში რამდენი მოქალაქის მდგომარეობა გაუარესდა. ფაქტია, რომ ბათუმში რეგისტრირებული იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც საარსებო შემწეობის მიმღებები გახდნენ, ასევე, შემწეობის მიღების მსურველთა რიცხვიც, გაზრდილია. ამიტომ ჩვენ განცხადებას უვერდიქტოდ ვტოვებთ და არ შევდივართ იმ მსჯელობაში, რამდენი ადამიანის მდგომარეობა გაუარესდა რეალურად.

უნდა ითქვას, რომ უფასო სადილის მიმღებად 2019 წელს რეგისტრირებული იყო 1,140 პირით მეტი, ვიდრე 2016 წელს. ასევე 817-ით მეტი ადამიანი ბენეფიციარად აღიარებას ელოდებოდა. ეს ნიშნავს, რომ მათი რაოდენობის ზრდა მხოლოდ პანდემიას არ უკავშირდება.

ანალიზი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პოლიტიკოსმა რევაზ ხარაზმა განაცხადა: „ამ ქალაქში [ბათუმში] 1,500 ადამიანით მეტმა მიმართა უფასო სასადილოს, ვიდრე 2020 წლის მარტში.“

„ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული განცხადება გადაამოწმა.

ქალაქ ბათუმში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულაა 0-დან 65,000-ის ჩათვლით და მინიჭებული აქვთ სოციალურად დაუცველის სტატუსი, ერთჯერადი უფასო კვების პროგრამით სარგებლობენ. პროგრამას ა(ა)იპ ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტო ახორციელებს.

უფასო სასადილოს ბენეფიციარების რაოდენობის შესახებ, სააგენტოსგან ინფორმაცია წერილობით გამოვითხოვეთ. საანგარიშოდ 2016 წლიდან მიმდინარე პერიოდის ჩათვლით შუალედი შევარჩიეთ. აღმოჩნდა, რომ უფასო სასადილოს ბენეფიციართა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. მაგალითად, 2020 წლის შემდეგ, ბენეფიციარების რიცხვი 2,073 ადამიანით გაიზარდა. თუმცა, ბენეფიციარების ზრდა რომ მხოლოდ კოვიდპანდემიით გამოწვეულ კრიზისს არ უკავშირდება, ამაზე საანგარიშო პერიოდის მონაცემებიც მეტყველებს. (დანართი 1, დანართი 2)

ცხრილი 1. ერთჯერადი უფასო საკვებით მოსარგებლე ბენეფიციარების რაოდენობა, 2016 წლიდან 2021 წლის სექტემბრის ჩათვლით

წყარო: ა(ა)იპ ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტო

ცხრილი 1-დან ჩანს, რომ კოვიდპანდემიამდეც, 2016 წლიდან 2019 წლის ჩათვლით პერიოდში, მზარდია როგორც ბენეფიციარების (რეგისტრირებული), ისე - მომლოდინეთა რაოდენობაც. კერძოდ, 2019 წელს, 2016 წელთან შედარებით, პირველი გაზრდილია 1,140 ადამიანით, ხოლო მეორე - 817-ით.

უფასო სადილის მომლოდინე მოქალაქეები, რომლებიც დამატებით სიაში არიან, ერთჯერად საკვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებდნენ, თუ ბენეფიციარად რეგისტრირებული მოქალაქე სადილზე არ მივიდოდა და სასადილოს საკვების გარკვეული ულუფა დარჩებოდა. თუმცა ყველასთვის საკმარისი საკვები სასადილოს არ რჩებოდა.

კოვიდპანდემიით გამოწვეული საფრთხის გამო, სასადილოები დაიხურა და ბენეფიციარებს მათთვის განკუთვნილი სურსათი თვეში ერთხელ გადაეცემათ. ამ გადაწყვეტილებამ დამატებით სიაში მყოფი მოქალაქეების მდგომარეობა გაართულა. სააგენტომ ბენეფიციარების რაოდენობა გაზარდა. მიმდინარე წლის აგვისტოში მათთან მხოლოდ 228 მომლოდინე მოქალაქის განცხადება შევიდა და ყველა დაკმაყოფილდა. ეს გადაწყვეტილება სააგენტომ, როგორც თვითონ მოგვწერა, სასადილოების დახურვისა და სასურსათო კალათების ყოველთვიურად დარიგების რეჟიმზე გადასვლის გამო მიიღო. აქედან გამომდინარე, მომლოდინეთა რაოდენობა ნულს გაუტოლდა.

საინტერესოა, რომ შემცირდა ბენეფიციარისთვის ყოველდღიურად განკუთვნილი კვების ხარჯი. მიმდინარე წლის სექტემბერში ერთი ადამიანის გამოსაკვებად გათვალისწინებულმა თანხამ 1.33 ლარი შეადგინა.

ცხრილი 2. უფასო სასადილოს ერთი ბენეფიციარის დღიური კვების თანხა, 2016 წლიდან მიმდინარე პერიოდის ჩათვლით, თვეების მიხედვით

წყარო: ა(ა)იპ ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტო

როგორც ვხედავთ, შარშან, დეკემბერში, ერთ ბენეფიციარზე გამოყოფილი ერთჯერადი კვების ყოველდღიური ხარჯი ყველაზე მაღალი იყო. თუმცა მიმდინარე წლის იანვრიდან საგრძნობლად შემცირდა და სექტემბერში კიდევ უფრო მოიკლო. თუ გავითვალისწინებთ, რომ 2021 წლის მაისში სურსათზე ფასები გაიზარდა, მათ შორის, იმ პროდუქტებზე, რომელიც ბენეფიციარებს მიეწოდებათ, მივხვდებით, რომ ერთჯერადი კვებისთვის გათვალისწინებული თანხა ძალიან მცირეა. მით უფრო, ბენეფიციარების ნაწილს არასრულწლოვანი მოქალაქეები და მოხუცები შეადგენენ. უფასო სასადილოზე დამოკიდებული მოქალაქეების გარკვეულ რაოდენობას დამატებითი საკვების შეძენის შესაძლებლობა არ აქვს.

აღსანიშნავია, რომ ქალაქ ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტის დანართი 1-ის მიხედვით, 7,595 ბენეფიციარის საკვები პროდუქტის შეძენის მიზნით, გათვალისწინებულია 3,924,000 ლარი. ეს ნიშნავს, რომ ერთი ბენეფიციარის შენახვა ქალაქის ბიუჯეტს წელიწადში 516.66 ლარი უჯდება.

შენიშვნა: „ფაქტ-მეტრი“ მიიჩნევს, რომ განცხადების კონტექსტი ადამიანების სოციალური მდგომარეობის გაუარესების შესახებ, სიმართლეა და ეს, თავის მხრივ, პანდემიით გამოწვეულ კრიზისსაც უკავშირდება. თუმცა ბათუმის უფასო სასადილოს ბენეფიციართა რაოდენობის ზრდა განაპირობა იმან, რომ 2021 წელს მერიამ მომლოდინეთა განცხადებები დააკმაყოფილა. ამ ეტაპზე ქვეპროგრამას მომლოდინეები აღარ ჰყავს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ რიცხვები რეალურად არ ასახავს, სინამდვილეში რამდენი მოქალაქის მდგომარეობა გაუარესდა. ბათუმში გაიზარდა იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც საარსებო შემწეობის მიმღებები არიან, ან მიიჩნევენ, რომ შემწეობა ეკუთვნით და რეგისტრირებული არიან მონაცემთა ერთიან ბაზაში.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3472 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
22%
ყალბი ამბავი
19%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი