საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბოლოდროინდელი განცხადებები ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისა და განვითარების შესახებ, ხშირად რეალურ სურათს არ ასახავს.

კერძოდ: ნოემბერში ნათია თურნავამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, უკიდურეს სიღარიბეს თავი 400 000-ზე მეტმა ადამიანმა დააღწია. „ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული განცხადება გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ მინისტრი ფაქტებით მანიპულირებს.

იმავე პერიოდში სოციალურ ქსელებში მოქალაქეები აქტიურად განიხილავდნენ ნათია თურნავას კიდევ ერთ განცხადებას: „2021 წელს საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რაც მთავრობის სწორი და დაბალანსებული პოლიტიკის ნაწილია.“ ამ შემთხვევაში, „ფაქტ-მეტრმა“ მინისტრის განცხადებაზე ვერდიქტი „მეტწილად მცდარი“ გამოიტანა.

ჩვენ შეგვიძლია, კიდევ არაერთი განცხადება გავიხსენოთ, რომელთა პათოსიც მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სიტუაცია პოზიტიურ ჭრილში წარმოაჩინოს. იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია 1, 2, 3 და სხვა. არც ერთ მათგანში მინისტრი სიმართლეს არ ამბობს. და რაც მთავარია, სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის რიგებს კიდევ ასეულობით ადამიანი შეემატა, ანუ ისინი, ვისზეც „მაღალი ეკონომიკური ზრდა“ ვერაფრით ვერ აისახა და პირიქით, მდგომარეობა უკიდურესად დაუმძიმა.

ამ ფონზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო რესტორნებში ძვირადღირებულ სუფრებს შლის და მრავალრიცხოვან სტუმრებს პომპეზურად უმასპინძლდება. ის, რომ ამ სუფრებზე უცხოელ პარტნიორებს ეპატიჟებიან, გასაგებია. თუმცა საინტერესოა, როგორ უხსნიან მათ, რატომ ხარჯავს რესტორნებში ამდენ ფულს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იმ ქვეყნის ხელისუფლება, რომლის ფულადი საარსებო შემწეობის მიმღები მოქალაქეების რიცხვი, მხოლოდ მიმდინარე წლის იანვრის შემდეგ, 101 344 ადამიანით გაიზარდა. ბუნებრივია, ამაში პანდემიამ თავისი უარყოფითი როლი შეასრულა, თუმცა ეს ხელისუფლების მაღალჩინოსნებისთვის შემზღუდავ გარემოებად ვერ იქცა. მთავრობა ვალებს იღებს, მაგრამ რესტორნებში ძვირადღირებულ სუფრებზე უარს არ ამბობს.

„ფაქტ-მეტრმა“ დათვალა, რომ 2020 წელსა და 2021 წლის მიმდინარე პერიოდის ჩათვლით, ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მიღებასა და ოფიციალურ სადილებში რესტორნებს ჯამში 95 600 ლარი გადაუხადა. აქედან 2020 წელს - 50 270 ლარი და 2021 წლის იანვრიდან დღემდე - 45 360 ლარი.

ცხრილი 1. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სარესტორნო ხარჯები, 2020 წლის იანვრიდან 2021 წლის მიმდინარე პერიოდის ჩათვლით

წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

ჩვენ ასევე დავინტერესდით იმ კომპანიებით, რომლებმაც სამინისტროს სარესტორნო მომსახურება ყველაზე ხშირად გაუწიეს:

შპს „ლიმონი 2009“ შპს „ივერია გრუპსა“ და შპს „ესარჯი რიალ ისთეითს“ ეკუთვნით, ხოლო დირექტორი დავით რაფავაა. მისი სახელი „პანამის დოკუმენტების“ სახელით ცნობილ სკანდალურ საქმეში ფიგურირებს. შეგახსენებთ, რომ ეს არის უპრეცედენტო ჟურნალისტური გამოძიება, რომლის მასალებშიც ჩანს, თუ როგორ იყენებენ მსოფლიოს ცნობილი პოლიტიკოსები და ბიზნესმენები ოფშორულ ზონებს ფულის გათეთრებისა და გადასახადებისთვის თავის არიდების მიზნით.

თავის მხრივ, შპს „ესარჯი რიალ ისთეითის“ 95%-ის მფლობელია შპს „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგი“, რომლის დირექტორმა ვასილ კენკიშვილმა „ქართულ ოცნებას“ 2020 წლის აგვისტოში 60 000 ლარი შესწირა. კომპანიას კი მალტაში რეგისტრირებული „კომოდონ ჰოლდინგ (მალტა) ლიმიტედი“ ფლობს.

„სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგთან“ დაკავშირებული კომპანიაა შპს „ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტიც“, სადაც ასევე ძვირადღირებული სუფრები იშლება. აქ დირექტორი ლევან გაჩეჩილაძეა.

„ქართული ოცნების“ შემომწირველია შპს „აიღვინისსახლის“, 100%-იანი წილის მფლობელი ბენედიქტე ქაშაკაშვილი. ეს ის რესტორანია, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათი სტუმრებისთვის ძვირადღირებული სუფრები ხშირად იშლება. ქაშაკაშვილმა „ოცნებას“ თანხა ოთხჯერ შესწირა: 25 000-25 000 ლარი 2016 წელს და 60 000-60 000 ლარი 2020 წელს, ჯამში - 170 000 ლარი.

კიდევ ერთი ობიექტი, რომელმაც მთავრობას სარესტორნო მომსახურება გაუწია, არის შპს „მუზეუმი“, რომლის 100% გოგი გულორდავას ეკუთვნის. ის 75%-იან წილს ფლობს შპს „დაგში“. ამ კომპანიის შესახებ „ფაქტ-მეტრმა“ ვრცელი სტატია უკვე გამოაქვეყნა. გულორდავას და მის პარტნიორს, მიხეილ შარანგიას 2012 წელს თანხა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ შეუწირავთ. ამის შემდეგ შემოწირულებებში მათი სახელი არ ფიქსირდება. თუმცა 2018 წელს გულორდავა ჯერ კიდევ იყო შპს „All seasons”-ში 50%-იანი წილის მესაკუთრე. 2019 წლიდან ეს კომპანია ოთარ ჩართოლანისა და დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის ცოლის, ნათია ხვისტანის მფლობელობაში გადავიდა. 2017 და 2018 წლებში მან „ქართულ ოცნებასა“ და სალომე ზურაბიშვილს, ჯამში, 105 000 ლარი შესწირა.