ნათია თურნავა: სიღარიბის პროცენტული მაჩვენებელი 2013 წლიდან მოყოლებული, მაქსიმალურად მცირდებოდა... 2019 წელს სიღარიბის დონე მხოლოდ 19% იყო, ანუ გავანახევრეთ
ვერდიქტი: მანიპულირება
რეზიუმე: საქსტატის მონაცემებით, პანდემიამდე პერიოდში, 2019 წელს - 2012 წელთან შედარებით, აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი 30%-დან 19.5%-მდე შემცირდა. საქართველოში სიღარიბის შემცირების ტენდენცია, წინა ხელისუფლების პერიოდში, 2011 წელს დაიწყო და დადებითი ტენდენცია 2015 წლის ჩათვლით შენარჩუნდა. 2016-2017 წლებში სიღარიბის დონე მცირედით გაიზარდა, 2018-2019 წლებში კი კვლავ შემცირდა, თუმცა სიღარიბის მაჩვენებლის შემცირება შედარებით დაბალი ტემპით გაგრძელდა. 2019 წელს - 2015 წელთან შედარებით, სიღარიბის დონე მხოლოდ 2.1 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.
2011-2012 წლებში აბსოლუტურ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 7.3 პროცენტული პუნქტით, 2013-2019 წლებში კი ჯამში 10.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა. ამასთან 2013 წელი შესაძლოა,შუალედურ წლად განვიხილოთ, იმდენად, რამდენადაც ამ პერიოდში შემცირებულ სიღარიბეზე გავლენა უნდა ჰქონოდა, როგორც „ქართული ოცნების“, ისე წინა ხელისუფლების მმართველობის შედეგებს. 2014-2019 წლებში, აბსოლუტური სიღარიბე 6.7 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, რაც 2011-2012 წლების მაჩვენებელზე ნაკლებია.
Unicef-ის ბოლო, 2017 წლის კვლევის თანახმად, სიღარიბის დონე მოსახლეობის ყველა ჯგუფში გაიზარდა. 2017 წელს კი, 2015 წელთან შედარებით, ზოგადი სიღარიბის მაჩვენებელი 18.4%-დან 21.7%-მდე გაიზარდა. უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის წილი კი 2.1%-დან 5%-მდე გაიზარდა.
ნათია თურნავა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში სიღარიბის მაჩვენებლის მაქსიმალურად შემცირების ტენდენციაზე საუბრობს და ისე წარმოაჩენს, თითქოს სიღარიბის დონე მხოლოდ პანდემიის პერიოდში გაიზარდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მინისტრის განცხადების არც ის ნაწილია ზუსტი, სადაც სიღარიბის მაჩვენებლის განახევრებაზე საუბრობს.
ანალიზი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სიღარიბის მაჩვენებლებზე ისაუბრა. „სიღარიბის პროცენტული მაჩვენებელი 2013 წლიდან მოყოლებული, რაც ჩვენი ხელისუფლება მოვიდა სათავეში, მაქსიმალურად მცირდებოდა. ისტორიული მინიმუმი იყო 2019 წელს, მხოლოდ 19% იყო, როდესაც წინა ხელისუფლების პერიოდში, ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის პერიოდშიც კი, 34%-ზე მაღალი იყო, ანუ ჩათვალეთ რომ გავანახევრეთ. რა თქმა უნდა გამოწვევა იყო მთელი მსოფლიოსთვის პანდემია, ჩვენც არ ვართ გამონაკლისი, საქართველოშიც ეს პრობლემა კვლავ წარმოჩინდა“,- განაცხადა ნათია თურნავამ.
პანდემიის პერიოდში სამუშაო ადგილებისა და შემოსავლის დაკარგვა განსაკუთრებით მწვავე პრობლემა აღმოჩნდა, რასაც გამაღარიბებელი ეფექტი ჰქონდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მცხოვრები მოსახლეობის წილი 1.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 21.3% შეადგინა. თუმცა სიღარიბე ქვეყნის უმთავრესი გამოწვევა იყო პანდემიამდეც, მოსახლეობის თითქმის მეხუთედი (19.5%) აბსოლუტურ სიღარიბეში ცხოვრობდა .
საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს - 2012 წელთან შედარებით, აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი 30%-დან 19.5%-მდე შემცირდა. შესაბამისად, მტკიცება, რომ ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში სიღარიბის მაჩვენებელი განახევრდა, არ არის ზუსტი.
ნათია თურნავა უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ საქართველოში სიღარიბის შემცირების ტენდენცია, წინა ხელისუფლების პერიოდში დაიწყო. სიღარიბის შემცირების დადებითი ტენდენცია 2015 წლის ჩათვლით შენარჩუნდა, 2016 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი მცირედით გაიზარდა, 2017 წელს კი სიღარიბის დონე თითქმის იგივე ნიშნულზე დარჩა. 2018 და 2019 წლებში კი აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი კვლავ შემცირდა (იხილეთ გრაფიკი 1).
2011-2012 წლებში აბსოლუტურ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 7.3 პროცენტული პუნქტით, 2013-2019 წლებში კი ჯამში 10.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა. ამასთან 2013 წელი შესაძლოა, შუალედურ წლად განვიხილოთ, იმდენად, რამდენადაც ამ პერიოდში შემცირებულ სიღარიბეზე გავლენა უნდა ჰქონოდა, როგორც „ქართული ოცნების“, ისე წინა ხელისუფლების მმართველობის შედეგებს. 2014-2019 წლებში, აბსოლუტური სიღარიბე 6.7 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, რაც 2011-2012 წლების მაჩვენებელზე ნაკლებია.
გრაფიკი 1: სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
აქვე აღსანიშნავია, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში სიღარიბის მაჩვენებლები იცვლებოდა როგორც ზრდისკენ, ასევე კლებისკენ. მინისტრი აპელირებს იმ ფაქტზე, რომ წინა ხელისუფლების დროს მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებშიც კი სიღარიბის მაჩვენებელი 34%-ზე მაღალი იყო. 2008 წელს, წინა წელთან შედარებით სიღარიბის მაჩვენებელი 38.8%-დან 34.9%-მდე შემცირდა, რაც შეიძლება ითქვას, რომ 2007 წლის მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგი იყო. თუმცა მინისტრი უგულებელყოფს შემცირების მაჩვენებელს და მხოლოდ კონკრეტულ რიცხვზე მიუთითებს. 2010 წელს სიღარიბის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა და 37.3% შეადგინა, რაც მსოფლიო ფინანსურ კრიზისს და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდს უკავშირდება, რომელთაც გამაღარიბებელი ეფექტი ჰქონდათ. 2011 წლიდან კი სიღარიბის შემცირების ტენდენცია დაიწყო.
ნათია თურნავას მტკიცება, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში სიღარიბის მაჩვენებელი მაქსიმალურად მცირდებოდა და მხოლოდ პანდემიის დროს გაიზარდა სიღარიბის დონე, სიმართლეს არ შეესაბამება.
ნათია თურნავა სიღარიბის მაჩვენებლებზე საუბრისას საქსტატის მონაცემებს ეყრდნობა და Unicef-ის „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის“ შედეგებს, რომელიც 2018 წლის ივნისში გამოქვეყნდა, უგულებელყოფს. აღნიშნული კვლევის შედეგები ოფიციალური ვერსიით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე განიხილეს, რასაც იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა მოჰყვა.
Unicef-ის ბოლო, 2017 წლის კვლევის თანახმად, სიღარიბის დონე მოსახლეობის ყველა ჯგუფში გაიზარდა, განსაკუთრებით კი - ბავშვთა სიღარიბე. 2017 წელს კი, 2015 წელთან შედარებით, ზოგადი სიღარიბის მაჩვენებელი 18.4%-დან 21.7%-მდე გაიზარდა. უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის (მათ შორის ბავშვების და პენსიონერების) წილი გაზრდილია, როგორც 2015 წელთან, ასევე 2013 წელთან შედარებითაც. Unicef-მა სიღარიბის ზრდის გამომწვევ მიზეზად ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება და გაზრდილი სამომხმარებლო ფასები დაასახელა (იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).
გრაფიკი 2: უკიდურესი და ზოგადი სიღარიბის მაჩვენებლები, 2009-2017 წლებში
წყარო: Unicef; მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევები