2021 წლის 15 იანვარს, Facebook-ჯგუფში „დასაქმება ისრაელში“ Facebook-მომხმარებლის Mao Shengelia-ს პოსტი გამოქვეყნდა. პოსტის მიხედვით, საქართველოში „პირველი გამოცრის სერვისი“ გაიხსნა, რომლის საშუალებითაც იძულებით აცრილ პირებს ევროპული აპარატურით „გამოცრა“ შეუძლიათ. სოციალურ ქსელში კონკრეტული პოსტი ვირუსულად გავრცელდა და უმეტეს შემთხვევაში, ხუმრობად იქნა აღქმული, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც უნდა აღინიშნოს, რომ Facebook-პოსტში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ვაქცინირებულ ადამიანებს „გამოცრის“ პროცედურის ჩატარება შეუძლიათ, აბსურდული მტკიცებაა და ყალბ ამბავს წარმოადგენს.

რეალურად, ვაქცინაციის შემდგომ მისი ორგანიზმიდან გამოდევნის ნახსენები პროცედურა აბსურდულია. ამასთან, ვაქცინის მუშაობის მექანიზმიდან გამომდინარე, ადამიანის ორგანიზმში მხოლოდ ვაქცინით გამოწვეული თავდაცვითი სისტემა ნარჩუნდება, ხოლო ვაქცინის შემადგენელი ნივთიერებებისგან ორგანიზმი სხვადასხვა შემთხვევაში რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ თავისუფლდება.

დღეს ავტორიზებული და დამტკიცებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები სხვადასხვა ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ვაქცინებია - ი-რნმ ვაქცინები - Moderna, Pfizer-BioNTech; ვექტორული ვაქცინები - Johnson & Johnson, Vaxzevria/AstraZeneca; ინაქტივირებული ვაქცინები - Sinovac, Sinopharm. განსხვავებულ ტექნოლოგიაზე დამზადებიდან გამომდინარე, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს მოქმედების სხვადასხვა მექანიზმი აქვთ, თუმცა ყველა სხვა აქამდე არსებული ტრადიციული ვაქცინის მსგავსად, მათი მიზანი ადამიანის ორგანიზმში იმუნური რეაქციის გამოწვევა და კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამომუშავებაა. კორონავირუსით დაავადების შემთხვევაში ვაქცინირებული ადამიანის იმუნური სისტემა ვირუსს, სწორედ ვაქცინაციის შედეგად წარმოქმნილი ანტისხეულების საშუალებით შეებრძოლება. ამასთან, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ მას შემდეგ რაც ვაქცინით შეყვანილი ნივთიერებები ორგანიზმში იმუნურ რეაქციას აღძრავენ და ანტისხეულების წარმოქმნისკენ უბიძგებენ, ორგანიზმი ვაქცინის ნივთიერებებისგან თავისუფლდება. მაგალითად, Vaxzevria/AstraZeneca-ს შემთხვევაში, ინფორმაციის გადამტანი ე.წ. „კონვერტი“ (ადენოვირუსი) ორგანიზმში მოხვედრიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ხოლო ი-რნმ ვაქცინების შემთხვევაში - ი-რნმ რამდენიმე დღეში, თავისით იშლება. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მოქმედების მექანიზმებს დაწვრილებით შეგიძლიათ შესაბამის ბმულებზე (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3) გაეცნოთ.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ვაქცინირებულ ადამიანებს ორგანიზმიდან ვაქცინის გამოდევნის ე.წ. „გამოცრის“ შესაძლებლობა აქვთ, აბსურდულ მტკიცებას წარმოადგენს და ყალბი ამბავია.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.