2021 წლის მარტში სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოსა“ და „ოთ-მა ფურნიტურეს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა. (დანართი 1) შესყიდვის ობიექტს სკოლებისთვის მერხებისა და სკამების შესყიდვა წარმოადგენს. შემსრულებელს შემსყიდველისთვის ჯამში 1 840 800 ლარის ღირებულების კომპლექტის ერთი ნაწილი 1 მაისამდე უნდა მიეწოდებინა, ხოლო მეორე ნაწილი - 31 აგვისტომდე. საუბარია საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში აშენებულ და რეაბილიტირებულ სკოლებზე.
აპრილში ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა. როგორც აღმოჩნდა, მერხებისა და სკამების რაოდენობა საკმარისი არ იყო, რადგან სხვა სკოლებიც ითხოვდნენ. ამიტომ მათი რაოდენობა 2 160 კომპლექტით გაიზარდა და შესაბამისად, ხელშეკრულების ღირებულებამ 2 006 472 ლარი შეადგინა. (დანართი 2) კომპანიას 26 160 კომპლექტი სულ 183 მისამართზე უნდა მიეტანა. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ბორჯომის №4 საჯარო სკოლას მერხები და სკამები აღარ ესაჭიროებოდა და ავეჯის სააგენტოს საწყობში შენახვა გადაწყდა, შემდგომში იმ სკოლისთვის გადასაცემად, რომელსაც ამის საჭიროება ექნებოდა. (დანართი 2 II)
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქონლის მიწოდების ვადა პირველ ეტაპზე 31 მაისამდე გახანგრძლივდა. (დანართი 3) თუმცა ეს პერიოდი კომპანიისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და მას პირობის შესრულება კიდევ ორჯერ გადაუვადდა, ჯერ 31 მაისს და შემდეგ 3 აგვისტოს (დანართი 4), (დანართი 5) ყველა შემთხვევაში, ცვლილება საჯარიმო სანქციის გამოყენების გათვალისწინებით განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ მაისში „ოთ-მა ფურნიტურესთვის“, ავანსის სახით, უკვე გადახდილია 670 000 ლარი. მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, კომპანიამ შემსყიდველს 306 416 ლარის ღირებულების საქონელი მიაწოდა. (დანართი 6)
მიმდინარე წლის 9 აგვისტოს, სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოსა“ და შპს „ოთ-მა ფურნიტურეს“ შორის, კიდევ ერთი ხელშეკრულება გაფორმდა. (დანართი 7)კომპანიას შემსყიდველისთვის 1 764 986 ლარის ღირებულების საოფისე ავეჯი უნდა მიეწოდებინა, ასევე რეაბილიტირებული და აშენებული სკოლებისთვის. მიწოდების ვადად არა უგვიანეს 1 სექტემბერი განისაზღვრა. 9 სექტემბერს კი აღმოჩნდა, რომ გარკვეული სახის ავეჯის რაოდენობა უნდა გაეზარდათ და შესაბამისად, გაიზარდა სახელშეკრულებო ღირებულებაც, რომელიც, ბოლო ცვლილებით, 1 771 890 ლარს შეადგენს. (დანართი 8) არსებული მდგომარეობით, მიღება-ჩაბარების აქტი არ არსებობს და თანხაც გადახდილი არ არის.
ორივე შესყიდვა კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში განხორციელდა (CON210000007; CON210000365 ) და ამ ეტაპისთვის, არსებობს დოკუმენტები ორივე შესყიდვის შეწყვეტის შესახებ. (დანართი 9,დანართი 10)
ამის შემდეგ, 13 ოქტომბერს, სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტომ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელს მიმართა და განუმარტა, რომ სკოლებისთვის საოფისე ავეჯის, ასევე მოსწავლის მერხისა და სკამის კომპლექტის შესყიდვა ვერ განხორციელდა, რადგან კომპანიამ, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ვერ უზრუნველყო საქონლის მიწოდება. ამასთანავე, წერილის ავტორი აცხადებს, რომ შესყიდვის მიმართ მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს და იმისთვის, რომ ეს ინტერესები არ დაზიანდეს, აუცილებელია შესყიდვის შემჭიდროებულ ვადებში განხორციელება. საუბარია უკვე 4 862 502 ლარის ღირებულების 18 634 კომპლექტ მერხსა და სკამზე, ასევე, სხვადასხვა დასახელების საოფისე ავეჯის შესყიდვაზე. (დანართი 11) დოკუმენტაციას თან ახლავს საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი, შესყიდვის გამარტივებული წესით განხორციელების ნებართვის შესახებ. (დანართი 12)
აღსანიშნავია, რომ ორივე კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 3 778 362 ლარს შეადგენს. გარდა ამისა, გარკვეული რაოდენობის მერხი და სკამი, კერძოდ 5 366 კომპლექტი, შემსყიდველს კომპანიამ უკვე მიაწოდა, ხოლო მეორე ხელშეკრულებით შესაძენი ავეჯის რაოდენობა, ჩვენ მიერ გადამოწმებული დოკუმენტებით, უცვლელი რჩება. მიუხედავად ამისა, პირდაპირი შესყიდვისთვის სააგენტომ მილიონი ლარით მეტი გაითვალისწინა.
ამ ეტაპზე უცნობია, რომელი კომპანია იქნება მიმწოდებელი. რაც შეეხება შპს „ოთ-მა ფურნიტურეს“, რომელთანაც სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტომ“ ორი ხელშეკრულება გააფორმა, ორივე შემთხვევაში სახელშეკრულებო ღირებულებები გაზარდა, ავანსი გადაურიცხა, სახელშეკრულებო ვადები გაუხანგრძლივა და მომსახურება მაინც ვერ მიიღო, ის რეგისტრირებულია 2020 წლის ივლისში, ადიგენის მუნიციპალიტეტში. მისი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია იაგორ ნერგაძე. კომპანიის დარეგისტრირებიდან სამ თვეში, 2020 წლის 30 ოქტომბერს მან პარტიას „ლელო საქართველოსთვის“ 56 760 ლარი შესწირა.
ინფორმაციისთვის, კომპანია შეყვანილია შავ სიაში 2021 წლის 30 ივლისიდან 2022 წლის 30 ივლისამდე. ამის საფუძველი გახდა ა(ა)იპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების“ 2021 წლის 2 ივნისის წერილობითი შეტყობინება, რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „ოთ-მა ფურნიტურეს“ (ს/ნ: 422738201) მიერ SPA200003154 ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2020 წლის 31 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის თაობაზე.
ეს ნიშნავს, რომ 2021 წლის 9 აგვისტოს, როცა სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტომ“ მასთან მეორე ხელშეკრულება გააფორმა, კომპანია უკვე „შავ სიაში“ ირიცხებოდა.
ჩვენ ტელეფონით დავუკავშირდით იაგორ ნერგაძეს. მან გვითხრა, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან ძალიან მალე ბაზარზე ფასები თითქმის 100%-ით გაიზარდა, რის გამოც ავეჯის დასამზადებელი მასალის შესყიდვა კომპანიისთვის თითქმის მილიონიან ზარალს ნიშნავს. მისივე თქმით, მიმართა სააგენტოს და აღნიშნული ფაქტორის გათვალისწინებით, სახელშეკრულებო ღირებულების გაზრდა სთხოვა, რაზეც უარი მიიღო. იაგორ ნერგაძის განცხადებით, კომპანია საკუთარი ინიციატივით წყვეტს კონტრაქტს. ჯარიმების გადახდა კი იმაზე იქნება დამოკიდებული, რა პოზიციას დაიკავებს სასამართლო. ის არ გამორიცხავს, რომ სასამართლოსთვის მიმართვა დასჭირდება. იქიდან გამომდინარე, რომ იაგორ ნერგაძე ოპოზიციური პარტიის შემწირველია, დავინტერესდით, ხომ არ მიიჩნევს, რომ მისი კომპანიის მიმართ სახელმწიფოს დისკრიმინაციული მიდგომა აქვს. რესპონდენტმა გვიპასუხა, რომ მას „ლელოსთვის“ თანხა არ შეუწირავს და მმართველი პარტიის მხარდამჭერია. „რას ლაპარაკობთ, მაგხელა თანხა რომ მქონდეს, ლელოს როგორ შევწირავდი? დღესაც, მიუხედავად ამ სირთულეებისა, ჩვენ ვართ „ქართული ოცნების“ და მთავრობის მხარდამჭერი“, - გვითხრა იაგორ ნერგაძემ.
ფაქტია, რომ მისი სახელი და გვარი მითითებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
ჩვენთვის ამ ეტაპზე უცნობია, არის, თუ - არა ის ნამდვილად „ლელოს“ შემწირველი. რესპონდენტი დაგვპირდა, რომ შემოწირულებასთან დაკავშირებულ საკითხს გაარკვევს და ამის შესახებ გვაცნობებს. ჩვენ, ასევე, ვეცდებით, ვითარებაში თვითონაც გავერკვიოთ. იმ შემთხვევაში, თუ იაგორ ნერგაძის სახელი „ლელოს“ შემომწირველებში შემთხვევით მოხვდა, ან ვინმემ მიზანმიმართულად გამოიყენა, „ფაქტ-მეტრი“ თემას კვლავ მიუბრუნდება.