1 ოქტომბერს სოციალურ ქსელში შორე შანიძის Facebook-პოსტი გავრცელდა. შორე შანიძის მორიგი ანტივაქსერული მესიჯის თანახმად, „ფაიზერით“ და „მოდერნათი“ აცრილი ადამიანები არა თუ თავად დაიღუპებიან, არამედ ხშირი კონტაქტი ვისთანაც ექნებათ თვეების მანძილზე, მათაც სასიკვდილოდ დაასნებოვნებენ. თუმცა, არა კორონავირუსით ან გრიპის ვირუსით, არამედ „გენმოდიფიცირებული შიდსით, აფრიკული მალარიით და მსხვილფეხა პირუტყვის ცოფით“. შორე შანიძის თქმით, წარმოუდგენელი საშინელება დატრიალდება პლანეტაზე 2025 წლამდე.
ი-რნმ ვაქცინების („ფაიზერი“ და „მოდერნა“) შესახებ, მათი წარმოების დაწყების დღიდან დღემდე, არაერთი დეზინფორმაცია და შეთქმულების თეორია ვრცელდება. დეზინფორმატორების გარკვეული ნაწილი ამტკიცებს, რომ იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული ვაქცინები ახალ ი-რნმ ტექნოლოგიას ემყარება, გამოუცდელია და გრძელვადიან პერიოდში სხვადასხვა დაავადების განვითარებას გამოიწვევს. ამასთანავე ანტივაქსერთა ნაწილი ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, თითქოს COVID-19-ის ვაქცინები COVID-19-ით და სხვა დაავადებებით აინფიცირებს არა მხოლოდ თავად ვაქცინირებულს, არამედ ვაქცინირებულის გარშემომყოფებსაც. აღნიშნული მტკიცებები სამეცნიერო საფუძველს მოკლებულია და საზოგადოებაში ვაქცინების მიმართ უნდობლობას აღვივებს.
რეალურად, კოვიდვაქცინები, რომლებიც მთელ მსოფლიოში გამოიყენება, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და მაღალი სანდოობის მქონე მარეგულირებლების მიერ არის დამტკიცებული და ავტორიზებული. ავტორიზებული ვაქცინა ნიშნავს, რომ მან პრეკლინიკური და კლინიკური კვლევის ყველა ფაზა წარმატებით გაიარა. მართალია, COVID-19-ის ვაქცინები შემჭიდროებულ ვადებში შეიქმნა და დამტკიცდა, თუმცა კვლევის არცერთი საფეხური, რომლითაც ვაქცინების ეფექტურობა და უსაფრთხოება დგინდება, გამოტოვებული არ ყოფილა. პანდემიის პირობებში, COVID-19 ვაქცინის შექმნის პროცესის დაჩქარების მიზნით, მეცნიერები და მწარმოებლები რამდენიმე სხვადასხვა ფაზას პარალელურ რეჟიმში წარმართავდნენ. ვაქცინის შემუშავების პროცესის დაჩქარებას მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების მობილიზებამ შეუწყო ხელი. ვაქცინის შექმნის ეტაპების შესახებ დეტალურ ინფორმაციას, შეგიძლიათ, „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში გაეცნოთ.
ამასთან ერთად, არცერთი ავტორიზებული და რეკომენდებული COVID-19-ის ვაქცინა ცოცხალ ვირუსს, რომელიც დაინფიცირებას იწვევს, არ შეიცავს. ეს ნიშნავს, რომ COVID-19-ის ვაქცინას დაინფიცირების უნარი არ აქვს. ვაქცინა იმუნურ სისტემას ასწავლის, როგორ ამოიცნოს და ებრძოლოს ვირუსს. ჩვეულებრივ, ვაქცინაციის შემდეგ, ორგანიზმს ვირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტის ჩამოყალიბებისთვის რამდენიმე კვირა სჭირდება. ამ პერიოდში, ანუ ანტისხეულების გამომუშავებამდე, შესაძლოა, ორგანიზმში ვირუსი შეიჭრას და ადამიანი დაინფიცირდეს. ეს არ ნიშნავს, რომ დაინფიცირება ვაქცინაციის შედეგად მოხდა. შესაბამისად, COVID-19-ის არც ერთ ვაქცინას, მათ შორის, არც ი-რნმ ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ ვაქცინებს, ადამიანის კორონავირუსით დაინფიცირება არ შეუძლია. მეტიც, კემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევები ცხადყოფს, რომ ი-რნმ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ვაქცინები საკმაოდ მყარ იმუნიტეტს წარმოქმნის და ამასთან ერთად, ლაბორატორიულად უფრო სწრაფად იწარმოება, რაც პანდემიასთან ბრძოლას უფრო ეფექტურს ხდის. ზემოთ მოცემული ინფორმაციის გათვალისწინებით, სრულიად აბსურდული და სამეცნიერო საფუძველს მოკლებულია მტკიცება, რომ კორონავირუსის ვაქცინით ვაქცინირებულ ადამიანებს შეუძლიათ გარშემომყოფები ისეთი დაავადებებით დააინფიცირონ, როგორებიცაა: შიდსი, აფრიკული მალარია და მსხვილფეხა პირუტყვის ცოფი.
მტკიცება, რომ რამდენიმე წელში აცრილი ადამიანები დაიღუპებიან, შეთქმულების თეორიას წარმოადგენს. აღნიშნულ მტკიცებას, ხშირად, ნობელის ლაურეატს ლუკ მონტანიეს მიაწერენ. მიუხედავად იმისა, რომ თავად მონტანიეს ვაქცინასთან და პანდემიასთან დაკავშირებული დეზინფორმაცია არაერთხელ გაუჟღერებია, მას არ უთქვამს, რომ კოვიდვაქცინები ორ წელიწადში ადამიანების გარდაცვალებას გამოიწვევს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კოვიდვაქცინებმა შესაბამისი კვლევის ყველა საფეხური წარმატებით გაიარეს, რის საფუძველზეც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და მაღალი სანდოობის მქონე მარეგულირებლების (EMA, FDA) მიერ, ავტორიზაცია მიენიჭათ. მათი ეფექტურობა პრაქტიკაშიც გამოჩნდა, რადგან მათი საშუალებით ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა. ვრცლად აღნიშნული საკითხის შესახებ იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიებში (ბმული 1; ბმული 2).
----------------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.