2017 წელს ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც თვითონ აღნიშნავს, ამის მიზეზი იმ წლის 11 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენები გახდა, როცა ბათუმელების გარკვეულმა ნაწილმა საპატრულო პოლიციის მიერ გამოწერილი ჯარიმები გააპროტესტა. პროტესტი მასშტაბურ აქციაში გადაიზარდა. „ფაქტ-მეტრი“ ამის შესახებ წერდა. გია ხალვაში ამბობს, რომ იმ დროს მოქალაქეების მხარეს დადგა და ეს არ აპატიეს.
დღეს გია ხალვაში ბათუმის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატია და მიიჩნევს, რომ მერის პოზიციიდან, ბათუმის მოსახლეობის ინტერესების დაცვას შეძლებს.
-რა გახდა იმის საფუძველი, რომ სამსახურიდან განთავისუფლების შემდეგ, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდით?
-პარტიის წევრი არ ვყოფილვარ. 2017 წელს, როცა უსამართლობის შეგრძნება მქონდა, გადავწყვიტე, „ნაციონალურ მოძრაობას“ დავკავშირებოდი და პოლიტიკურ არენაზე სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლა მათთან ერთად გამეგრძელებინა. მერე შეხედულებები შემეცვალა. დამღალა იმან, რომ დღევანდელი საზოგადოება ორ პოლუსად არის გაყოფილი. ეს ძალიან დიდ პრობლემას გვიქმნის როგორც პოლიტიკურ არენაზე, ისე - საზოგადოებაში. აქეთ „ქოცია“ და იქით - „ნაცი“. ამ ორს შორის დგომა ძალიან რთულია. მირჩევნია, ვისაუბროთ ქალაქის საქმეებზე, ვიდრე რომელიმე პოლიტიკური პარტიის ქებას ან ლანძღვას მოვანდომოთ დრო. საქართველო ბიძინას და მიშას არენად იქცა. ამიტომ წამოვედი ენმ-დან და ბრძოლის გაგრძელება დამოუკიდებლად გადავწყვიტე. ამ არჩევნების შემდეგ, მე და ჩემი მეგობრები პოლიტიკური პარტიის დაფუძნებას ვგეგმავთ.
ამ ეტაპზე გვაქვს არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ლიდერთა ინიციატივა“ და მოქალაქეების ინტერესებს ვიცავთ.
-ბათუმის მერობა რატომ გინდათ, რა უნდა შეცვალოთ?
-ის ყველა წუხილი, რომლებიც დღეს მოქალაქეებს აქვთ, მეც მაწუხებს. პირველი ისაა, რომ ქალაქში მანქანით გადაადგილება პრობლემურია, პარკირებები არ გვაქვს და ეს სასწრაფოდ მოსაგვარებელი საკითხია. ამაზე განცხადება ბევრჯერ გავაკეთე. შესაბამის სამსახურს, რომელიც ჯარიმებს წერს, სასამართლოში საქმეც მოვუგე. ბათუმში ყველა ჯარიმა, რომელიც ავტოტრანსპორტის სამსახურმა გამოწერა, უკანონოა. ყველა პროცესი, რომლებიც ქალაქის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ ჯარიმებს შეეხება, მოგებული მაქვს.
მეორე და მნიშვნელოვანი პრობლემაა ბათუმში „იაფი სახლის“ პროექტი. ოცი ათასამდე ადამიანმა შეიტანა განცხადება, რაც ნიშნავს, რომ ამდენი ბათუმელი ბინის გარეშეა და ქირით ცხოვრობს. ამ ოცი ათასიდან, ორასი აარჩიეს. თუმცა მერიის მიერ დადგენილი კრიტერიუმები, პირველ ეტაპზე, მხოლოდ ორმოცმა დააკმაყოფილა და ბინა მიიღო. მე და ჩემმა მეგობრებმა ეს საკითხი გავაანალიზეთ, დავთვალეთ და ვიცით, რომ მისი მოგვარება ძალიან ადვილად შეიძლება. ნებისმიერ ბათუმელს შეუძლია, რომ ბათუმში ბინა იმ ფასად იყიდოს, რომელსაც მერია „იაფი სახლის“ ფარგლებში ადგენს. ბათუმის მერიას, კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად, აშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემა და მერე თვითონ განკარგავს. ვიცი, რომ რამდენიმე ბინა, კომპანიის შუამდგომლობით, გაყიდა. მესმის, რომ ამას კანონი არ უკრძალავს, მაგრამ თუ მათი გაყიდვა შეიძლება, ხომ აჯობებს, ამ ბინების იაფად შეძენის საშუალება იმ ბათუმელებს მიეცეთ, რომლებსაც ეს სჭირდებათ? ფული შევა ბიუჯეტში და ისევ ბათუმის ინტერესებს მოხმარდება. ეს ორი პრობლემა ისეთია, რომლებზეც სწრაფად შეიძლება მუშაობის დაწყება.
-ბათუმში მიმდინარე მშენებლობები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, გამწვანება, შემოერთებული ტერიტორიები, საბავშვო ბაღების არასაკმარისი რაოდენობა, სკოლები, სადაც მოსწავლეები აღარ ეტევიან... ბათუმელები ამ პრობლემებითაც შეწუხებული არიან. იცნობთ ამ საკითხებს და გიფიქრიათ, როგორ მოაგვარებთ მათ?
- ამ ქაოსური მშენებლობების გამო, ბევრ კორპუსს ეზოც კი არ აქვს, ბავშვები საერთოდ შევიყვანეთ ინტერნეტში და ცოცხალ კომუნიკაციას მოვწყვიტეთ. მთელი ბათუმი ვირტუალურ სამყაროდ იქცა. მიმდინარე მშენებლობებს, რა თქმა უნდა, ვერ შევაჩერებთ, მაგრამ არის ისეთი სახლები, რომლების აღებაც შეიძლება. ბათუმში ბევრი აუთვისებელი ტერიტორიაა და მათი განაშენიანების დროს პარკირება და გამწვანება გათვალისწინებული უნდა იყოს. ასევე გონიოს პოლიგონის განაშენიანებაც, ჩემი აზრით, არ არის ძნელი.
შემოერთებულ ტერიტორიებზე ბევრგან ელემენტარული ინფრასტრუქტურაა მოსაწესრიგებელი და ამას აუცილებლად უნდა მიხედვა. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ ქალაქის გულში კი არ ვაშენოთ მხოლოდ, არამედ შემოერთებულ ტერიტორიებს თანაბარი განვითარების შესაძლებლობა შევუქმნათ და მათ ეკონომიკური მიმზიდველობა მივანიჭოთ.
ქალაქი გაიზარდა და სკოლები და ბაღები გადატვირთულია, არ ჰყოფნის ქალაქს. აუცილებლად უნდა აშენდეს საკმარისი რაოდენობის სკოლა და საბავშვო ბაღი.
-არაერთხელ გვსმენია, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სადაც დიდი მოთხოვნაა სკოლებსა და ბაღებზე, თავისუფალი ტერიტორიები არ აქვთ და სად უნდა აშენდეს?
-ბიზნესმენი ხომ პოულობს ადგილებს კორპუსების ასაშენებლად? თუ მოვინდომებთ, შეიძლება მოძებნა. ქალაქი უნდა გაიშალოს და გაფართოვდეს. ეს გზების გამტარუნარიანობასაც გაზრდის, საცობები აღარ იქნება. არის ძველი სახლები, რომლებსაც სტატუსი არ აქვს. მესაკუთრესთან მოლაპარაკებითა და შესაბამისი ანაზღაურებით, ასეთი შენობები მერიის ბალანსზე უნდა გადმოვიტანოთ და ავითვისოთ. თუ ძეგლის სტატუსი აქვს და მისი მეპატრონე ვერ ახერხებს, რომ საკუთარი ხარჯით საცხოვრებელი პირობები გაიუმჯობესოს, ბათუმის მერიამ უნდა გამონახოს გზა, დააკმაყოფილოს შესაბამისი ფართით და შენობა გამოისყიდოს. მერე ჩაუტარებს რეაბილიტაციას და გახდის ტურისტებისთვის მიმზიდველს, ეკონომიკურ მნიშვნელობას მიანიჭებს.
-ალბათ, იცით, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია ძალიან ძვირი ჯდება. როგორ შეძლებთ ამ სახსრების მობილიზებას?
-შესაძლებელია, მოვძებნოთ ინვესტორები, რომლებმაც ამ ძეგლის ღირებულება იციან და ხვდებიან, რომ იქ სასტუმროს ან სხვა კომერციული ობიექტის მოწყობა მომგებიანი იქნება მათთვისაც და ქალაქისთვისაც. გუშინ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბარათაშვილზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დაინგრა. ეს არ მომწონს. არც ბულვარში მიმდინარე პროცესებია მისაღები ჩემთვის. მაგალითად: „ამბასადორი ბათუმის“ მშენებლობა დაწყებულიც არ იყო, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან ერთად ის ადგილი ვნახე. ისეთი ტექნიკა იყო მობილიზებული, მაშინვე ვთქვი, რომ ოთხსართულიან შენობას არ დასჯერდებოდა. დავიწყეთ გაპროტესტება, თუმცა მხარდაჭერა არ გვქონდა. მოგვიანებით უფრო ფართომასშტაბიანი პროტესტი დაიწყო. ამ მშენებლობის შეჩერებას ვერ შევძლებ, მაგრამ შევეცდები, რომ მსგავსი მშენებლობები ბათუმის ბულვარში აღარ იყოს და არც პლაჟების იჯარით გაცემასა და გასხვისებას არ ვემხრობი.
-როგორ ფიქრობთ, გეყოლებათ გუნდი, რომელიც ამ გადაწყვეტილებების განხორციელებაში მხარს დაგიჭერთ?
-ვინაიდან საკრებულოში ჩემი გუნდი არ იქნება წარმოდგენილი, მომიწევს, რომ საკანონმდებლო ორგანოს შენიშვნებს დავემორჩილო. თუმცა არ მგონია, რომ რომელიმე წევრმა უარი თქვას იმ საქმეების მხარდაჭერაზე, რომელთა გაკეთებასაც, მერად არჩევის შემთხვევაში, ვგეგმავ. ჩემი გუნდი იმ ადამიანებისგან შეიკრიბება, რომლებიც პროფესიონალები არიან. მნიშვნელობა არ აქვს იმას, ადრე რომელ პარტიას უჭერდა მხარს. პოლიტიკური ნიშნით არ შევარჩევ. მერიაში ბევრი პროფესიონალი მუშაობს და ისინი დარჩებიან თავიანთ პოზიციებზე.
-თქვენ ამბობთ, რომ ქალაქში ბევრი საქმეა გასაკეთებელი და თან გვარწმუნებთ, რომ მერიაში პროფესიონალები მუშაობენ. მაშინ რატომ არ კეთდებოდა საქმე?
-იმიტომ, რომ ლიდერი არ ჰყავთ, რომელსაც გაყვებიან. თუ მთავარი ფიგურა მერიაში იქნება მოწოდების სიმაღლეზე და საქმის გაკეთება ენდომება, გუნდი მას წაყვება აუცილებლად, უკან არც ერთი არ დაიხევს.
-ანუ პროფესიონალიზმი ლიდერზეა დამოკიდებული?
-რა თქმა უნდა, თუ ადამიანს შეუძლია საქმის კეთება და ლიდერი მას ამის საშუალებას აძლევს, საქმე კეთდება. თუ ხელს უშლის, ვერაფერს ვერ აკეთებს.
-და თუ არ აძლევს საქმის კეთების საშუალებას, ასეთ შემთხვევაში, პროფესიონალს პროტესტის გრძნობა ხომ უნდა გაუჩნდეს, არ დათანხმდეს არასწორ გადაწყვეტილებას, არ მოაწეროს ხელი იმას, რაც ქალაქისთვის საზიანოა... თუ არჩევნების წინ ამაზე ღიად საუბარი წამგებიანია?
-მესმის, რა არის სახელმწიფო სამსახური, მიმუშავია და თუ ვინმე პროტესტს გამოთქვამდა, გუნდის ღალატად მიიჩნეოდა. დღეს ასეა ყველა საჯარო მოხელე. ეს უნდა დამთავრდეს. ჩემი მერობის შემთხვევაში, თუ რომელიმე თანამშრომელს პროტესტი გაუჩნდება, უნდა მოვისმინო და თუ არგუმენტირებულია, უნდა გავითვალისწინო. პოლიტიკა დიდი წნეხია ამ ადამიანებისთვის. ყველას აქვს მოლოდინი, რომ სამსახურიდან გაუშვებენ, ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩება და ა. შ. ამიტომ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ხმას არ იღებენ.
-როგორ აპირებთ, რომ თქვენი საქმიანობა უფრო მეტად გამჭვირვალე გახადოთ და საზოგადოების ჩართულობა უზრუნველყოთ?
-ადგილობრივი თვითმმართველობა მაქსიმალურად ანგარიშვალდებული უნდა იყოს მოქალაქეების წინაშე და გააკეთოს ის, რასაც მოქალაქეები დაუკვეთენ. ჩვენ არ ვაძლევთ დაკვეთას თვითმმართველობას და ვიღებთ იმას, რასაც თვითონ გვთავაზობს. მაგალითად: ბათუმში კორპუსებს არ აქვს გამწვანება, პარკირება, სახლებს შორის საკმარისი დაშორება და მოქალაქეები მაინც ყიდულობენ ბინას. ე. ი., ესაა ჩვენი დაკვეთა. თუ საზოგადოება არ დათანხმდება ასეთ კორპუსებში ცხოვრება, მერია ვერ მიიღებს იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ახლა იღებს. თუ მერი გავხდები, საზოგადოებასთან კომუნიკაციის ერთ-ერთი ფორმა იქნება კვირაში ერთი დღე მოქალაქეებთან და მედიასთან შეხვედრა, კითხვა-პასუხის რეჟიმში.
-ბოლო დროს ბათუმელები ხშირად აღნიშნავენ, რომ უსაფრთხოდ თავს ვეღარ გრძნობენ. არაერთი შემთხვევაა, როცა ტურისტი გაქურდეს, გაძარცვეს ან ფიზიკურად გაუსწორდნენ. თქვენ პოლიციელი იყავით და საინტერესოა, როგორ შეაფასებთ ქალაქში არსებულ კრიმინოგენურ სიტუაციას.
-მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც გაიზარდა შემთხვევები. გარდა ამისა, როგორც პოლიციელი, დღეს პოლიციის მუშაობას ნული ქულით ვაფასებ. არანაირი რეაგირება არ ხდება და დაუსჯელობის სინდრომია. საკუთარ თავზე გამოვცადე. ველოსიპედი მომპარეს. გავიგე, რომ მეზობლად ქირით მცხოვრებთან ბიჭები რომ იკრიბებოდნენ, იმათ წაიყვანეს. მივედი და დაბრუნება ვთხოვე. თავს დამესხნენ და ისე მცემეს, რომ საავადმყოფოში მოვხვდი. რა თქმა უნდა, პოლიციას შევატყობინე. თუმცა ეს ბიჭები არ დასჯილან. უფრო მეტიც, პროკურორმა ეჭვი გამოთქვა, რომ, რადგან პოლიტიკაში ვარ, მე გამოვიწვიე ისინი, პროვოცირება მოვახდინე. დავაკვირდები, ის ბიჭები, რომლებიც თავს დამესხნენ, ამ არჩევნებზე უბნებზე მობილიზებული თუ იქნებიან. ბევრი შემთხვევაა, როცა დამნაშავეს გარეთ ტოვებენ და მერე მათ საქმეებს ზუსტად არჩევნების წინ აცოცხლებენ. დაუძახებენ, შეახსენებენ დანაშაულს და ისეთ მინიშნებებს აძლევენ, რომ ამ პირმა თვითონ იცის, რაც უნდა გააკეთოს.
-როცა თქვენ პოლიციაში მუშაობდით, მაშინაც ასე ხდებოდა?
-დიახ, ასე ხდებოდა. პირადად მე არ მიწევდა ასეთ ადამიანებთან მუშაობა. ალბათ, პროტესტი ბევრჯერ რომ გამოვხატე, მე არ მანდობდნენ ამ ადამიანებთან ასეთ კომუნიკაციას, თუმცა ამის ფაქტები არსებობდა.