ტერიტორია ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. შემთხვევა ბათუმის ცენტრალურ ნაწილთან დამაკავშირებელ მთავარ ქუჩაზე, „ბათუმი პლაზას“ ტერიტორიაზე მოხდა. მოქალაქეები მომხდარით მაშინვე დაინტერესდნენ და მალე შემთხვევის ადგილზე ათეულობით ადამიანი შეიკრიბა. მათ შორის იყვნენ უკმაყოფილო მძღოლებიც, რომლებიც აცხადებდნენ, რომ საპატრულო პოლიციის უფროსად კახა ბუხრაძის დანიშვნის (მიმდინარე წლის დასაწყისიდან) შემდეგ, მძღოლების მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. მათი ნაწილი არ უარყოფდა, რომ დაჯარიმების მომენტში მოძრაობის წესი დაარღვია. მძღოლები საპატრულო პოლიციის მხრიდან არასათანადო და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას აპროტესტებდნენ და პოლიციის უფროსის გადადგომას მოითხოვდნენ.
ერთ-ერთი დაკავებული რამაზ ხიმშიაშვილი ყვება, რომ ის საპატრულო პოლიციის მანქანაში ჩასვეს, სამმართველოს შენობაში მიიყვანეს და ოქმის შედგენა დაიწყეს, რაც, მისივე თქმით, ოთხ საათს გაგრძელდა. ამ დროს შეტყობინება შევიდა, რომ „ბათუმი პლაზასთან“ პოლიციამ კიდევ რამდენიმე პირი დააკავა და დამატებითი ეკიპაჟების დახმარება მოითხოვა. ამის შემდეგ, ხიმშიაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. აქციის დაწყებამდე ყველა პირი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით (რაც სამართალდამცავების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს) დააკავეს. მას შემდეგ, რაც პოლიციამ დაკავებულები შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანა, აქციაზე სიტუაცია ნელ-ნელა დაიძაბა. მოქალაქეები დაპატიმრებულების გათავისუფლებასა და პოლიციის უფროსის კახა ბუხრაძის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვდნენ. ადგილზე ოპოზიციური პარტიების წევრებიც მივიდნენ და მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდნენ. აქციაზე გამოჩნდნენ სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლებიც. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსები დაძაბულობის განმუხტვას ცდილობდნენ, აქციის მონაწილეები არ დაიშალნენ და ისინი მშვიდობიანი მსვლელობით პოლიციის მთავარი სამმართველოსკენ დაიძრნენ.
უკონტროლო პროცესებში გადაზრდილი პროტესტიმას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა პოლიციის სამმართველოს შენობის წინ გადაინაცვლეს, სიტუაცია ნელ-ნელა დაიძაბა. ისმოდა შეძახილები დაკავებულთა განთავისუფლების მოთხოვნით. მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებში გაერივნენ აგრესიული მოქალაქეებიც, რომლებიც აქციის შინაარსის სხვა კონტექსტში გადატანას ცდილობდნენ. მათი მესიჯები იყო: „აჭარა აჭარლებს“, „თათრებს გვეძახიან“, „გორელი [იგულისხმება კახა ბუხრაძე] შეურაცხყოფას გვაყენებს“, „აჭარა უპატივცემულობას არავის შეარჩენს“.
დაკავებულების გათავისუფლების მიზნით, სამმართველოს შენობაში სამართალდამცავებთან მოლაპარაკებას მართავდნენ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები. მშვიდობიანი აქციის მონაწილეების ნაწილი, მათი თქმით, მზად იყო, დაკავებულების გათავისუფლებისთანავე დაშლილიყო. მეორე ნაწილი კი, პარალელურად, პოლიციის უფროსის გათავისუფლებასაც ითხოვდა.
ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები აქციის დაწყებისას სამმართველოს შენობასთან არ ჩანდნენ. ამ დროს აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ქალაქში არ იმყოფებოდა. შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებამ მოვლენებზე რეაგირება დააგვიანა, პოლიციის სამმართველოსთან შეკრებილთა აგრესია კი სულ უფრო იზრდებოდა. რადიკალური შეძახილებით გამორჩეული ჯგუფი მოლაპარაკების პროცესის დასრულებას არ დაელოდა და სამართალდამცავების მისამართით შეურაცხმყოფელი შეძახილები და ქვების სროლა დაიწყო. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გაუშვა. აქციის მონაწილეებს შორის პანიკა ატყდა. ამ არეულობაში შეუმჩნეველი დარჩა, ვინ შემოიტანა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“ და პიროტექნიკა. ტერიტორიაზე გამოჩნდა სპეციალური დანიშნულების რაზმი, რომელმაც მომიტინგეების დაშლა სცადა. დაიწყო აქციის მონაწილეების დაპატიმრების პროცესიც.
თუმცა, დროებით გაფანტული ხალხი კვლავ შეიკრიბა და ყველაზე რადიკალურად განწყობილმა ახალგაზრდების ჯგუფმა ტერიტორიის დარბევა დაიწყო. პოლიციის მანქანის დაწვასა და სხვა ავტომობილების მსხვრევას თან ახლდა ეგზალტირებული მასის შეძახილები, ქვების კასკადი და ცეცხლის ალი. მეორე მხარე კი, რეზინის ტყვიებსა და ცრემლსადენ გაზს იყენებდა. ასეთი სიტუაცია დილამდე გაგრძელდა. საიდან გაჩნდა „მოლოტოვის კოქტეილები“, პიროტექნიკა და აგურები (რომლებიც, დაუდასტურებელი ინფორმაციით ტერიტორიაზე ტომრებით შემოზიდეს), ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. თუმცა, ფაქტია, რომ 11 მარტის აქციის მონაწილეები საქმის ასეთ შემობრუნებას არ ელოდნენ.
აგრესიით გამორჩეული და სახეშენიღბული ახალგაზრდების ჯგუფი მათ სამმართველოსთან შეუერთდა, მაგრამ როდის და როგორ, ეს კითხვა ჯერ პასუხგაუცემელია. მოქალაქეთა ნაწილი ამბობს, რომ ისინი, ვინც ვანდალიზმი ჩაიდინა, ბათუმელები არ არიან და საქართველოს სხვა რეგიონებიდან ჰყავდათ ჩამოყვანილი. ამის შესახებ ფაქტ-მეტრი მოგვიანებით მერაბ ღოღობერიძეს ესაუბრა. ამ ადამიანს რამდენიმე ხმაურიანი აქციის ორგანიზატორად მოიხსენიებენ, რასაც თვითონაც ადასტურებს. ერთ-ერთი ასეთი 9 მარტის აქციაც იყო (ღოღობერიძის აქტიურობა გასულ წლებშიც შესამჩნევი იყო. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის სახლის წინ სწორედ მან მოაწყო აქცია, რა დროსაც დააკავეს კიდეც. ღოღობერიძემ შარშან ბათუმში დაბრუნებულ ლევან ვარშალომიძეს საზღვარზე ფეხსაცმელი ესროლა). ღოღობერიძემ აღიარა, რომ 9 მარტს საპატრულო პოლიციის წინააღმდეგ მიმართული აქციის ორგანიზატორიც თვითონ იყო, თუმცა რადიკალურად განწყობილ ჯგუფთან კავშირი უარყო. მან გვითხრა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სხვა რეგიონებიდან აგრესიულად მომართული ახალგაზრდების ჯგუფის ჩამოყვანის შესახებ, შესაძლოა, სიმართლე იყოს და რომ „თავისუფალი ზონის“ წევრები მიტინგზე, შესაძლოა, სპეციალურად მივიდნენ, რათა პროვოკაცია მოეწყოთ. ღოღობერიძის თქმით, სწორედ ისინი არბევდნენ და ანადგურებდნენ ყველაფერს. მეტიც, მისი თქმით, „თავისუფალი ზონის“ წევრებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აქეზებდნენ, კონკრეტულად კი ბათუმის საკრებულოს წევრი გიორგი კირთაძე, რომელიც ახალგაზრდებს ასწავლიდა, როგორ უნდა ემოქმედათ. მისივე ინფორმაციით, ენმ ამ აქციის ორგანიზატორი არ ყოფილა, მაგრამ მან ეს სიტუაცია გამოიყენა და ვანდალების ჯგუფი ასაფეთქებელი საშუალებებით თვითონ მოამარაგა, რისი დამტკიცებაც შესაძლებელი იქნება, თუ გამოძიება ვიდეოთვალით დაფიქსირებულ კადრებს შეისწავლის.
მერაბ ღოღობერიძის ამ განცხადებაზე კომენტარი გიორგი კირთაძეს ვთხოვეთ, რომელმაც ბრალდება არასერიოზულად მიიჩნია და გვითხრა, რომ ამაზე კომენტარის გაკეთება არც ღირდა.
აღსანიშნავია, რომ აგრესიულად მოქმედ ჯგუფს მხარი „თავისუფალი ზონისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ჩხვირკიამ დაუჭირა. მან ნიღბიან თანამოაზრეებთან ერთად, ხელისუფლებას საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლება და დაკავებულების ხელშეუხებლობა მოსთხოვა. ამისთვის ჩხვირკვიამ ხელისუფლებას ვადაც კი დაუნიშნა და დაპირდა, რომ ამ ხნის განმავლობაში ახალგაზრდების ჯგუფი აგრესიული ქმედებებისგან თავს შეიკავებდა. თუმცა, 13 მარტს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განცხადება გაავრცელა,პარტია ჩხვირკიას ქმედებებს გაემიჯნა და აღნიშნა, რომ ჩხირკვიას მიერ ბათუმის მოვლენებისას გაკეთებული განცხადებები პარტიასთან შეთანხმებული არ ყოფილა. "ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პარტიასთან შეუთანხმებლად ირაკლი ჩხვირკიას მიერ გაკეთდა არაერთი განცხადება და ქმედება, რომელიც ახლაც გრძელდება და რომელიც არ გამოხატავდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოზიციას. მეტიც, მისი ქმედებები ენმ-ის პოზიციის საწინააღმდეგო იყო. ამ დროისთვის ირაკლი ჩხირკვია პარტიიდან გარიცხულია“, - ნათქვამია პარტიის პრესსამსახურის განცხადებაში.აქციაში ოპოზიციური კვალის არსებობაზე ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლებაც ღიად საუბრობს. მათ მიაჩნიათ, რომ აქცია ორგანიზებული იყო და დესტრუქციულმა ძალებმა ქვეყანაში სიტუაციის არევა სცადეს. თუმცა, მსგავსი რამ გამოძიებით ჯერჯერობით არ დასტურდება.
მეორე მხრივ, აღნიშნული მანიფესტაციის დაგეგმვასა და ორგანიზებაში ოპოზიცია სახელისუფლებო ორგანოებს, კერძოდ კი სუს-ს ადანაშაულებს. ამის შესახებ ენმ-ის წევრებმა განაცხადეს. მათ მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ მოქმედება სპეციალურად დააგვიანა, რათა აქციის მონაწილეთა ერთი ჯგუფისთვის ქალაქის დარბევის საშუალება მიეცა და შემდეგ ყველაფერი ოპოზიციისთვის დაებრალებინა. ასევე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრის, ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, პოლიციასა და სუს-ს შორის დაპირისპირებაც არსებობდა, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო, როდესაც პოლიციამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი - ყიფიანი დააკავა. ამის შემდეგ, სუს-მა, მერაბ ღოღობერიძესთან ერთად, პოლიციის მიზანმიმართული დისკრედიტაცია დაიწყო, რათა მოქალაქეები მას დაპირისპირებოდნენ. ეს გამოიხატებოდა ქსენოფობიურ განცხადებებში, რომლის ავტორობასაც ბუხრაძეს მიაწერდნენ.
ნამდვილად იყო თუ არა ბუხრაძე აჭარლების მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი შეფასებების ავტორი, ამის ცალსახად თქმა ამ ეტაპზე შეუძლებელია. თუმცა, ბუხრაძის მიერ თანამშრომლებისადმი არასათანადო დამოკიდებულების შესახებ აქციამდე რამდენიმე დღით ადრე საკუთარ Facebook-ის გვერდზე არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე გენო გელაძეც წერდა. ის აცხადებდა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ახალი უფროსის მხრიდან დისკრიმინაციულ მოპყრობაზე უამბეს. მან ამის შესახებ 12 მარტს სატელევიზიო ეთერშიც ისაუბრადა აღნიშნა, რომ პოლიციელები მასთან ახალი ხელმძღვანელობისგან სხვადასხვა სახის ზეწოლაზე, მათ შორის, რეგიონული ნიშნით დისკრიმინაციაზე საუბრობდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც მან ეს ინფორმაცია სოციალური ქსელით გაავრცელა, არც ხელისუფლების და არც სამართალდამცავი უწყებების მხრიდან არავინ გამოხმაურებია.
რაც შეეხება თავად პროტესტის მიმდინარეობას და მასზე რეაგირებას, არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ხელისუფლება პროცესებში გვიან ჩაერთო. ისინი ხელისუფლებისგან ამ საქმის დროულ და ეფექტურ გამოძიებას მოითხოვენ. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშინათქვამია, რომ „ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გააჩნდა შეკრების დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფის ეფექტიანი სტრატეგია და კონკრეტული ჯგუფების ვანდალურმა ქცევამ სრულიად უკონტროლო და მასშტაბური ხასიათი მიიღო. თუმცა, პოზიტიურად უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ამ დროისთვის ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, არ დასტურდება პოლიციის თანამშრომლების მხრიდან დაკავებული პირების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტები“.
პოსტკრიზისული სიტუაციარაც შეეხება კრიზისის შემდგომ რეაგირებას, შსს-ს ინფორმაციით, 11 მარტის დილის მონაცემებით, 40 პირი დააპატიმრეს, ხოლო სახალხო დამცველის რეგიონული წარმომადგენელი ციალა ქათამიძე კი მედიასთან აცხადებს, რომ დაკავებულია აქციის 75 მონაწილე. რამდენიმე მათგანი საუბრობს ფიზიკურ ზეწოლაზე, თუმცა ციალა ქათამიძე ამბობს, რომ ამ ინფორმაციას ვერც უარყოფს და ვერც დაადასტურებს, სანამ ყველა შემთხვევას ინდივიდუალურად არ შეისწავლის. პოლიციელების მხრიდან ფიზიკურ ზეწოლაზე საუბრობს ერთ-ერთი დაკავებულის, გოდერძი გორგილაძის ადვოკატი ზაზა პაპიძე. ის აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდა, მაგრამ სასამართლო პროცესზე ამის შესახებ ღიად საუბარი ვერ გაბედა, რადგან დაშინებული იყო.
ბოლო მონაცემებით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 20 დაკავებულის საქმე განიხილა და აქედან შვიდს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ერთ არასრულწლოვანს გაფრთხილება მისცა და გაათავისუფლა. დანარჩენი დაკავებულების პროცესები მომდევნო დღეებში გაიმართება.
ოფიციალური ინფორმაციით, აქციაზე 40-მდე ადამიანი დაშავდა. მათ შორის აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრი ირაკლი ჭეიშვილი. დაშავებულთა შორის თხუთმეტი პოლიციელია.
ასევე აღსანიშნავია, რომ აქციის შედეგად ქალაქს დიდი ზარალი მიადგა. დაზიანებული ინფრასტრუქტურის საერთო ღირებულება, ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის თქმით, 150 000 ლარს შეადგენს. ოფიციალური ინფორმაციით, განადგურებულია შვიდი ავტომანქანა, რომელთაგან ორი კერძო პირის, ერთი აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს, ხოლო დანარჩენი შსს-ს საკუთრებაა. ქალაქის დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა დაწყებულია. მოქალაქეებს ზარალს ხელისუფლება აუნაზღაურებს. ხოლო მას შემდეგ, რაც გამოძიება დაადგენს იმ პირების ვინაობას, რომლებმაც კერძო თუ სახელმწიფო ქონების ზიანი გამოიწვიეს, ისინი ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხას კანონით გათვალისწინებული წესით გადაიხდიან.
ურთიერთბრალდებები და გამოძიების შედეგების მოლოდინიჯერჯერობით ნაადრევია იმაზე საუბარი, ჩაქრა თუ არა საპროტესტო მუხტი საბოლოოდ. პოლიციის რაზმები კვლავ მობილიზებულები არიან. მართალია, ბათუმის ქუჩებში, ერთი შეხედვით, სიმშვიდემ დაისადგურა, მაგრამ დაპირისპირებამ და ურთიერთბრალდებებმა პოლიტიკურ ველზე გადაინაცვლა.
ჩვენ ვცადეთ, მაქსიმალურად ობიექტურად მოგვეთხრო 11-12 მარტის აქციაზე განვითარებული ამბები, ასევე ის წინაპირობა, რომელიც ამ აქციას წინ უძღოდა. ამ ეტაპზე სხვა შეფასებებისგან თავს შევიკავებთ და გამოძიების დასრულებას დაველოდებით. სწორედ მან უნდა დაადგინოს, იყო თუ არა ბათუმური „ნეოლითის ღამე“ ვინმეს მიერ წინასწარი განზრახვით ორგანიზებული და თუ იყო, ვინ მოაწყო ის. იმედია, გამოძიება ობიექტურად წარიმართება და ყველა დამნაშავე კანონის შესაბამისად დაისჯება. მანამდე კი ვიტყვით, რომ ფაქტ-მეტრი ყოველგვარ ქსენოფობიურ გამოვლინებას გმობს და კუთხურობის ნიშნით ადამიანების დაყოფას საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად მიიჩნევს. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ სენსიტიურ თემას მანიპულირებისა და საკუთარი პოლიტიკური მიზნების განხორციელებისათვის არცერთი დაინტერესებული მხარე არ გამოიყენებს.