ანალიზი:

2020 წლის 27 ნოემბერს Facebook-გვერდმა „სტალინმა“ გამოაქვეყნა მუამარ კადაფის ფოტო წარწერით - „ისინი თავად შექმნიან ვირუსებს და გაყიდიან ანტიდოტებს. შემდეგ ისინი ისე მოიქცევიან, თითქოს დრო სჭირდებათ გამოსავლის მოსაპოვებლად, ხოლო მათ უკვე ეს ექნებათ“. აღნიშნული პოსტი, დეკემბერში „საქართველოს და მსოფლიოს“ Facebook-გვერდზე, „კოტე ჩიკვილაძის და გულბაათ რცხილაძის თანამოაზრეების ჯგუფი: Россия и Грузия“ და „ჩემი საქართველო - აქ არის!!!“ ჯგუფებშიც გამოჩნდა . ამ პოსტებზე მუამარ კადაფის ფოტოს ზუსტად იგივე, თუმცა უკვე რუსული წარწერა ახლავს- „Они сами будут создавать вирусы и продавать вам противоядия. Потом будут делать вид, что им требуется время на поиск решения, тогда как оно уже будет у них“. პოსტებში გაჟღერებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ყალბი ამბავია.

მიუხედავად იმისა, რომ პოსტებში კორონავირუსი არ არის ნახსენები, ზემოთ აღნიშნული Facebook-გვერდები და ჯგუფები ცდილობენ, საზოგადოებას შეუქმნან ისეთი განწყობა, რომ თითქოს მუამარ კადაფმა სწორედ კორონავირუსის პანდემია ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ იწინასწარმეტყველა. პოსტები კვლავ იმ კონსპირაციების ნაწილია, რომელთა მიხედვითაც კორონავირუსი ხელოვნურად წარმოქმნილი ვირუსია, რომ პანდემია გარკვეული სახელმწიფოებისა და ადამიანთა ჯგუფების მიერ ახალი მსოფლიო წესრიგის დასამყარებლად და ხალხის გაკონტროლებისთვის დაიგეგმა. აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით, „ფაქტ-მეტრი“ პანდემიის დასაწყისიდან აქტიურად წერდა (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3).

აღსანიშნავია, რომ მუამარ კადაფს მსგავსი წინადადება არ უთქვამს. სინამდვილეში, კადაფი ვირუსების და ვაქცინების თემას 2009 წლის სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს მართლაც შეეხო. კადაფის მთლიანმა გამოსვლამ ტრადიციულ 15-წუთიან რეგლამენტს გადააჭარბა და საათი და ორმოცი წუთი შეადგინა.

მუამარ კადაფმა ლაბორატორიაში ვირუსის შექმნაზე და იმ დროისთვის მსოფლიოში გავრცელებულ ღორის გრიპზე ნამდვილად ისაუბრა. კერძოდ, მან ღორის გრიპი მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე საუბრისას ახსენა, როდესაც ამ გამოწვევებს შორის, მან ადამიანის მიერ შექმნილი და ბუნებრივად წარმოქმნილი ეპიდემიებიც დაასახელა. კადაფმა განაცხადა, რომ „H1N1 გრიპი შეიძლება იყოს ვირუსი, რომელიც შეიქმნა კონტროლიდან გამოსულ ლაბორატორიაში, რომელიც თავდაპირველად სამხედრო იარაღად ითვლებოდა“. ცნობისთვის, ღორის გრიპის (H1N1) პანდემია 2009 წელს მექსიკაში დაიწყო და 18 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

რაც შეეხება ვირუსებსა და ვაქცინებს, კადაფმა საკუთარ სიტყვაში შემდეგი რამ წარმოთქვა: „დღეს ღორის გრიპია. შეიძლება ხვალ თევზის გრიპი იყოს, რადგან ზოგჯერ ვირუსებს მათი კონტროლით ვქმნით. ეს არის კომერციული ბიზნესი. კაპიტალისტური კომპანიები ვირუსებს ქმნიან ვაქცინების დასამზადებლად და გასაყიდად. ეს არის ძალიან სამარცხვინო და ცუდი ეთიკა. ვაქცინები და მედიკამენტები არ უნდა გაიყიდოს. „მწვანე წიგნში“ ვამტკიცებ, რომ წამლები არ უნდა იყიდებოდეს და არ უნდა ხდებოდეს მათი კომერციალიზაცია. წამლები და ვაქცინები ბავშვებისთვის უფასო უნდა იყოს, თუმცა კაპიტალისტური კომპანიები ქმნიან ვირუსებსა და ვაქცინებს, რათა სარგებელი მიიღონ მათგან. რატომ არ არის ისინი უფასო? ჩვენ უფასოდ უნდა გავცეთ ისინი და არ უნდა გავყიდოთ. მთელი მსოფლიო უნდა შეეცადოს დაიცვას ხალხი, შექმნას და აწარმოოს ვაქცინები და ისინი ქალებსა და ბავშვებს უფასოდ გადასცეს“.

როგორც ვხედავთ, კადაფმა ვირუსების შექმნასთან დაკავშირებით სპეკულაციური განცხადება ნამდვილად გააკეთა და შეშფოთებაც გამოთქვა ვაქცინების გაყიდვის შესახებ, თუმცა Facebook-პოსტებზე გამოტანილი წინადადება, რომ თითქოს ვირუსებს ანტიდოტების გასაყიდად ხელოვნურად წარმოქმნიან და მისი შექმნის პროცესს ხელოვნურად გაწელავენ, 87 წუთიანი გამოსვლის განმავლობაში, ერთხელაც არსად გაჟღერებულა.

ამასთანავე, კორონავირუსის სახელიც კონკრეტულად არსად არის ნახსენები. შესაბამისად, კადაფის გამოსვლას კორონავირუსის პანდემიასთან არავითარი კავშირი არ აქვს. მან ღორის გრიპის პანდემია, ვირუსები და ვაქცინაცია ნამდვილად ახსენა, თუმცა სინამდვილეში ის თავის გამოსვლაში ძირითადად ფარმაცევტულ კორპორაციებს დაუპირისპირდა და მასობრივ ვაქცინაციასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა, რომ წამლებისა და ვაქცინების კომერციალიზაცია არ უნდა ხდებოდეს.

-----------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები: