Facebook-ზე მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორ ივანე ჩხაიძის განცხადება კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის QR-კოდების შესახებ, მანიპულაციურად ვრცელდება. ივანე ჩხაიძის მიერ ინტერვიუში ნახსენები ციტატა თავდაპირველად Facebook-მომხმარებელმა Khatuna Saginashvil-მა 15 მაისს შემდეგი წარწერით გააზიარა: „მიმდინარე ბიოლოგიური ომის მიზანი გაცხადებულია - ვაქცინა კი არ შეიქმნა ვირუსისთვის, არამედ ვირუსი მსოფლიო ვაქცინაციისთვის(!)“. აღნიშნულ პოსტს დღემდე 140 გაზიარება აქვს. იდენტური პოსტი, სადაც სპეციალურად ხაზი აქვს გასმული სიტყვებს „ციფრული კოდების შემოღება“ 24 ივლისს Facebook-მომხმარებელი Nina Marji-ის მიერ შემდეგი სათაურით გაზიარდა „ესეც მე ვარ?.. იღლიცინეთ და იყავით..“ . აღნიშნულ პოსტს დღემდე 406 გაზიარება აქვს.
პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ორივე Facebook-მომხმარებელი, რომლებიც პოსტს ზემოხსენებული კომენტარებით ავრცელებენ, ცნობილი ანტივაქსერები არიან. ორივე მათგანს კორონავირუსისა და ვაქცინების შესახებ აქამდეც მრავალი დეზინფორმაცია გაუვრცელებიათ. (წყარო 1; წყარო 2) შესაბამისად, მაშინაც კი, როცა გამოქვეყნებული ციტატის აღწერაში პირდაპირ არ საუბრობენ რაიმე კონსპირაციულ თეორიაზე ან დეზინფორმაციაზე, ცხადია, რომ მათ მიერ სურათზე დართული კომენტარები და ხაზგასმა სიტყვებზე „ციფრული კოდის შემოღება“, მიუთითებს მათ მიზანზე, ვაქცინაციის პროცესს დისკრედიტაცია გაუწიონ. ამასთან ერთად აღნიშნული, მოსახლეობაში ისედაც ფართოდ გავრცელებული კონსპირაციული თეორიის - ვაქცინით შესაძლო „ჩიპიზაციის“ შესახებ, მეტად გავრცელებას ემსახურება.
ივანე ჩხაიძემ აღნიშნული განცხადება მართლაც გააკეთა და ამასთან ერთად დღეს უკვე გამოიყენება ის QR-კოდები, რომლებზეც ივანე ჩხაიძე მაისში მიცემულ ინტერვიუში საუბრობდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კოდების ერთადერთი მიზანი იმის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა, აცრილია, თუ - არა ადამიანი. სხვა მხრივ, ფურცელზე ან ტელეფონში მოთავსებულ QR კოდს არანაირი სხვა დანიშნულება არ აქვს, ხოლო მოსახლეობის დაშინება, თითქოს აღნიშნული ბიოლოგიური ომის ნაწილია ან სხვა მრავალი, ვაქცინაციის პროცესის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
„ფაქტ-მეტრი“ ასევე დაუკავშირდა მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორს, რომელმაც ასევე დაადასტურა, რომ მის მიერ ინტერვიუში ნახსენებ QR კოდებში, მოაზრებული იყო კოვიდ-სერტიფიკატი, რომელიც ინფორმაციას ვაქცინაციის, დაავადების გადატანის შემდეგ გამოჯანმრთელებისა და ტესტირების უარყოფითი პასუხის შესახებ მოიცავს.
QR კოდების გაცემა მაისში დაიწყო. ამირან გამყრელიძის განცხადებით, „კოვიდ სერტიფიკატზე“ დატანილია შესაბამისი QR კოდი, რომელზეც ნაჩვენებია თუ რომელ რიცხვში არის აცრილი პირი. ამას გარდა, QR კოდზე აღნიშნულია, ბოლო 6 თვის განმავლობაში პირს კორონავირუსი გადატანილი აქვს, თუ - არა და PCR ტესტი ბოლოს როდის აქვს გაკეთებული.
აქედან გამომდინარე, QR-კოდის ერთადერთი მიზანი იმის იდენტიფიცირებაა, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ადამიანი სხვებისთვის საფრთხეს წარმოადგენს, თუ - არა.
საქართველოში ამ ეტაპზე აცრის ან ვირუსის გადატანის დამადასტურებელ ცნობას ძირითადად მოგზაურობისას ან დიდ ღონისძიებებზე დასწრებისას ითხოვენ.
თავისთავად QR-კოდი შინაარსობრივად ერთგვარი შტრიხკოდია და ვიზუალურად ასე გამოიყურება:
თავდაპირველად QR კოდი იაპონიაში, ავტომობილების მწარმოებლის Toyota-ს შვილობილი კომპანიის Denso Wave-ის მიერ იმ მიზნით შეიქმნა, რომ ქარხანაში, წარმოების პროცესში ავტომობილების მონაცემთა წაკითხვა სწრაფად და მარტივად ყოფილიყო შესაძლებელი. დღეს QR კოდი სამომხმარებლო სივრცეში საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული. აღნიშნული ყოველდღიურობაში თუნდაც რესტორნებსა თუ კაფეებში მენიუების წასაკითხად, ღონისძიებებზე ბილეთის წარდგენის დროს და ა.შ. გამოიყენება.
------------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.