სოციალურ ქსელში კორონავირუსის ვაქცინის გვერდით ეფექტებზე დაუდასტურებელი ინფორმაცია ვრცელდება

ვერდიქტი: მეტწილად მცდარი

Facebook-მომხმარებელი Nina Marji სოციალურ ქსელში დაუდასტურებელ და ყალბ ინფორმაციას ავრცელებს. მის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს აღწერის თანახმად, არგენტინაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღების შემდეგ ქალმა კანკალი დაიწყო. გარდა ამისა, Nina Marji ამტკიცებს, რომ ექსპერიმენტული ვაქცინების გამოცდა 6 წლის ბავშვებზე დაიწყეს, ამერიკის ოფიციალური მონაცემებით კი, ვაქცინას 1232 სერიოზული გართულება და 965 გარდაცვალება მოჰყვა. აღნიშნული პოსტი ისეთ ჯგუფებში გაზიარდა, როგორებიცაა: ჩვენი გორი, ისრაელის ემიგრანტები, კოვიდ-ფაშიზმის საწინააღმდეგო მოძრაობა!!!, კორონამაფია და საქართველო, როგორც საექსპერიმენტო ქვეყანა.

მტკიცება: არგენტინაში, კორონავირუსის ვაქცინის მიღების შემდეგ, ქალი სამედიცინო დაწესებულებაშივე ცუდად გახდა

ვიდეო, რომელსაც Nina Marji 23 თებერვალს ავრცელებს, პირველად სოციალურ ქსელში 20 თებერვალს გამოჩნდა. როგორც მის აღწერაში ვკითხულობთ, შემთხვევა წინა ღამით (ვიდეოს ატვირთვის თარიღის მიხედვით, 19 თებერვალს) საავადმყოფო Larcade Hospital of San Miguel-ში მოხდა. პოსტის ავტორი ჯანდაცვის სერვისის მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავს და პასუხისმგებელი პირების გადადგომას ითხოვს. ვიდეოს აღწერაში ქალის მდგომარეობის გამომწვევი მიზეზის შესახებ არაფერია ნათქვამი.

გავრცელებულ ვიდეოში მართალია, ახალგაზრდა ქალის კანკალი ნამდვილად ჩანს, თუმცა მიზეზი, რამაც მისი ცუდად გახდომა გამოიწვია, არ ჩანს. ამასთან, ვიდეოში ადამიანები იმ ფაქტს აკრიტიკებენ, რომ ქალბატონი მიუხედავად იმისა, რომ ცუდადაა, ექიმების ყურადღების მიღმაა. ვიდეოს გადაღების მოტივიც სწორედ იმ ფაქტს უკავშირდება, რომ შეუძლოდ მყოფი ქალბატონის დამხმარე ექიმი არ გამოჩნდა, მისი მიხედვა კი პოლიციელებს მოუწიათ. ვიდეოში არავინ ამბობს, რომ გოგონას ცუდად გახდომის მიზეზი კორონავირუსის ვაქცინა იყო. აღნიშნული ვიდეო 21 თებერვალს ერთ-ერთმა Facebook-მომხმარებელმა გადააზიარა. მის მიერ გაკეთებული აღწერის თანახმად, გოგონას ეპილეფსიის შეტევა ჰქონდა, ხოლო საავადმყოფომ მის დასახმარებლად არაფერი მოიმოქმედა. გამომდინარე იქიდან, რომ განცხადება ეპილეფსიის შეტევის შესახებ არა ოფიციალურ წყაროს, არამედ რიგით Facebook მომხმარებელს ეკუთვნის, ქალის ცუდად გახდომის რეალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

თეგები: