დეზინფორმაცია: ვაქცინები „უძლიერეს ნეიროტოქსინს“ „სპაიკ ცილას“ შეიცავს, რომელიც ადამიანის ორგანიზმის ყველა ორგანოში აღწევს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

28 ივნისს Facebook-მომხმარებელმა შორე შანიძემ სოციალურ ქსელში ი-რნმ ვაქცინებთან დაკავშირებით ყალბი ამბავი გაავრცელა. პოსტის თანახმად, რნმ ტექნოლოგიის შემქმნელმა სახალხოდ განაცხადა, რომ აღნიშნული ტექნოლოგია არ არის უსაფრთხო და ადამიანის ორგანიზმს ვნებს. მსგავსი შინაარსის პოსტი 21 ივნისს ანტივაქსერმა ექიმმა თინა თოფურიამაც გამოაქვეყნა. მან Mercola.com-ის სტატია გააზიარა და თან დაურთო აღწერა, სადაც ამტკიცებს, რომ რნმ ტექნოლოგიის შემქმნელის თანახმად, ვაქცინები „უძლიერეს ნეიროტოქსინს“ სპაიკ ცილას შეიცავს, რომელიც ყველგან აღწევს. როგორც თინა თოფურია ამტკიცებს, რნმ ტექნოლოგიის გამომგონებელი მოითხოვს, რომ სასწრაფოდ შეაჩერონ ვაქცინაცია, სანამ არ დაღუპულა და არ დაზიანებულა კიდევ უამრავი ადამიანი. თოფურიას პოსტს თან Mercola.com-ის სტატია ერთვის.

ჰომეოპათი თინა თოფურია საკუთარი მოსაზრებების გასამყარებლად mercola.com-ის სტატიებს ხშირად იმოწმებს. რეალურად, ვებგვერდი Mercola.com mediabiasfactcheck-ის მიერ კონსპირაციულ, დაბალი სანდოობის მქონე სააგენტოდ არის შეფასებული. ვებგვერდზე სამედიცინო თემებთან დაკავშირებით - ყალბი, დეზინფორმაციული მტკიცებები ხშირად ვრცელდება. ამიტომ Mercola.com-ის სტატიები, ხშირ შემთხვევაში, შემდგომ გადამოწმებას საჭიროებს. რაც შეეხება Mercola.com-ის დამაარსებელს, ანტივაქსერ ექიმ ჯოზეფ მერკოლას - იგი შეცდომაში შემყვანი და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო სამედიცინო რჩევების გავრცელების გამო, ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) სამიზნე არაერთხელ გამხდარა. FDA-მ სამი გამაფრთხილებელი წერილი გამოსცა, სადაც მერკოლა დადანაშაულებული იყო მის ვებგვერდზე ისეთი პროდუქციის პოპულარიზაციისთვის, რაც ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. მერკოლა ავრცელებდა ყალბ ინფორმაციას, თითქოს C და D ვიტამინები კორონავირუსის სამკურნალოდ გამოიყენება.

გარდა იმისა, რომ თინა თოფურიას პოსტში თანდართულ mercola.com-ის სტატია ანტივაქსერულ შინაარსს ატარებს, იგი შეიცავს ყალბ ინფორმაციასაც, თითქოს კორონავირუსის ვაქცინებში გამოყენებული რნმ ტექნოლოგიის შედეგად წარმოქმნილი სპაიკ ცილა ტოქსიკურია და ადამიანის მთელ ორგანიზმს ედება. ამასთან ერთად, სტატიაში მოხსენიებული რობერტ მალონი, Facebook-პოსტებში კოვიდვაქცინებში გამოყენებული რნმ ტექნოლოგიის შემქმნელთან არის ასოცირებული.

ახალი, ი-რნმ ტექნოლოგიით დამზადებული ვაქცინების მუშაობის მექანიზმთან დაკავშირებით „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ დაუწერია (ბმული 1, ბმული 2). აღნიშნულ ვაქცინებში შემავალი ინფორმაციული რნმ ვაქცინირებულის უჯრედებს აწვდის ინფორმაციას, ასწავლის როგორ წარმოქმნას „წვეტოვანი ცილა“ და შემდეგ ი-რნმ ნეიტრალდება. თავად ვაქცინა „წვეტოვან ცილას“ არ შეიცავს.

ვაქცინაციის შედეგად წარმოქმნილი „წვეტოვანი ცილა“, იქიდან გამომდიარე, რომ ის ხელოვნურადაა ნაწარმოები, ადამიანის ორგანიზმისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ამასთან ერთად, ვაქცინაციის დროს გაცილებით ნაკლები „წვეტოვანი ცილა“ წარმოიქმნება ადამიანის ორგანიზმში, ვიდრე კორონავირუსით დაავადების დროს. აქედან გამომდინარე, ვაქცინაციის შედეგად წარმოქმნილი „წვეტოვანი ცილები“ რაიმე საფრთხეს რომც შეიცავდეს, მათი მცირე რაოდენობა ადამიანის ორგანიზმს მაინც ვერაფერს ავნებდა. ამასთან ერთად, ვაქცინაციის შედეგად წარმოქმნილი „წვეტოვანი ცილები“ ინექციის ადგილას კონცენტრიდება და სისხლის მიმოქცევის სისტემაში არ გადადის. ვაქცინის ის 1%, რომელიც შესაძლოა, რომ სისხლის მიმოქცევის სისტემაში გადავიდეს, ღვიძლის ფერმენტების მიერ ნადგურდება. ევროპის წამლების სააგენტომ (EMA) 2021 წლის 3 მარტს გამოქვეყნებულ წერილში განმარტა, რომ სისხლში გადასული ვაქცინის წილი ძალიან მცირეა და ღვიძლის ფერმენტების მიერ ნადგურდება: „როგორც დადგინდა, ვაქცინაში არსებული ი-რნმ, რომელიც ლიპიდური ნანონაწილაკების შიგნითაა მოქცეული, ვაქცინაციის შემდეგ ძირითადად ინექციის ადგილას რჩება და მხოლოდ მცირე რაოდენობამ შეიძლება მიაღწიოს სხვა ქსოვილებამდე, მაგალითად, ღვიძლამდე… ცხოველებზე ჩატარებული პრეკლინიკური კვლევების დროს ვაქცინის გარკვეული ნაწილის სხვა ქსოვილებში გადასვლის შემთხვევაში, არანაირი სიცოცხლისთვის სახიფათო შედეგი არ დამდგარა“.აღნიშნულთან დაკავშირებით „ფაქტ-მეტრი“ აქამდეც წერდა.

რაც შეეხება სტატიაში მოხსენიებულ რობერტ მალონს, ის კოლეგებთან ერთად მართლაც მუშაობდა რნმ ტექნოლოგიის განვითარებაზე, თუმცა კორონავირუსის ვაქცინებში გამოყენებული რნმ ტექნოლოგიის ფუძემდებელი არის უნგრელი ბიოქიმიკოსი კატალინ კალიკო, რომელმაც კოლეგებთან ერთად „მოდერნასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინების შექმნას ჩაუყარა საფუძველი.

-----------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.