დეზინფორმაცია: კოვიდვაქცინების შეფუთვაზე დატანილია წარწერა, რის მიხედვითაც კომპანია მადლობას უხდის მომხამარებელს ექსპერიმენტში ნებაყოფლობითი მონაწილეობისთვის

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Facebook-მომხმარებელი შორე შანიძე სოციალურ ქსელში მორიგ დეზინფორმაციულ პოსტს ავრცელებს. მის მიერ 9 ივნისს გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, ვაქცინების (პოსტში „შხამქცინების“) შეფუთვაზე შემდეგი წარწერაა დატანილი: „მადლობთ, რომ ნებაყოფლობით იღებთ მონაწილეობას ექსპერიმენტში“. იგივე პოსტის კომენტარების სექციაში, კითხვაზე აღნიშნული ინფორმაციის ნამდვილობის შესახებ, შორე შანიძე კვლავ აფიქსირებს, რომ ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება და ხუმრობა არაა.

სინამდვილეში, დღეს გამოყენებაში არსებულ არცერთი ვაქცინის შეფუთვაზე მსგავსი წარწერა დატანილი არაა. ვაქცინების შეფუთვებზე ძირითადად დატანილია ინფორმაცია ვაქცინის დასახელების, ავტორიზაციის ტიპის, შენახვის ტემპერატურისა და დოზირების შესახებ.

შორე შანიძე აღნიშნული პოსტით, ცდილობს იმ პოპულარული დეზინფორმაციული ნარატივის გავრცელებას, თითქოს დღეს გამოყენებაში არსებული ვაქცინები გამოუცდელია. აღნიშნული დეზინფორმაცია აქამდეც ფართოდ გავრცელებულა სოციალურ ქსელში (წყარო 1; წყარო 2; წყარო 3).

სინამდვილეში, ყველა ვაქცინა რომელიც დღეს გამოყენებაშია, სხვადასხვა ავტორიტეტული მარეგულირებელი ორგანოების მიერაა ავტორიზირებული. ავტორიზებული ვაქცინა ნიშნავს, რომ ვაქცინების ეფექტიანობა და უსაფრთხოება შესაბამისი კვლევებით არის დამტკიცებული. ვაქცინას გადაუდებელი გამოყენებისთვის ავტორიზაცია მხოლოდ მას შემდეგ ენიჭება, რაც კლინიკური კვლევის მესამე ფაზას წარმატებით გაივლის.

COVID-19-ის ვაქცინები შემჭიდროებულ ვადებში შეიქმნა და დამტკიცდა, თუმცა კვლევის არცერთი საფეხური, რომლითაც ვაქცინების ეფექტურობა და უსაფრთხოება დგინდება, გამოტოვებული არ ყოფილა. პანდემიის პირობებში, COVID-19 ვაქცინის შექმნის პროცესის დაჩქარების მიზნით, მეცნიერები და მწარმოებლები რამდენიმე სხვადასხვა ფაზას პარალელურ რეჟიმში წარმართავდნენ. ვაქცინის შემუშავების პროცესის დაჩქარებას მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების მობილიზებამ შეუწყო ხელი.

ვაქცინა თავდაპირველად შემოწმების და შეფასების (პრეკლინიკურ) ფაზას გადის, პრეკლინიკური ფაზა არის ექსპერიმენტული. ვაქცინას თავდაპირველად ცხოველებზე ცდიან. თუ ვაქცინა იმუნურ რეაქციას აღძრავს, ამის შემდეგ კლინიკური შემოწმება ხდება, რომელიც სამი ფაზისგან შედგება. პირველ ფაზაში ვაქცინის გამოცდა მცირე ჯგუფში შემავალ მოხალისეებზე ხდება. მეორე ფაზაში - ვაქცინის უსაფრთხოების და იმუნური რეაქციის აღძვრის უნარის შემდგომი შეფასების მიზნით, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, რამდენიმე ასეულ მოხალისეს უტარდება აცრა. ამავე ეტაპზე, როგორც წესი, შესადარებლად გამოცდაში ერთვება ჯგუფი, რომელსაც ვაქცინა არ მიუღია. ამის შედეგად დგინდება, აცრილთა ჯგუფის წევრებში დაფიქსირებული ცვლილებები, ვაქცინითაა გამოწვეული თუ შემთხვევითობის შედეგს წარმოადგენს. მესამე ფაზაში ათასობით მოხალისე ერთვება და შედარება ანალოგიურ ჯგუფში შემავალ მოხალისეებთან ხდება, რომელთაც ვაქცინა არ მიუღიათ, თუმცა შესადარებელი პროდუქტი (პლაცებო) მიიღეს. აღნიშნულის საფუძველზე განისაზღვრება ვაქცინის ეფექტურობა შესაბამისი დაავადებისგან თავდაცვის მიზნით და ვაქცინის უსაფრთხოების შესწავლა ადამიანთა გაცილებით ფართო ჯგუფზე ხდება. გამოცდების მესამე ფაზა სხვადასხვა ქვეყანაში და ქვეყნის შიგნით სხვადასხვა ადგილას ტარდება, იმის დასადასტურებლად, რომ ვაქცინის ეფექტურობასთან დაკავშირებული მიგნებების გამოყენება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფთან არის შესაძლებელი.

კოვიდვაქცინებმა ზემოთ ჩამოთვლილი კვლევის ყველა საფეხური წარმატებით გაიარეს, რის საფუძველზეც მიენიჭათ ავტორიზაცია. ავტორიზაციის მინიჭებისა და ვაქცინაციის პროგრამის დაწყების შემდეგ გრძელდება მონიტორინგი, ეროვნული ჯანდაცვის ორგანოები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინის ნებისმიერ გვერდით ეფექტზე დაკვირვებას მუდმივ რეჟიმში აწარმოებენ.

----------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.