კობა კუპრაშვილი კორონავირუსის სტატისტიკასთან და ენტონი ფაუჩის წერილებთან დაკავშირებით, მორიგ დეზინფორმაციას ავრცელებს
ვერდიქტი: მანიპულირება
კობა კუპრაშვილი სოციალურ ქსელში მორიგი დეზინფორმაციისა და მანიპულაციური მტკიცებების შემცველ ვიდეოს ავრცელებს. 11 ივნისს გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელსაც დღემდე 8.6 ათასი ნახვა აქვს, კობა კუპრაშვილი იმეორებს, როგორც მის მიერ აქამდე გავრცელებულ დეზინფორმაციულ მტკიცებებს, ასევე მანიპულირებს გერმანიაში საავადმყოფოებში საწოლფონდის შესახებ აუდიტის მიერ გამოქვეყნებული დასკვნისა და ნინოწმინდის პანსიონის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ.
მტკიცება 1: მთავრობამ ხელოვნურად შეუქმნა საავადმყოფოებს ისეთი გარემო (ხელოვნურად შეამცირებინა საწოლების რაოდენობა) რომ ეთქვათ, რომ გერმანიაში 80%-ს მიაღწია საავადმყოფოებში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ. აღნიშნულ საავადმყოფოებს კი მთავრობა „სერიოზულ კომპენსაციას მისცემდა შრომისთვის“. რეალურად ინფიცირებულთა მატება საერთოდ არ ყოფილა გერმანიაში.
ვერდიქტი: მანიპულირება
გერმანულ სოციალურ ქსელში ფართოდაა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საავადმყოფოებმა საწოლფონდი ხელოვნურად შეამცირეს იმის გამო, რომ მთავრობისგან დამატებითი ფულადი კომპენსაცია მიეღოთ. მტკიცებას, რომ საწოლფონდის ხელოვნური შემცირება უშუალოდ გერმანიის მთავრობის ორგანიზებით მოხდა, კობა კუპრაშვილი ავრცელებს და არა გერმანულენოვანი მედია.
თავდაპირველად, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გერმანულ საავადმყოფოებში კომპენსაციის მიღების მიზნით საწოლფონდს ხელოვნურად ამცირებდნენ, გერმანელმა „კორონავირუსის უარმყოფელმა“ (Covid denier) იუთუბერმა სამუელ ეკერტმა ვიდეოს სახით გაავრცელა. 7 მაისს აღნიშნული მტკიცება გერმანიის ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციამ გადაამოწმა და მის მიერ გავრცელებული მტკიცება უარყო. მოგვიანებით, გერმანიის ფედერალური აუდიტის ოფისმა დაასკვნა, რომ მეტი ფულადი დახმარების მისაღებად „ზოგიერთმა საავადმყოფომ“ (კონკრეტიკის გარეშე) მთავრობას საწოლფონდის შესახებ მართლაც არასწორი ინფორმაცია მიაწოდა. ამის მიუხედავად, გერმანიის ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციის თანახმად, აღნიშნული დასკვნაში მოცემულია ბრალდებები, თუმცა არა კონკრეტული მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მტკიცებას, რომ ფულადი დახმარების მისაღებად ზოგიერთ საავადმყოფოში საწოლფონდის ხელოვნურად შემცირება მოხდა.
გერმანიის ფედერაციის ჯანმრთელობის სამინისტროს განცხადებით, საავადმყოფოებს სახელმწიფოსგან მიღებული დახმარების ოდენობასა და პროცესზე ძალიან მცირე გავლენა აქვთ. იმისთვის, რომ ჰოსპიტალმა სახელმწიფოსგან დახმარება მიიღოს, რამდენიმე კრიტერიუმი უნდა დაკმაყოფილდეს. რაც ყველაზე მთავარია, არა ერთ, არამედ მთელ რაიონში არსებულ ყველა ჰოსპიტალში, ჯამში საწოლფონდის 75%-ზე მეტი, მიყოლებით შვიდი დღის განმავლობაში კოვიდპაციენტებით უნდა იყოს დაკავებული. აქედან გამომდინარე, მათი განცხადებით, ინდივიდუალურ ჰოსპიტლებს ნაკლები ბერკეტი აქვთ, საწოლფონდის ხელოვნურად შემცირებით, აღნიშნულ ფულად დახმარებაზე გავლენა იქონიონ.
აქვე აღსანიშნავია, რომ გაცემული დახმარება, გამოიყოფოდა არა „ექიმების შრომისთვის“, არამედ საავადმყოფოსთვის იმ ფულადი დეფიციტის შესავსებად, რომლებიც კოვიდპაციენტების მკურნალობის გამო, სხვა დაგეგმილი ოპერაციების გადადების შედეგად შეიქმნა. ამასთან ერთად, საავადმყოფოების დაფინანსების კანონის თანახმად, საავადმყოფოებს 2020 წლის მთელი შემოსავლის დანაკარგი კი არ უნაზღაურდებოდათ, არამედ 2019 წლის მთელი შემოსავლის 90 პროცენტი.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ინტენსიური ზრუნვისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ინტერდისციპლინარულმა ასოციაციამ (DIVI) გააკეთა, რომელიც გერმანიაში გამოყენებადი მულტიდისციპლიარული ზრუნვისა და კრიტიკულად მძიმე პაციენტების მოვლისთვის სტანდარტების და მითითებების შემმუშავებელ ორგანიზაციას წარმოადგენს. DIVI-ის განცხადებით, მათ არ დაუფიქსირებიათ ისეთი შემთხვევა, რომელზე დაყრდნობითაც, განაცხადებდა, რომ საავადმყოფოები საწოლფონდის ცრუ მონაცემების გადაცემის შედეგად „გამდიდრდნენ“. DIVI აუდიტის დასკვნის შემდეგ მიიჩნევს, რომ სიტუაცია გამჭვირვალობის მხრივ კლინიკებში უნდა გაუმჯობესდეს, თუმცა, ამავდროულად, მკაცრად უარყოფს მტკიცებას, რომ ფედერალური მთავრობის დახმარების მისაღებად ინდივიდუალური საავადმყოფოები საწოლების რაოდენობას ხელოვნურად ამცირებდნენ.
ზემოთ მოყვანილი ინფორმაციიდან გამომდინარე, ამჟამად არსებული ინფორმაცია არასაკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ ჰოსპიტალების ნაწილმა საწოლფონდი ფულადი დახმარების მიღების მიზნით შეამცირა.
რაც შეეხება იმ მტკიცებას, რომ გერმანიაში ინფიცირებულთა მატება საერთოდ არ ყოფილა, აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება. პანდემიის დაწყების შემდეგ, გერმანიაში რამდენჯერმე დღეში დაინფიცირებულთა რიცხვმა 24-25 ათას ადამიანს მიაღწია. მათ შორის, საგანგაშო იყო რამდენიმე თვის წინ, 2021 წლის აპრილში დღეში დაფიქსირებული 21 ათასზე მეტი შემთხვევა. ამასთან ერთად, კობა კუპრაშვილი აუდიტის დასკვნით ცდილობს დაამტკიცოს, თითქოს აღნიშნული გერმანიის მთავრობის მიერ იყო ორგანიზებული, რათა დაინფიცირებულთა სტატისტიკა ხელოვნურად გაეზარდა. გერმანულ მედიაში აღნიშნული ვერსია არც კი განიხილება.
2021 წლის აპრილში, ინფიცირებულთა მაღალი რიცხვის გამო თითქმის სულ შეივსო ქვეყანაში არსებული საწოლფონდი.
მტკიცება 2: ჯანმრთელ ბავშვებს ნულოვანი და ნულთან მიახლოებული რისკი აქვთ იმის, რომ კორონავირუსი შეეყაროთ. რომც დაინფიცირდნენ, 99.9 პროცენტს ვერაფერს ავნებს
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
აღნიშნული დეზინფორმაცია კობა კუპრაშვილს აქამდეც გაუვრცელებია. დასახელებული ინფორმაცია „ფაქტ-მეტრმა“ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორ, ივანე ჩხაიძესთან გადაამოწმა.
დღეს არსებული სტატისტიკა ცხადყოფს, რომ კორონავირუსული გართულებების შედეგად, ბავშვები არც თუ ისე იშვიათად ჰოსპიტალიზაციას ექვემდებარებიან. ამასთან ერთად, ცალკეულ შემთხვევებში, აღნიშნული გართულებები ლეტალობითაც შეიძლება დასრულდეს.
ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავირუსი ბავშვებში იშვიათობას არ წარმოადგენს. აღნიშნულის შესაფასებლად მას ორი, საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატებში ჩატარებული, მასშტაბური კვლევის მონაცემები მოჰყავს.
„საქართველოში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბავშვები (18 წლამდე მოზარდები) ინფიცირებულთა 9.5-10%-ს შეადგენენ. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, 2020 წლის 26 თებერვლიდან მოყოლებული, 346 000 დადასტურებული შემთხვევიდან, 30-35 000 ბავშვია. აღნიშნული კი დიდი მაჩვენებელია.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ამერიკის პედიატრთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული ყველაზე მასშტაბური კვლევის თანახმად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ინფიცირებულია 3,977,870 ბავშვი. აღნიშნული შეადგენს მთელი ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულთა 14.1%-ს. საყურადღებოა ისიც, რომ მაისის განმავლობაში, აღინიშნება ბავშვებში შემთხვევების რაოდენობის ზრდის დინამიკა, რაც ვირუსის ახალი შტამების გავრცელებას მიეწერება. დადგინდა, რომ ვირუსის მუტაციის შედეგად, კორონავირუსის ახალი შტამები ბავშვებში უფრო მეტად ვრცელდება. (მაგალითად, 20-27 მაისის კვირაში, აშშ-ში ბავშვებმა საერთო დაინფიცირებულების 24.3% შეადგინეს). შესაბამისად, თუ ახლა გვქონდა 14%, შესაძლებელია, ახალი შტამების გამო, ბავშვების დაინფიცირების პროცენტული რაოდენობა მომავალში გაიზარდოს”.
ამასთან ერთად ყალბია მტკიცება იმის შესახებ, რომ ბავშვებს „99.9 %-ში ვირუსი ვერაფერს ავნებს“.
ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავირუსი ბავშვებში ყოველთვის მსუბუქად არ მიმდინარეობს, მათი ნაწილი ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს. ასევე, ლეტალობის შემთხვევებიც ფიქსირდება.
ივანე ჩხაიძის განცხადებით, ამერიკაში ჩატარებულ ყველაზე მასშტაბურ მონაცემებზე დაყრდნობით, 4 მილიონ დაინფიცირებულ ბავშვში, 2%-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. შესაბამისად, ყოველი 100 ბავშვიდან, 2 მათგანი, კორონავირუსის გართულებების შედეგად ჰოსპიტალიზაციას ექვემდებარება. „2 % სრულებითაც არაა ცოტა. შესაბამისად, მარტივი დასკვნაა ის, რომ კორონავირუსი ბავშვებში ყოველთვის მსუბუქად მიმდინარეობს, ბავშვების 2%-ს ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროება. ამასთან ერთად, ვირუსმა შესაძლოა, ლეტალობაც გამოიწვიოს. აშშ-ის მონაცემებზე დაყრდნობით, ბავშვებში გავრცელებული კორონავირუსის შემთხვევებიდან, პაციენტთა გარდაცვალება 0.23%-ში ფიქსირდება. შესაბამისად, ყოველი ათასი დაინფიცირებული ბავშვიდან - 2 მათგანი, ვირუსის გართულების შედეგად იღუპება“.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზე გვაქვს შემდეგი სტატისტიკა:
• ინფიცირების მაჩვენებელი - 14% (მაღალი),
• ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი - 2%,
• ლეტალობა - 0.23%.
ივანე ჩხაიძის განცხადებით, აღნიშნული მონაცემები მიუთითებს, რომ ბავშვებში კორონავირუსი ყოველთვის მარტივად არ მიმდინარეობს და გართულებები ახასიათებს. ბავშვები ექვემდებარებიან როგორც ჰოსპიტალიზაციას, ისე რთულ შემთხვევებში, კორონავირუსმა შესაძლოა, ლეტალობაც კი გამოიწვიოს. მისი განცხადებით, ამისთვის პრევენციული ღონისძიებების გატარება ძალიან მნიშვნელოვანია. „როცა ვსაუბრობთ ვაქცინაციაზე, რა თქმა უნდა, არ ვამბობთ, რომ ბავშვები ისეთივე რისკის ჯგუფია, როგორც 65-70 წელს გადაცილებული ადამიანები, რადგან მაღალ ასაკობრივ ჯგუფში ლეტალობის განმაპირობებელი არა მხოლოდ ასაკი, არამედ უამრავი თან არსებული ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ასაკის გათვალისწინებით, ამ ადამიანებში მოსალოდნელი და პროგნოზირებადია. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ კორონავირუსით გარდაცვალების პიკი მოდის მაღალასაკობრივ ჯგუფებზე. თუმცა სიმართლეს არ შეესაბამება მტკიცება, თითქოს ბავშვებში კორონავირუსი მსუბუქად მიმდინარეობს და არ იწვევს ჰოსპიტალიზაციას და ლეტალურ შემთხვევებს“.
ბავშვებში „კორონავირუსის“ საფრთხეებთან დაკავშირებით იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.
მტკიცება 3: ფაუჩის მეილებიდან ირკვევა, რომ ვირუსი აშშ-ს დახმარებით ხელოვნურად შეიქმნა ჩინურ ლაბორატორიებში.
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
აღნიშნული ინფორმაცია კობა კუპრაშვილის სხვა ვიდეოშიც გაჟღერდა.
მტკიცება იმის შესახებ, თითქოს ფაუჩის მეილები ვირუსის ხელოვნურად შექმნას ადასტურებს, ფართოდ გავრცელდა როგორც უცხოურ, ისე ქართულ სოციალურ ქსელში. აღნიშნული გასული წლის აპრილის თვეში ფაუჩისთან გაგზავნილი მეილის გასაჯაროების შემდეგ დაიწყო, სადაც ორგანიზაცია Ecohealth Alliance-ის აღმასრულებელი დირექტორი პედერ დაშაკი (Dr. Peter Daszak) ფაუჩის მადლობას უხდის იმ მოსაზრების საჯაროდ დაფიქსირებისთვის, რომ ვირუსი ადამიანების მიერ ლაბორატორიუად შექმნილი არ არის. აღნიშნულ იმეილზე ენტონი ფაუჩი შემდეგნაირად პასუხობს: „ დიდი მადლობა კეთილი მონაწერისთვის“ ("Many thanks for your kind note") დასახელებულ წერილთან ერთად, კონსპირატორები მანიპულირებისთვის იმ ფაქტს იყენებენ, რომ Ecohealth Alliance 2014-2019 წლებში ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტისთვის გრანტის მიწოდებისთვის შუამავალი ორგანიზაცია იყო. CNN აღნიშნულის განმარტებისთვის ენტონი ფაუჩის დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ იმეილი კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი. თავად ფაუჩის განცხადებით, ფაუჩისა და Ecohealth Alliance-ის დირექტორის მიმოწერაში დასამალი არაფერია. საჯარო ფაქტია ის, რომ 2014 -2019 წლებში აშშ-ის საყოველთაო ჯანდაცვის სააგენტომ, ნიო-იორკში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია EcoHealth Alliance-ის შუამავლობით, ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტს 600 ათასი აშშ დოლარის ოდენობის გრანტი ღამურებში კორონავირუსის კვლევისთვის გადასცა. სულ ორგანიზაცია EcoHealth Alliance-მა კორონავირუსის ტრანსფორმაციის საკვლევად 2014 წლის დასაწყისში 3.4 მილიონის ოდენობის გრანტი მიიღო, ორგანიზაციამ კი თანხები თავად გადაანაწილა და აღნიშნული 3.4 მილიონიდან, 600 ათასი აშშ დოლარის ოდენობის გრანტი, ვუჰანის ლაბორატორიას ღამურებში კორონავირუსის საკვლევად გადასცა. აღნიშნული გრანტის მიზანს ღამურებში არსებული კორონავირუსის კვლევა წარმოადგენდა, რომელმაც 2003 წელს გამოიწვია მძიმე რესპირატორული სინდრომი SARS-ის და 2012 წელს ახლო აღმოსავლეთში რესპირატორული სინდრომი MERS-ის გავრცელება. EcoHealth Alliance ჩინეთის გარდა სხვა 29 ქვეყნის ადგილობრივ ინსტიტუციებთან თანამშრომლობს.
რაც შეეხება 18 აპრილის წერილს, პიტერ დაშაკი ვირუსის ბუნებრივი წარმოშობის შესახებ ფაუჩის სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრნობით გაკეთებულ საჯარო განცხადებისთვის პერსონალურ მადლობას უხდის. პიტერ დაშაკი იმეილს შემდეგი ფრაზით ასრულებს: „ჩემი პერსპექტივიდან, მამაცური იყო თქვენი კომენტარები და ისინი, თქვენი სანდოობის გათვალისწინებით, დაგვეხმარება გავფანტოთ მითები ვირუსის წარმოშობასთან დაკავშირებით“.
აღნიშნულ მიმოწერასთან დაკავშირებით ფაუჩიმ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მეილის ინტერპრეტირება მრავალმხრივაა შესაძლებელი, თუმცა სინამდვილეში, ეს არის უბრალო წერილი ადამიანისგან, რომელმაც მადლობა გადაუხადა ფაუჩის იმისთვის, რაც თქვა. ფაუჩიმ კი აღნიშნა, რომ ძალიან დიდი ალბათობით, ვირუსი ბუნებრივი წარმოშობისაა. ფაუჩის განცხადებით, ის იგივე პოზიციაზე რჩება, თუმცა არ გამორიცხავს იმ ვარაუდსაც, რომ ვირუსს შესაძლოა ლაბორატორიიდან გაეჟონა.
როგორც ცნობილია, ბაიდენის ადმინისტრაციამ 26 მაისს ვირუსის წარმოშობის ხელახალი გამოძიება მოითხოვა. გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.
მტკიცება 4: ნინოწმინდის ბავშვთა სახლიდან იმიტომ გამოყავთ ბავშვები, რომ ვაქცინები გამოცადონ მათზე მშობლების უკითხავად
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
მსგავსი მტკიცება 31 მაისს „სალტეს“ ეთერში გასულ თინა თოფურიას ინტერვიუშიც გავრცელდა.
ნინოწმინდის პანსიონის ირგვლივ განვითარებული მოვლენები არა ვაქცინაციის კამპანიას, არამედ სახალხო დამცველის აპარატისთვის ბავშვთა სახლის მონიტორინგში ხელის შეშლას მოჰყვა. 2021 წლის 16 აპრილს სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა განცხადება, რომ 15 აპრილს სახალხო დამცველის წარმომადგენლებს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მონიტორინგის განხორციელების საშუალება არ მიეცათ. 2021 წლის 7 მაისს, გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება გამოსცა, რომლითაც არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ 5 მაისის საჩივარი დააკმაყოფილა და მთავრობას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, ყველა შესაბამისი უწყების მიერ, მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა. არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ განმარტებით, აღნიშნულ დროებით ზომას გაერო მხოლოდ ისეთ შემთხვევაში იყენებს, როდესაც სახეზეა საგანგებო ვითარება, ბავშვების მიმართ გამოუსწორებელი ზიანის დადგომის საფრთხე. ამასთან, შეტყობინების პროცედურების შესახებ ბავშვის უფლებათა კონვენციის დამატებითი ოქმის მე-6 მუხლის საფუძველზე, კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, წარმოშობს სახელმწიფოს სამართლებრივ ვალდებულებას, შეასრულოს ის.
2021 წლის 19 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები განმეორებითი ვიზიტით იმყოფებოდნენ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, თუმცა მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა, გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, კვლავ არ მიეცათ. დაწესებულების წარმომადგენლებმა გასაუბრება არ ისურვეს და ამის მიზეზად ხელმძღვანელის მითითება დასახელდა.
ეფექტური მონიტორინგის განხორციელებაში ხელის შეშლის ფაქტი, 2018 წელსაც დაფიქსირდა, როდესაც მონიტორინგის დროს სახალხო დამცველის წარმომადგენლებს ბავშვებთან ინდივიდუალური გასაუბრების შესაძლებლობა არ მისცეს და მათ პანსიონის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. ამასთან, 2020 წლის ივნისიდან 2021 წლის მაისამდე, დაწესებულებაში მონიტორინგის შესაძლებლობა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალურ მუშაკსაც არ ჰქონია.
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ სხვადასხვა ანგარიშშია მოცემული. ამასთან, აღნიშნული ანგარიშები, თავის მხრივ, ბავშვთა სახლებში სახალხო დამცველის წარმომადგენლების ვიზიტებსა და ბენეფიციარებთან ჩატარებულ ინტერვიუებს ეფუძნება. სწორედ, ანგარიშებში მოცემული ინფორმაცია და ძალადობის გამოვლენილი ფაქტები მეტყველებს ნინოწმინდის ბავშვთა სახლში მონიტორინგის აუცილებლობაზე (ვრცლად პანსიონთან დაკავშირებულ ინფორმაციას გაეცანით „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში).
აღნიშნული ინფორმაციის ფონზე, აბსურდულ მტკიცებას და კონსპირაციულ თეორიას წარმოადგენს თითქოს პანსიონის ბავშვებზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა უნდათ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.
----------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.