„ტელეკომპანია ახალის“ ეთერში ვაქცინებთან და კორონავირუსთან დაკავშირებით მორიგი დეზინფორმაციული მტკიცებები ვრცელდება
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
9 ივნისს „ტელეკომპანია ახალის“ ეთერში სტუმრად ანტივაქსერები ლევან ჩხიკვაძე და გიორგი ლილუაშვილი იყვნენ მიწვეული. სტუმრებმა, რომლებიც გადაცემაში მიკრობიოლოგისა და სამხედრო ექიმის სტატუსით იყვნენ წარდგენილნი, პირდაპირ ეთერში არაერთი დეზინფორმაციული გზავნილი გააჟღერეს. ლევან ჩხიკვაძე ამტკიცებდა, რომ ვირუსი ხელოვნურადაა შექმნილი, ვაქცინებს ადამიანებზე ცდიან, ვაქცინის შემადგენლობაში შიდსის ჩანართები შედის და სხვ. აღსანიშნავია, რომ ლევან ჩხიკვაძე ანტივაქსერული მოძრაობის წევრია. მოძრაობა მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს და მოუწოდებს, არ გაიკეთონ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა. გადაცემის მეორე სტუმარმა გიორგი ლილუაშვილმაც არაერთი მანიპულაციური მტკიცება გააჟღერა. მისი თქმით, სავალდებულო ვაქცინაცია იწყება. გადაცემას სოციალურ ქსელში 6.3 ათასზე მეტი ნახვა აქვს.
„ფაქტ-მეტრმა“ აქამდეც გადაამოწმა ლევან ჩხიკვაძის ყალბი და მანიპულაციური მტკიცებები, რომლებიც ტელეკომპანია „ბათუმის“ ეთერში გაჟღერდა (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია).
მტკიცება: სულ ცოტა ხნის წინ შიდსის აღმომჩენმა ლუკ მონტანიემ, განაცხადა, რომ ვაქცინებში შედის შიდსის 18 ჩანართიო
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
ფრანგმა მეცნიერმა ლუკ მონტანიემ 2008 წელს მის კოლეგა მეცნიერებთან ერთად აივ-ვირუსის (HIV-virus) იდენტიფიცირებისთვის ნობელის პრემია მიიღო. ბოლო წლებში მონტანიე აივინფექციებსა და იმუნურ სისტემასთან დაკავშირებით (მისი თქმით, ადამიანის იმუნური სისტემა შიდსის ვირუსთან გამკლავებისთვის საკმარისია) და ასევე, Covid-19-ის გამომწვევი SARS-CoV-2-ის ვირუსის ლაბორატორიიდან გავრცელების თაობაზე გაკეთებული განცხადებების გამო, კრიტიკის ცენტრში მოექცა.
ლუკ მონტანიემ 2020 წლის აპრილში განაცხადა, რომ კორონავირუსი (SARS-COV-2) „ბიოინჟინერიის პროდუქტია და ის შიდსის ვირუსის გენომის ნაწილს იმეორებს“. როგორც ჩანს, ვიდეოში გაჟღერებული დეზინფორმაცია, თითქოს მონტანიემ განაცხადა, რომ ვაქცინა შიდსის ჩანართებს შეიცავს, სწორედ მონტანიეს აღნიშნული განცხადებიდან იღებს სათავეს. ლუკ მონტანიეს მოსაზრება სხვადასხვა ორგანიზაციამ, მათ შორის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამაც, მალევე გააბათილა. ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთმა გავლენიანმა სამეცნიერო გამოცემამ Health Feedback-მა, რომელიც მთელი მსოფლიოდან დარგის წამყვან ექსპერტებს აერთიანებს, ამ საკითხთან დაკავშირებით კვლევა გამოაქვეყნა. კვლევაში ის წყაროებია გაანალიზებული, რომლებზე დაყრდნობითაც ლუკ მონტანიე მსგავს მოსაზრებას გამოთქვამდა. 2020 წლის აპრილში Health Feedback-მა დაადასტურა, რომ მონტანიე არარეცენზირებად კვლევებს ეყრდნობოდა და შესაბამისად, მის განცხადებებს მეცნიერული მტკიცებულებები არ ამყარებს.
ვირუსის წარმომავლობის დასადგენად 2021 წლის 14 იანვარს 10 ქვეყნის წარმომადგენლისგან შემდგარი WHO-ს ექსპერტთა ჯგუფი უჰანში ჩავიდა. ჯგუფმა რამდენიმე შესაძლო ვარიანტი განიხილა, თუ როგორ შეიძლებოდა, ვირუსი ადამიანის ორგანიზმში აღმოჩენილიყო. განხილული იყო ადამიანზე ვირუსის ღამურისგან გადაცემის ჰიპოთეზა, ასევე დაშვებული იყო ის ვარიანტიც, რომ შესაძლოა, ვირუსი გაყინული პროდუქტების ბაზრიდან გავრცელდა. ჯგუფმა ლაბორატორიიდან ვირუსის შემთხვევით გამოჟონვის ვერსიაც განიხილა.
მარტის ბოლოს WHO-მ 4-კვირიანი სამედიცინო ვიზიტის 120-გვერდიანი ანგარიში წარადგინა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ სავარაუდოდ, ვირუსი ღამურიდან შუალედურ მასპინძელ ცხოველზე გადავიდა, მაგალითად წაულზე, პანგოლინზე და შემდეგ გავრცელდა ადამიანზე. WHO-ს მისია უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებსაც გაესაუბრა, რათა დაეტესტათ ჰიპოთეზა, რომელიც ვირუსის ლაბორატორიიდან გაჟონვას ეხებოდა. გაჟღერდა ამ ჰიპოთეზის როგორც დამადასტურებელი, ასევე უარმყოფელი მტკიცებები. შესაბამისად, WHO-ს მოხსენებაში მთლიანად, ვირუსის ლაბორატორიიდან გაჟონვის ვარაუდი, გამორიცხული არ არის. თუმცა, WHO-ს მისიის ხელმძღვანელის პიტერ ბენ ემბარეკის თქმით, ვირუსის პირველწყარო, დიდი ალბათობით, ღამურაა, თუმცა უფრო მეტი კვლევაა ჩასატარებელი ვირუსის წარმომავლობის ადგილმდებარეობის დასადგენად. WHO-ს განცხადებით, აქცენტი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაზე უნდა გაკეთდეს.
მტკიცება: ბუნებაში ბუნებრივად ვერანაირი ეპიდემია და ვერანაირი პანდემია ვერ იარსებებს. ეპიდემიებისა და პანდემიების გამოწვევა მხოლოდ ხელოვნურად ხდება და ამას დივერსია ჰქვია
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
აღნიშნული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრმა“ აქამდეც გადაამოწმა. მტკიცება, თითქოს ეპიდემიები და პანდემიები ბუნებრივი პროცესი არ არის და მათი გამოწვევა მხოლოდ ხელოვნურად ხდება, რეალურ საფუძველს მოკლებულია. რეალურად, ვირუსები მუდმივად განიცდიან ევოლუციას და ბუნებაში ვირუსის ახალი სახეები წარმოიქმნება. ადამიანების ახალი ვირუსით დაინფიცირების წყარო, ხშირ შემთხვევაში, ცხოველებია. ახალი ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში მის წინააღმდეგ ადამიანებს იმუნიტეტი არ გააჩნიათ, ვირუსს სწრაფად გავრცელების უნარი აქვს და შესაძლოა, ეპიდემიები და პანდემია გამოიწვიოს.
ეპიდემია გულისხმობს ერთ ქვეყანაში ან კონკრეტულ რეგიონში დაავადების სწრაფ გავრცელებას. ხოლო როდესაც ეპიდემია მსოფლიო მასშტაბით გლობალურად ვრცელდება და კაცობრიობის მნიშვნელოვან ნაწილს მოიცავს, მას უკვე პანდემია ეწოდება.
ვირუსის ხელოვნურად შექმნა და/ან მისი ლაბორატორიიდან გაჟონვაც შესაძლებელია. თუმცა, საფუძველს მოკლებულია მტკიცება, რომ ბუნებაში ბუნებრივად ვერანაირი ეპიდემია და ვერანაირი პანდემია ვერ იარსებებს და ისინი სპეციალური დივერსიებია.
მტკიცება: გაკვეთები აიკრძალა, რა დროსაც შეიძლებოდა, დადგენილიყო, სინამდვილეში რითი გარდაიცვალნენ. იქნებ ექიმის შეცდომები იქნა დაშვებული, იქნება და რაღაცა საცდელი რაღაცეები იყო შეყვანილი იმ ადამიანებში
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
დეზინფორმაცია, რომ თითქოს პანდემიის დროს მიცვალებულთა აუტოფსია/გაკვეთა აიკრძალა აქამდეც აქტიურად ვრცელდებოდა. დეზინფორმატორები ავრცელებდნენ ცრუ მტკიცებას, თითქოს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ იტალიელებსა და ესპანელებს COVID-19-ით გარდაცვლილების გაკვეთა და გამოკვლევა აუკრძალა, რათა არ დაედგინათ, რეალურად, რითი იღუპებოდნენ ინფიცირებულები.
სინამდვილეში, ჯანმოს სახელმძღვანელოში ნათლად არის მითითებული, რომ გარდაცვლილის სხეულის გაკვეთა მაშინაც კი დასაშვებია, თუ არსებობს ვარაუდი, ან დადასტურებული ცნობა, რომ პირი კორონავირუსით დაინფიცირების შედეგად გარდაიცვალა. აღნიშნულ სახელმძღვანელოში მოცემულია რეკომენდაციები იმ პერსონალისთვის, რომელმაც გაკვეთის პროცედურა უნდა ჩაატაროს. მითითებების თანახმად, პერსონალმა შესაბამისი უსაფრთხოების ზომები უნდა დაიცვას, რათა შესაძლო დაინფიცირება თავიდან აიცილოს. მაგალითად, პერსონალი ყველა საჭირო ნივთით შესაბამისად უნდა იყოს ეკიპირებული. პროცედურა ადეკვატურად ვენტილირებულ ოთახში უნდა ჩატარდეს. საუკეთესო ვარიანტი ბუნებრივი ვენტილაციის გამოყენებაა. მექანიკური ვენტილაციის აუცილებლობის შემთხვევაში, ოთახში უარყოფითი წნევა უნდა შეიქმნას, რათა შესაძლებელი გახდეს ჰაერის ნაკადის გაკონტროლება. უზრუნველყოფილ უნდა იქნას შესაბამისი განათება. გვამის გაკვეთის პროცედურაში ჩართული პერსონალის რაოდენობა მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს. შესაბამისად მტკიცება, რომ გაკვეთები აიკრძალა, ყალბი ამბავია.
აღსანიშნავია, რომ ჯანმოს მითითებებს არ აქვს იძულების სახე და ორგანიზაცია მის წევრებს რეკომენდაციების დაცვას არ ავალდებულებს. შესაბამისად, მტკიცება, რომ ჯანმომ იტალიელებს ან ესპანელებს კორონავირუსით გარდაცვლილების გაკვეთა და გამოკვლევა აუკრძალა, არანაირ დადასტურებულ ცნობას არ ემყარება და არის ყალბი ამბავი.
მტკიცება: ე.წ. ვაქცინებზე ამბობენ, რომ არ არისო იმ კლასიკური გაგებით, რაც თქვენ იცითო, ეს სრულიად ახალი რაღაცაა, რას ნიშნავს სრულიად ახალია ადამიანებზე ცდიან?
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
ახალი ტიპის ვაქცინებში ი-რნმ-ზე (ინფორმაციული რიბონუკლეინის მჟავა) დაფუძნებული ვაქცინები იგულისხმება. ი-რნმ-ზე დაფუძნებული ვაქცინები თავისი მოქმედების პრინციპითა და შემადგენლობით განსხვავდება ტრადიციული, ინაქტივირებული ვირუსით დამზადებული ვაქცინებისგან. ისინი აქამდე არ გამოუყენებიათ, თუმცა მათ წლების განმავლობაში აქტიურად შეისწავლიდნენ. მომავალში, ი-რნმ ვაქცინის ტექნოლოგიის საშუალებით, ერთი ვაქცინით რამდენიმე დაავადების პრევენცია შეიძლება იყოს შესაძლებელი, რაც ვაქცინით პრევენცირებადი ძირითადი დაავადებებისგან დასაცავად საჭირო აცრების რაოდენობას შეამცირებს. ამასთან ერთად, ი-რნმ-ზე დაფუძნებული ტექნოლოგია, ტრადიციულ მეთოდთან შედარებით, ვაქცინის დამზადების უფრო სწრაფი მეთოდია. ი-რნმ-ზე დაფუძნებული ტექნოლოგიით დამზადებული ვაქცინა ადამიანისთვის უფრო უსაფრთხოა, რადგან მათი შემუშავებისთვის, კემბრიჯის უნივერსიტეტის თანახმად, ნაკლები ინფექციური ელემენტი გამოიყენება.
მიუხედავად იმისა, რომ ი-რნმ ვაქცინების გამოყენება პირველად ხდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვაქცინებს ადამიანებზე ცდიან.
ი-რნმ ვაქცინები („ფაიზერი“ და „მოდერნა“) მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და მაღალი სანდოობის მქონე მარეგულირებლების მიერ არის ავტორიზებული. ავტორიზებული ვაქცინა ნიშნავს, რომ ვაქცინების ეფექტიანობა და უსაფრთხოება შესაბამისი კვლევებით არის დამტკიცებული. ვაქცინას გადაუდებელი გამოყენებისთვის ავტორიზაცია მხოლოდ მას შემდეგ ენიჭება, რაც კლინიკური კვლევის მესამე ფაზას წარმატებით გაივლის. ვაქცინა თავდაპირველად შემოწმების და შეფასების (პრეკლინიკურ) ფაზას გადის, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება, თუ იმუნური რეაქციის გამოსაწვევად, რომელი ანტიგენი უნდა იქნას გამოყენებული. პრეკლინიკური ფაზა არის ექსპერიმენტული. ამ დროს ხდება ვაქცინის გამოცდა. უსაფრთხოების და დაავადების პრევენციის შესაძლებლობის შემოწმების მიზნით, ვაქცინას თავდაპირველად ცხოველებზე ცდიან. მას შემდეგ, რაც ვაქცინა იმუნურ რეაქციას აღძრავს, მისი კლინიკური შემოწმება ხდება, რომელიც სამი ფაზისგან შედგება. ი-რნმ კოვიდვაქცინებმა კვლევის ყველა საფეხური წარმატებით გაიარეს, რის საფუძველზეც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და მაღალი სანდოობის მქონე მარეგულირებლების (EMA, FDA) მიერ, ავტორიზაცია მიენიჭათ. ავტორიზაციის მინიჭებისა და ვაქცინაციის პროგრამის დაწყების შემდეგ გრძელდება მონიტორინგი, ეროვნული ჯანდაცვის ორგანოები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინის ნებისმიერ გვერდით ეფექტზე დაკვირვებას მუდმივ რეჟიმში აწარმოებენ.
მტკიცება: მთელ მსოფლიოში პირბადეებს რომ აღარავინ აღარ ატარებს, რატო არ ატარებს. ფაუჩიმაც რო თქვა რო ხალხის თვალის ასახვევად გვინდოდაო, მოვისმინეთ ხო, რასაც ამბობს
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
მტკიცება სათავეს ფაუჩის მიმოწერიდან იღებს, რომელიც 1 ივნისს გასაჯაროვდა და რომელთა გარშემოც არაერთი მანიპულაციური განცხადება გაჟღერდა. გასაჯაროებული იმეილ-მიმოწერების თანახმად, ენტონი ფაუჩიმ 2020 წლის 5 თებერვალს სილვია ბურველს წერილი გაუგზავნა, რომელშიც იგი ნიღბის ტარებასთან დაკავშირებით, ბურველის კითხვებს პასუხობს. ენტონი ფაუჩი ბურველს ეუბნება, რომ პირბადე, პირველ რიგში, ინფიცირებულმა ადამიანებმა უნდა გამოიყენონ, რათა არ გაავრცელონ ინფექცია ჯანმრთელ ადამიანებზე და რომ პირბადეები, ვირუსის გავრცელებისგან დაცვაში, არც ისე ეფექტურია.
აღსანიშნავია, რომ ფაუჩის მიერ პანდემიის საწყის ეტაპზე პირბადეებთან დაკავშირებით გაცემული რჩევები CDC-ის იმდროინდელ რეკომენდაციებს ეყრდნობოდა. CDC პანდემიის საწყის ეტაპზე პირბადეების ტარების რეკომენდაციას მათზე გასცემდა, ვისაც COVID-19-ის ვირუსი და სიმპტომები ჰქონდათ. CDC-ის მიხედვით, პირბადეების გამოყენება აუცილებელი იყო სამედიცინო პერსონალისთვისაც და მათთვის, ვინც ინფიცირებულს უვლიდა, თუმცა მათზე, ვისაც ვირუსი არ ჰქონდა, პირბადეების ტარების რეკომენდაცია არ ვრცელდებოდა. აღნიშნული რეკომენდაციის საფუძველი იყო ის, რომ პირბადეების ლიმიტირებული რაოდენობის გამო, ფრონტის წინა ხაზზე მყოფ სამედიცინო პერსონალს ნიღბების ნაკლებობა არ განეცადათ. ამასთან ერთად, არსებობდა მოსაზრება, რომ პირბადე დაინფიცირებული ადამიანის პირიდან და ცხვირიდან ინფექციის წვეთების გამოყოფის პრევენციას კი ახდენდა, თუმცა მას, ვისაც პირბადე ეკეთა, დაინფიცირებისგან ნაკლებად იცავდა.
მოგვიანებით, კვლევებმა და ინფიცირებულთა რიცხვის ზრდამ ცხადყო, რომ ადამიანი სიმპტომების არქონის შემთხვევაშიც ავრცელებს ვირუსს. შესაბამისად, სამეცნიერო მტკიცებულებების გამოჩენის საფუძველზე, CDC-მ პირბადეების შესახებ გაცემული რეკომენდაციები ორი თვის შემდეგ შეცვალა. CDC-ის თანახმად, პირბადეების ტარება რეკომენდებულია საჯარო თავშეყრის ადგილებში, ღონისძიებებსა და შეკრებებზე, ანუ იქ, სადაც ბევრი ადამიანი იყრის თავს. შესაბამისად, მტკიცება, რომ ფაუჩიმ პირბადეების ტარებასთან დაკავშირებით მთელი მსოფლიო მოატყუა, მანიპულაციური ხასიათისაა. ხოლო ვიდეოში გაჟღერებული სიტყვები, რომ თითქოს ფაუჩიმაც განაცხადა, რომ ნიღბები ხალხის თვალის ასახვევად უნდოდათ, ყალბი ამბავია.
მტკიცება: იწყება სავალდებულო ვაქცინაცია, როდესაც ბავშვების აცრასაც აპირებენ
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
ევროპის მედიკამენტების სააგენტომ (EMA) 12-15 ასაკობრივი კატეგორიის მოზარდებში ი-რნმ ვაქცინების გამოყენების ნებართვა გასცა. EMA-ს მიერ ჩატარებული კვლევების და დაკვირვებების საფუძველზე დადგინდა, რომ 12-15 ასაკის ბავშვებში ვაქცინაციით მიღებული სარგებელი ბევრად აღემატება რისკებს, განსაკუთრებით ბავშვებში, რომლებიც კორონავირუსის გართულების რისკის ქვეშ არიან. 10 მაისს, ამერიკის მარეგულირებელმა ორგანომ FDA-მ, 12-15 ასაკობრივ კატეგორიაში Pfizer-ის გამოყენების ნებართვა გასცა. FDA-ის კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ვაქცინაციით მიღებული პოტენციური სარგებელი, რისკებს აღემატება. დღეისთვის 12-15 წლის ასაკობრივ ჯგუფში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა კანადასა და აშშ-ში გამოიყენება. ამასთან ერთად, დიდმა ბრიტანეთმა, 4 მაისს ვაქცინის გამოყენების ნებართვა ასევე 12-15 წლის ასაკობრივ ჯგუფში გასცა. თუმცა ვაქცინაცია ბავშვებშიც და დანარჩენ ასაკობრივ ჯგუფებშიც ნებაყოფლობითია.
ბავშვებში კორონავირუსთან და მათ ვაქცინაციასთან დაკავშირებით შეგიძლიათ, იხილოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.
რაც შეეხება საქართველოს, ამირან გამყრელიძემ 15 ივნისს მთავრობის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა: „ზაფხულში უნდა ჩავატაროთ მაქსიმალური რაოდენობა აცრების, რომ შევხვდეთ უსაფრთხოდ უნივერსიტეტებში სწავლის დაწყებას. ანუ, ყველა მასწავლებელი უნივერსიტეტში და ყველა სტუდენტი, რომელიც მივა უნივერსიტეტში უნდა იყოს ორჯერადად აცრილი. ისევე როგორც ყველა სკოლის მასწავლებელი უნდა იყოს ორჯერადად აცრილი, რომ სკოლა იყოს უსაფრთხო ბავშვებისთვის“. ამირან გამყრელიძის მოადგილის, პაატა იმნაძის დაზუსტებით კი, აცრა იძულებითი ღონისძიება არ იქნება.
„რა თქმა უნდა, ეს არ იქნება იძულებითი ღონისძიება, თუმცა, კერძო სასწავლებლებს შეუძლიათ თავიანთ კონტრაქტებში გაითვალისწინონ ეს. ალბათ, იცით, რომ ბევრ ქართველ სტუდენტს, რომელიც საზღვარგარეთ სასწავლებლად მიდის, არ იღებენ, თუ აცრილი არ არის. ეს ნორმალური პრაქტიკაა მსოფლიოში “, – აღნიშნა პაატა იმნაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
„ფაქტ-მეტრი“ იმის დასაზუსტებლად, გულისხმობდა, თუ - არა გამყრელიძის განცხადება იმას, რომ სკოლის მოსწავლეების, სტუდენტებისა და მასწავლებლების ვაქცინაცია სავალდებულო იქნებოდა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა (NCDC) და ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც უწყებებმა ჩვენთან განმარტეს, ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და შესაბამისად, სკოლის მოსწავლეების, სტუდენტების და მასწავლებლების ვაქცინაცია იძულებითი და სავალდებულო არ იქნება.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.