„თავისუფალი არხის“ გადაცემა „მეცნიერთა კლუბი“ კორონავირუსის ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

“თავისუფალი არხი ილიონის“ ეთერში, 26 მაისს გამოქვეყნებულ გადაცემაში „მეცნიერთა კლუბი“, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება. 37-წუთიან გადაცემას, რომელსაც თინა თოფურია და ნანა ცინცაძე უძღვებიან, მთავარ გზავნილად გასდევს მტკიცება, თითქოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები საკმარისად გამოცდილი არაა და ადამიანებისთვის საფრთხის შემცველია.

მტკიცება 1: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ძალიან პატარა პროცენტულობით იცავს მოსახლეობას. შესაბამისად, ადამიანები მაინც ავადდებიან და ხვდებიან საავადმყოფოებში

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

მტკიცებას, იმის შესახებ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები პატარა პროცენტულობით იცავს მოსახლეობას, სიმართლეს არ შეესაბამება. დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებულ ვაქცინათა ეფექტურობის მაჩვენებელი Sars-Cov-2 B.1.1.7. -ის წინააღმდეგ, აცრების სრული კურსის მიღების შემდეგ ასე გამოიყურება:

რაც შეეხება იმას, თუ როგორ მოქმედებს აღნიშნული მაჩვენებლები, მაგალითად ფაიზერის ვაქცინის 95%-იანი ეფექტურობის მაჩვენებელი არ გულისხმობს იმას, რომ 100 ვაქცინირებული ადამიანიდან 5 მათგანი კორონავირუსით მაინც დაინფიცირდება. ეს მონაცემი (95%) ინდივიდზე ვრცელდება და გულისხმობს, რომ ვაქცინირებული პირი 95%-ით დაცულია ვირუსით დაინფიცირებისგან. ანალოგიურად გამოითვლება ყველა სხვა ვაქცინის მაჩვენებელი. რაც შეეხება დარჩენილ 5% შანსს, რომ ვაქცინირებულს მაინც შეხვდეს ვირუსი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ასეთ შემთხვევაში, დაავადება გაცილებით მსუბუქ ფორმებში, გაციების სიმპტომებით მიმდინარეობს.

„COVID-19-ის ვაქცინაციის პროგრამის მიზანი, პირველ რიგში, ვირუსის დამორჩილება და მისი შესუსტებაა, რათა ვირუსმა ვეღარ შეძლოს სერიოზული დაავადების გამოწვევა, ინფიცირებულის ჰოსპიტალიზაცია საჭირო აღარ გახდეს და ვირუსით გამოწვეული სიკვდილი თავიდან იქნას აცილებული“,- განაცხადა ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევარმა ამეშ ადალიამ.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ვაქცინაციის შემდეგ მცირე შანსი რჩება იმისა, რომ ვაქცინირებულს ვირუსი მაინც შეხვდეს. ასეთ შემთხვევაში, დაავადება გაცილებით მსუბუქ ფორმებში, გაციების მსგავსი სიმპტომებით მიმდინარეობს. ვაქცინირებული პირი ვირუსს ადვილად უმკლავდება და ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს. ამას კი COVID-19-ის ყველა ვაქცინა, მიუხედავად მათი ეფექტურობის მაჩვენებლისა, 100%-ით ართმევს თავს. არცერთი ვაქცინის კლინიკური ცდების დროს, ცდის პირთა არათუ გარდაცვალების, არამედ ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც კი, არ დაფიქსირებულა.

აღნიშნული საკითხის შესახებ დეზინფორმაცია აქამდეც გავრცელებულა. იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიები : წყარო 1; წყარო 2.

მტკიცება 2: ვაქცინებს გამოცდა აკლია. ის არ არის გამოცდილი მუტაგენობაზე კანცეროგენობაზე ან ფერტილობაზე.

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ინფორმაცია, რომ ვაქცინები საკმარისად არაა შესწავლილი, ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დეზინფორმაციას წარმოადგენს, რომელსაც ჰომეოპათი თინა თოფურია და „თავისუფალი არხი“ მიზანმიმართულად ავრცელებენ.

COVID-19-ის ვაქცინები შემჭიდროებულ ვადებში შეიქმნა და დამტკიცდა, თუმცა კვლევის არცერთი საფეხური, რომლითაც ვაქცინების ეფექტურობა და უსაფრთხოება დგინდება [1] , ამოღებული არ ყოფილა.

ზოგადად, ვაქცინამ დამტკიცებამდე პრე-კლინიკური კვლევები და კვლევის სამი ფაზა უნდა გაიაროს. პრე-კლინიკურ ეტაპზე ვაქცინა ცხოველებზე იტესტება და მეცნიერები აკვირდებიან, ცხოველი იმუნურ რეაქციას გამოიმუშავებს, თუ - არა. კლინიკური ტესტირების I ფაზაში ვაქცინას ადამიანთა მცირე ჯგუფს აძლევენ, რათა მისი უსაფრთხოება დაადგინონ და მის მიერ გამოწვეული იმუნური რეაქცია უკეთ შეისწავლონ. II ფაზაში ვაქცინა ასეულობით ადამიანს უკეთდება და მეცნიერები ვაქცინის შესახებ დამატებით ინფორმაციას იღებენ. III ფაზაში ვაქცინაცია ათასობით ადამიანს უტარდება და ვაქცინის ეფექტიანობა, უსაფრთხობა და გვერდითი ეფექტები მოწმდება. იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინა დაავადების პრევენციას ვერ ახდენს, ან ძლიერი გვერდითი ეფექტები აქვს, რაც ჯანმრთელობისთვის სახიფათოა, ცდები ჩერდება. ქვეყნებში ან ქვეყნების ჯგუფში ვაქცინას, კვლევების საფუძველზე (რომლითაც ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დგინდება), შესაბამისი სააგენტო ამტკიცებს. ვაქცინის მონიტორინგი და გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის შეგროვება დამტკიცების შემდეგაც გრძელდება. ვაქცინისთვის ავტორიზაციის მინიჭება ნიშნავს, რომ მან კვლევის ყველა ფაზა წარმატებით გაიარა და მისი უსაფრთხოება და ეფექტიანობა კვლევებით დამტკიცებულია.

დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელი ორგანოს ცნობით, კოვიდვაქცინები, რომლებიც დიდ ბრიტანეთში მილიონობით ადამიანს გაუკეთეს, ძალზედ უსაფრთხოა. ვაქცინაციის შემდეგ, მხოლოდ მსუბუქი, მოსალოდნელი, გვერდითი ეფექტები გამოვლინდა.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომ ახალი ვაქცინები გამოცდილი არაა მუტაგენობასა და კარცეროგენობაზე, აღნიშნულიც დეზინფორმაციულ მტკიცებებს წარმოადგენს და ი-რნმ ვაქცინების დისკრედიტაცია ისახავს მიზნად. არანაირი მეცნიერული მტკიცებულება არ არსებობს, რომ COVID-19-ის ვაქცინა სხვადასხვა, მათ შორის ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებულ დაავადებას იწვევს. გლობალურად ი-რნმ-ზე დაფუძნებული ვაქცინაციის მონიტორინგის პროცესმა აჩვენა, რომ კოვიდვაქცინები ძალზე უსაფრთხოა. ნებისმიერ ფარმაცევტულ პროდუქტს, მათ შორის ვაქცინას, გვერდითი რეაქციები ახასიათებს. COVID-19-ის ვაქცინების ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენაა: სისუსტე, ინექციის ადგილის ტკივილი, ტემპერატურის მატება. იშვიათ შემთხვევაში, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინამ შეიძლება ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს, მათ შორის ანაფილაქსია. ძალზედ იშვიათ შემთხვევაში ასტრაზენეკას ვაქცინასა და თრომბთან კავშირიც (მილიონიდან 4 შემთხვევა) გამოიკვეთა.

რაც შეეხება უნაყოფობის თემას, არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის საწინააღმდეგო რომელიმე ვაქცინას, ქალის ან კაცის ორგანიზმის ნაყოფიერების უნარზე, რაიმე სახით ნეგატიური გავლენის მოხდენა შეუძლია.

ჩინეთში, გერმანიასა და ისრაელში ჩატარებული სამედიცინო კვლევების თანახმად, კორონავირუსის ინფექციას მოკლევადიან პერსპექტივაში, სპერმის ხარისხისა და ნაყოფიერების უნარის შემცირება ან მამაკაცის ორგანიზმში ჰორმონული დისბალანსის გამოწვევა შეუძლია. ამდენად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას პირიქით, მამაკაცებში ამ შესაძლო გართულების ( კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში) თავიდან აცილება შეუძლია.

ასევე აღსანიშნავია, რომ 14 მაისს CDC-მ განაახლა რეკომენდაციები ორსულობისას ან ლაქტაციისას კორონავირუსის საწინააღმდეგი ვაქცინის მიღების შესახებ. CDC-ის ახალი რეკომენდაციების თანახმად, ორსული ადამიანები უფრო ხშირად ავადდებიან COVID-19– ით. „თუ ორსულად ხართ, შეგიძლიათ მიიღოთ COVID-19 ვაქცინა. ორსულობის დროს COVID-19 ვაქცინის მიღებამ შესაძლოა, დაგიცვათ COVID-19-ისგან გამოწვეული მძიმე დაავადებიბისგან“. CDC-ის განახლებული რეკომენდაციები ასევე ფერტილობასაც ეხება. ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება, რომ რაიმე ვაქცინა, მათ შორის COVID-19 ვაქცინები, ნაყოფიერების პრობლემებს იწვევს. თუ თქვენ დაორსულებას ცდილობთ, არ გჭირდებათ ორსულობის თავიდან აცილება COVID-19 ვაქცინის მიღების შემდეგ.

ყველა ვაქცინის მსგავსად, მეცნიერები ამ შემთხვევაშიც, COVID-19 ვაქცინების გვერდით ეფექტებს კვლავ იკვლევენ და რამე მნიშვნელოვანის აღმოჩენისთანავე, შედეგებს საზოგადოებას აცნობებენ.

მტკიცება 3: 822 ორსული პაციენტში, რომელთაც ორსულობის მესამე ტრიმესტრში გაუკეთდათ ვაქცინები, 14%-ში ნაადრევი მშობიარობა, მკვდარი ნაყოფით ან მუცლის მოშლით, დაფიქსირდა

ვერდიქტი : მანიპულაცია

აღნიშნული ინფორმაცია თინა თოფურიამ მანიპულაციური სახით საკუთარ Facebook-გვერდზე პოსტის სახითაც გაავრცელა.

2021 წლის 28 აპრილს pharmacytimes.com-მა წინასწარი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ორსულებში Pfizer-BioNTech-ითა და Moderna-თი ვაქცინაციის შემდეგ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები არ გამოვლენილა. ი-რნმ ვაქცინების ორსულებში მოქმედების ეფექტურობის შესაფასებლად 2020 წლის 14 დეკემბრიდან - 2021 წლის 28 თებერვლის შუალედში არსებული მონაცემები ერთგვარი ადრეული გაფრთხილების სისტემიდან - VAERS-იდან და ვაქცინაციის შემდგომი სამონიტორინგო სისტემიდან - V-safe-დან იქნა შეგროვებული. კვლევაში მონაწილე ორსულ ქალებს ინექციის ადგილას შედარებით უფრო მეტი ტკივილი აღენიშნებოდათ, ვიდრე არაორსულ ქალებს. თუმცა თავისა და კუნთების ტკივილი და სიცხის შემთხვევები ორსულ ქალებში შედარებით ნაკლები იყო. კვლევის თანახმად, 827 ვაქცინირებული ორსული ქალიდან 13.9%-ის შემთხვევაში ორსულობა მუცლის მოშლით დასრულდა, 86.1%-ის შემთხვევაში კი ცოცხალი ნაყოფის გაჩენით. ახალშობილთა 9.4%-ის შემთხვევაში ნაყოფი ნაადრევად დაიბადა, 3,2%-ს კი მცირე ზომა ჰქონდა. თუმცა კვლევის ორიგინალ ვერსიაში აღნიშნულია, რომ მუცლის მოშლის ეს მაჩვენებელი არ განსხვავდება აუცრელ ქალებში მუცლის მოშლის ამავე მაჩვენებლისგან.

აქედან გამომდინარე, ი-რნმ-ის ვაქცინებით ჩატარებული კვლევის შედეგებს თინა თოფურია მანიპულაციურად იყენებს და ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ორსულებში ვაქცინაციაზე გაცემული რეკომენდაციების დისკრედიტაციას ცდილობს.

აღნიშნულ საკითხზე დამატებით ინფორმაციისთვის იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

---------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.