დეზინფორმაცია: ამერიკელ მოკრივე მაიკ ტაისონს პანდემიის არ სჯერა და ვაქცინაციის წინააღმდეგია
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
სოციალურ ქსელში დეზინფორმაცია ვრცელდება, რომლის ფარგლებშიც ამერიკელი მოკრივე მაიკ ტაისონის კომპიუტერულად დამუშავებულ ფოტო გამოქვეყნდა. ფოტოზე მოკრივეს აცვია მაისური შემდეგი წარწერით „PLAN-DEMIC“ , „My body My choice” (დაგეგმილი პანდემია, ჩემი სხეული ჩემი არჩევანი). ფოტოს მიხედვით,შთაბეჭდილება იქმნება, რომ ამერიკელი მოკრივე ვაქცინების წინააღმდეგია და „ცრუ პანდემიის“ ნარატივს ეთანხმება. აღნიშნული ფოტო სხვა Facebook-ანგარიშებმაც გამოაქვეყნეს (ბმული 1, ბმული 2).
რეალურად, მაიკ ტაისონს მსგავსი მესიჯის მატარებელი მაისური არ სცმია და ფოტო კომპიუტერული მონტაჟის შედეგია. აღნიშნული ფოტო 2020 წლის 22 ივნისს, მის ოფიციალურ ინსტაგრამ გვერდზე გაზიარებული ვიდეოდან ამოჭრილ და შემდეგ დამუშავებულ კადრს წარმოადგენს. ვიდეოში, საიდანაც კადრია ამოღებული, მის მაისურზე „Smartcups“ წარწერაა დატანილი, რომლის რეკლამირებასაც მაიკ ტაისონი აღნიშნული ვიდეორგოლით და პოსტს დართული წარწერით ცდილობს. Smart cups პირველი „დაბეჭდილი ჭიქების“ (World’s First Printed Beverage) კომპანიას წარმოადგენს, რომელშიც წყლის ჩასხმის შემდეგ, ჭიქის ძირზე მოთავსებული ინგრედიენტები წყალში იხსნება და ის სხვადასხვა ენერგეტიკულ სასმელად გარდაიქმნება.
რაც შეეხება უშუალოდ მაიკ ტაისონის დამოკიდებულებას პანდემიასთან მიმართებით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ მოკრივეს „ცრუ პანდემიის“ ნარატივის სჯერა. პირიქით, მაიკ ტაისონმა 2020 წლის განმავლობაში თავად წამოიწყო რამდენიმე კამპანია, რომელიც კორონავირუსთან წინა ხაზზე მებრძოლ სამედიცინო პერსონალისა და პანდემიით დაშავებული დაბალშემოსავლიანი მოქალაქეების დახმარებას ემსახურებოდა.
აღსანიშნავია, რომ პანდემიასთან და ვაქცინაციასთან დაკავშირებული დეზინფორმაცია Goria Shiva-ს აქამდეც გაუვრცელებია. იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიები: წყარო 1; წყარო 2;
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.