დეზინფორმაცია: კომპანია Pfizer-ის ხელმძღვანელობამ უარი განაცხადა საკუთარი ვაქცინის გაკეთებაზე

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

სოციალურ ქსელში ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელ დირექტორთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება. Facebook-მომხმარებლის Goria Shiva-ს მიერ 7 მარტს გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, კომპანია Pfizer-ის გენერალურმა დირექტორმა ალბერტ ბურლამ ისრაელში ვიზიტი გააუქმა, რადგან მას Pfizer-ის ვაქცინა არ მიუღია. პოსტს თან „The Jerusalem Post“-ის მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებული სტატიის ფოტო ახლავს. მსგავსი სახის დეზინფორმაცია 6 მარტს Facebook-ჯგუფშიც - „კოვიდ-ფაშიზმის საწინაამღდეგო მოძრაობა ! ! !“ გავრცელდა. პოსტის ავტორის მტკიცებით, კომპანია Pfizer-ის ხელმძღვანელობა საკუთარი ვაქცინის მიღებაზე და თანამშრომლების ვაქცინაციაზე უარს აცხადებს.

The Times of Israel“-ის თანახმად, კომპანია Pfizer-ის გენერალური დირექტორის ვიზიტი ისრაელში, რომელიც 8 მარტისთვის იყო დაგეგმილი, კი არ გაუქმდა, არამედ გარკვეული ვადით გადაიდო. ვიზიტის გადადების მიზეზი არის ის, რომ ალბერტ ბურლას და მის დელეგაციას ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარება არ დაუსრულებიათ, შესაბამისად, ბურლა და მისი დელეგაცია ჯერ კიდევ არ არიან სრულად იმუნიზებული COVID-19-ის წინააღმდეგ. ბურლამ და მისმა დელეგაციამ Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიიღეს, თუმცა იმისთვის, რომ მათ COVID-19-ის წინააღმდეგ 95%-იანი იმუნიტეტი გამოუმუშავდეთ, საჭიროა ინექციის სრული კურსის ჩატარება, რაც ვაქცინის ორი დოზის მიღებას გულისხმობს. პირველ და მეორე დოზას შორის ინტერვალი, Pfizer-ის ვაქცინის შემთხვევაში, 21 დღეა.

ამასთან ერთად, Facebook-პოსტში არსებული ფოტომასალა მონტაჟის შედეგადაა მიღებული. ფოტოზე ასახულია The Jerusalem Post-ის ოფიციალური Twitter ანგარიში. ფოტომასალის მიხედვით, ალბერტ ბურლას ვიზიტი ისრაელში იმიტომ გაუქმდა, რომ ის არ არის ვაქცინირებული. Twitter-ზე გამოქვეყნებული პოსტი 5 მარტით თარიღდება, თუმცა, რეალურად, არც 5 მარტს და არც შემდგომ დღეებში, „The Jerusalem Post“-ს საკუთარ ოფიციალურ Twitter-გვერდზე მსგავსი შინაარსის პოსტი, სადაც ბურლას აუცრელობაზეა საუბარი, არ გამოუქვეყნებია. 7 მარტს „The Jerusalem Post“-მა სტატია სათაურით: „Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორის ვიზიტი ისრაელში გაუქმდა, რადგან ის სრულად არ არის ვაქცინირებული“ გამოაქვეყნა და Twitter-ზეც გაავრცელა. ამასთან ერთად, სტატიაში აღნიშნულია, რომ ალბერტ ბურლამ დეკემბერში განაცხადა, რომ მას ჯერ კიდევ არ ჰქონდა მიღებული ვაქცინა, რადგან რიგის დარღვევა არ სურდა. ბურლა, მისი ასაკიდან გამომდინარე (59 წელი), რისკ-ჯგუფს არ მიეკუთვნება. მარტის დასაწყისში კი ბურლამ ვაქცინის პირველი დოზა მიიღო.

ფოტო-მონტაჟი:

რეალური ფოტო:

ალბერტ ბურლას და მისი დელეგაციის ისრაელში ვიზიტის მიზანი ქვეყანაში Pfizer-ის ვაქცინის საწარმოო ობიექტის დაარსების შესახებ მოლაპარაკებების წარმოება იყო. როგორც ფარმაცევტული კომპანია იუწყება, აღნიშნული ვიზიტი გაზაფხულის ბოლოს შედგება.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები: