ლევან სამუშია: მშპ 2012 წელს იყო 16.5 მლრდ [აშშ დოლარი], დღეის მდგომარეობით არის 15.9 მლრდ
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან სამუშიას განცხადება არის მანიპულირება.
ანალიზი:
პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, ლევან სამუშიამ განაცხადა: მშპ 2012 წელს იყო 16.5 მლრდ [აშშ დოლარი], დღეის მდგომარეობით არის 15.9 მლრდ.
ცალკეული ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტენდენციის შეფასების ფართოდ მიღებული ობიექტური საზომი ეროვნულ ვალუტაში დათვლილი რეალური მთლიანი შიდა პროდუქტია, რომელიც ფასების ზრდის გავლენას ითვალისწინებს და ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე ობიექტურ წარმოდგენას ქმნის. ბუნებრივია, ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაცია, მშპ-ს დინამიკას სწორედ აღნიშნული მაჩვენებლით აფასებს. აშკარაა, რომ ლევან სამუშია, დოლარში გამოსახულ მშპ-ს ნომინალურ მონაცემზე საუბრობს. 2012 წელს, დოლარში გამოსახული მიმდინარე მშპ 16.5 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო 2020 წელს 15.9 მლრდ დოლარს. განცხადებიდან რჩება შთაბეჭდილება, რომ 2012-2020 წლებში, ეკონომიკის მოცულობა შემცირდა. თუმცა აღნიშნულ პერიოდში, რეალური მშპ დაახლოებით 24%-ით გაიზარდა. 2012-2019 წლებში, არცერთ წელს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი/მშპ არ შემცირებულა და შედარებით დაბალი ტემპით, მაგრამ მაინც იზრდებოდა. 2012-2019 წლებში, საბოლოო ზრდამ დაახლოებით 32% შეადგინა, ხოლო 2020 წელს, მშპ-ს შემცირება პანდემიას უკავშირდება.
სხვადასხვა დროის ეკონომიკური მდგომარეობის შესადარებლად, პოლიტიკოსის მიერ დასახელებული მაჩვენებლით ხელმძღვანელობა, არასწორია. განცხადებაში გამოყენებულია მონაცემები, რომლებიც რეალობას შეესაბამება, თუმცა მონაცემების არასწორად ინტერპრეტირების/არასწორი მიზნით გამოყენების შედეგად, ეკონომიკური განვითარების რეალური სურათი დამახინჯებულია. ასეთი სახის მანიპულაცია, პოლიტიკურ სპექტრში საკმაოდ გავრცელებულია. წარსულში, „ფაქტ-მეტრი“ აღნიშნულ/მსგავს თემაზე არაერთხელ წერდა.
ვრცელი ანალიზი საკითხზე, იხილეთ ბმულზე.