2020 წლის 16 დეკემბერს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ხუთმა დეპუტატმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს კანონში, საქართველოს საარჩევნო კოდექსში და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებების პაკეტი დაარეგისტრირა.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მიიღებს, მხოლოდ ის პარტია, რომელიც მისთვის განკუთვნილ პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს. ეს დანაწესები საარჩევნო ბლოკებში შემავალ პარტიებზეც ვრცელდება. საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტია, მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს კუთვნილ საბიუჯეტო დაფინანსებას, თუ იგი ბლოკის მიერ მოპოვებულ მანდატებში, მისთვის განკუთვნილ მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს.
ასევე, ცვლილებების მიხედვით, პარტია მომდევნო 6 თვის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარი მაინც საქართველოს პარლამენტის წინა მორიგი სესიის განმავლობაში, არასაპატიო მიზეზით პლენარული სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრება.
საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით, პარტია, რომელიც მისთვის განკუთვნილი მანდატების ნახევარს მაინც არ აითვისებს, უფასო საეთერო დროით ვერ ისარგებლებს. ასევე, პარტია უფასო საეთერო დროს ვერ მიიღებს, თუ მან „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში საბიუჯეტო დაფინანსება დაკარგა.
პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების მიხედვით, პარლამენტის წევრს, რომელიც მორიგი სესიის კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით ყველა პლენარულ სხდომას გააცდენს, ხელფასი სრულად დაუკავდება. პარლამენტის წევრს ხელფასი სრულად დაუკავდება საპარლამენტო არდადეგების პერიოდში, თუ მას არდადეგებამდე მორიგი სესიის ბოლო კალენდარულ თვეში ამ პუნქტით დადგენილი წესით სრულად დაუკავდა ხელფასი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იგი შესაბამისი რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომას დაესწრება.
მმართველი გუნდის საკანონმდებლო ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სახალხო დამცველმა გააკრიტიკეს. მათი შეფასებით, კანონპროექტი ოპოზიციის თავისუფლების, საკუთრებისა და საქმიანობის შეზღუდვის მიზანს ემსახურება. კანონპროექტს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩიც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, იგი „არცერთ კანონს არ ეთანხმება, რომელიც აფერხებს ოპოზიციის განვითარებას ან ოპოზიციური პარტიების ხელმისაწვდომობას მედიასთან“. (კანონპროექტთან დაკავშირებით, უფრო ვრცლად, იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია 1; სტატია 2; სტატია 3.)
ზემოხსენებული კრიტიკის ფონზე, 2020 წლის 24 დეკემბერს მმართველმა გუნდმა კანონპროექტი განსახილველად ვენეციის კომისიას გადაუგზავნა, რომელმაც კანონპროექტის შესახებ მოსაზრება 2021 წლის 20 მარტს გამოაქვეყნა.
პირველ რიგში, ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ ოპოზიციის მხრიდან პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადება, სამწუხარო ფაქტია. პარლამენტი პოლიტიკური დებატებისთვის და კომუნიკაციისთვის საუკეთესო ადგილია. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ დისკუსიაში განსხვავებული აზრის გამოხატვისთვის ბოიკოტი ლეგიტიმური საშუალებაა, ხანგრძლივმა და ფართო ბოიკოტმა, მნიშვნელოვან საკითხებზე საპარლამენტო დიალოგსა და ამომრჩეველთა უფლებას წარმომადგენლის საშუალებით პოლიტიკურ საქმიანობაში მიიღოს მონაწილეობა, შეიძლება ხელი შეუშალოს.
კომისიის ანგარიშის მიხედვით, კარგი მმართველობა მოითხოვს, რომ მმართველმა უმრავლესობამ უზრუნველყოს ოპოზიციური პარტიების ფუნქციონირებისთვის სათანადო სივრცის არსებობა და მათი ჩართვა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რეფორმების, განსაკუთრებით საარჩევნო და პოლიტიკური რეფორმების გატარების პროცესში. ამასთან, ყველა პოლიტიკურმა ძალამ თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისგან, რომელმაც შეიძლება პოლიტიკური დაძაბულობა გაზარდოს, კიდევ უფრო შეასუსტოს პოლიტიკური პლურალიზმი და შთანთქას პარლამენტისა და სხვა ინსტიტუტების (მაგალითად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის) გამართული მუშაობა.
ეჭვგარეშეა, რომ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა, საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების მუშაობის მნიშვნელოვან ქვაკუთხედს წარმოადგენს. თუმცა, საპარლამენტო საქმიანობა პოლიტიკური პარტიის ერთადერთი მიზანი არაა .ამავე მოსაზრებას ასახავს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველ პუნქტიც, რომლის მიხედვითაც, ფინანსური დახმარების მიზანია პარტიული საქმიანობისა და პარტიული სისტემის განვითარების ხელშეწყობა. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, როცა არჩეული წევრების უმრავლესობა უარი თქვა საპარლამენტო მანდატზე, პარტიისთვის ფინანსური დახმარების შეჩერება არაპროპორციული, გადაჭარბებული და ზედმეტად დიდი ჩარევის ღონისძიებაა. ფინანსური დახმარების არარსებობამ, რიგ შემთხვევებში, შეიძლება პარტიის საქმიანობა სრულად შეუძლებელი გახადოს.
პოლიტიკური პარტიების სანქცირების მსგავსად, პარლამენტის წევრის მიერ პლენარული სხდომების გაცდენის გამო, მისთვის ხელფასის სრულად დაკავებაც არაპროპორციული სანქციაა და პარლამენტის რეგლამენტს, რომელიც მსგავს საკითხებს გაწონასწორებულად და გამჭვირვალედ არეგულირებს, ეწინააღმდეგება. ამასთან, ვენეციის კომისიის შეფასებით, პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებები, რომელიც პარლამენტის წევრის ხელფასის სრულად დაკავებას გულისხმობს, საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რადგან კონსტიტუცია პარლამენტის წევრისთვის გასამრჯელოს დაწესებას პირდაპირ განსაზღვრავს.
რაც შეეხება საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს, ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ პარტიებისთვის უფასო საეთერო დროით უზრუნველყოფის შეჩერება, პარტიებს შორის თანასწორუფლებიანობას არღვევს. პარტიებისთვის უფასო საეთერო დროის შეწყვეტა უსაფუძვლო და არაპროპორციულია. აღნიშნული ცვლილება, სწორედ იმ პარტიებს ეხებათ, რომელთაც ნაკლები სახსრები აქვთ და რომელთაც უფასო საეთერო დრო სჭირდებათ, რათა საკუთარი მოსაზრებები გაახმოვანონ და ამომრჩეველს საკუთარი პროგრამა წარუდგინონ. ამასთან, უფასო საეთერო დროის გამოყოფასა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახმარების მიღებას შორის, არანაირი, ისეთი მკაფიო კავშირი არ არსებობს, რომელიც უფასო საეთერო დორის შეზღუდვას გაამართლებდა. ასევე, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ პარტიებისთვის უფასო საეთერო დროის შეზღუდვა საზოგადოების ინტერესებს არ ემსახურება, რადგან მსგავსი შეზღუდვები ინფორმაციის ხელმისაწვდომობას შეამცირებს. ეს უკანასკნელი კი, მნიშვნელოვანია არჩევნებში ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად. შესაბამისად, რეკომენდირებულია ამგვარი ცვლილებების გადახედვა, რათა პოლიტიკური პარტიების ელექტორატის მისამართით მიმართვის შესაძლებლობები, ზედმეტად შეზღუდული არ იყოს.
საბოლოო ჯამში, ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ კანონპროექტით განსაზღვრული მიზნის მიღწევა უფრო პროპორციული და მისაღები საშუალებითაც არის შესაძლებელი. აღნიშნული შეიძლება იყოს, პარლამენტის ცალკეული წევრებისთვის მათი ქმედებების გამო, პირდაპირ სანქციების დაწესება. მსგავსი რეგულირება საქართველოს კონსტიტუციასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან, უფრო მეტად იქნება თავსებადი. ასევე, ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ პარლამენტის ბოიკოტის გამო, პარტიისთვის, ასეთი ფართო სანქციების დაწესების პრაქტიკა ვენეციის კომისიისა და ეუთოს წევრებს შორის უპრეცედენტოა. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური პლურალიზმისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების განმტკიცების მიზნით, ვენეციის კომისიის მთავარი რეკომენდაცია შემოთავაზებული ცვლილებათა პაკეტის გადახედვაა.
აღსანიშნავია, რომ ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, პარლამენტს შემოთავაზებული ცვლილებების განხილვა აღარ გაუგრძელებია.