მამუკა მდინარაძე : თუ დავარქმევთ, რომ ბოიკოტის გამო რაღაც ნორმის სანქცირება ხდება, ეს იქნება უხეში შეცდომა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მამუკა მდინარაძის განცხადება არის ფაქტებით მანიპულირება.
რეზიუმე: მამუკა მდინარაძე განცხადებაში ბოიკოტის ერთ-ერთ ფორმას ახსენებს, რომელიც გულისხმობს, რომ საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში ჩართულ პარტიას პოლიტიკური შეხედულების საფუძველზე, უფლება აქვს პლენარულ სხდომაზე საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობაზე უარი თქვას. ინიცირებული ცვლილებები პარლამენტს შიდა ბოიკოტის გამო, მისთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტას არ ითვალისწინებს. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ბოიკოტის აღნიშნული ფორმა განსახილველი საკითხი არ არის. ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, პარტია, რომელიც მისთვის განკუთვნილი მანდატების ნახევარს მაინც არ აითვისებს, საბიუჯეტო დაფინანსებას და უფასო საეთერო დროს ვერ მიიღებს. შესაბამისად, პარლამენტის ბოიკოტის მომხრე ოპოზიციურ პარტიებს დაფინანსება შეუწყდებათ.
ანალიზი:
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პროცესში გამოვლენილმა დარღვევებმა საზოგადოების ნაწილში კენჭისყრის შედეგების მიმართ უნდობლობა გააჩინა. არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურმა პარტიებმა 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები არალეგიტიმურად მიიჩნიეს. 2020 წლის 3 ნოემბერს ოპოზიციამ პარლამენტის მანდატებზე უარის თქმის შესახებ შეთანხმება გააფორმა. ოპოზიცია მმართველი გუნდისგან ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაყენებას, პოლიტპატიმართა გათავისუფლებასა და ხელახალი/რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს და მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. იმ ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ, რომელთაც საპარლამენტო მანდატი მოიპოვეს, საქართველოს პარლამენტს პარტიული სიების ანულირების და პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნით, უკვე მიმართეს.
ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის საპასუხოდ, 2020 წლის 16 დეკემბერს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს კანონში, საქართველოს საარჩევნო კოდექსში და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პაკეტი დაარეგისტრირა. საყურადღებოა, რომ ცვლილებათა ინიციატორებმა კანონპროექტების განხილვა დაჩქარებული წესით მოითხოვეს, რაც პარლამენტმა დააკმაყოფილა. 2020 წლის 23 დეკემბერს პარლამენტმა ცვლილებათა პაკეტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. [1] 23 დეკემბერს ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ინიცირებულ ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიას დაფინანსება შეუწყდება იმ შემთხვევაში, თუ დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობაზე საერთოდ უარს აცხადებს. მისი თქმით, ინიცირებული ცვლილებები ბოიკოტის გამო პარტიისთვის დაფინანსების შეწყვეტას არ გულისხმობს - „თუ დავარქმევთ, რომ ბოიკოტის გამო, რაღაც ნორმის სანქცირება ხდება, ეს იქნება უხეში შეცდომა“.
ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, საბიუჯეტო დაფინანსებასა და უფასო საეთერო დროის მისაღებად პარტიამ მისთვის განკუთვნილი პარლამენტის წევრის მანდატი ან მანდატების ნახევარი მაინც უნდა აითვისოს. ასევე, ცვლილებების მიხედვით, პარტია მომდევნო 6 თვის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარი მაინც საქართველოს პარლამენტის წინა მორიგი სესიის განმავლობაში, არასაპატიო მიზეზით პლენარული სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრება.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, საქართველოს ბიუჯეტიდან პარტიების დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხა პარტიების ფინანსური მხარდაჭერისა და პარტიული სისტემის განვითარების ხელშეწყობისთვისაა განკუთვნილი. შესაბამისად, პარტიისთვის საბიუჯეტო დაფინანსების მიცემა, მის საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობას არ უკავშირდება და ინიცირებული ცვლილებები ზემოხსენებული კანონის მიზნებთან შეუსაბამოა. შემოთავაზებული ცვლილებები მიზნად ისახავს, ერთის მხრივ, ბოიკოტის მომხრე პარტიებზე ზეწოლას და მათთვის საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვის იძულებას, მეორეს მხრივ კი, პარლამენტის ბოიკოტის, როგორც დემოკრატიული მექანიზმის, ფაქტობრივ აკრძალვას. არასამთავრობო სექტორისა და სახალხო დამცველის შეფასებით, ცვლილებები ბოიკოტის მომხრე ოპოზიციური პარტიების დასჯისთვისაა განკუთვნილი. ამასთან, სახალხო დამცველი ცვლილებებს არაკონსტიტუციურად აფასებს.
მამუკა მდინარაძე განცხადებაში ბოიკოტის ერთ-ერთ ფორმაზე საუბრობს, რომელიც გულისხმობს, რომ საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში ჩართულ პარტიას პოლიტიკური შეხედულების საფუძველზე, უფლება აქვს პლენარულ სხდომაზე საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობაზე უარი თქვას. ბოიკოტის ამ ფორმას პარტიები მაშინ მიმართავენ, როდესაც ისინი, მათ მიერ მოპოვებულ საპარლამენტო მანდატებს იყენებენ და საკანონმდებლო საქმიანობაში მონაწილეობენ. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის წევრს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ იგი პლენარულ სხდომაში მონაწილეობაზე, პოლიტიკური შეხედულებების გამო, აცხადებს უარს. [2] აღნიშნულის გათვალისწინებით, ინიცირებული ცვლილებები პარლამენტს შიდა ბოიკოტის გამო, პარტიისთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტას არ გამოიწვევს. მოცემულ შემთხვევაში, ოპოზიციურმა პარტიებმა ბოიკოტის განსხვავებული ფორმა აირჩიეს, რაც პარლამენტის მიმართ უნდობლობის გამოცხადებასა და მოპოვებული საპარლამენტო მანდატების გაუქმებაში გამოიხატება. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ცვლილებების მიხედვით, პარტიას, რომელიც მინიჭებულ მანდატების ნახევარს მაინც არ აითვისებს, საბიუჯეტო დაფინანსება შეუწყდება. აღნიშნული დათქმით დაფინანსება შეუწყდება იმ პარტიას, რომელიც კონკრეტული მიზეზით და მიზნით, პარლამენტს უცხადებს ბოიკოტს და უარს ამბობს არა ცალკეული საკითხების განხილვაში მონაწილეობაზე, არამედ მთლიანად საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში ჩართვაზე. შესაბამისად, ამ ეტაპზე, მამუკა მდინარაძის მიერ ნახსენები პარლამენტის შიდა ბოიკოტი განსახილველი საკითხი არ არის.
ამასთან, საყურადღებოა, რომ მამუკა მდინარაძე პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადებას დემოკრატიული პროცესიდან გასვლად მიიჩნევს, რაც, ასევე, არასწორია. პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადება დემოკრატიის ერთ-ერთი მექანიზმია. ეს მექანიზმი ისეთი ახალგაზრდა დემოკრატიის განვითარებისთვის, როგორიც საქართველოა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. განვითარებადი დემოკრატიის პირობებში პოლიტიკურ მოთამაშეებს მოწინააღმდეგეებთან დიალოგის და კონსტრუქციული ურთიერთობის, არც რესურსი და არც სურვილი არ აქვთ. ხშირად, ხელისუფლებაში მყოფი ძალა, ოპოზიციურ პარტიებს და შესაბამისად ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს, ანგარიშს არ უწევს და ქვეყნის მართვას ერთპიროვნულად ცდილობს. აღნიშნულს საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლიანი პოლიტიკური ისტორიაც ადასტურებს. ამგვარი დაპირისპირებისა და პოლარიზაციის შემთხვევებში, პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადება ოპოზიციური პარტიების ერთ-ერთი, მთავარი ბერკეტია, რომლის გამოყენებითაც შეუძლია, მმართველ ძალას ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის აზრის გათვალისწინებისა და დათმობებისკენ უბიძგოს.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მამუკა მდინარაძის განცხადება არის ფაქტებით მანიპულირება. იგი განცხადებაში არა პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადებაზე, არამედ პარლამენტის საქმიანობაში ჩართული პარტიის მიერ, კონკრეტული საკანონმდებლო პროცესის ბოიკოტირებაზე საუბრობს და ამგვარი მანიპულაციით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს, რადგან ინიცირებული ცვლილებები პარლამენტის შიგნით ბოიკოტის გამოცხადებაზე არ ვრცელდება. ამასთან, მამუკა მდინარაძე ცდილობს, რომ პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადება არადემოკრატიულ პროცესად, ხოლო ბოიკოტის მომხრე პარტიები დემოკრატიის ფარგლებს გარეთ მოქმედ სუბიექტებად წარმოაჩინოს.
ინიცირებული ცვლილებების, პარლამენტის ბოიკოტის და პარტიების დაფინანსების შესახებ, უფრო დეტალური ანალიზისთვის, იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.
[1] 23 დეკემბერს კენჭისყრის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ კანონპროექტის მიმართ გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ, საპარლამენტო უმრავლესობას ცვლილებათა პაკეტის ვენეციის კომისიისთვის და/ან ოდირისთვის გაგზავნის ინიციატივით მიმართა.
[2] საქართველო პარლამენტის რეგლამენტის 91-ე მუხლის მე-9 პუნქტი.