დეზინფორმაცია: ცრუ პანდემია ადამიანებზე ნანონაწილაკების გამოცდის გასამართლებლად გამოიყენეს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

17 აპრილს Facebook-გვერდმა „ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები“ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, კოვიდსაწინააღმდეგო რნმ ვაქცინები ნანონაწილაკებს შეიცავს, რომლებიც მოდიფიცირებულ რნმ-ს კონვერტივით ერტყმის გარს და გენეტიკური მასალა უჯრედებში წარმატებით შეჰყავს. მასალის თანახმად, აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენება ადამიანებზე ადრე აკრძალული იყო. ცრუ პანდემია კი სწორედ იმისთვის გამოიყენეს, რომ ადამიანებზე ამ ტექნოლოგიის გამოყენება გაემართლებინათ. პოსტში ვაქცინის ნანონაწილაკები ხელოვნურადაა დაკავშირებული ბილ გეითსთან და პატენტ 060606-თან.

COVID-19-ის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებიდან ორი - „ფაიზერი“ და „მოდერნა“ ი-რნმ-ზე (ინფორმაციული რიბონუკლეინის მჟავა) დაფუძნებული ვაქცინებია. ი-რნმ-ში ჩადებულია/დაცულია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა წარმოქმნას ადამიანის ორგანიზმმა COVID-19-ის ვირუსის მსგავსი წვეტოვანი ცილა. ორგანიზმში ერთგვარი კოპირების გზით წარმოქმნილ ცილებზე იმუნური სისტემა ანტისხეულების წარმოქმნით რეაგირებს, რაც მომავალში ადამიანს ნამდვილი ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში დაიცავს. ი-რნმ-ის მოლეკულებს ლიპიდური ნანონაწილაკები გარს ერტყმის. ტერმინი ნანონაწილაკი მინიმალური ზომის, მიკროსკოპულ ნაწილაკს აღნიშნავს, რომლის ზომა 1-დან 100 ნანომეტრამდეა. ძალიან მცირე ზომის ლიპიდური წვეთები ი-რნმ-ის გარშემო გარკვეულწილად „ცხიმიან“ გარსს წარმოქმნის, რაც უჯრედებში ი-რნმ-ის მარტივად შეღწევას უწყობს ხელს და მის დანიშნულების ადგილამდე მისვლას უზრუნველყოფს. ამასთან ერთად, ლიპიდები ი-რნმ-ს მექანიკური დაზიანებისგან იცავს. ლიპიდური ნანონაწილაკები ორგანიზმში ბუნებრივად არსებული ცხიმებისგან (მაგ.ქოლესტერინი) ან მცენარეული ცხიმებისგან (მაგ.მარგარინი) შედგება. შესაბამისად, ვაქცინაში არსებული ლიპიდური ნანონაწილაკების დანიშნულება ი-რნმ-ის მოლეკულების მექანიკური დაზიანებისგან დაცვა და მათი დანიშნულების ადგილამდე მისვლის უზრუნველყოფაა.

ნანონაწილაკები მედიცინაში წამლის შემადგენელი ნივთიერებების სამიზნე უჯრედებამდე ტრანსპორტირების და შეღწევის გასაადვილებლად 1990-იანი წლებიდან გამოიყენება. ყველაზე ხშირად ნანონაწილაკები კიბოს უჯრედების მკურნალობის პროცესში გამოიყენება. მათი საშუალებით წამლის დაავადებულ უჯრედებთან მიტანა ხდება. ეს კი სხეულის ჯანმრთელ უჯრედებს დაზიანებისგან იცავს.

ფაიზერის“ ვაქცინა ლიპიდების გარდა, მარილებს და შაქარს/საქაროზასაც შეიცავს. „მოდერნას“ ვაქცინის შემადგენლობაში ყველა ის ინგრედიენტი შედის, რაც „ფაიზერის“-ის ვაქცინაში და მას ასევე ძმარმჟავა და მჟავის სტაბილიზატორები (ტრომეტამინი და ტრომეტამინი ჰიდროქლორიდი) ემატება.

„ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ვაქცინების მოქმედების მექანიზმთნ და შემადგენლობასთან დაკავშირებით უფრო ვრცლად ინფორმაციას შეგიძლიათ, გაეცნოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.

რაც შეეხება პატენტ 060606-ს, მასთან დაკავშირებით გავრცელებული ცნობილი კონსპირაციის თანახმად, გეითსების ფონდი ვაქცინას ბიომეტრიული მონაცემების შესაგროვებლად და ფინანსური მოგებისთვის იყენებს. სინამდვილეში, Microsoft-მა და ბილ გეითსმა მართლაც დაარეგისტრირეს პატენტი 060606 ნომრით. პატენტი იმ ტექნოლოგიისთვის არის განკუთვნილი, რომელიც ადამიანის ფიზიკურ აქტივობას მონიტორინგს უწევს და სანაცვლოდ კრიპტოვალუტით აჯილდოებს. თუმცა, აღნიშნული აპლიკაცია არც ადამიანს აკონტროლებს და არც ინტერნეტთან აკავშირებს. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ პატენტის განაცხადიც ჯერჯერობით დაკმაყოფილებული არ არის.

შესაბამისად, ი-რნმ-ზე დაფუძნებულ ვაქცინებში არსებული ნანონაწილაკებში ძალიან მცირე ზომის ლიპიდური წვეთები იგულისხმება, რომლებიც ი-რნმ-ს გარს ერტყმის და რომელთა ერთადერთი დანიშნულება ი-რნმ-ის მოლეკულების უჯრედებამდე ტრანსპორტირება და მათი უჯრედში შეღწევადობის უზრუნველყოფაა. ნანონაწილაკები მედიცინაში 1990-იანი წლებიდან გამოიყენება.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.