„ნიუსფრონტის“ ქართული ოფისი ანექსირებული ყირიმიდან მართული News Front-ის ნაწილია და ქართულის გარდა კიდევ 8 ენაზე ოპერირებს. „News Front“-ი 2014 წელს დაარსდა. სხვადასხვა მედია ანგარიშის მიხედვით, ის რუსეთის უსაფრთხოების სამსახურისგან ფინანსდება. ISFED-ის ანგარიშის თანახმად, „ნიუსფრონტი“ რუსეთის ფედერაციის კომუნიკაციების მარეგულირებელი სააგენტოს „როსკომნადზორის“ ბრძანებით არის დაარსებული და მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყალბ ამბებსა და დეზინფორმაციას ავრცელებს. საერთაშორისო სიახლეების სექციაში ძირითადად ისეთი რუსული სახელმწიფო მედიების მასალა გვხვდება, როგორებიცაა: „Russia Today“, „სპუტნიკი“ და „RIA Novosti“.
„ნიუსფრონტის“ საქართველოს ოფისს არაერთხელ გაუვრცელებია დეზინფორმაცია და პროპაგანდა, მათ შორის, კორონავირუსის წარმოშობის, მისი გავრცელების გზებისა და საფრთხის, კორონავირუსის ტესტების, რუსული ვაქცინის, ლუგარის ლაბორატორიის, ევროკავშირის, „გრუს“ მიერ საქართველოზე გავრცელებული კიბერშეტევისა და დავით გარეჯის თემის, ნავალნის მოწამვლისა და სხვა საერთაშორისო საკითხების შესახებ. მისი Facebook-გვერდის ადმინისტრატორი კონსტანტინე ჩიკვილაძეა. ჩიკვილაძე წარსულში პრორუსული გაზეთის - „საქართველო და მსოფლიო“ – Facebook-გვერდსაც მართავდა. „ნიუსფრონტის“ ქართული ოფისის რედაქტორები შოთა აფხაიძე და გულბაათ რცხილაძე არიან. გულბაათ რცხილაძე „ევრაზიის ინსტიტუტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და თავმჯდომარეა. მისი ინტერვიუების მიხედვით, ის საქართველოს NATO-ში გაწევრიანებისკენ აღებულ კურსს ეწინააღმდეგება და მიიჩნევს, რომ საქართველოს რუსეთთან იდეალური ურთიერთობები უნდა ჰქონდეს. მისი აზრით, საქართველოს NATO-ში შესვლა ტერიტორიების სამუდამოდ დაკარგვას გამოიწვევს. რაც შეეხება შოთა აფხაიძეს, იგი 2010 წელს ტელეკომპანია „კავკასიაში“ „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა“ და „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ წევრებთან ერთად შეჭრის გამო დაიჭირეს და პატიმრობა მიუსაჯეს. შემდგომ იგი პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა და „ევრაზიის ინსტიტუტის“ პროექტების მენეჯერი გახდა. მან 2013 წელს ვლადიკავკაზში ვიზიტის დროს ბრიფინგებსა და ინტერვიუებში განაცხადა, რომ „2008 წლის აგვისტოში ადგილი ჰქონდა ოსი ხალხის გენოციდის მცდელობას სააკაშვილის მხრიდან“.
2020 წლის 30 აპრილს Facebook-მა „ნიუსფრონტის“ საერთაშორისო ქსელთან დაკავშირებული Facebook-გვერდები, ანგარიშები და ჯგუფები წაშალა. მათ შორის, „ნიუსფრონტის“ ქართული რედაქციის Facebook-გვერდიც წაიშალა. ISFED-ის ანგარიშის მიხედვით, „ნიუსფრონტის“ მასალას საქართველოში 12 არაავთენტური ანგარიში ავრცელებდა. თუმცა „ნიუსფრონტმა“ Facebook-ში აქტიურობას კვლავ განაგრძო (დეტალურად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში - „როგორ განაგრძობს საქმიანობას „ნიუსფრონტი“). Facebook-ის მკაცრი სანქციის შემდეგ „ნიუსფრონტი“ მასალებს Facebook-ზე georgie.su-ს დომეინით ავრცელებდა, მაგრამ ამ დროისთვის აღნიშნული ვებგვერდი მიუწვდომელია. ამჟამად, „ნიუსფრონტი“ მის სტატიებს Facebook-ზე saqinformbiuro.wordpress.com-ით ავრცელებს. თუმცა მოცემულ ვებგვერდზე სტატიების მხოლოდ დასაწყისია მოცემული და შემდგომ „განაგრძეთ კითხვა“-ს მკითხველი „ნიუსფრონტის“ ვებგვერდზე (ge.news-front.info) გადაჰყავს.
გამოცემის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციასა და პროპაგანდას შეგიძლიათ გაეცნოთ „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ (GRASS) „დეზინფომეტრის“ ანგარიშებში.