დეზინფორმაცია: ტრამპის ახალი მრჩეველი ეპიდემიის საკითხებში აცხადებს, რომ კორონავირუსი გრიპის ვირუსზე ნაკლებად სახიფათოა
ვერდიქტი: "ფაქტ-მეტრის" დასკვნით აღნიშნული ინფორმაცია არისყალბი ამბავი
ანალიზი
პრორუსული მედიები კორონავირუსთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებას აგრძელებენ. 9 სექტემბერს „ნიუსფრონტმა“ სტატია სათაურით „ტრამპის ახალი მრჩეველი-ეპიდემიოლოგი და რუსი აკადემიკოსი ერთ დასკვნამდე მივიდნენ – კორონავირუსი არ კლავს!“ გამოაქვეყნა. სტატიაში ავტორი ყალბი ინფორმაციისა და ფაქტების გამოყენებით მკითხველის შეცდომაში შეყვანას და იმის მტკიცებას ცდილობს, რომ COVID-19 არ წარმოადგენს საშიშ ვირუსს (დაავადებას) და რომ კორონავირუსის სტატისტიკური მონაცემები ყალბდება.
სტატიის დასაწყისში ვკითხულობთ, რომ „გრიპის ნებისმიერი სეზონური ინფექციის დროს, შემთხვევათა 4-9%-ს (40-90 მილიონი) კორონავირუსული ინფექციები შეადგენენ“, და ასევე, თითქოს „ანტისხეულების გამოვლენაზე ჩატარებული ყბადაღებული ტესტები რეაგირებენ კორონავირუსების ყველა სახეობაზე – როგორც ცნობილზე, ისე ახალზე – SARS-Cov-2 -ზე“. შესაბამისად, „ნიუსფრონტის“ მტკიცებით, იგივე ანტისხეულებზე ადამიანები წინა წლებშიც რომ დაეტესტათ, 40-დან 90-მილიონამდე კორონავირუსით ინფიცირებული გვეყოლებოდა.
სინამდვილეში ანტისხეულებზე ჩატარებული ტესტებით სპეციფიკურად COVID-19-ის (SARS-COV-2) და არა ზოგადად კორონავირუსულ ინფექციების საპასუხოდ ორგანიზმის მიერ წარმოქმნილ ანტისხეულებს ეძებენ (COVID-19-ის ტესტირებასთან დაკავშირებით იხილეთ: „ფაქტ-მეტრის“ დეტალური სტატია). შესაბამისად, „ნიუსფრონტის“ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. ასევე მანიპულაციაა, „ნიუსფრონტის“ მიერ მოწოდებული სტატისტიკა, რომ კორონავირუსული ინფექციების წილი, სეზონური გრიპის შემთხვევების 4-9%-ს შეადგენს. „ნიუსფრონტს“ არ აქვს მითითებული მოწოდებული სტატისტიკის წყარო (თუნდაც საეჭვო და არასანდო). კორონავირუსის ყველა ტიპი გრიპის ვირუსისგან განსხვავდება და მიუხედავად იმისა, რომ თეორიული შანსი არსებობს, კორონავირუსული ოჯახის ალფა და ბეტა ტიპის ზოგიერთი ვირუსები მსუბუქი მიმდინარეობის და სიმპტომების გამო სეზონურ გრიპის ვირუსში აგვერიოს, ტესტირების შემთხვევაში, პაციენტი რა ტიპის ვირუსით (გრიპის თუ კორონავირუსის) არის ინფიცირებული, მარტივად დგინდება.
სტატიაში, იმ იდეის გასამყარებლად, რომ COVID-19 არ არის საშიში დაავადება, მოყვანილია ეპიდემიის საკითხებში ტრამპის ახალი მრჩევლის, სკოტ ატლასის (რომელიც 12 აგვისტოს წარადგინეს აღნიშნულ თანამდებობაზე) ფრაზა „ეს დაავადება უფრო ნაკლებ საშიშია, ვიდრე სეზონური გრიპი“. რის შემდეგაც, სტატიაში ვკითხულობთ „საინტერესოა, ამაზე რას იტყვიან დასავლეთუმეები? მათთვის ხომ მხოლოდ დასავლეთში არსებობენ ავტორიტეტები, იქნება ეს მედიცინა თუ ცხოვრების ნებისმიერი სხვა დარგი“. როგორც ხედავთ, „ნიუსფრონტი“ ცდილობს მის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციულ კამპანიას კორონავირუსის საფრთხეებთან დაკავშირებით დამაჯერებლობა „დასავლელი ავტორიტეტის“ მოსაზრებებით შესძინოს.
ფრაზა, რომელიც „ნიუსფრონტმა“ სკოტ ატლასს მიაწერა, სინამდვილეში მას არ ეკუთვნის. მიუხედავად იმისა, რომ სკოტ ატლასი ჩაკეტვის (lockdown) პოლიტიკის ოპონირებით გამოირჩევა და პოპულაციური იმუნიტეტის (herd immunity) და ეკონომიკის გახსნის იდეებს ემხრობა, COVID-19-სგან მომდინარე საფრთხეები მას კითხვის ნიშნის ქვეშ არასოდეს დაუყენებია.
„ნიუსფრონტი“, შესაძლოა, სკოტ ატლასის სხვადასხვა ტელევიზიისა და რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუებში გაჟღერებულ იდეებს, სკოლების გახსნის აუცილებლობასთან დაკავშირებით, მანიპულაციურად იყენებდეს, ატლასი სკოლების გახსნასა და კოლეჯებში სპორტული აქტივობების განახლებას ღიად ემხრობა. მას სჯერა, რომ კორონავირუსთან ეფექტურად ბრძოლისთვის პოპულაციური იმუნიტეტის გამომუშავებაა აუცილებელი, რისი მიღწევის საუკეთესო გზად მაღალი რისკის მქონე ჯგუფების იზოლაცია და დაბალი რისკის მქონე ჯგუფების ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნება მიაჩნია. ამ მიდგომის მიხედვით, დაბალი რისკის მქონე მოსახლეობას და განსაკუთრებით ახალგაზრდებსა და ბავშვებს, უნდა მიეცეთ საშუალება, COVID-19-ზე იმუნიტეტი გამოიმუშავონ და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ. სწორედ ამ კონტექსტში, ატლასმა რამოდენიმე ინტერვიუში გააჟღერა მოსაზრება, რომ COVID-19 ბავშვებისა და მოზარდებისთვის შესაძლოა, უფრო ნაკლებად საშიში იყოს, ვიდრე სეზონური გრიპი, რადგან COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობა ბავშვებში გაცილებით დაბალია.
სკოტ ატლასის ამ განცხადების მიზანი კორონავირუსისგან მომდინარე ზოგადი საფრთხის ნიველირება არ ყოფილა, არამედ მას სურდა, სკოლების გახსნის იდეის მხარდამჭერი არგუმენტის მოშველიება და იმის ხაზგასმა, რომ COVID-19 ბავშვებისა და მოზარდებისთვის, საზოგადოების სხვა ჯგუფებთან შედარებით, ნაკლებად საშიშია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ თავად ეს იდეაც დიდი კრიტიკის საგანი გახდა აშშ-ის სამეცნიერო და სამედიცინო წრეებში და მას ჯანდაცვის ოფიციალური ინსტიტუტების წარმომადგენლების უმეტესობა მკაცრად ეწინააღმდეგება.
„ნიუსფრონტს“ სტატიაში ასევე მოყვანილი აქვს ამონარიდი ყოფილი რუსი ინფექციონისტის, ვლადიმერ სერგიევის „სამედიცინო გაზეთისთვის“ მიცემული ინტერვიუდან, სადაც ის ავითარებს მოსაზრებას, რომ COVID-19 იმ ვირუსების რიცხვს არ განეკუთვნება, „რომლებსაც შეუძლიათ მოსახლეობის ჯანმრთელობას სერიოზული რისკი შეუქმნან“.
ამ ორი ინფორმაციის (საიდანაც ერთი ცალსახად ყალბია) შედეგად კი „ნიუსფრონტი“ სტატიას მანიპულაციურად ასათაურებს, „ტრამპის ახალი მრჩეველი-ეპიდემიოლოგი და რუსი აკადემიკოსი ერთ დასკვნამდე მივიდნენ – კორონავირუსი არ კლავს!“, და ცდილობს COVID-19-ისგან მომდინარე საფრთხეებთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი მოსაზრების რეალურ და სანდო ინფორმაციად წარმოჩენას.
მსოფლიო ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის ფონზე, როდესაც დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ რამდენიმე 35 მილიონს გადააჭარბა, მილიონზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა, მტკიცება, რომ კორონავირუსი არ კლავს, ან არ არის სახიფათო, ობიექტურ ფაქტებს ეწინააღმდეგება.
აღსანიშნავია, რომ 9-12 სექტემბრის პერიოდში „ნიუსფრონტის“ აღნიშნული სტატია 17 სხვადასხვა Facebook ჯგუფსა და გვერდზე გაზიარდა.
წყაროს შესახებ:
ნიუსფრონტის“ ქართული ოფისი ანექსირებული ყირიმიდან მართული News Front-ის ნაწილია და ქართულის გარდა კიდევ 8 ენაზე ოპერირებს. News Front-ი 2014 წელს დაარსდა. სხვადასხვა მედია ანგარიშის მიხედვით, ის რუსეთის უსაფრთხოების სამსახურისგან („ეფ-ეს-ბე“) ფინანსდება. „ნიუსფრონტი“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყალბ ამბებსა და დეზინფორმაციას ავრცელებს. საერთაშორისო სიახლეების სექციაში ძირითადად ისეთი რუსული სახელმწიფო მედიების მასალა გვხვდება, როგორებიცაა Russia Today, „სპუტნიკი“ და RIA Novosti.
2020 წლის 30 აპრილს Facebook-მა „ნიუსფრონტის“ საერთაშორისო ქსელთან დაკავშირებული Facebook-გვერდები, ანგარიშები და ჯგუფები წაშალა. მათ შორის, „ნიუსფრონტის“ ქართული რედაქციის Facebook-გვერდიც. ISFED-ის ანგარიშის მიხედვით, „ნიუსფრონტის“ მასალას საქართველოში 12 არაავთენტური ანგარიში ავრცელებდა. თუმცა „ნიუსფრონტი“ Facebook-ში აქტიურობას კვლავ განაგრძობს (დეტალურად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია - „როგორ განაგრძობს საქმიანობას „ნიუსფრონტი“).
„ნიუსფრონტის“ Facebook-გვერდის ადმინისტრატორი იყო - კონსტანტინე ჩიკვილაძე, რომელიც ამავდროულად პრორუსული გაზეთის - „საქართველო და მსოფლიო“ – Facebook-გვერდსაც მართავდა. „ნიუსფრონტის“ ქართული ოფისის რედაქტორები შოთა აფხაიძე და გულბაათ რცხილაძე არიან. გულბაათ რცხილაძე „ევრაზიის ინსტიტუტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და თავმჯდომარეა. რაც შეეხება შოთა აფხაიძეს, იგი 2010 წელს ტელეკომპანია „კავკასიაში“ „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა“ და „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ წევრებთან ერთად შეჭრის გამო დაიჭირეს და პატიმრობა მიუსაჯეს. შემდგომ იგი პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა და „ევრაზიის ინსტიტუტის“ პროექტების მენეჯერი გახდა.