დეზინფორმაცია:სოციალურ ქსელში ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადების გაყალბებული ვარიანტი ვრცელდება.
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
Facebook-გვერდი „შენ ხარ საქართველო“, მომხმარებელი Nina Marji და “ნიუსფრონტი” აქტიურად ავრცელებს ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ ტელეკომპანია БЕЛТА-ს საშუალებით გაკეთებული განცხადების ყალბ ვარიანტს. დეზინფორმაციის თანახმად, მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ლუკაშენკოს Covid-19-ის გასამკლავებლად გამოყოფილი დახმარების (Covid Relief Aid -ის) ფარგლებში, 940 მილიონი აშშ დოლარი შესთავაზა და მისი მოსყიდვა, შემდეგი პირობების დაკმაყოფილების სანაცვლოდ, სცადა:
• ბელორუსი გახდეს ე.წ. „პოლიციური სახელმწიფო“.
• დაწესდეს უმკაცრესი „კომენდანტის საათი“.
• დაწესდეს მოსახლეობის „საგანგებო ჩაკეტვა“.
• დაწესდეს „პირბადეების“ სავალდებულო ტარება.
• შეჩერდეს სახელმწიფოს საარსებო მნიშვნელობის ყველა დარგის საქმიანობა.
გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და რეალური განცხადების დამახინჯებულ ვარიანტს წარმოადგენს.
სინამდვილეში, 19 ივნისს, სიანფორმაციო БЕЛТА-ს მიერ გავრცელებულ ჩანაწერში ჩანს, რომ ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 940 მილიონი დოლარით დახმარების სანაცვლოდ კარანტინის, იზოლაციისა და კომენდანტის საათის შემოღება მოითხოვა. ალექსანდრე ლუკაშენკო განცხადებაში ფონდის მოწოდებაზე, ბელარუსი პოლიციურ სახელმწიფოდ გადააქციონ, მოსახლეობა საგანგებოდ ჩაკეტონ და სახელმწიფოს საარსებო მნიშვნელობის ყველა დარგის საქმიანობა შეჩერდეს, არსად მიუთითებს.
ამასთან ერთად, БЕЛТА-ს მიერ გავრცელებულ ჩანაწერში ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ სიტყვა „მოსყიდვა“ გამოყენებული არაა. შესაბამისად, პოსტებში ნახსენები ინფორმაცია, რომ ლუკაშენომ БЕЛТА-ს ეთერში, მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის მხრიდან მოსყიდვის ფაქტზე ისაუბრა, სიმართლეს არ შეესაბამება.
პოსტის მიზანს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის დისკრედიტაცია წარმოადგენს, რაც მათ მიერ ისეთი დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელებაში ვლინდება, თითქოს ფონდმა ზემოთ ხსენებული მკაცრი ულტიმატუმებით დააპირა ლუკაშენკოს მოსყიდვა მაშინ, როცა ლუკაშენკოს ამაზე თავადაც არ უსაუბრია.
აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე ლუკაშენკოს რეალურ განცხადებას, 10 სექტემბერს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის კომუნიკაციების განყოფილების დირექტორი, გერი რაისი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდს ალექსანდრე ლუკაშენკოსთვის კარანტინის, იზოლაციის და კომენდანტის გამოცხადება არ მოუთხოვია. ის სასწრაფო ფინანსური დახმარების მექანიზმი (Rapid Financing Instrument), რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი იყენებს, ქვეყნებისგან დახმარების ხარჯვის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას მოითხოვს. მექანიზმი მიმართულია იმისკენ, რომ კოვიდ პანდემიასთან გასამკლავებლად გამოყოფილი დახმარება, ბუნებრივია, ვირუსთან ბრძოლას და ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას მოხმარდეს. რაისის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ბელარუსიისგან იმის გარანტიები მოითხოვა, რომ გამოყოფილი თანხა პანდემიასთან ბრძოლას (მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციების შესაბამისად) მოხმარდებოდა. ეს კი, რაისის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის სტანდარტული მიდგომაა ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ოფიციალურ საიტზე, ქვეყნების მთავრობებისთვის განკუთვნილ არცერთ გაიდლაინში არ არის ულტიმატუმის ტიპის მოთხოვნები კომენდანტის საათის ან ქვეყნების ჩაკეტვის შესახებ. WHO-ის ყველა დოკუმენტი სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს და რჩევებს იმასთან დაკავშირებით იძლევა, თუ პანდემიით გამოწვეული ზარალის შემცირება, როგორაა შესაძლებელი. ამას მოწმობს WHO-ის გაიდლაინები მასობრივი შეკრებებისას ადამიანების უსაფრთხოების, უსაფრთხო საერთაშორისო მგზავრობის ან პანდემიის პირობებში საკვების უსაფრთხოების შესახებ.
უფრო მეტიც, WHO-ის სკეპტიკური დამოკიდებულება ქვეყნების ჩაკეტვის მიმართ, უშუალოდ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადამონ გებრეისუსის მიერ 2020 წლის 21 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებაშიც გამოიკვეთა. გენერალური დირექტორი აღნიშნავს, რომ WHO-ის აზრით, ქვეყნების ჩაკეტვა გრძელვადიანი გამოსავალი არაა. გენერალური მდივნის განცხადებით, ქვეყნებმა არ უნდა გააკეთონ არჩევანი ეკონომიკასა და ჯანმრთელობას შორის. მეტიც, პანდემია გვახსენებს, რომ ჯანმრთელობა და ეკონომიკა განუყოფელია - განაცხადა გებრეისუსმა.
ბელარუსმა საერთაშორისო სავალუტო ფონდს დახმარებისთვის მარტში მიმართა, თუმცა შეთანხმების მიღწევა, მხარეების მოურიგებლობის გამო, ვერ მოხერხდა. ივნისში, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ დამატებითი პირობები საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან, რომელიც უშუალოდ ფინანსურ მხარეს არ ეხებოდა, მისთვის მიუღებელია. საერთაშორისო ფონდის განცხადების თანახმად კი, ლუკაშენკო საერთაშორისო სავალუტო ბანკის იმ პირობებს არ დათანხმდა, რომელიც ფინანსების ხარჯვისას გამჭვირვალობის უზრუნველყოფას მოითხოვს.
-------------------------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.