რეზიუმე: პრორუსული დეზინფორმაციის გამავრცელებელი მედიასაშუალებების, „ნიუსფრონტისა“ და „საქართველო და მსოფლიოს“ წარმომადგენელმა, კონსტანტინე ჩიკვილაძემ ჩინეთში გაყინულ ბარკლებში კორონავირუსის აღმოჩენის ფაქტთან დაკავშირებით მანიპულაციური განცხადება გაავრცელა. ჩიკვილაძემ ერთი მხრივ, ხელისუფლებისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს საპასუხო ნაბიჯები გააკრიტიკა, ხოლო, მეორე მხრივ, კორონავირუსისგან მომდინარე საფრთხის ნიველირებას შეეცადა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და აშშ-ის ჯანდაცვის უწყებების ინფორმაციით, სასურსათო პროდუქტებიდან ადამიანებზე კორონავირუსის გადაცემის მეცნიერული მტკიცებულება არ არსებობს. იმ ფონზე კი, როდესაც მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 700,000-ს გადააჭარბა, ჩიკვილაძის მცდელობა, კორონავირუსისგან მომდინარე საფრთხე უგულებელყოს და მისი არსებობა ეჭვქვეშ დააყენოს, უსაფუძვლოა.
ანალიზი
14 აგვისტოს, გამოცემების „ნიუსფრონტისა“ და „საქართველო და მსოფლიოს“ ფეისბუქ გვერდების ადმინისტრატორმა, კონსტანტინე ჩიკვილაძემ, „ნიუსფრონტის“ ვებგვერდზე საქართველოს ხელისუფლებისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მისამართით მიმართვა გამოაქვეყნა. ჩიკვილაძე ჩინეთში ბრაზილიიდან იმპორტირებულ ქათმის პროდუქტებში (გაყინულ ფრთებში) კორონავირუსის აღმოჩენის ფაქტს გამოეხმაურა და ქართული მხარის საპასუხო ღონისძიებების მიმართ უკმაყოფილება გამოხატა (ჩიკვილაძის აღნიშნული განცხადება იმავე დღეს Facebook-ის სხვადასხვა გვერდებსა და ჯგუფებში გაზიარდა: ბმული 1, ბმული 2, ბმული 3).
ჩიკვილაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: „საქართველო ბრაზილიიდან ქათმის ხორცის იმპორტს ამ ეტაპზე მაინც არ შეზღუდავს, იმიტომ რომ, აი, ესაა მაგარი ღადავი: თურმე ნუ იტყვით, და “საქართველოში სურსათის იმპორტი ხორციელდება ევროკავშირის მიერ აღიარებული საწარმოებიდან(???), ასევე, იმ საწარმოებიდან, რომლებშიც სურსათის ეროვნული სააგენტოს ჩატარებული აქვს ინსპექტირება(???) …..არგუმენტებია ყინულმჭრელი ვერ გადახერხავს, ხომ?! და კიდევ იმიტომ არ შეიზღუდება, თურმე, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ბრაზილიიდან ქათმის ხორცის იმპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან შეტყობინება არ მიუღია(?????)… იქნებ მე მეშლება, მაგრამ ამას სახელად შემთხვევით კრეტინიზმის აპოთეოზი ხომ არ ქვია?!“
საკვები პროდუქტიდან კორონავირუსის გადადება არ დასტურდება
საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. სააგენტოს თანახმად, ჩინეთში, კერძოდ შენჟენში, ბრაზილიიდან იმპორტირებულ ქათმის ფრთებში მართლაც იქნა აღმოჩენილი კორონავირუსი, თუმცა ქათმის გაყინული ფრთებით (ისევე როგორც სხვა ნებისმიერი სასურსათო პროდუქტით) ადამიანების კორონავირუსით დაინფიცირების ფაქტები ამ ეტაპზე არ დასტურდება.
გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ „სურსათის ეროვნული სააგენტო ახალ კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს შესაბამის ორგანიზაციებთან და მუდმივად იღებს განახლებულ ინფორმაციას“. ამ ეტაპზე, სააგენტოს, საქართველოში ქათმის ხორცის იმპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით, შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან შეტყობინება არ მიუღია.
გამოცემა „როიტერსის“ ინფორმაციით, ჩინური მხარის მიერ ყველა ადამიანი დაიტესტა, ვისაც გაყინულ პროდუქტებთან შეხება ჰქონდა. არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. „როიტერსის“ თანახმად, კორონავირუსი ჩინეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ხიანში ეკვადორიდან იმპორტირებულ გაყინულ ზღვის პროდუქტებშიც აღმოაჩინეს. თუმცა ადამიანების ინფიცირების ფაქტი არც ამ შემთხვევაში დაფიქსირდა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, განმარტებები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამაც გააკეთა: „ამჟამად, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ საკვები პროდუქტებიდან, მათ შორის ხილისა და ბოსტნეულიდან, COVID-19-ით ადამიანების ინფიცირება ხდება. ახალი ხილი და ბოსტნეული ჯანსაღი კვების ნაწილია და მათი მოხმარება უნდა იყოს წახალისებული“.
უფრო ადრე, 24 ივნისს, სურსათიდან კორონავირუსით დაინფიცირების საფრთხეებზე აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს: „არ არსებობს იმის მეცნიერული მტკიცებულება, რომ ადამიანს კორონავირუსი საკვები პროდუქტის ან მისი შესაფუთი მასალებისგან გადაედოს“.
შესაბამისად, ჩიკვილაძის განცხადება საფუძველს მოკლებულია. საკვები პროდუქტიდან კორონავირუსის გადადება მეცნიერული კვლევებით არ დასტურდება.
პანდემიის დროს სურსათის ერთოვნული სააგენტო საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს ითვალისწინებს
ჩიკვილაძის კიდევ ერთი მტკიცება, თითქოს საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო საქართველოში შემოსული პროდუქციის უსაფრთხოებას მხოლოდ ევროკავშირის მიერ ამა თუ იმ კომპანიისა და საწარმოს აღიარების შესაბამისად განსაზღვრავს, არ შეესაბამება სიმართლეს. ევროკავშირის მიერ პროდუქტის უსაფრთხოდ აღიარება მართლაც იძლევა ამ პროდუქტის საქართველოში თავისუფლად იმპორტირების შესაძლებლობას, რადგან საქართველო აღიარებს ევროკავშირის დადგენილ უსაფრთხოების სტანდარტებს, თუმცა კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველო, პირველ რიგში, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანზიაციისა (WHO) და აშშ-ს ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის (NIAID) რეკომენდაციებს იზიარებს, რომლებსაც საკვები პროდუქტების იმპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯერჯერობით რეკომენდაცია არ გაუციათ.
მანიპულაცია კორონავირუსის საფრთხის ნიველირების შესახებ
ჩიკვილაძე მიმართვაში კორონავირუსისგან მომდინარე საფრთხეების რეალურობასაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. „ჩვენს ხელისუფლებას ხომ აშკარად სჯერა, რომ კორონა “მძვინვარებს”?! მსოფლიოში და კერძოდ კი საქართველოში?! მაშინ, რა აძლევს მას საფუძველს, რომ რიხიანად განაცხადოს: “საქართველო ბრაზილიიდან ქათმის ხორცის იმპორტს ამ ეტაპზე არ შეზღუდავს” და „პირადად მე მზად ვარ მივირთვა ეს ბარკლები და ვიცი რომ არაფერი მომივა. მაგრამ ხალხს რომ ატერორებთ, თქვე ოჯახაშენებულებო, დღე და ღამე, არიქააა….”კორონაი მოვა და შეგჭამთო”…მაშინ გაამყარეთ არგუმენტები და დაუსაბუთეთ ხალხს მართლაც არგუმენტირებულად და არა ისე, რა ნაჯღაბნიც მიუგდეთ, სირცხვილია ეს“.
მსოფლიო ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის ფონზე, როდესაც დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 19 მლნ-ს გადააჭარბა, 700 ათასზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა, მტკიცება, რომ კორონავირუსი არ არსებობს, ობიექტურ ფაქტებს ეწინააღმდეგება.
წყაროს შესახებ
კონსტანტინე ჩიკვილაძე და მასთან დაკავშირებული მედია ორგანიზაციები მკვეთრად ანტიდასავლური, პრორუსული, ქსენოფობიური და პოლარიზაციის ხელმშემწყობი განცხადებების გავრცელებით გამოირჩევიან. ჩიკვილაძე საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას ღიად ეწინააღმდეგება და რუსული ოკუპაციის ნიველირებას ცდილობს (მოითხოვდა ოკუპაციის მუზეუმი დახურვასაც).
კონსტანტინე ჩიკვილაძე 2019 წლის ოქტომბრიდან NewsFront-ის ქართული Facebook გვერდის ადმინისტრატორი იყო. პარალელურად, ის პრორუსული გამოცემა „საქართველო და მსოფლიოს“ გვერდის ადმინისტრატორადაც ფიქსირდებოდა. კონსტანტინე ჩიკვილაძის Facebook-ის პირადი ანგარიში, ისევე როგორც მასთან დაკავშირებული სხვა გვერდები და ყალბი ანგარიშები, Facebook-მა 2020 წლის აპრილის ბოლოს კოორდინირებული და არაავთენტური ქსელის გამოაშკარავების ფარგლებში წაშალა. [1] [2]
------------------------------------------------------------------------------------------------------
1. ვრცლად იხილეთ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ISFED-ის კვლევა.
2. კონსტანტინე ჩიკვილაძე და „ნიუსფრონტი“ ცდილობენ, არაავთენტური ქსელის აღდგენას და სხვადასხვა ანგარიშების გამოყენებით ინფორმაციის გავრცელებას, რაზეც მოკვლევა „ფაქტ-მეტრმა“ ჩაატარა (ამავე სტატიაში შეგიძლიათ, გაეცნოთ ინფორმაციას „ნიუსფრონტის“ ზოგადი საქმიანობისა და მასთან დაკავშირებული პირებისა და ორგანიზაციების შესახებ. იხილეთ: სტატია).