სატირა: ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინამ ადამიანების ნაწილში სუპერძალები განავითარა

ვერდიქტი: ვერდიქტის გარეშე

2021 წლის 13 მარტს საქართველომ AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზები მიიღო. ამავე დღეს სოციალურ ქსელ Facebook-ში სატირული შინაარსის ფოტო გავრცელდა, თითქოს ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინას გარკვეული უცნაური უკუჩვენება - სუპერძალები - აღმოაჩნდა.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატიის ფაბრიკაციას წარმოადგენს. ორიგინალი სტატია საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე 2021 წლის 13 მარტს, 12:52 სთ-ზე გამოქვეყნდა, სათაურით: „ეკატერინე ტიკარაძე - „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ხარისხსა და სანდოობასთან დაკავშირებით არანაირი კითხვა არ არსებობს“. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, თითოეულ ვაქცინას სერიული ნომერი აქვს მინიჭებული, საქართველოში შემოსული ვაქცინის სერიულ ნომერთან დაკავშირებით კი კითხვები არ არსებობს, ის სანდო და ხარისხიანია.

აღსანიშნავია, რომ მოცემული ფოტო, მასზე გამოხატული რეაქციებიდან გამომდინარე, მომხმარებელთა უმეტესობამ რეალურად არ აღიქვა. თუმცა, პოსტის აღწერაში არ ჩანს გაფრთხილება, რომ განცხადება სატირული ხასიათისაა და ამდენად, შესაძლოა, მკითხველისთვის შეცდომაში შემყვანი აღმოჩნდეს.

ცნობისთვის, საქართველომ AstraZeneca ვაქცინის პირველი პარტია - 43 200 დოზა მიიღო, რომელიც კორეის რესპუბლიკის მიერაა დამზადებული. ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდანაა დაგეგმილი, რომლის ფარგლებშიც თავდაპირველად სამედიცინო მუშაკები აიცრებიან.

უფრო მეტი AstraZeneca-ს ვაქცინის შესახებ შეგიძლიათ იხილოდ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.

კორონავირუსის ვაქცინების თემატიკაზე „ფაქტ-მეტრის“ მიერ მომზადებულ სხვა სტატიებს, შეგიძლიათ, გაეცნოთ აქ: ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4, ბმული 5.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები: