იტვირთება

დეზინფორმაცია და ყალბი ამბები თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიური განვითარების თანმდევ უარყოფით ასპექტს წარმოადგენს. ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც არსებობენ მედია სააგენტოები, რომლებიც მკითხველს ხშირად მიზანმიმართულად ატყუებენ. ამ მიმართულებით, აღსანიშნავია საქართველოში მოქმედი პრორუსული მედია პლატფორმები, რომლებიც უკვე წლებია, საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებენ და მუდმივად ცდილობენ ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მიმდინარე პროცესები საქართველოს მოქალაქეებს კრემლისთვის სასურველი პერსპექტივით დაანახონ.

გარდა პრორუსული პროპაგანდისა, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ დასავლეთის ქვეყნებშიც უსაფრთხოების ერთ-ერთ გამოწვევად იქცა, საინფორმაციო სივრცეში კორონავირუსის ირგვლივ გავრცელებული დეზინფორმაცია მსოფლიო ჯანდაცვისთვის თავად კორონავირუსზე არანაკლებ სახიფათო აღმოჩნდა. პანდემიასთან დაკავშირებით გავრცელებული დეზინფორმაციისა და არასწორი ინფორმაციის სიმრავლის გამო, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (ჯანმო) კორონავირუსთან ერთად, მის გარშემო არსებულ „ინფოდემიასთან“ ბრძოლაც გამოაცხადა. 2020 წლის 15 თებერვალს, ჯანმოს ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა მიუნხენის კონფერენციაზე განაცხადა, რომ ბრძოლა არა მხოლოდ კორონავირუსის, არამედ მასთან დაკავშირებული საინფორმაციო პანდემიის წინააღმდეგაც მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში ყალბი ამბები ინფექციაზე სწრაფად და უფრო ადვილადაც კი ვრცელდება.

კორონავირუსის პანდემიამ, მათ შორის საქართველოშიც, ის მავნე შედეგები კიდევ უფრო გამოაშკარავა, რაც დეზინფორმაციასა და ყალბ ამბებს შესაძლოა, მოჰყვეს. ცალკეული ცრუ სამედიცინო რჩევებისა თუ შეთქმულების თეორიების გარდა, რომლებმაც მოქალაქეების გარკვეულ ნაწილში კორონავირუსის პანდემიის არსებობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებიც კი გააჩინეს, 2020 წლის მეორე ნახევრიდან დეზინფორმატორები განსაკუთრებულ აქცენტს COVID-19-ის წინააღმდეგ შექმნილ და დამტკიცებულ ვაქცინებზე აკეთებენ. მათ შორის, მათ მიერ გავრცელებული არარეალური და არასამეცნიერო მტკიცებების შედეგად, საქართველოში მხოლოდ მოქალაქეთა ნახევარზე ნაკლები აცხადებს, რომ ვაქცინას გაიკეთებს, ეს კი იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მთავრობის COVID-19-ის ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, პანდემიის დასამარცხებლად 18 წელს ზემოთ მოსახლეობის მინიმუმ 60% უნდა აიცრას.

აღნიშნული გამოწვევები კიდევ უფრო ზრდის თითოეული მოქალაქის ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას, რომ არ გავხდეთ დეზინფორმაციის მსხვერპლი, არ ვენდოთ სოციალურ ქსელში თუ სხვადასხვა არასანდო მედია სააგენტოს მიერ გავრცელებულ მანიპულაციურ ინფორმაციას და ყოველთვის კრიტიკულად ვიყოთ განწყობილი იმ ამბების მიმართ, რომელთაც საინფორმაციო სივრცეში ვხვდებით.

„ფაქტ-მეტრის“ რედაქცია წლებია, რაც მკითხველს ყალბი ამბებისა და დეზინფორმაციის გამოვლენაში ეხმარება. ამჯერად, ჩვენს საქმიანობაზე დაყრდნობით, გიზიარებთ იმ მედია პლატფორმების ჩამონათვალს, რომლებსაც უნდა ერიდოთ, ან გადამოწმების გარეშე მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, არ დაიჯეროთ:

ნიუსფრონტი

„ნიუსფრონტის“ ქართული ოფისი ანექსირებული ყირიმიდან მართული News Front-ის ნაწილია და ქართულის გარდა კიდევ 8 ენაზე ოპერირებს. „News Front“-ი 2014 წელს დაარსდა. სხვადასხვა მედია ანგარიშის მიხედვით, ის რუსეთის უსაფრთხოების სამსახურისგან ფინანსდება. ISFED-ის ანგარიშის თანახმად, „ნიუსფრონტი“ რუსეთის ფედერაციის კომუნიკაციების მარეგულირებელი სააგენტოს „როსკომნადზორის“ ბრძანებით არის დაარსებული და მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყალბ ამბებსა და დეზინფორმაციას ავრცელებს. საერთაშორისო სიახლეების სექციაში ძირითადად ისეთი რუსული სახელმწიფო მედიების მასალა გვხვდება, როგორებიცაა: „Russia Today“, „სპუტნიკი“ და „RIA Novosti“.

„ნიუსფრონტის“ საქართველოს ოფისს არაერთხელ გაუვრცელებია დეზინფორმაცია და პროპაგანდა, მათ შორის, კორონავირუსის წარმოშობის, მისი გავრცელების გზებისა და საფრთხის, კორონავირუსის ტესტების, რუსული ვაქცინის, ლუგარის ლაბორატორიის, ევროკავშირის, „გრუს“ მიერ საქართველოზე გავრცელებული კიბერშეტევისა და დავით გარეჯის თემის, ნავალნის მოწამვლისა და სხვა საერთაშორისო საკითხების შესახებ. მისი Facebook-გვერდის ადმინისტრატორი კონსტანტინე ჩიკვილაძეა. ჩიკვილაძე წარსულში პრორუსული გაზეთის - „საქართველო და მსოფლიო“ – Facebook-გვერდსაც მართავდა. „ნიუსფრონტის“ ქართული ოფისის რედაქტორები შოთა აფხაიძე და გულბაათ რცხილაძე არიან. გულბაათ რცხილაძე „ევრაზიის ინსტიტუტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და თავმჯდომარეა. მისი ინტერვიუების მიხედვით, ის საქართველოს NATO-ში გაწევრიანებისკენ აღებულ კურსს ეწინააღმდეგება და მიიჩნევს, რომ საქართველოს რუსეთთან იდეალური ურთიერთობები უნდა ჰქონდეს. მისი აზრით, საქართველოს NATO-ში შესვლა ტერიტორიების სამუდამოდ დაკარგვას გამოიწვევს. რაც შეეხება შოთა აფხაიძეს, იგი 2010 წელს ტელეკომპანია „კავკასიაში“ „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა“ და „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ წევრებთან ერთად შეჭრის გამო დაიჭირეს და პატიმრობა მიუსაჯეს. შემდგომ იგი პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა და „ევრაზიის ინსტიტუტის“ პროექტების მენეჯერი გახდა. მან 2013 წელს ვლადიკავკაზში ვიზიტის დროს ბრიფინგებსა და ინტერვიუებში განაცხადა, რომ „2008 წლის აგვისტოში ადგილი ჰქონდა ოსი ხალხის გენოციდის მცდელობას სააკაშვილის მხრიდან“.

2020 წლის 30 აპრილს Facebook-მა „ნიუსფრონტის“ საერთაშორისო ქსელთან დაკავშირებული Facebook-გვერდები, ანგარიშები და ჯგუფები წაშალა. მათ შორის, „ნიუსფრონტის“ ქართული რედაქციის Facebook-გვერდიც წაიშალა. ISFED-ის ანგარიშის მიხედვით, „ნიუსფრონტის“ მასალას საქართველოში 12 არაავთენტური ანგარიში ავრცელებდა. თუმცა „ნიუსფრონტმა“ Facebook-ში აქტიურობას კვლავ განაგრძო (დეტალურად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში - „როგორ განაგრძობს საქმიანობას „ნიუსფრონტი“). Facebook-ის მკაცრი სანქციის შემდეგ „ნიუსფრონტი“ მასალებს Facebook-ზე georgie.su-ს დომეინით ავრცელებდა, მაგრამ ამ დროისთვის აღნიშნული ვებგვერდი მიუწვდომელია. ამჟამად, „ნიუსფრონტი“ მის სტატიებს Facebook-ზე saqinformbiuro.wordpress.com-ით ავრცელებს. თუმცა მოცემულ ვებგვერდზე სტატიების მხოლოდ დასაწყისია მოცემული და შემდგომ „განაგრძეთ კითხვა“-ს მკითხველი „ნიუსფრონტის“ ვებგვერდზე (ge.news-front.info) გადაჰყავს.

გამოცემის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციასა და პროპაგანდას შეგიძლიათ გაეცნოთ „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ (GRASS) „დეზინფომეტრის“ ანგარიშებში.

საქართველო და მსოფლიო

გაზეთს „საქართველო და მსოფლიო“ გამოსცემს ორგანიზაცია „ისტორიული მემკვიდრეობა“, რომლის საბჭოს წევრიც ალექსანდრე ჭაჭიაა. იგი რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა 2008 წლის ივლისში „რუსეთის ფედერაციასთან მეგობრობისა და თანამშრომლობის სფეროში შეტანილი დიდი წვლილის გამო“ ორდენით დააჯილდოვა. გაზეთი მკვეთრად პრორუსული სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა. რედაქცია მხარს უჭერს „პატრიოტთა ალიანსის“ ცრუ ნეიტრალიტეტის ინიციატივას, საქართველოს დასავლელი პარტნიორების, NATO-სა და ევროკავშირის შესახებ დეზინფორმაციას კამპანიურად ავრცელებს და რუსეთის საგარეო პოლიტიკის გამართლებას ცდილობს. „საქართველო და მსოფლიო“ არაერთხელ ყოფილა შემჩნეული ყალბი ამბებისა და პროპაგანდის გავრცელებაში, მაგალითად „გრუს“ მიერ საქართველოზე გავრცელებული კიბერშეტევის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, რუსული ვაქცინის, დასავლეთის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარების, ანაკლიის პორტის, აშშ-საქართველოს ურთიერთობების, ამერიკის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტისა და მეორე მსოფლიო ომის შესახებ.

გამოცემის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციასა და პროპაგანდას შეგიძლიათ გაეცნოთ „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ (GRASS) „დეზინფომეტრის“ ანგარიშებში.

საქინფორმი

პრორუსული გამოცემა „საქინფორმის“ (Saqinform.ge) დომეინს ფლობს პრორუსული ორგანიზაცია შპს „ისტორიული მემკვიდრეობა“, რომლის საკუთრებაშიცაა „საქართველო და მსოფლიო“. გამოცემის რედაქტორს, არნო ხიდირბეგიშვილს ყალბი ამბები არაერთხელ გაუვრცელებია. ის გამოირჩევა ღიად პრორუსული პოზიციებითა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის დისკრედიტაციით, ყარსის ხელშეკრულებაზე მცდარი აქცენტებით, ანაკლიის პორტის კრიტიკით. „საქინფორმი“ გრუ-ს მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით ოფიციალური მოსკოვის ნარატივებს ავრცელებდა. „საქინფორმმა“ პრორუსული პროპაგანდის გავრცელებისთვის კორონავირუსის საკითხიც აქტიურად გამოიყენა. ასევე პროპაგანდას რუსული ვაქცინის შესახებ ავრცელებდა და მის საქართველოში შემოტანას ვაქცინის სათანადო ტესტირებამდე ითხოვდა. აღსანიშნავია, რომ ხიდირბეგიშვილის სტატიები ისეთ ანტიდასავლურ რუსულ ინტერნეტ-პორტალებზე ქვეყნდება, როგორებიცაა: regnum.ru, sputniknews.ru-ს ქართული გამოცემა sputnik-georgia.ru.

გამოცემის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციასა და პროპაგანდას შეგიძლიათ გაეცნოთ „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ (GRASS) „დეზინფომეტრის“ ანგარიშებში.

სპუტნიკი

„სპუტნიკი“ რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია. ის მსოფლიოს მასშტაბით 2014 წლიდან ფუნქციონირებს. „სპუტნიკი“ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტისა“ და რადიო „რუსეთის ხმის“ უცხოენოვანი სამსახურია, ხოლო მისი ხელმძღვანელი დიმიტრი კისილიოვია. „სპუტნიკი“ სხვადასხვა ქვეყნიდან მართავს საკუთარ საიტს და ადგილობრივი რადიოსადგურებიდან მაუწყებლობს. „სპუტნიკის“ ქართული რედაქციის ოფისში განთავსებულია „Россия сегодня“-ს (ყოფილი რია ნოვისტის) პრესცენტრიც. აღნიშნულ პრესცენტრში პრესკონფერენციები ჩაატარეს „მრავალეროვანი საქართველოს ანტიფაშისტურმა კოალიციამ“ (რევაზ გოგიძე და გენერალი ტრისტან წითელაშვილი), „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკურმა მოძრაობამ“, „ევრაზიის ინსტიტუტის“ თანამშრომელმა შოთა აფხაიძემ, რომელიც ამჟამად „ნიუსფრონტის“ რედაქტორია.

საქართველოში „სპუტნიკის“ სამი რედაქციაა: სპუტნიკ-საქართველო, სპუტნიკ-აფხაზეთი და სპუტნიკ-სამხრეთ ოსეთი. „სპუტნიკ-სამხრეთ ოსეთი“ დეზინფორმაციას განსაკუთრებით 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ავრცელებს და აგრეთვე, ხშირად იმეორებს ყალბ ნარატივს, თითქოს 1920 წელს საქართველომ ოსების გენოციდი განახორციელა. ამასთან, აღნიშნული წყაროები საქართველოს აგრესორად, ხოლო რუსეთის პოზიტიურად წარმოჩენას ცდილობენ, რასაც ანტიდასავლური, განსაკუთრებით კი NATO-ს საწინააღმდეგო მესიჯები ემატება. ბოლო პერიოდში მათ პროპაგანდა/დეზინფორმაცია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებული საქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გაავრცელეს. რაც შეეხება „სპუტნიკის“ ქართულ რედაქციას, ის „სპუტნიკ-აფხაზეთისა“ და „სპუტნიკ-სამხრეთ ოსეთის“ მსგავსი ხისტი და პირდაპირ პრორუსული მესიჯების გავრცელებას ერიდება, რათა ქართულ აუდიტორიაში ნდობა მოიპოვოს. თუმცა პერიოდულად „სპუტნიკ-საქართველოც“ არის შემჩნეული ყალბი ამბებისა და პროპაგანდის გავრცელებაში, მაგალითად „გრუს“ მიერ საქართველოზე გავრცელებული კიბერშეტევისა და რუსული ვაქცინის შესახებ.

„სპუტნიკის“ მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას გაეცნოთ „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ (GRASS) „დეზინფომეტრის“ ანგარიშებში.

ალტ-ინფო

ISFED-ის ანგარიშის თანახმად, შპს „ალტ-ინფო“ 2019 წლის 28 იანვარს დარეგისტრირდა და მისი დირექტორი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიხედვით, შოთა მარტინენკოა. კომპანიის 50-50%-იან წილებს შოთა მარტინენკო და ციალა მორგოშია ფლობენ. „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული კიდევ ერთი ორგანიზაცია ა(ა)იპ „ალტერნატივა საქართველოსთვის“, 2019 წლის 30 იანვარს დარეგისტრირდა. ორგანიზაციას, მათივე განცხადებით, კონსტანტინე მორგოშია აფინანსებს, რომელიც 2016 წელს „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ მცხეთის მაჟორიტარ კანდიდატად იყო წარდგენილი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ თანახმად, იგი აქტიურად იყო ჩართული „ქართული მარშის“ მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციებში და 2018 წელს, დაფუძნებული „ეროვნულ ძალთა შეთანხმების“ წევრი გახლდათ, სადაც ასევე შედიოდა მაგალითად, საქართველოში მოქმედი ღიად პრორუსული ორგანიზაციის - „ე.მ. პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

ალტ-ინფო მკვეთრად ულტრამემარჯვენე იდეოლოგიის მხარდაჭერით გამოირჩევა. ატლანტიკური საბჭოს ციფრული ლაბორატორიის თანახმად, „ალტ-ინფო“ მუდმივად ესხმის თავს დასავლურ ღირებულებებს და დასავლეთს წარმოაჩენს არასტაბილურობის სივრცედ, რითიც ცდილობს, საქართველოს მოქალაქეების შეხედულებებზე და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე გავლენა მოახდინოს. „ალტ-ინფო“ რამდენიმე პლატფორმაზეა წარმოდგენილი: ის მაუწყებლობს სატელევიზიო სიხშირით, აქვს YouTube-ის არხი, Facebook-გვერდი და ფლობს ვებგვერდსაც, სადაც დასავლეთში არსებულ ულტრამემარჯვენე პროპაგანდისტული ვებგვერდების მიერ გავრცელებული ცნობებიც ქვეყნდება. მის ძირითად წყაროებს წარმოადგენენ: Breitbart, Infowars, World News Daily Report და სხვ. „ალტ-ინფოს“ გადაცემების სტუმრები ყოფილან ისეთი რესპონდენტები, როგორებიცაა: ალექსანდრე დუგინი და იოსებ კედმი, რომლებიც მთელს მსოფლიოში პრორუსული პროპაგანდისტული წყაროების მთავარ სახეებსა და საექსპერტო დასაყრდენს წარმოადგენენ.

2020 წლის ოქტომბერში Facebook-მა საკუთარი პლატფორმიდან „ალტ-ინფო“ არაავთენტური და კოორდინირებული ქცევის გამო დაბლოკა. „ალტ-ინფოსა“ და მასთან დაკავშირებულ გვერდებს ყალბი ამბები და მანიპულაციები არაერთხელ გაუვრცელებია, მაგალითად ბავშვის უფლებათა კოდექსის შესახებ, 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ, 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსული კვალის არარსებობის შესახებ, ევროპაში მიგრანტების საკითხთან დაკავშირებით, მარიხუანის ლეგალიზაციით გამოწვეული შედეგების შესახებ, ირლანდიაში აბორტთან დაკავშირებით რეფერენდუმის დროს Facebook-ის პოლიტიკასთან დაკავშირებით და ა.შ.

„ალტ-ინფოს“ მიერ გავრცელებულ დეზინფორმაცია/პროპაგანდას შეგიძლიათ გაეცნოთ „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ (GRASS) „დეზინფომეტრის“ ანგარიშებში.

ტელეკომპანია „ობიექტივი“

მედიაკავშირი „ობიექტივი“ 2010 წლის აგვისტოში დაფუძნდა. დამფუძნებელთა შორის პოლიტიკური გაერთიანება „პატრიოტთა ალიანსის“ ამჟამინდელი გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი იყო, რომელიც ტელეკომპანიის მმართველობაში 2014 წლიდან აღარ ფიგურირებს. „ობიექტივის“ მაუწყებლობა სატელევიზიო სიხშირის გარდა, რადიო სიხშირით და ინტერნეტით ხორციელდება. საქართველოს პარლამენტის ანგარიშის „საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის გაძლიერება ქვეყანაში ანტიდასავლური დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მიმართ“ თანახმად, ტელეკომპანია „ობიექტივი“ სარედაქციო პოლიტიკა ანტიდასავლურია. ტელეკომპანიის წამყვანები, ასევე გადაცემების სტუმრები საქართველოს პროდასავლურ საგარეო პოლიტიკურ კურსს ქვეყნის საზიანოდ წარმოაჩენენ. ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ერთად, ტელეკომპანია აქტიურად ჩაერთო კორონავირუსის შესახებ სხვადასხვა ტიპის ყალბი ამბისა და დეზინფორმაციის გავრცელებაში. მათი გადაცემების სტუმრებად გვევლინებიან ადამიანები, რომლებიც კორონავირუსის ვაქცინებზე არასამეცნიერო მტკიცებით ცდილობენ მაყურებლების შეცდომაში შეყვანას. დეტალურად, იხილეთ FactCheck.ge-ზე.

თვალსაზრისი

„თვალსაზრისი“ ონლაინ მედია სააგენტოა. სააგენტოს Facebook-გვერდი 2019 წლის 2 მაისს არის რეგისტრირებული. სააგენტო გამოირჩევა მკვეთრად ანტიდასავლურ და პრორუსული სარედაქციო პოლიტიკით. 2020 წლის განმავლობაში „თვალსაზრისი“ სხვა პრორუსულ გამოცემებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული აშშ-ის, NATO-სა და ევროკავშირის მადისკრედიტირებელ კამპანიებში, რომლის ფარგლებშიც დეზინფორმაციული და მანიპულაციური შინაარსის მასალას ავრცელებდა. პანდემიის კონტექსტში, „თვალსაზრისი“ ასევე აქტიურად აქვეყნებს COVID-19-ის ირგვლივ არსებულ ყალბ ამბებსა და შეთქმულების თეორიებს.

დეტალურად, „თვალსაზრისის“ მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას გაეცნოთ FactCheck.ge-ზე და „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ (GRASS) „დეზინფომეტრის“ ანგარიშებში.

TVM.GE

Tvm.ge-ის „ჩვენ შესახებ“ სექციაში ვკითხულობთ, რომ ის ინტერნეტ ბაზარზე 2013 წელს გამოჩნდა (https://whois.domaintools.com-ის მიხედვით, ვებგვერდი 2015 წელსაა შექმნილი) და „აშუქებს საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს როგორც ტექსტურ, ასევე ვიდეო ფორმატში“. ვებგვერდს არაერთხელ გამოუქვეყნებია ანტიდასავლური და დეზინფორმაციული სახის მასალები ისეთი პრორუსული გამოცემებიდან, როგორებიცაა „საქართველო და მსოფლიო“, „ნიუსფრონტი“, „საქინფორმი“. მაგალითად, tvm.ge-მ გამოაქვეყნა „ნიუსფრონტის“ სტატია, სადაც მოცემული იყო მტკიცება, რომ კორონავირუსი ჩინეთში არ წარმოშობილა და ალტერნატიული წარმოშობის ადგილად ლუგარის ლაბორატორიაზე მიანიშნებდა. ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით შეთქმულების თეორიებსა და ყალბ ამბებს რუსულ მედიაზე დაყრდნობითაც ავრცელებდა და მის დახურვას ითხოვდა. ასევე, tvm.ge აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების შესახებაც ავრცელებდა ყალბ ამბებს. გარდა პრორუსული და ანტიდასავლური გამოცემების კოპირებისა, tvm.ge კორონავირუსთან, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებთან და მსგავს საკითხებზე უამრავ ყალბ ამბავსა და შეთქმულების თეორიას ავრცელებს, მათ შორის, პირდაპირ უარყოფდა კორონავირუსის არსებობას.

tvm.ge-ის გავრცელებული დეზინფორმაცია/პროპაგანდის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) ანგარიშებში - „დეზინფომეტრი“.

Isari.ge

Isari.ge 2013 წელს შექმნილი ვებგვერდია, რომელიც მიზნად ანალიტიკური მასალების გავრცელებას ისახავს. ის გამოირჩევა პრორუსული სარედაქციო პოლიტიკითა და ანტიდასავლური მესიჯებით. isari.ge-ის მიხედვით, აღნიშნული პროექტის ხელმძღვანელი 1999-2004 წლებში საარჩევნო ბლოკ „საქართველოს აღორძინების“ პარტიული სიით საქართველოს პარლამენტის წევრი ჰამლეტ ჭიპაშვილია, ხოლო პროექტში ჩართული სხვა წევრები ობიექტივის წამყვანი და ცნობილი პრორუსი პროპაგანდისტი ვალერი კვარაცხელია, ირინა ჯორბენაძე და თამაზ ახალაძე არიან.

Isari.ge დაკავშირებულია პრორუსულ გაზეთ „საქართველო და მსოფლიოსთან“ და თავის საიტზე „საქართველო და მსოფლიოს“ სტატიებს ათავსებს. ასევე, ჰამლეტ ჭიპაშვილის კომენტარები ქვეყნდება და შუქდება „ობიექტივზე“, „ნიუსფრონტზე“, „საქინფორმზე“, „რეპორტიორზე“ და კიდევ ერთ ანტიდასავლურ გამოცემა „ივერიონზე“. გარდა აღნიშნული გამოცემებისა, damoukidebloba.com-ის ანგარიშის თანახმად, ჰამლეტ ჭიპაშვილი „სახალხო მოძრაობა ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისთვის“ (georus.org) გამგეობის წევრია. „სახალხო მოძრაობა ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისათვის“ წარმოადგენს პრორუსული „ევრაზიის ინსტიტუტის“ პროექტს, რომლის თავმჯდომარე გულბაათ რცხილაძე, ხოლო პროექტების მენეჯერი შოთა აფხაიძეა, რომლებიც „ნიუსფრონტის“ რედაქტორები იყვნენ და/ან არიან. ჰამლეტ ჭიპაშვილი აგრეთვე მონაწილეობდა პრორუსული ორგანიზაცია „ისტორიული მემკვიდრეობის“ (გამოსცემს პრორუსულ გაზეთს „საქართველო და მსოფლიო“; გამგეობის წევრი - ალექსანდრე ჭაჭია) ორგანიზებულ კონფერენციაში. Isari.ge-ის ვებგვერდზე ასევე ქვეყნდება ვიდეოები რუსული პროპაგანდისტული ტელეარხებიდან და რუსული [პროპაგანდისტული] პრესის დაიჯესტი, მაგალითად მასალები გამოცემებიდან - russian.rt.com, regnum.ru, TVC.ru, svpressa.ru, inosmi.ru, vz.ru, iran.ru, fondsk.ru, rosbalt.ru და ა.შ.

Facebook-გვერდი „პოლიტიკანო“

Facebook-გვერდი „Politicano • პოლიტიკანო“, მისივე აღწერის მიხედვით, არის „ანტიკაპიტალისტური, ევროსკეპტიკური მემარცხენე ფილოსოფიის პოლიტიკურ-ეკონომიკური პორტალი“, რომელსაც 25 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. მას პრორუსი აქტივისტი - გიორგი მდივანი - მართავს. Facebook-გვერდის ღონისძიებების სექციიდან ვიგებთ, რომ მას სამი ღონისძიება აქვს გამართული 2015, 2016 და 2017 წლებში, მათ შორის, პირველი ორი ღონისძიება პრიმაკოვის სახელობის „ქართულ-რუსულ საზოგადოებრივ ცენტრში“ (ხელმძღვანელი - დიმიტრი ლორთქიფანიძე) გაიმართა. Damoukidebloba.com-ის ანგარიშის თანახმად, გიორგი მდივანი პრორუსული „ევრაზიული ინსტიტუტის“ ინიციატივით 2013 წელს დაარსებული „ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბის“ წევრი და დამფუძნებელია. ერთ-ერთ ღონისძიებაში გიორგი მდივანი რუს ჟურნალისტ მაქსიმ შევჩენკოსთან ერთად მონაწილეობდა, რომელიც აფხაზეთისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარებას ითხოვდა და სხვა პრორუსული და ანტიდასავლური მესიჯების გავრცელებით გამოირჩევა. იგი 2020 წლის 30 იანვარს გაზეთ „საქართველო და მსოფლიოს“ რედაქციის ოფისში არასამთავრობო ორგანიზაცია „ისტორიული მემკვიდრეობის“ ინიციატივით გამართულ დისკუსიაში - „რა გვჭირს, რატომ გვჭირს და რა გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას“ იღებდა მონაწილეობას, სადაც პრორუსი აქტივისტები იყვნენ შეკრებილი. აღნიშნულ დისკუსიაში გიორგი მდივანმა თავისი გამოსვლა NATO-ს, კაპიტალიზმისა და ლიბერალიზმის კრიტიკას დაუთმო. აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „ისტორიული მემკვიდრეობა“ გამოსცემს პრორუსულ გაზეთს „საქართველო და მსოფლიო“. ორგანიზაციის საზოგადოებრივი საბჭოს წევრია ალექსანდრე ჭაჭია. იგი „რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „მეგობრობის განმტკიცებისა და რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობისთვის, მეცნიერული და კულტურული კავშირების განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის“ ღირსების ორდენით დააჯილდოვა“. გიორგი მდივნის ინტერვიუები ქვეყნდება პრორუსულ გამოცემებში - „საქართველო და მსოფლიო“ და „ნიუსფრონტი

„პოლიტიკანო“ რადიკალური მემარცხენე და ანტიკაპიტალისტური პროპაგანდის გარდა, ევროკავშირის, NATO-სა და ზოგადად დასავლეთის დისკრედიტაციის კამპანიებშიც, მათ შორის პანდემიის კონტექსტში, არის ჩართული და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის წინააღმდეგ გამოდის. ასევე, საბჭოთა წარსულის განდიდებასაც ეწევა და 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ პრორუსულ პროპაგანდას ავრცელებს.

Facebook-გვერდი „სტალინი“

Facebook-გვერდი „სტალინი“ ყალბი ამბებისა და დეზინფორმაციის ხშირი გამავრცელებელია. Facebook-გვერდი „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ (GRASS) ანგარიშებში - „დეზინფომეტრი” - მოხვდა, როგორც ანტიდასავლური და პრორუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გამავრცელებელი წყარო. კონკრეტულად, კი აღნიშნული გვერდი ევროკავშირის, NATO-ს, აშშ-ის საწინააღმდეგო მესიჯებს, რუსეთის მხარდამჭერ პროპაგანდას, ანტითურქულ დეზინფორმაციულ მესიჯებს, სტალინის კულტისა და საბჭოთა წარსული განმადიდებელ ნარატივებს ავრცელებს. ხშირად აქვეყნებს ისეთი პრორუსული და ანტიდასავლური გამოცემების მასალებს, როგორებიცაა: „საქართველო და მსოფლიო“, „ნიუსფრონტი“, „საქინფორმი“, „თვალსაზრისი“, tvm.ge. ასევე, „საქართველოს რეფორმების ასოციაციასთან“ (GRASS) და „მედიის განვითარების ფონდთან“ (MDF) თანამშრომლობით, პარტნიორობა ღია ინფორმაციისათვის (OIP) მიერ გამოქვეყნებულ 2020 წლის აპრილ-ივნისის პერიოდში საქართველოში COVID-19-ის გარშემო გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ ანგარიშში Facebook-გვერდი „სტალინი“ კორონავირუსთან დაკავშირებით დეზინფორმაციის ერთ-ერთ მთავარ წყაროდაა დასახელებული. ის დღემდე ავრცელებს კორონავირუსთან დაკავშირებულ ყალბ ამბებსა და შეთქმულების თეორიებს და ამ მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წყაროა.

კორონავირუსთან დაკავშირებით ყალბი ამბებისა და შეთქმულებების თეორიების გავრცელებაში მრავალი Facebook-ჯგუფი და პროფილია ჩართული, მათ შორის აღსანიშნავია ჯგუფები: კოვიდ-ფაშიზმის საწინაამღდეგო მოძრაობა; ანტი-მასონობა. „ანტიქრისტეს“ ახალი მსოფლიო წესრიგი (NWO); ანტი-ეკუმენიზმი; ახალი მსოფლიო წესრიგი და კორონა აფიორა! საერთო სახალხო მოძრაობა ქართველი ერის გადარჩენისთვის! კორონამაფია და საქართველო როგორც საექსპერიმენტო ქვეყანა; კორონა მაფია; შევაჩეროთ 5G საქართველოში; და პროფილები: ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები; შორე შანიძე; Lasha Modebadze; Nona Agdgomelashvili; Nina Marji; Koba Kuprashvili; Khatuna Saginashvili; Leri Kurdadze; Linda Linda; დავით გიორგობიანი; დათო სალუქვაძე; Ninka Ratishvili; Khatuna Shengelia; Maka Karchauli; Mano beridze; Daji Mamulashvili; Beqa Ninua.

უფრო ვრცლად გამოცემებისა და ანგარიშების შესახებ, რომლებიც დეზინფორმაციას ავრცელებენ, თვალი ადევნეთ „ფაქტ-მეტრის“ ვებგვერდს!

თეგები:

მსგავსი სიახლეები

2847 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
26%
მეტწილად სიმართლე
14%
ყალბი ამბავი
13%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი