ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს მსოფლიოში დეზინფორმაციის ფართო ტალღა მოჰყვა. გამონაკლისი არც საქართველოა. დეზინფორმაცია, როგორც წესი, შედეგების დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. ასე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატების არმიამ სპეცოპერაციის შედეგად ხელში ჩაიგდო აშშ-ის არჩევნების ელექტრონული სერვერი, რომელიც გერმანიის ქ. ფრანკფურტში იყო განთავსებული. დომინიონის სერვერს ესპანური კომპანია Scytl ემსახურებოდა, რომელიც ჯორჯ სოროსის და პოლ ალენის მიერ ფინანსდება, ხოლო მისი აქციონერი - ბილ გეითსია. ეს ინფორმაცია 14 ნოემბერს ონლაინ გამოცემა „თვალსაზრისმა“ გაავრცელა. იდენტური შინაარსის მქონე პოსტი საკუთარ გვერდზე Facebook-მომხმარებელმაც გამოაქვეყნა.

მოცემული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და დეზინფორმაციაა.

გავრცელებული დეზინფორმაციის თანახმად: „ტრამპის ადმინისტრაციამ უკვე დაადგინა, რომ აშშ-ის არჩევნების ელექტრონული სისტემების სერვერი, გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში ყოფილა განთავსებული!.. აღმოჩნდა, რომ ესპანური კომპანია “Scytl”-ი, რომელიც ხსენებულ სერვერს დომინიონს ემსახურებოდა, ჯორჯ სოროსისა და Microsoft-ის თანამფლობელის, პოლ ალენის შვილობილი კომპანიის Vulcan Capital მიერ დაფინანსდა 40 მლნ დოლარით, ხოლო კომპანიის ერთ-ერთი მთავარი აქციონერი გახლავთ ბილ გეითსი. ასევე დადგინდა, რომ ზემოხსენებულ სინდიკატს უშუალო კავშირი ჰქონდა ჯო ბაიდენისა და აშშ-ს დემოკრატიულ პარტიის საარჩევნო შტაბთან“.

აღნიშნული დეზინფორმაციის გავრცელება რესპუბლიკელი ლუი გომერტის საუბარსა და მის ინტერვიუს NEWSMAX-თან მოჰყვა. გომერტმა აღნიშნა, რომ, მისი ინფორმაციით, გერმანიაში გერმანულ ენაზე ტვიტი გავრცელდა, რომელიც ამბობდა, რომ „აშშ-ის არმიამ ხელში ჩაიგდო ფრანკფურტში განთავსებული Scytl-ის სერვერები“.

მოგვიანებით, აღნიშნულს ჯორჯ პაპადოპულოსი, საგარეო საკითხებში დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი გამოეხმაურა, რომელიც 2016 წლის კამპანიაში გამოძიებების ფედერალური ბიუროსათვის რუსეთთან კავშირების შესახებ ტყუილის გამო ციხეში იჯდა. პაპადოპულოსმა, მისი თქმით გომერტის განცხადებებზე დაყრდნობით, სოციალურ ქსელ Twitter-ში გააზიარა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც „ამერიკის არმიამ Dominion-ის სერვერები გერმანიაში ხელში ჩაიგდო“. აღსანიშნავია, რომ გომერტმა განცხადება Scytl-ზე გააკეთა და არა Dominion-ზე, როგორც ამას პაპადოპულოსი ტვიტში ახსენებს. თავად გომერტმა, ისიც განაცხადა, რომ მან რეალური ინფორმაცია არ იცის და მხოლოდ სხვისგან მოწოდებულ ინფორმაცია გააჟღერა.

14 ნოემბერს, ინფორმაცია, რომ „აშშ-ის არმიამ გერმანიაში დომინიონის სერვერი ხელთ იგდო“ The Geller Report-მა გაავრცელა. Media Bias/FactCheck-ის მიხედვით ეს გამოცემა ყალბ ამბებსა და კონსპირაციულ თეორიებს ავრცელებს.

Dominion Voting System (Dominion) - კომპანიაა, რომელიც საარჩევნო ტექნოლოგიის მიწოდებას უზრუნველყოფს. Dominion-ის ხსენებამ შემდგომ ტვიტებში დეზინფორმაციის ახალი ტალღა გამოიწვია, რომელიც Dominion-სა და Scytl-ს ერთმანეთთან აკავშირებდა. თუმცა ორივე კომპანიამ მოგვიანებით აღნიშნა, რომ ერთმანეთთან კავშირი არ აქვთ.

Scytl-ი, სათაო ოფისით ბარსელონაში, აშშ-ისთვის არჩევნების მოდერნიზაციის პროექტებზე მუშაობს, რაც მათ შორის არჩევნებში ჩართული პერსონალის ონლაინ ტრენინგს, ელექტრონული ბიულეტენების ამომრჩევლებისთვის მიწოდებაზე, რეალურ დროში არჩევნების შედეგების ვიზუალიზაციაში, გულისხმობს. Scylt-ის ვებგვერდის თანახმად, კომპანიას მსოფლიოს გარშემო 8 ოფისი აქვს, თუმცა გერმანიაში არც ერთია. ამდენად, გავრცელებული დეზინფორმაცია, რომლის თანახმადაც ამერიკის არმიამ გერმანიაში Scytl-ის სერვერები ხელში ჩაიგდო, აბსურდულია.

Scytl-მა, კომპანიამ, რომელსაც არჩევნების გაყალბების თანამონაწილეობაში ბრალს სდებენ, განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ვკითხულობთ:

• Scytl-ის სათაო ოფისი არ მდებარეობს გერმანიაში;

• ამერიკელ სამხედროებს ან დაზვერვას ხელში არ ჩაუგდია სერვერები;

• ამერიკული ხმების გადათვლის შესახებ ინფორმაცია არ არის განლაგებული არც ერთ სერვერზე, რომელიც აშშ-ის გარეთ მდებარეობს;

• Scytl-ი არ არის დაკავშირებული Dominion-თან, ჯორჯ სოროსთან ან/და რუსეთთან.

Associated Press, ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციამ აღნიშნული დეზინფორმაცია შეისწავლა. ორგანიზაცია აშშ-ის არმიის წარმომადგენლებს დაუკავშირდა. Associated Press-ის თანახმად, კითხვაზე, მიიღო თუ არა არმიამ გერმანიაში ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა, არმიის სპიკერმა განაცხადა, რომ „ეს არის ყალბი ბრალდება“.

რაც შეეხება ინფორმაციას Scytl-ის ინვესტორების შესახებ, Vulcan Capital-ს რიგ სხვა კომპანიებთან ერთად Scytl-ს აფინანსებს. ეს ინფორმაცია მათ ვებგვერდზე გამჭვირვალე და ხელმისაწვდომია.

შესაბამისად, ქართული წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ყალბ და გადაუმოწმებელ ფაქტებს ემყარება და სიმართლეს არ შეესაბამება.

აშშ-ის არჩევნებზე გავრცელებულ დეზინფორმაციაზე „ფაქტ-მეტრი“ აქამდეც წერდა.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი