კორონავირუსის პანდემიის დაწყებასთან ერთად, საინფორმაციო სივრცეში გავრცელებული დეზინფორმაციისა და არასწორი ინფორმაციის სიმრავლის გამო, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (ჯანმო) „ინფოდემიასთან“ ბრძოლა გამოაცხადა. 2020 წლის 15 თებერვალს, ჯანმოს ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა მიუნხენის კონფერენციაზე განაცხადა, რომ ბრძოლა არა მხოლოდ კორონავირუსის, არამედ მასთან დაკავშირებული საინფორმაციო პანდემიის წინააღმდეგაც მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში ყალბი ამბები ინფექციაზე სწრაფად და უფრო ადვილადაც კი ვრცელდება.

კორონავირუსის პანდემიის ფონზეც კი რუსეთი ერთი-ერთი მთავარი აქტორია, რომელიც დეზინფორმაციას დასავლეთის დემოკრატიულ საზოგადოებებში დაბნეულობისა და მათი შეცდომაში შეყვანის მიზნით იყენებს. ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კრემლი დეზინფორმაციის გავრცელებაში ოფიციალურად დაადანაშაულეს.

პანდემიის კონტექსტში გავრცელებულმა დეზინფორმაციამ საინფორმაციო ომის მავნე შედეგები აშკარად გამოაჩინა. BBC-ის თანახმად, ქლოროქინის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებული მანიპულაციური ამბების შედეგად, ნიგერიასა და ვიეტნამში პრეპარატის თვითნებური და გადაჭარბებული დოზით მიღების გამო, მოქალაქეები კლინიკაში მოხვდნენ. ამერიკის შეერთებულ შტატებში სადეზინფექციო საშუალებების დალევის შედეგად მრავალი ადამიანი დაავადდა. გარდა ამისა, მათ შორის დეზინფორმაციის გავლენით, ადამიანებმა კორონავირუსის წინააღმდეგ ალკოჰოლით თვითმკურნალობა სცადეს.

კორონავირუსის თემაზე გავრცელებული დეზინფორმაციისა და მანიპულაციური ინფორმაციის კუთხით გამონაკლისი არც საქართველო ყოფილა. საქართველოს მოქალაქეების აზრით , პრორუსული დეზინფორმაცია მანიპულირებას მრავალი გზით ცდილობდა. ინფექციისგან თავდაცვის შესახებ მავნე რეკომენდაციები, კონსპირაციები ვირუსის წარმომავლობასთან დაკავშირებით, მითები ჯერ შეუქმნელ ვაქცინაზე და სხვა, საქართველოშიც აქტიურად ვრცელდებოდა. განზრახ (კრემლის მიერ მხარდაჭერილმა) თუ შემთხვევით გავრცელებულმა დეზინფორმაციულმა მესიჯებმა საქართველოშიც აშკარა და მავნე შედეგები გამოავლინა. დეზინფორმაციის გავლენების საილუსტრაციოდ რამდენიმე მაგალითს გთავაზობთ:

ყალბი ამბავი „ცხელი წყალი - როგორც კორონავირუსის საწინააღმდეგო საშუალება“ და თვითდაზიანებული პაციენტები

მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც ყალბი ამბავი გავრცელდა, რომელიც მოქალაქეებს ცხელი წყლის დალევისკენ მოუწოდებდა. გარდა სოციალურ ქსელში გამოჩენისა, აღნიშნული მანიპულაცია საქართველოში სატელევიზიო საშუალებითაც გავრცელდა. აპრილში დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განაცხადა, რომ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, როცა მოქალაქეებმა კორონავირუსთან საბრძოლველად მდუღარე წყალი დალიეს და შედეგად დამწვრობა მიიღეს. მტკიცება, რომ ცხელი წყალი ვირუსით დაინფიცირებას ამცირებს, მეცნიერულ საფუძველს მოკლებულია, თუმცა დეზინფორმაციამ მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა შეძლო.

დეზინფორმაცია და წითელ ზონად გამოცხადებული სოფელი ყარაჯარალი

დეზინფორმაცია ახალი კორონავისურის არარსებობის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მანიპულაციაა, რომელიც ქართულ საინფორმაციო სივრცეში ხშირად ჩნდება: „არ არსებობს კორონავირუსი, არ არსებობს პანდემია“. „ჯანმოს ეპიდემიოლოგის სკანდალური აღსარება - ეპიდემია არ არსებობს“... (იხილეთ ბმული 1; ბმული 2). მსგავს დეზინფორმაციას ღიად პრორუსული გამოცემებიც (მაგალითად, „ნიუსფრონტი“[1] ) ავრცელებენ და მკითხველის ვირუსის არარსებობაში დარწმუნებას ცდილობენ (იხ. ბმული 1, ბმული 2). აღნიშნული კი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულებისა და სოფლის ჩაკეტვის ერთ-ერთი წამახალისებელი ფაქტორი გახდა.

ივლისში გარდაბნის მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგიური ვითარება გართულდა. ვირუსის გავრცელების ცხელი წერტილი ე.წ. გაჩიანის დასახლება გახდა, რომელშიც სამი სოფელი შედის - ყარაჯალარი, ყარათაკლია და აღთაკლია. 21 ივლისს, მუნიციპალიტეტის სოფლებში COVID-19-ზე მოსახლეობის მასობრივი ტესტირება დაიწყო. 24 ივლისს საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში[2] საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა. სოფლის ჩაკეტვის მიზეზი მოსახლეობის დაუმორჩილება გახდა. ისინი ეპიდემიოლოგებთან არ თანამშრომლობდნენ და ტესტირებაზე უარს აცხადებდნენ. უფრო მეტიც, ადგილობრივები პირდაპირ აცხადებდნენ, რომ ახალი კორონავირუსის არსებობის არ სჯერათ.

გაჩიანის მაცხოვრებლების ნაწილი თბილისის ბაზრობებზე მუშაობს, რაც ინფექციის გატანისა და გავრცელების რისკს ზრდიდა. მაგალითად, ლილოს ბაზრობაზე ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა, რომელიც გარდაბნის მუნიციპალიტეტს უკავშირდებოდა. ამის შემდეგ ბაზრობებზე კონტროლის გამკაცრება და ფართომასშტაბიანი ტესტირება დაიწყო.

მსოფლიო ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის ფონზე, როდესაც დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 19 მლნ-ს გადააჭარბა, 700 ათასზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა, მტკიცება, რომ კორონავირუსი არ არსებობს, ობიექტურ ფაქტებს ეწინააღმდეგება.

ყალბი ამბები COVID-19-ის დიაგნოსტირებაზე

სოციალურ ქსელებში მანიპულაციები COVID-19-ის დიაგნოსტირებასთან დაკავშირებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვრცელდება. BBC-ის თანახმად, დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ COVID-19-ის ტესტები ადამიანის ტვინსა და ჯანმრთელობას აზიანებს, 2020 წლის ივლისიდან დაიწყო და ის სოციალურ ქსელებში, თავდაპირველად, ამერიკული აუდიტორიისთვის გავრცელდა. თუმცა მოგვიანებით მსგავსი შინაარსის მანიპულაცია სოციალურ ქსელში პორტუგალიურ, რუმინულ, ფრანგულ, ჰოლანდიური ენებზეც გაჩნდა.


წყარო: BBC

კორონავირუსზე ტესტირებასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია საქართველოშიც გავრცელდა. ერთ-ერთი მათგანის თანახმად, მაგალითად, PCR ტესტირებისას ტვინის გარსის ხელოვნურად დაზიანება ხდება, რის გამოც დეზინფორმაცია მოსახლეობას არწმუნებს, უარი თქვან PCR მეთოდით დიაგნოსტირებაზე. „PCR ტესტების დროს ჩხირი ტვინის კედლამდე შეჰყავთ და საშინლად მტკივნეულის გარდა ,საშინლად სახიფათოა“. „ვირუსით დაინფიცირებული წკირი მიაქვთ ტვინის გარსთან, რათა გამოიწვიონ ენცეფალიტი, რომლის გამწვავებაც გამოიწვევს მენინგიტს“... (იხილეთ ბმული1; ბმული 2; ბმული 3; ).

COVID-19 ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციაა. მისი დიაგნოსტირება პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (პჯრ/PCR) მეთოდით ან/და სწრაფი ტესტით, SARS-COV-2-ის ანტიგენის ან ანტისხეულების განსაზღვრით არის შესაძლებელი.

ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტით, ზემო სასუნთქი გზებიდან აღებულ ნაცხში, SARS-COV-2-ის ანტიგენის განსაზღვრა ხდება. ანტისხეულების განმსაზღვრელი სწრაფი ტესტით სისხლში SARS-COV-2-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამოვლენა ხორციელდება. ორგანიზმში ანტისხეულები სიმპტომების გამოვლენიდან დაახლოებით 5 დღის შემდეგ ჩნდება, შესაბამისად, ინფექციის საწყის ფაზაში ანტისხეულების დადგენა არ ხდება.

დღესდღეობით COVID-19-ის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად, სწორედ PCR მეთოდი მიიჩნევა[3]. PCR/პჯრ (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის) მეთოდით ცხვირ-ხახის ნაცხში SARS-COV-2-ის რნმ-ის განსაზღვრა ხდება. ტესტირებისათვის მასალა როგორც ზემო სასუნთქი გზებიდან, ისე ქვემო სასუნთქი გზებიდან უნდა შეგროვდეს. პჯრ მეთოდით დიაგნოსტირება მხოლოდ მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიებშია შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ PCR მეთოდით ტესტირებისთვის სასუნთქი გზებიდან მასალის აღება COVID-19-ის შემთხვევაშიც იმავე პრინციპით ხდება, როგორც სხვა ვირუსების დიაგნოსტირებისთვის ხდება. მედიცინაში PCR მეთოდით (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) გენეტიკურ მასალის (დნმ და რნმ) კვლევაზე დამყარებული მრავალრიცხოვანი ინფექციების მაღალი სიზუსტით დიაგნოსტიკა ხორციელდება. ამ სადიაგნოზო რეაქციის აღმოჩენის იდეა ამერიკელ კ. მიულისს (1983) ეკუთვნის, რომელმაც ამისთვის ნობელის პრემია მიიღო.

მტკიცება, რომ PCR მეთოდით ტესტირებისთვის სასუნთქი გზებიდან საჭირო მასალის აღებისას, ტვინის დაზიანება ხდება ან/და რამე დაავადების გამომწვევია, ყოველგვარ არგუმენტაციას მოკლებულია და აბსურდულია.

დეზინფორმაცია და კონსპირაციები კორონავირუსის ვაქცინის შესახებ

გარდა ზემოჩამოთვლილი მაგალითებისა, პანდემიის დროს მანიპულაციები განსაკუთრებით ხშირად კორონავირუსის ვაქცინაზე ვრცელდება. მიუხედავად იმისა, რომ არცერთი ვაქცინა მოხმარებაში არ გაშვებულა, კონსპირაციები, თითქოს კორონავირუსის ვაქცინა მოსახლეობას გადააგვარებს და გაანადგურებს, დეზინფორმაციის გამავრცელებელი ჯგუფების ერთ-ერთი ყველაზე ციტირებადი ამბავია. ამ კუთხით, რუსეთი საქართველოშიც კორონავირუსით გამოწვეულ შიშების გამოყენებას ცდილობს და მისი მხარდამჭერი პრორუსული მედიები და ანტივაქსერული ჯგუფები კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით შეთქმულების თეორიებს ავრცელებენ (იხ. ბმული 1, ბმული 2, ბმული 3).

აღსანიშნავია, რომ კრემლის მხრიდან ვაქცინაციასთან დაკავშირებული დეზინფორმაცია მხოლოდ კორონავირუსის პანდემიის კონტექსტში არ დაწყებულა და წლებია, რაც მოსკოვი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სხვადასხვა ფორმით ანტივაქსერულ განწყობებს[4] ახალისებს. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგები მიუთითებს, რომ ცალკეული, კრემლის მიერ მხარდაჭერილი, ვაქცინის საწინააღმდეგო დეზინფორმაციული მესიჯების მიმართ საქართველოში საზოგადოება საკმაოდ მოწყვლადია. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხულთა 80%-ზე მეტს ეშინია, რომ ისინი ან მათი ოჯახის წევრები ახალი კორონავირუსით შესაძლოა, დაინფიცირდნენ, გამოკითხულთა თითქმის ნახევარი, 46% ამბობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა რომ არსებობდეს, არ აიცრებოდა.

აღნიშნული ფაქტები ცხადჰყოფს, რომ პანდემიის კონტექსტში სწორი და სანდო წყაროებზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. დეზინფორმაციამ, რომელიც ვირუსზე სწრაფად და ადვილად ვრცელდება, შესაძლოა, ადამიანის სიცოცხლის ფასიც კი შეიძინოს.



[1] „ნიუსფრონტის“ ქართული ოფისი ანექსირებული ყირიმიდან მართული News Front-ის ნაწილია და ქართულის გარდა, კიდევ 8 ენაზე ოპერირებს. ნიუსფრონტი 2014 წელს დაარსდა. სხვადასხვა მედია ანგარიშის მიხედვით, ის რუსეთის უსაფრთხოების სამსახურისგან („ეფ-ეს-ბე“) ფინანსდება. 2020 წლის 30 აპრილს Facebook-მა „ნიუსფრონტის“ საერთაშორისო ქსელთან დაკავშირებული Facebook-გვერდები, ანგარიშები და ჯგუფები წაშალა. აღნიშნული ქსელი რუსეთის მოქალაქეებს, უკრაინის დონბასის რეგიონში მცხოვრებ პირებს და ანექსირებულ ყირიმში არსებულ ორ მედია ორგანიზაციას უკავშირდებოდა. მათ შორის, „ნიუსფრონტის“ ქართული რედაქციის Facebook-გვერდიც წაიშალა.

[2] ე.წ. გაჩიანის დასახლებაში ყარაჯალარი, მოსახლეობის რაოდენობით, ყველაზე დიდი სოფელია. მოსახლეობის რაოდენობა 4 000-ს აჭარბებს, სამივე სოფილის ჯამური რაოდენობა კი დაახლოებით 7 000-ს შეადგენს.

[3] იხილეთ, ახალი კორონავირუსის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროტოკოლი - ბმული 1

[4] მაგალითად, 2018 წელს რუსეთი ბოტებისა და ტროლების მეშვეობით ვაქცინაციასთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებდა. 2019 წელს რუსული ტროლები კვლავ „მისინფორმაციის“ გავრცელებით ანტივაქსერული განწყობების გავრცელებას ხელს უწყობდნენ და ცდილობდნენ, აშშ-ში მიმდინარე ვაქცინაციის დებატებთან დაკავშირებით დაბნეულობა შეექმნათ. უფრო ვრცლად იხილეთ ფაქტ-მეტრის სტატია - https://bit.ly/314QQcc



თეონა აბსანძე

მარიამ წიწიკაშვილი

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი