რეზიუმე: ონლაინგამოცემა „ნიუსფრონტმა“ სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც როკფელერის ფონდის მიერ წარდგენილ COVID-19-ის ტესტირების ეროვნულ სამოქმედო გეგმასა და აშშ-დან მომდინარე ტოტალიტარიზმის საფრთხეებზეა საუბარი. სტატიის მიხედვით, აღნიშნული გეგმა ვიწრო ელიტის ინტერესებს ემსახურება, რომელიც მიზნად არა ჯანდაცვის საკითხების მოგვარებას, არამედ ტოტალური კონტროლის სისტემის დანერგვას ისახავს. რეალურად, მასალა გლობალიზაციის კვლევის ცენტრის (Centre for Research on Globalization – CRG) შესაბამისი სტატიის თარგმანს წარმოადგენს. გლობალიზაციის კვლევის ცენტრი კანადაში რეგისტრირებული ფსევდომეცნიერული კვლევით ორგანიზაციაა, რომლის მიერ გავრცელებული სტატიები და კვლევები ფაქტების გადამმოწმებელი არაერთი ორგანიზაციის გამოძიებაშია მოხვედრილი. ცენტრი ანტიდასავლური (ხშირად პრორუსული) და ანტიგლობალისტური შეთქმულების თეორიების გავრცელებით გამოირჩევა. ცენტრის კვლევებსა და სტატიებს საქართველოში არსებული პრორუსული მედიებიც აქტიურად იყენებენ.

ანალიზი

2020 წლის პირველ ივნისს „ნიუსფრონტის“ ქართულმა გამოცემამ სტატია სათაურით „როკფელერის ფონდი და ახალი ტოტალიტარიზმის საფრთხე ამერიკიდან“ გამოაქვეყნა. აღნიშნული მასალა გლობალიზაციის კვლევის ცენტრის (Centre for Research on Globalization – CRG) სტატიის თარგმანს წარმოადგენს. სტატიაში როკფელერის ფონდის მიერ წარდგენილ „COVID-19-ის ტესტირების ეროვნულ სამოქმედო გეგმაზეა“ საუბარი, რომელიც მიზნად მასობრივი ტესტირების საფუძველზე ეკონომიკური საქმიანობის განახლების ხელშეწყობასა და სოციალური კონტაქტების აღდგენას ისახავს. „ნიუსფრონტის“ მიხედვით, აღნიშნული გეგმა ჯანდაცვისა და ყოფითი პრობლემების მოგვარებისკენ მიმართულ ძალისხმევას არ წარმოადგენს და პირიქით, ის გასამხედროებული და იერარქიული სოციალური მოდელის დანერგვას ისახავს მიზნად.

როკფელერის ფონდის მიერ შემუშავებული გეგმა სამი ნაწილისგან შედგება. გეგმის პირველი ნაწილი პირველ ეტაპზე აშშ-ის მასშტაბით კვირაში ერთი მილიონი ტესტირების უზრუნველყოფას ითვალისწინებს; მეორე ეტაპზე ტესტირების გაზრდას - სამ მილიონამდე; საბოლოოდ, კი - 6 თვეში, კვირაში 30-მილიონიან ნიშნულზე გასვლას.

გეგმის მეორე ნაწილი კომუნალური ჯანდაცვის მუშაკების კორპუსების შექმნას ითვალისწინებს, რაც აშშ-ის მასშტაბით 100-დან 300 ათასამდე ადამიანის დაქირავებას გულისხმობს. ჯანდაცვის მუშაკთა კორპუსებმა მოქალაქეების ტესტირება და ინფიცირებულთა კონტაქტების კვლევა უნდა უზრუნველყონ.

გეგმის მესამე ნაწილი კერძო და სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობით COVID-19-თან დაკავშირებულ მონაცემთა ბაზების და ციფრული პლატფორმების შექმნას, როგორც ფედერალურ, ისე საშტატო დონეზე, გულისხმობს. აღნიშნული, შესაბამის ორგანოებს, რეალურ დროში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ანალიზისა და საჭიროების შემთხვევაში, ვირუსთან გასამკლავებლად ლოკალური ზომების მიღების საშუალებას მისცემს. მაგალითისთვის, თუ რომელიმე შტატის ტერიტორიაზე ახალი კლასტერი გამოჩნდება, მონაცემთა ბაზა ხელისუფლებას საშუალებას მისცემს, მასობრივი ტესტირება და კონტაქტების კვლევა სწრაფად განახორციელოს, მიზნობრივი და ლოკალიზებული შეზღუდვები შემოიღოს და ამით კლასტერის ზრდასა და ვირუსის გავრცელებას ხელი შეუშალოს.

„ნიუსფრონტის“ კონსპირაციული სტატიის მიხედვით, აღნიშნული გეგმის მეორე და მესამე ნაწილი რეალურად არა ჯანდაცვის საკითხების მოგვარებას, არამედ მოსახლეობის ტოტალურ კონტროლს ისახავს მიზნად. შეთქმულების თანახმად, კომუნალური ჯანდაცვის მუშაკების კორპუსი სამხედრო ტიპის რაზმი იქნება, რომელიც თვალთვალისა და იდენტიფიკაციის ციფრული სისტემების გამოყენებით მოქალაქეების მათ სამუშაო, საცხოვრებელ და საგანმანათლებლო სივრცეებში კონტროლის საშუალებას შექმნის. „ნიუსფრონტის“ თანახმად, სათვალთვალო სისტემების Facebook-ის, Google-ის, Apple-ის და მსგავსი ტიპის ტექნოლოგიური გიგანტების დახმარებით დაინერგება.

სტატიის მიხედვით, როკფელერის ფონდი აღნიშნული გეგმის როგორც ქვეყნის შიგნით (აშშ), ისე ქვეყნის გარეთ განხორციელებას შეეცდება, რაც მსოფლიოს ეკონომიკური და პოლიტიკური ძალაუფლების ვიწრო ელიტის ხელში კონცენტრაციას განაპირობებს. „ნიუსფრონტი“ ამტკიცებს, რომ აღნიშნული გეგმის (რომელსაც „COVID-19 კონტროლს“ უწოდებს) განსახორციელებლად როკფელერის ფონდი ახალ კორონავირუსს იყენებს. „როკფელერის ფონდის გეგმაში ვირუსი გამოიყენება რეალურ იარაღად, რომელიც ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე თავად კორონავირუსი-19”, – აღნიშნულია სტატიის დასასრულს.

სინამდვილეში COVID-19-ის ტესტირების ეროვნულ სამოქმედო გეგმა როკფელერის ფონდის ექსკლუზიურ ინიციატივას არ წარმოადგენს. გეგმის შედგენაში, როკფელერის ფონდთან ერთად ცნობილი მეცნიერებიც (მათ შორის პოლ რომერი, ეკონომიკაში 2018 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი, სამედიცინო ინსტიტუტების და უნივერსიტეტების წარმომადგენლები, ისეთი ავტორიტეტული უნივერსიტეტებიდან, როგორებიცაა: ჰარვარდი, იელი, ჯონ ჰოფკინსი, ნიუ-ირკის, პენსილვანიის, მინესოტას და დიუკის უნივერსიტეტები) იყვნენ ჩართულნი.

გეგმის საჯარო პრეზენტაცია 2020 წლის 21 აპრილს გაიმართა. თავად გეგმის შექმნის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც აშშ-ში პანდემიის გავრცელების საწყის ეტაპზე ტესტირების სერიოზული პრობლემები შეიქმნა. ამასთანავე, როკფელერის ცენტრის გარდა, ამ პრობლემის მოგვარებაზე ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი (CDC), ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ჯანდაცვის უსაფრთხოების ცენტრი, და ჰარვარდის უნივერსიტეტის ედმონდ ჯეი საფრას ცენტრი მუშაობდნენ. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ აღნიშნული გეგმები კერძო ინიციატივებს წარმოადგენს და აშშ-ში, სახელმწიფო დონეზე, არც ერთი მათგანის გაზიარება არ მომხდარა.

„ნიუსფრონტის“ მცდელობა როკფელერის გეგმა „თვალთვალისა და კონტროლის მასობრივი სისტემების დანერგვით ადამიანების გაკონტროლების საშუალებად“ წარმოაჩინოს, ასევე საფუძველს მოკლებულია. გეგმაში გათვალისწინებულია პერსონალური ინფორმაციის დაცვის მაღალი სტანდარტები, სადაც გადამწყვეტი როლი სახელმწიფო უწყებებს ექნებათ და კერძო კომპანიების კონტროლსაც ისინი მოახდენენ. მონაცემები, რომლებიც გეგმის თანახმად შეგროვდება, იმის მსგავსი იქნება, რასაც ყოველდღიურად Google, Facebook, Apple ტიპის კომპანიები ისედაც აგროვებენ. გეგმა ეპიდემიოლოგიური სიტუაციის უკეთ მართვისთვის ტექნოლოგიური კომპანიების მიერ მიღებული ინფორმაციის ანალიზს გულისხმობს. მსგავსი პრაქტიკა სამხრეთ კორეაში უკვე წარმატებით დაინერგა, სადაც მოქალაქეებს აპლიკაციის გამოყენებით საშუალება ჰქონდათ, ერთი მხრივ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია შესაბამისი უწყებებისთვის გაეზიარებინათ და მეორე მხრივ, სხვა ინფიცირებულების გადაადგილებისა და სავარაუდო კონტაქტების შესახებ მიეღოთ ინფორმაცია. შეგროვებული ინფორმაცია დაცულ სერვერებზე ინახება და სახელმწიფო უწყებების მიერ კონტროლდება. საბოლოოდ კი, საფრთხის გადავლის შემდეგ, კანონით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად, შეგროვებული მონაცემები წაიშლება.

მსგავსი ტიპის შეთქმულების თეორიები, რომ გლობალური ელიტა ეპიდემიის გამოყენებით კაცობრიობის გაკონტროლებას ცდილობს, მთელ მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებულია და მათ შორის საქართველოშიც. მაგალითისთვის, ქართულ მედიაში ბილ გეიტსის და მისი ვაქცინაციის პროგრამების (თითქოს ადამიანების მიკროჩიპირებას ისახავს მიზნად) შესახებ დეზინფორმაცია საკმაოდ ხშირად ვრცელდება.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველი სტატიის ავტორი, გლობალიზაციის კვლევის ცენტრის ვებგვერდზე, მანლიო დინუჩი გახლავთ, იტალიელი ჟურნალისტი და გეოგრაფი, რომელიც პარალელურად იტალიურ გაზეთში „il manifesto” მუშაობს. სარედაქციო სვეტში გაზეთი საკუთარ თავს კომუნისტურ გამოცემად მოიხსენიებს. დინუჩი შეთქმულების თეორიების გავრცელებით გამოირჩევა. ის აშშ-ს კაცობრიობის კონტროლის გეგმებზე, მიკროჩიპებზე და 5G ტექნოლოგიებზე ხშირად წერს.

ნიუსფრონტის-ის მირ თარგმნილი სტატია Facebook-ის გამოკვეთილად ანტი-დასავლურ და პრო-რუსულ ჯგუფებში გაზიარდა, როგორებიცაა: ანტილიბერალური სივრცე, სტალინი, STOP 5G GEORGIA!!!, გაზეთ "საქართველო და მსოფლიო"-ს ჯგუფი:Россия и Грузия- дружба навеки!, საქართველო და რუსეთი/Грузия и Россия და სხვა.

გლობალიზაციის კვლევის ცენტრი

გლობალიზაციის კვლევის ცენტრი 2001 წელს კანადაში პროფესორ მიშელ ჩოსუდოვსკიმ დააფუძნა. ცენტრი შეთქმულების თეორიების გავრცელებით გამოირჩევა. დაარსების პირველივე დღეებიდან, ცენტრი 9/11-ის ტერორისტული აქტის შესახებ შეთქმულებების გავრცელებაში აქტიურად იყო ჩართული. გლობალიზაციის კვლევის ცენტრის სხვადასხვა სტატია თუ კვლევა ფაქტების გადამმოწმებელი ცნობილი ორგანიზაციების ფოკუსში არაერთხელ მოხვედრილა.

ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ მასალებს რუსული და ჩინური დეზინფორმაციული გამოცემები აქტიურად იყენებენ. 2017 წელს NATO-ს სპეციალისტებმა ცენტრი პრორუსული დეზინფორმაციების გავრცელებაში ოფიციალურად დაადანაშაულეს. ცენტრი ჩინურ პროპაგანდასაც ხშირად ავრცელებს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესს-სპიკერმა, ლიჯიან ჟაომ, სწორედ აღნიშნული ცენტრის მიერ გავრცელებული შეთქმულების თეორიის საფუძველზე, აშშ COVID-19-ის შექმნასა და გავრცელებაში დაადანაშაულა. აღნიშნული მოგვიანებით ქართულ პრორუსულ მედია საშუალებებშიც გავრცელდა.

წყარო: ლიჯიან ჟაოს ოფიციალური ტვიტერის გვერდი

„ეს სტატია ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის. გთხოვთ, წაიკითხეთ და გაავრცელეთ. COVID-19: დამატებითი მტკიცებულებები იმისა, რომ ვირუსი აშშ-ში წარმოიშვა “- ვკითხულობთ ლიჯიან ჟაოს „ტვიტერის“ განცხადებაში, სადაც მტკიცებულებად სწორედ გლობალიზაციის კვლევის ცენტრის სტატიაა მოყვანილი. თუმცა, აღნიშნული სტატია მოგვიანებით ცენტრის ვებგვერდიდან წაიშალა და აღარ იძებნება.

წყარო: გლობალიზაციის კვლევის ცენტრის ვებგვერდი

გლობალიზაციის კვლევის ცენტრი შეთქმულების თეორიებს სხვადასხვა დაავადებების შესახებ წლების განმავლობაში ავრცელებდა და მათ შორის კორონავირუსიც არ არის გამონაკლისი.

მაგალითისთვის, 2016 წელს ცენტრმა შეთქმულების თეორია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ბრაზილიაში ორსული ქალების ზიკა ვირუსზე ვაქცინაციის შედეგად, ახალშობილებში მიკროცეფალიის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა. ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ „POLITIFACT” გადაამოწმა აღნიშნული თეორია და მისი მცდარობა დაადასტურა.

ასევე, 2020 წლის 27 მარტს, გლობალიზაციის კვლევის ცენტრის ვებგვერდზე სტატია გამოქვეყნდა, რომელიც კორონავირუსით ინფიცირების მონაცემებს ყალბს უწოდებს. ცენტრის თანახმად, ტესტები, რომლითაც ადამიანების შემოწმება ხდება, ყველა სახის კორონავირუსს იკვლევს და არა სპეციფიკურად COVID-19-ს. აღნიშნული მტკიცება ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ „Science Feedback” გადაამოწმა და დაადგინა, რომ PCR ტესტები სპეციფიკურად სწორედ COVID-19-ს იკვლევს.

ორგანიზაციამ “Mediabias/factcheck–MBFC”-მა ცენტრის ზოგადი საქმიანობა შეისწავლა. მიღებული შედეგების მიხედვით, ორგანიზაციამ გლობალური კვლევის ცენტრი შეაფასა, როგორც შეთქმულების თეორიების გამავრცელებელი ფსევდომეცნიერული ორგანიზაცია.

წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ გლობალიზაციის კვლევის ცენტრი, რომლის მიერ გამოქვეყნებულ შეთქმულების თეორიებსაც რუსული და ჩინური დეზინფორმაციული მანქანა აქტიურად იყენებს და რომელიც ხშირად საქართველოში არსებულ პრორუსულ მედიებში ხვდება, როგორც „ავტორიტეტული კანადური კვლევითი ორგანიზაცია“, სინამდვილეში ფსევდომეცნიერულ, ანტიდასავლურ, ანტიკაპიტალისტურ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებით გამორჩევა.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5346 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი