დეზინფორმაცია: გერმანიაში კლინიკების მომსახურე პერსონალის ნახევარი კორონა-აცრებზე უარს აცხადებს

ვერდიქტი: რიცხვებით მანიპულირება

2021 წლის 10 იანვარს NewsFront-მა სტატია გამოაქვეყნა შემდეგი სათაურით - „გერმანული კლინიკების მომსახურე პერსონალის ნახევარი კორონა-აცრებზე უარს აცხადებს“. მომდევნო დღეებში აღნიშნული სტატია Facebook-გვერდ “სტალინზე”, tvm.ge-სა და mix.metronome.ge-ზეც გამოჩნდა. სტატიის მიხედვით, ARD-Deutschland-Trend-ის მიერ ჩატარებული ანონიმური კვლევის შედეგების თანახმად, გერმანული კლინიკების პერსონალის ნახევარი კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებზე უარს აცხადებს, რადგან ვაქცინის გვერდითი ეფექტები სრულად ცნობილი არაა, არც მისი გრძელვადიანი უსაფრთხოებაა დამტკიცებული და არსებობს ცნობები, რომ ზოგიერთ პიროვნებას ვაქცინაციის შემდეგ პრობლემები შეექმნა და დაიღუპა კიდეც. თავად „ნიუსფრონტის“ მიერ მითითებულ გერმანულენოვანი გამოცემის სტატიაში კვლევის შედეგების მიზეზებზე საუბრისას ადამიანთა გარდაცვალების შესახებ ცნობები საერთოდ არ არის ნახსენები. რაც შეეხება ვაქცინაზე უარის თქმის დანარჩენ ორ მიზეზს, ვაქცინის გრძელვადიანი უსაფრთხოება და გვერდითი ეფექტები, „ნიუსფრონტი“ არასრული კონტექსტით წარმოადგენს. სტატიაში გაჟღერებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ფაქტებით მანიპულირებას წარმოადგენს.

„ნიუსფრონტის“ სტატიის თანახმად, ანონიმური კვლევა ARD-Deutschland-Trend-ის მიერ ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ ARD-Deutschland-Trend-ს მსგავსი კვლევა არ ჩაუტარებია. ამის შესახებ არც NewFront-ის სტატიაში მითითებულ გერმანულენოვანი გამოცემის FrankfurterRundschau-ს სტატიაშია რაიმე ნათქვამი. პანდემიის განმავლობაში ARD-Deutschland-Trend მხოლოდ ვაქცინაციის პროცესის მიმართ მოსახლეობის განწყობას იკვლევდა და არა სამედიცინო პერსონალის დამოკიდებულებას, როგორც ამას „ნიუსფრონტი“ წერს. ცნობისთვის, ARD-Deutschland Trend ორგანიზაციაა, რომელიც ყოველთვიურად პოლიტიკური მოსაზრებების შესახებ რეპრეზენტაბელურ სატელეფონო გამოკითხვებს ატარებს.

FrankfurterRundschau-ის თანახმად, ARD-Deutschland-Trend-ის მიერ 2021 წლის 4-5 იანვარს ჩატარებულ სატელეფონო გამოკითხვაში 1020 მონაწილე რესპოდენტის 54%-მა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას აუცილებლად ჩაიტარებს. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების დამტკიცებამდე, გერმანიაში 9-10 ნოემბერს ARD-Deutschland-Trend-მა ასევე სატელეფონო გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც 1004 რესპოდენტი მონაწილეობდა. გამოკითხულთა 44% ვაქცინის (არსებობის შემთხვევაში) გაკეთების მომხრე იყო. როგორც ვხედავთ, მოსახლეობაში ვაქცინაციის ჩატარების მსურველთა რაოდენობა ნოემბრიდან იანვრის თვემდე 17 %-ით გაიზარდა.

უშუალოდ ვაქცინაციის მიმართ სამედიცინო პერსონალის დამოკიდებულების შესახებ გამოკითხვა ინტენსიური თერაპიისა და გადაუდებელი მედიცინის გერმანული საზოგადოების (DGIIN) და ინტენსიური თერაპიისა და გადაუდებელი მედიცინის გერმანიის ინტერდისციპლინარული ასოციაციის (DIVI) მიერ ერთობლივად 2020 წლის 3-12 დეკემბერს ჩატარდა. აღნიშნული კვლევის შესახებ თავად FrankfurterRundschau და Deutsche Welle-ც იუწყება. ონლაინ ანონიმურ გამოკითხვაში ინტენსიური მოვლის განყოფილებაში მომუშავე 2305-მა ექიმმა და ექთანმა მიიღო მონაწილეობა. მონაცემების თანახმად, გამოკითხული ექიმების 73% კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთების მომხრეა, ხოლო ექთნებს შორის ეს ციფრი დაახლოებით 50%-ის ტოლია. მიუხედავად ამისა, რესპოდენტთა თითქმის აბსოლუტური უმრავლესობის თქმით, ვაქცინა უმნიშვნელოვანესია პანდემიის დასრულებისთვის. შესაბამისად, ქართულენოვან სტატიებში მოყვანილი მტკიცება, რომ სამედიცინო პერსონალის ნახევარი ვაქცინაციაზე უარს აცხადებს, რიცხვებით მანიპულირებაა. ეს რიცხვი მხოლოდ გამოკითხულ რესპოდენტთა შორის არსებული ექთნების 50%-ს წარმოადგენს.

ამასთანავე, ჯანდაცვის ექსპერტის, კარლ ლაუთერბახის აზრით, ბევრი ექიმი და ექთანი აცრაზე უარს იმ მიზეზით აცხადებს, რომ ისინი, სპეციალური აღჭურვილობით დაცულობის შეგრძნების გამო, თავს მაღალი რისკის ჯგუფის წევრებად არ მოიაზრებენ. ზოგიერთი კვლევის თანახმად, ვაქცინაზე უარის თქმის ფაქტორს ხანგრძლივი გვერდითი ეფექტების შიში წარმოადგენს. თუმცა, ძირითად შემთხვევებში, ექიმების თუ ექთნების უარის თქმის საფუძველს ის ფაქტი განსაზღვრავს, რომ მათ კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვთ და მის წინააღმდეგ ანტისხეულებიც აქვთ გამომუშავებული. „ნიუსფრონტის“ მიერ დასახელებული მიზეზი - ცნობები ვაქცინაციის შემდეგ სხვადასხვა პირის გარდაცვალების შესახებ, არც ზემოთ ხსენებული კვლევის და არც რომელიმე ექსპერტის მოსაზრებაში არ არის დაფიქსირებული.

ცნობისთვის, გერმანიაში ვაქცინაციის პროცესი 2020 წლის 26 დეკემბერს დაიწყო. გერმანელი მეცნიერების თანახად, ე.წ. ჯოგური იმუნიტეტის გამოსამუშავებლად მოსახლეობის დაახლოებით 60%-ის აცრაა საჭირო.

კორონავირუსის ვაქცინაციის შემდეგ გამოვლენილი გვერდითი ეფექტები და მასთან დაკავშირებული დეზინფორმაცია

„ნიუსფრონტი“ ასევე აცხადებს, რომ გერმანელი ექიმები და ექთნები ვაქცინაციაზე უარს იმ მიზეზით ამბობენ, რომ ვაქცინის გვერდითი ეფექტები თუ უსაფრთხოება დადგენილი არ არის, ამასთანავე, ზოგიერთ პიროვნებას ვაქცინაციის შემდეგ პრობლემა შეექმნა და გარდაიცვალა კიდეც. აღნიშნული მტკიცებები რეალობას არ შეესაბამება.

ამერიკის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის, CDC-ის თანახმად, Pfizer-BioNTech -ითა და Moderna-ს ვაქცინით აცრის შემდგომ შესაძლოა, გარკვეული სახის გვერდითი ეფექტები განვითარდეს. მათ შორის ყველაზე გავრცელებული მკლავის ტკივილი და შეშუპება, ასევე სიცხე, ციება, თავის ტკივილი და დაღლილობის შეგრძნებაა. გაფრთხილების სახით, ვებ-გვერდზე მითითებულია, რომ ვაქცინაციის გვერდითი ეფექტები შესაძლოა, გრიპის ვირუსის სიმპტომებსაც ჰგავდეს, რომელიც რამდენიმე დღეში გაივლის.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის ვაქცინის დამტკიცების შემდგომ სოციალურ სივრცეში დეზინფორმაციების რაოდენობამ მისი გვერდითი ეფექტების შესახებ, საგრძნობლად იმატა. პირველ ეტაპზე სოციალურ სივრცეში ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს აშშ-ში 4 მოხალისეს Pfizer-ის ვაქცინით სახის დამბლა განუვითარდა. სინამდვილეში, FDA-ის მოხსენების ანგარიშში აღნიშნულია, რომ ვაქცინირებულთა ჯგუფიდან 4 მოხალისეს ბელის დამბლა ანუ სახის კუნთების დამბლა განუვითარდათ. მათ სიმპტომები განსხვავებულ დროს გამოუვლინდათ: ერთ მონაწილეს ვაქცინის გაკეთებიდან მესამე დღეს, დანარჩენ სამს კი - მე-9, 37-ე და 48-ე დღეს. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია დამბლის განვითარება - მკაფიო მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ბელის დამბლასა და ვაქცინის მიღებას შორის არაა დადასტურებული, მოხალისეებში დაფიქსირებული სიხშირე კი, წლიურად მოსალოდნელი შემთხვევების ნორმაში ჯდება. FDA-მ აღნიშნულის გამო განაცხადა, რომ მოსახლეობაში ვაქცინის გავრცელების პარალელურად, ბელის დამბლის შემთხვევების მონიტორინგი გაგრძელდება.

შემდგომ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელმა ორგანომ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც ალერგია აწუხებს, ურჩია, ვაქცინაციისგან თავი შეეკავებინათ, რათა მან „ბელის“ დამბლა არ გამოიწვიოს. სინამდვილეში, დიდი ბრიტანეთის „მედიცინისა და ჯანდაცვის პროდუქტების რეგულაციის სააგენტომ“ (MHRA) იმ პაციენტებს მოუწოდა, უარი ეთქვათ Pfizer-ის ვაქცინაზე, რომელთაც სამედიცინო ისტორიაში საკვებზე ან მედიკამენტზე ანაფილაქსიისა და მწვავე ალერგიული რეაქციის ჩვენება აქვთ. MHRA-მ განცხადება მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც Pfizer-ით ვაქცინაციის შემდეგ ორ ადამიანს ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდა. ანაფილაქსია სხეულის იმუნური სისტემის გადაჭარბებული რეაქციაა, რომელსაც „ჯანდაცვის ეროვნული სამსახური“ (NHS) აღწერს, როგორც მწვავე და ზოგჯერ სიცოცხლისათვის საშიშ რეაქციას. თუმცა, ალერგიის განვითარებას კავშირი არ აქვს ბელის დამბლასთან და სოციალურ ქსელში გავრცელებული მტკიცება, მცდარია. Pfizer-მა განაცხადა, რომ მოხალისეები, რომელთაც აქამდე არსებულ ვაქცინებზე ალერგიული რეაქციების ისტორია ჰქონდათ, პროტოკოლის მიხედვით, კვლევების ბოლო საფეხურს გამოეთიშნენ. მიუხედავად ამისა, ანაფილაქსიური რეაქცია შესაძლოა, Pfizer-ის ვაქცინის შემადგენელ კომპონენტს - პოლიეთილის გლიკოლს - გამოეწვია, რომელიც სხვა ვაქცინებში არ გვხვდება.

აღნიშნულ საკითხზე კიდევ ერთი დეზინფორმაცია პორტუგალიელ ექიმს უკავშირდებოდა, რომლის თანახმადაც, ექიმი ვაქცინის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა. სინამდვილეში, ქალის გარდაცვალება, აუტოფსიის შედეგების თანახმად, კორონავირუსის ვაქცინასთან არანაირ კავშირში არ არის.

ბოლოს დროს ყველაზე ხმაურიანი შემთხვევა ნორვეგიაში ვაქცინაციის შემდეგ 33 ადამიანის გარდაცვალების ფაქტს უკავშირდება. გარდაცვლილთა უმრავლესობას მოხუცებულები წარმოადგენდნენ, რომელთაც სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდათ. მათ ვაქცინაციის შემდეგ კლასიკური გვერდითი ეფექტები გამოუვლინდათ, მაგალითად გულისრევის შეგრძნება, სიცხე, ინექციის გაკეთების ადგილას ადგილობრივი რეაქცია და არსებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. აღსანიშნავია, რომ შემთხვევის შესწავლის შედეგად, ნორვეგიამ 33 ადამიანის გარდაცვალებასა და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას შორის კავშირი ვერ დაადგინა.

დღეისთვის დადასტურებული ვაქცინები ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოა, BioNTech/Pfizer-ის, Moderna-ს და AstraZeneca-ს ვაქცინებმა პრეკლინიკური ტესტირება და სამივე ფაზა გაიარეს. შესაბამისად, ისინი უსაფრთხოების ყველა აუცილებელ სტანდარტს აკმაყოფილებენ. ამასთანავე, BioNTech/Pfizer-ის ვაქცინა ახალ mRNA ტექნოლოგიაზეა დამყარებული. მიუხედავად იმისა, რომ mRNA ვაქცინები აქამდე არ გამოუყენებიათ, ამ ტექნოლოგიის შესწავლა წლების განმავლობაში აქტიურად ხორციელდებოდა. მეტიც, მომავალში mRNA ვაქცინის ტექნოლოგიის საშუალებით, ერთი ვაქცინით, რამდენიმე დაავადების პრევენცია შეიძლება იყოს შესაძლებელი, რაც ვაქცინით პრევენცირებადი ძირითადი დაავადებებისგან დასაცავად საჭირო აცრების რაოდენობას შეამცირებს. შესაბამისად, დღეისთვის მოქმედი და დადასტურებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები, მათი დამზადების ტექნოლოგიის ჩათვლით, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.