ბიძინა ივანიშვილი: „რა არის „ქართული ოცნების“ მმართველობის რვა წლის შედეგი - ... პოლიტიკისაგან გამიჯნული მართლმსაჯულება.
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ბიძინა ივანიშვილის განცხადება არის მცდარი.
რეზიუმე: უკანასკნელ წლებში მიღებულმა არასრულფასოვანმა და გარკვეულწილად, მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ინტერესებს მორგებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოავლინა.
მოსამართლეთა დომინანტი ჯგუფისა და ხელისუფლების „თანამშრომლობამ“, განსაკუთრებით კი, ბოლო პერიოდში უზენაესი სასამართლოს ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ სისტემა პოლიტიკური ზეგავლენისგან თავისუფალი არ არის. ამ მხრივ საყურადღებო საკონსტიტუციო სასამართლოში განვითარებული პროცესებიცაა, სადაც გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფის გავლენამ, ასევე შეაღწია.
ანალიზი
ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ღია წერილი გაავრცელა. წერილში ივანიშვილი „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგებზე საუბრობს და ერთ-ერთ მიღწევად „პოლიტიკისგან გამიჯნულ მართლმსაჯულებას“ ასახელებს.
„ფაქტ-მეტრი“ დაინტერესდა, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, მართლმსაჯულებისა და პოლიტიკის გამიჯვნა რამდენად მოხერხდა.
სასამართლოს საქმიანობის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, 2012 წლიდან ფართომასშტაბიანი რეფორმა დაიწყო. მართლმსაჯულების სისტემის ინსტიტუციური რეფორმა „ტალღების“ სახელითაა ცნობილი.
ე.წ. ტალღების ფარგლებში, სასამართლო სისტემაში, არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა, რომლებიც წინგადადგმულ ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს, თუმცა სასამართლო სისტემაში დღემდე არსებობს მნიშვნელოვანი გამოწვევები, მათ შორის, განსაკუთრებით, სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით, რომლებიც გადაუჭრელი რჩება.
მიუხედავად საკანონმდებლო დონეზე განხორციელებული რიგი პოზიტიური ცვლილებებისა, სასამართლო სისტემაში კვლავ არსებობს ხელისუფლებისგან მხარდაჭერილი ე.წ. კლანის არსებობის პრობლემა და სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობები.
„ფაქტ-მეტრი“ მაქსიმალურად მოკლედ შეგახსენებთ უკანასკნელ წლებში განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებს, რის საფუძველზეც შეიძლება ითქვას, რომ მართლმსაჯულება პოლიტიკური ზეგავლენისგან თავისუფალი არაა.
გავლენიანი მოსამართლეები სისტემაში
სასამართლო სისტემაში მოქმედ გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფს ხშირად „ჩინჩალაძე-მურუსიძის“ კლანადაც მოიხსენიებენ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან მათი თანამშრომლობის გამოკვეთა 2015 წელს დაიწყო. ამის ერთ-ერთი ნათელი გამოვლინება ბიძინა ივანიშვილის მიერ მოსამართლე ლევან მურუსიძისთვის მხარდაჭერის გამოცხადება იყო.
ლევან მურუსიძეს, რომელიც დღესდღეობით თავს სასამართლოს ლიდერად მიიჩნევს, არაერთი გახმაურებული საქმე უკავშირდება. მისი გადაწყვეტილებით, სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ პირებს პატიმრობის ვადა შეუმცირდათ. სტრასბურგის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი მურუსიძის სახელთან დაკავშირებულ კიდევ 2 საქმეზე გამოიტანა.
კიდევ ერთი გავლენიანი მოსამართლისა და ყოფილი პროკურორის, მიხეილ ჩინჩალაძის ხელისუფლებასთან კავშირზე ეჭვები 2016 წელს გაჩნდა, როდესაც ჩინჩალაძის ნათესავი და მეგობარი ვანო ზარდიაშვილი „ქართული ოცნების” სიით დეპუტატი გახდა და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა დაიკავა.
მიხეილ ჩინჩალაძისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ათწლიანი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე, „მესამე ტალღის“ კანონპროექტის საბოლოოდ მიღებამდე, მასში პროცედურული ხარვეზებით შესწორება შევიდა. შესწორებით უზენაესი სასამართლოს მოქმედი და ყოფილი მოსამართლეების გამოსაცდელი პერიოდის გარეშე, უვადოდ გამწესების შესაძლებლობა განისაზღვრა. ამ ფაქტმა ეჭვები კიდევ უფრო გაამყარა.
შეგახსენებთ, რომ „მესამე ტალღის“ ფარგლებში სისტემაში დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი პრობლემები გამოვლინდა. კანონპროექტი, რისი მიღებაც 2017 წლამდე გაჭიანურდა, საჯარო განხილვების გარეშე რამდენჯერმე შეიცვალა და საბოლოოდ იმ რეკომენდაციათა დიდი ნაწილი ვერ ასახა, რასაც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და ვენეციის კომისია იძლეოდა. რეფორმის განხორციელებას წინ „კარს მიღმა“ მოლაპარაკებები და შესაძლო გარიგებები უძღოდა. ხელისუფლების მხრიდან მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის, ე.წ. კლანის წევრებისადმი მხარდაჭერა გამოიკვეთა, რომელთა ინტერესების სასარგებლოდაც კანონპროექტიდან გარკვეული პოზიტიური ცვლილებები საბოლოოდ ამოღებული იქნა.
ათეულობით მოსამართლის დანიშვნის პროცესი ბუნდოვანი და გაუმჭვირვალე იყო. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საქართველოს შეფასებით, თითქმის ყველა ცვლილება მხოლოდ გავლენიანი ჯგუფის ინტერესებს ემსახურებოდა.
მიხელ ჩინჩალაძე 2017 წელს დახურული გასაუბრების შედეგად სააპელაციო სასამართლოში უვადოდ დაინიშნა, რასაც საზოგადოების ნაწილისა და მესამე სექტორის პროტესტი მოჰყვა. მოგვიანებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ჩინჩალაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის გამოთავისუფლებულ პოზიციაზე დანიშნა.
რაც შეეხება ლევან მურუსიძეს, ის 2018 წელს უვადო მოსამართლედ დაინიშნა.
უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესი
გასულ წლებში უზენაესი სასამართლოს გარშემო განვითარებული მოვლენებმა ცხადყო, სასამართლოების სისტემა, თუ რამდენად პოლიტიზებულია და მას გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფები რამხელა რეპუტაციულ ზიანს აყენებს.
სასამართლოს დაკომპლექტების წესი 2018 წლიდანვე ხარვეზიანად დაიწყო, როცა იუსტიციის საბჭომ, პროცედურების დარღვევით შეარჩია და პარლამენტს უზენაეს სასამართლოში დასანიშნი 10-კაციანი სია გადაუგზავნა. თუმცა, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ზეწოლის ფონზე, პროცესი შეჩერდა. [1]
მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესის კანონით მოწესრიგებაზე მუშაობა დაიწყო, მიღებულმა ცვლილებებმა არსებული ძირითადი ხარვეზები ვერ გამოასწორა. სათანადოდ არ იქნა გათვალისწინებული ეუთო/ODIHR-ის რეკომენდაციებიც.
2019 წლის მაისში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატების შერჩევის ხელახალი პროცესი დაიწყო. „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” კოალიციის შეფასებით, არსებული ხარვეზიანი კანონმდებლობის პირობებში შესაძლებელი გახდა ისეთი სიის ფორმირება, რომელიც ძირითადად სასამართლოში არსებულ გავლენიანი ჯგუფისა და ხელისუფლების ინტერესებში შედიოდა.
აღსანიშნავია, რომ საბჭოში მიმდინარე პროცესს მონიტორინგს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი უწევდა (ODIHR). ეუთო/ODIHR-მა თავის ანგარიშში (ივნისი – სექტემბერი 2019) აღნიშნა, რომ გასაუბრების პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მხრიდან არათანაბარი მოპყრობის ფაქტები გამოიკვეთა. იქვე წერია ისიც, რომ ODIHR-ის რეკომენდაციების მიუხედავად, არ იქნა დანერგილი შესაბამისი სტანდარტი, რაც პროცესის სამართლიანად და მოწესრიგებულად ჩატარებას უზრუნველყოფდა (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია).
საბოლოოდ, 2019 წლის დეკემბერში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტშიც ხარვეზებით წარიმართა. თანამდებობაზე უვადოდ ის 14 მოსამართლე გამწესდა, რომელთაც იურიდიულმა კომიტეტმა რეკომენდაცია გაუწია. მათ შორის, იმ დროისთვის მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე იყო, რომელიც წლების განმავლობაში ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პირადი იურისტი იყო.
ეუთო/ODIHR-მა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის პროცესზე მომზადებულ საბოლოო ანგარიშში აღნიშნა, რომ პარლამენტმა კანდიდატები არა მათი დამსახურებისა და კვალიფიკაციის მიხედვით, არამედ, პოლიტიკური განწყობების მიხედვით დაამტკიცა (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია).
საკონსტიტუციო სასამართლო
უნდა აღინიშნოს, რომ საერთო სასამართლოების გარდა, საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკური ზეგავლენისგან დამოუკიდებლობის საკითხიც, ეჭვქვეშ დადგა.
2017 წელს საქართველოს პარლამენტმა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, მანანა კობახიძე, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად აირჩია. ამავე წელს პარლამენტის მიერ იქნა არჩეული საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ევა გოცირიძეც, რომელმაც ლევან მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნას დაუჭირა მხარი.
არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა დაიმსახურა გასულ წელს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მოსამართლეობის 2 კანდიდატის წარდგენამ. „2020 წლის აპრილსა და მაისში საგანგებო მდგომარეობისა და პანდემიური კრიზისის პირობებში უზენაესი სასამართლოს პლენუმმა ისარგებლა საზოგადოებრივი ყურადღების ნაკლებობით და გაუმჭვირვალე პროცედურებით საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებად ორი ახალი კანდიდატი - ხვიჩა კიკილაშვილი და ვასილ როინიშვილი შეარჩია, რომელთა კვალიფიკაცია და კეთილსინდისიერება კრიტიკას ვერ უძლებს. მათი დანიშვნის მთავარი კრიტერიუმი ამ შემთხვევაშიც კლანის მიმართ ერთგულებაა“, - ეწერა კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გარდა სასამართლოების ირგვლივ განვითარებული პროცესებისა, სისტემაში არსებულ პოლიტიკურ ზეგავლენაზე ეჭვი არაერთმა გახმაურებულმა საქმემაც გაამძაფრა, მაგ. „გიგი უგულავას საქმე“, „კაბელების საქმე“, „ფილიპ მორისის საქმე“, „რუსთავი ორის საქმე“ და ა.შ. ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა „კარტოგრაფების საქმეც“, რომელთან დაკავშირებული არაერთი გარემოება ეჭვს აჩენს, რომ მმართველ გუნდს გარკვეული პოლიტიკური მოტივაცია აქვს.
აღსანიშნავია, რომ არაერთი საერთაშორისო რეიტინგი და ანგარიში პირდაპირ მიუთითებს, რომ კანონის უზენაესობა და სასამართლოს დამოუკიდებლობა საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ამ კუთხით, ბოლო პერიოდის საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციები გაუარესებულია (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია 1, სტატია 2).
[1] ათმა ნომინირებულმა კანდიდატმა თავისი კანდიდატურა უკან გაიწვია, ხოლო პარლამენტი დათანხმდა, შერჩევის პროცესის მარეგულირებელი საკანონმდებლო ცვლილებები მოემზადებინა.