-
იქ [ეუთოს დასკვნაში] პრაქტიკულად, საუბარი არის იმაზე, რომ შეირჩა არაკვალიფიციური კანდიდატები, საუბარია იმაზე, რომ [ხელისუფლებამ], პრაქტიკულად, წინასწარ გადაწყვიტა რომელი კანდიდატები უნდა ყოფილიყვნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, სერგი კაპანაძის განცხადება არის სიმართლე
სიმართლეგანცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლიაVS
-
კარგად წაიკითხონ დასკვნა [ეუთოს], იქ პირველი და ყველაზე უმნიშვნელოვანესი არის ის, რომ ძალიან პოზიტიურად არის შეფასებული პროგრესი, რომელიც ახასიათებს მოსამართლეთა არჩევას
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, დავით მათიკაშვილის განცხადება არის ფაქტებით მანიპულირება
ფაქტებით მანიპულირებაგანცხადებაში გაჟღერებული ფაქტები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული30/01/2020ნახვა 5452
რეზიუმე: ეუთო/ODIHR-ის მიერ 9 იანვარს გამოქვეყნებულ დასკვნაში წერია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ნომინირებული 20-ვე კანდიდატი, უმაღლესი შეფასების მქონე კანდიდატთა სიიდან არ იყო წარმოდგენილი. კერძოდ, შერჩეულ 20 კანდიდატს შორის სიაში 5 ყველაზე მაღალი ქულების მქონე კანდიდატი არ აღმოჩნდა. გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ პარლამენტმა კანდიდატები არა მათი დამსახურებისა და კვალიფიკაციის მიხედვით, არამედ, პოლიტიკური განწყობების მიხედვით დაამტკიცა. ხარვეზები კონკრეტული კანდიდატების განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებთან დაკავშირებითაც გამოვლინდა, რაც, დასკვნაში, ასევე აღნიშნულია. ODIHR-მა ნამდვილად მიუთითა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი რეფორმები მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, თუმცა იმავე წინადადებაში, რომელშიც ეს პასაჟია გატარებული, კრიტიკისა და შენიშვნების კასკადი იწყება, რითაც მთელი დასკვნაა გაჯერებული. მეტიც, ODIHR პირდაპირ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, დაუყოვნებლივ განიხილოს კანონში ცვლილება 2019 წლის სამართლებრივი დასკვნის მიხედვით.
ანალიზი
9 იანვარს ეუთოს ვებგვერდზე დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მიერ მომზადებული საბოლოო ანგარიში გამოქვეყნდა, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის პროცესს ეხება. წინა ანგარიში ODIHR-მა 10 სექტემბერს გამოაქვეყნა, რომლითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე მოსამართლეთა შერჩევის პროცესის პირველი ეტაპი შეფასდა, 9 იანვრის ანგარიში კი, ძირითადად, მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესის საპარლამენტო ეტაპზე ფოკუსირდება. ანგარიში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა სხვადასხვაგვარად შეაფასეს. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ დასკვნაში, პრაქტიკულად, არაკვალიფიციური კანდიდატების შერჩევაზე წერია; პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის პირველი მოადგილის, დავით მათიკაშვილის განცხადებით კი დასკვნით მოსამართლეთა არჩევის პროგრესი ძალიან პოზიტიურად არის შეფასებული.
ODIHR-ის დასკვნის თანახმად, მოსამართლეების დანიშვნის პროცესთან დაკავშირებულმა ბოლოდროინდელმა ცვლილებებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის ღიაობა და გამჭვირვალობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა, თუმცა „საკანონმდებლო ჩარჩოში რიგი მნიშვნელოვანი ხარვეზები რჩება, რომელიც საფრთხეს უქმნის დამსახურების საფუძველზე შერჩევის პროცესს, მათ შორისაა ფარული კენჭისყრის გამოყენება და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ვალდებულების ნაკლებობა, ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით არასრულფასოვნად გაწერილი დებულებები, თვითნებური გადაწყვეტილების მიღების წინააღმდეგ გარანტიების არარსებობა, პარლამენტისთვის შეუზღუდავი დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება და ყველა ეტაპზე გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარანტიის ნაკლებობა“. შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით ცვლილებების პროექტში არსებულ ხარვეზებზე ODIHR და ვენეციის კომისია გასული წლის აპრილში გამოქვეყნებულ დასკვნებშიც მიუთითებდნენ, თუმცა მათი რეკომენდაციების მხოლოდ ნაწილი იქნა გათვალისწინებული და ძირითადი ხარვეზები კანონში მაინც დარჩა.
კანდიდატების კვალიფიკაციასთან დაკავშირებული საკითხები
კანდიდატების შერჩევის პროცესის ერთ-ერთ პრობლემას მათი განათლების დონის განსაზღვრა წარმოადგენდა, რაზეც ODIHR-იც მიუთითებს. დასკვნაში წერია, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და პარლამენტმა საკმარისი ზომები არ მიიღეს, რათა ზედამხედველობა გაეწიათ კანდიდატების განათლების გაწერილი კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად. ნახსენებია ისიც, რომ კანდიდატთა უმეტესობას განათლების ძველი სისტემის დროს გაცემული დოკუმენტები ჰქონდა, ასევე, გენერალური პროკურორის განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან დაკავშირებითაც გამოვლინდა დარღვევები. „იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და პარლამენტმა ვერ მიიღეს შესაბამისი ზომები, რათა ყველა კანდიდატს დაეკმაყოფილებინა განათლების მინიმალური მოთხოვნა და საზოგადოება შესაბამისად ინფორმირებული ყოფილიყო, რამაც შეასუსტა პროცესის გამჭვირვალობა და სამართლიანობა“ - წერია დასკვნაში.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს სთხოვა, დაედასტურებინა, ფლობდნენ თუ არა კანდიდატები მაგისტრის ხარისხს სამართალში, რაც მინიმალურ მოთხოვნად იყო განსაზღვრული. გასაუბრების პროცესის დასასრულს, ცენტრმა მოთხოვნილი ინფორმაცია გასცა, თუმცა შინაარსი არ გასაჯაროვებულა და არც პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულა. ODIHR-სთვის მიწოდებულ განათლების ცენტრის პასუხის ასლში კი აღნიშნული იყო, რომ სამართლის მაგისტრის ეკვივალენტური განათლება 16 კანდიდატს ჰქონდა. ცენტრმა აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შესაბამისი უმაღლესი იურიდიული განათლება არ ჰქონდა. რაც შეეხება გენერალური პროკურორის დიპლომს, ცენტრმა ვერ შეძლო მისი განხილვა და გადამოწმება, რამდენადაც მან, მიუხედავად იურიდიული კომიტეტის მოთხოვნისა, ცენტრს დოკუმენტაცია არ წარუდგინა.
ODIHR, ასევე, მიუთითებს იმაზე, რომ პლენარულ სხდომაზე წარდგენილი იურიდიული კომიტეტიის დასკვნა მხოლოდ რეკომენდირებული კანდიდატების სახელებს და კენჭისყრის შედეგებს მოიცავდა, კანდიდატების დამსახურების არსებითი შეფასების გარეშე.
„დასკვნის არარსებობამ, რომელიც მაქსიმალურად შეაფასებდა თითოეული კანდიდატის დამსახურებასა და კვალიფიკაციას, პარლამენტს არ მისცა საშუალება კანდიდატებისათვის კენჭი ეყარა მათი პროფესიული დამსახურების და არა პოლიტიკური განწყობების მიხედვით. ყოველივე ეს და გამჭვირვალობის ნაკლებობა პარლამენტის მიერ დანიშნულ მოსამართლეთა სისტემისთვის მთავარ რისკს წარმოადგენს“ - ვკითხულობთ დასკვნაში.
ODIHR-ის მხრიდან მსგავსი შეფასება ცალსახად ნიშნავს, რომ პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად პირები არა მათი დამსახურებისა და კვალიფიკაციის მიხედვით, არამედ, პოლიტიკური განწყობების მიხედვით დაამტკიცა.
„პოზიტიურად შეფასებული პროგრესი“
ODIHR-მა თავის დასკვნაში ნამდვილად აღნიშნა, რომ მოსამართლეთა დანიშვნის სისტემის ბოლოდროინდელი რეფორმები სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს. თუმცა იმავე დასკვნაში მოცემული მრავალი შენიშვნის და კრიტიკის ფონზე, რთულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესებს პროგრესული ეწოდოს. მეტიც, აღნიშნული დასკვნის წაკითხვის შემდეგ, მისი დადებითად შეფასება, სხვა არაფერი შეიძლება იყოს, თუ არა მიზანმიმართულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.
პირველ და ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას თავად საკანონმდებლო ჩარჩო წარმოადგენს, რომელზეც ODIHR-იც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ „სამართლებრივი ჩარჩო არ არის პრევენციული ხასიათის მატარებელი, პროცესზე მიკერძოებული პოლიტიკის გავლენის წინააღმდეგ და არ იძლევა გარანტიას, რომ გადაწყვეტილებების მიღება ობიექტური, დამსახურების შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე ხდება, რაც საერთაშორისო სტანდარტებს და კარგ პრაქტიკას ეწინააღმდეგება“.
მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და და დანიშვნის პროცესიც ხარვეზებით იყო სავსე. ODIHR-ი დასახელებულ პროცესში გამოვლენილ პრობლემებზე პირველი ეტაპის ანგარიშში უკვე აღნიშნავდა და მიუთითებდა, რომ გასაუბრების პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მხრიდან ადგილი ჰქონდა არათანაბარ მოპყრობას, რაც „კანდიდატებისთვის კითხვების დასმის მანერაში, რაოდენობასა და შინაარსში, გასაუბრებების ხანგრძლივობასა და ზოგიერთი კანდიდატის დახმარებაში გამოიხატებოდა“. აღინიშნა ისიც, რომ ODIHR-ის რეკომენდაციების მიუხედავად, შესაბამისი სტანდარტი დანერგილი არ იქნა, რაც პროცესის სამართლიანად და მოწესრიგებულად ჩატარებას უზრუნველყოფდა.
მიუხედავად იმისა, რომ გასაუბრების პროცესების ღიაობა და გამჭვირვალობა დადებითად შეფასდა, ODIHR „ეჭვქვეშ აყენებს ხელისუფლების მიზნის გულწრფელობას - პროცესი ყოფილიყო ღია, გამჭვირვალე, რომელიც უზრუნველყოფს ფართო პოლიტიკურ მხარდაჭერას და ზრდის საზოგადოების ნდობას სასამართლო ხელისუფლების მიმართ“. დასკვნაში აღნიშნულია, რომ „არც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და არც პარლამენტს არ უსარგებლია მინიჭებული უფლებამოსილებით, უზრუნველეყო პროცესის ობიექტურობა, სამართლიანობა, თანმიმდევრულობა და წესრიგი“.
დასკვნაში ყურადღებაა გამახვილებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრთა უმრავლესობასა და არამოსამართლე წევრთა უმცირესობას შორის მწვავე შიდა დაპირისპირებაზეც, რამაც „შეამცირა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიუკერძოებლობისა და კეთილსინდისიერების აღქმა“.
პლენარული კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ სხდომაზე „კანდიდატების დამსახურების არსებითი განხილვის ან დებატების წარმართვის საშუალება არ იყო“. გარდა ამისა, ვერ დადგინდა სხდომა ღია იყო თუ დახურული, ვინაიდან მედიასაშუალებების ნაწილს დარბაზში შეშვებაზე უარი ეთქვა.
დამკვირვებლებს არც პარლამენტში არსებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფების ინციდენტები გამორჩნიათ თვალთახედვიდან და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დასკვნაში ყურადღება იმაზეა გამახვილებული, რომ კომიტეტის წევრებს „ქართული ოცნებიდან“ კომიტეტის კენჭისყრასა და პლენარულ კენჭისყრაზე თავის შეკავების განსხვავებული სქემა ჰქონდათ - „პლენარულ სხდომაზე, ქართული ოცნების წარმომადგენელმა კომიტეტის თითქმის წევრმა თავი შეიკავა იმ კანდიდატების მხარდაჭერისგან, რომელთაც კომიტეტის სხდომაზე მხარ დაუჭირეს და საპირისპიროდ ხმები იმ კანდიატებს მიანიჭეს, ვისი მხარდაჭერისგანაც კომიტეტის სხომაზე თავი შეიკავეს“.
საბოლოოდ, ODIHR-მა საქართველოს პარლამენტს მოუწოდა, დაუყოვნებლივ განიხილოს კანონში ცვლილება ODIHR-ის 2019 წლის სამართლებრივი დასკვნის მიხედვით და ხარვეზებიანი საკანონმდებლო ჩარჩოს საერთაშორისო სტანდარტებთან და ეუთოსთან დასაახლოვებლად კვლავ მთელი რიგი რეკომენაციები გასცა.