რეზიუმე: ირაკლი სესიაშვილი კარტოგრაფების საქმის პოლიტიზირებას „გარკვეულ ძალებს“ აბრალებს მაშინ, როცა არაერთი გარემოება აჩენს ეჭვს, რომ საქმესთან დაკავშირებით პოლიტიკური მოტივაცია მმართველ გუნდს აქვს. ასეთი გარემოებებია გამოძიების დაწყების დრო, მმართველი გუნდის მხრიდან გაკეთებული შეცდომაში შემყვანი და პოპულისტური განცხადებები, საქმეში არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც გამოძიების სანდოობასთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს და ა.შ.
ანალიზი
30 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ილიჩოვას და მელაშვილის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მან დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ის გარემოებაც არ გაითვალისწინა, რომ მათ გათავისუფლების სანაცვლოდ თავდებად 200-ზე მეტი პირი უდგებოდა. აღნიშნულ პირებს შორის ცნობილი პოლიტიკოსები (მათ შორის, დეპუტატები), დიპლომატები, ხელოვანები, იურისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აკადემიური წრის წარმომადგენლები და ჟურნალისტები იყვნენ.
„ქართული ოცნების“ წევრის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას საკითხის პოლიტიზირებას გარკვეული ძალები ცდილობენ. „ვხედავთ, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ ამ საკითხის პოლიტიზირებას. ამ პოლიტიზირებას აქვს თავისი მიზეზები: ჩემი აზრით, ერთი მიზეზი ის არის, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს თავისი წილი ცოდვა მიუძღვით ამ საქმეში“,- აღნიშნა მან.
ვის აქვს პოლიტიკური მოტივაცია კარტოგრაფების საქმეზე?
7 ოქტომბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა. პროკურატურის განცხადებით, მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელებისთვის. კერძოდ, პროკურატურა დაკავებულებს, მათი სადელიმიტაციო კომისიაში მუშაობის დროს, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის გარკვეული მონაკვეთების არამართლზომიერად, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმებას ედავება.
პროკურატურის ცნობით, საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან 2020 წლის 17 აგვისტოს მიღებული წერილობითი ინფორმაცია დაედო. საქმის თანახმად, წლების განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით, საქართველოს საზიანო გადაწყვეტილებების მიღება.
ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი ბრალდებას არ აღიარებენ, ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი კი მათ მხარდაჭერას უცხადებს. არასამთავრობო ორგანიზაციები გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ და ხელისუფლებას მოუწოდებენ, წინასაარჩევნოდ მოსახლეობისათვის სენსიტიური თემებით მანიპულირება შეწყვიტოს.
კარტოგრაფების საქმე მმართველი გუნდის მხრიდან პოლიტიკურად მოტივირებულად არაერთი გარემოების გამო შეიძლება მივიჩნიოთ.
უპირველეს ყოვლისა, საყურადღებოა, გამოძიების დაწყების დრო - წინასაარჩევნო პერიოდი. წინასაარჩევნოდ მმართველი პარტიის მხრიდან საზოგადოებისთვის სენსიტიური თემის წამოჭრა და ასეთი თემის ოპოზიციის საწინააღმდეგოდ, მისი დისკრედიტაციისთვის გამოყენება, გამოძიების სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს. მით უფრო, „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნოდ სენსიტიური თემების წამოწევისთვის წარსულშიც მიუმართავს, მაგალითად, ზურაბ ჟვანიას და ბადრი პატარკაციშვილის საქმეების გააქტიურება.
აღსანიშნავია ისიც, რომ მმართველი გუნდის მხრიდან არაერთი მანიპულაციური, საზოგადოების შეცდომაში შემყვანი განცხადებაც მოვისმინეთ. ასეთია, მაგალითად, მამუკა მდინარაძის განცხადება, რომ წინა ხელისუფლებამ სისხლის სამართლის კოდექსში სახელმწიფო ღალატის მუხლი (307-ე მუხლი) სწორედ იმ პერიოდში გააუქმა, როდესაც აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციაზე საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები მიიღებოდა.
სინამდვილეში, სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე მუხლი, რომელიც კოდექსიდან 2007 წლის აპრილში იქნა ამოღებული, განსაზღვრავდა, ამავე თავით გათვალისწინებული რომელი მუხლები ითვლებოდა სახელმწიფოს ღალატად. კერძოდ, ცალკე 307-ე მუხლი არ აწესებდა სისხლისსამართლებრივ სასჯელს და მხოლოდ ჩამოთვლიდა, თუ რომელი დანაშაული მიიჩნეოდა ღალატად. შესაბამისად, კოდექსიდან 307-ე მუხლის ამოღებით მასში ჩამოთვლილი კონკრეტული მუხლები და, შესაბამისად, დანაშაულები, არ გაუქმებულა და კოდექსში დარჩა, იმ განსხვავებით, რომ მათ „სახელმწიფოს ღალატი“ აღარ ჰქვია (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია).
გარდა ამისა, მმართველი გუნდის მხრიდან კარტოგრაფების მიმართ ბრალდებები და პოპულისტური განცხადებები ისმოდა მაშინ, როდესაც მათ ბრალი ოფიციალურად არც კი ჰქონდათ წარდგენილი და აღკვეთის ღონისძიების თაობაზე სასამართლოს მსჯელობა დაწყებული არ ჰქონდა (იხ. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება).
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კარტოგრაფების საქმეში ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით, სხვადასხვა კითხვა ჩნდება. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე მიიჩნევს, რომ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ წარდგენილი ბრალი დაუსაბუთებელია და ბრალდებული პირების მიმართ დევნა უნდა შეწყდეს.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ წარდგენილი ბრალდებები ვერ ქმნის სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლით (საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა) გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას. მეტიც, გამოძიების და დევნის დაწყების დრო და პოლიტიკური კონტექსტი, ასევე ამ საქმესთან დაკავშირებით მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ წინასაარჩევნოდ ორგანიზებული საინფორმაციო კამპანია, სამართალდამცავი ძალაუფლებისა და სისტემის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების მაღალ ეჭვებს აჩენს.
EMC-ს თანახმად, „ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სახელმწიფო კომისიაში დაკავებული ოფიციალური პოზიციები და მათი მანდატი/უფლებამოსილება არ იძლევა უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემის, ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისკენ მიმართული დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობას, ვინაიდან ისინი სახელმწიფო კომისიის რიგითი წევრები იყვნენ, რომელიც კოლექტიურად იღებდა გადაწყვეტილებას ყველა ექსპერტულ რეკომენდაციაზე“.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საფუძვლიანი ეჭვები ჩნდება, რომ პროკურატურა ბრალდებას არასათანადო მუხლით აყენებს, რამდენადაც, დაკავებულებს რომც ჰქონოდათ 308 (1)-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის განზრახვა, მათი დაკავებული პოზიციები ამის საშუალებას არ მისცემდა. როგორც EMC აღნიშნავს, რუკების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გამხდარიყო კომისიის მსჯელობის საგანი და შესაბამის თანამდებობის პირებთან საკითხის შეთანხმების შემდგომ უნდა მიღებულიყო გადაწყვეტილება.
როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, პრობლემური და სადავოა პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მთავარი ფაქტობრივი არგუმენტებიც, რომ ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ მათ ხელთ არსებული 1936-1938 წლების 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დედანი არ გამოიყენეს და დამალეს.
308(1)-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა შესაძლებელია განზრახვით, მიუხედავად ამისა, საქმის მასალებიდან გამომდინარე, პროკურატურა კარტოგრაფების მიერ რუკების გადამალვის ფაქტს ვერ ადასტურებს.
„საქმის მასალების დეტალური ანალიზი აჩვენებს, რომ ამ რუკის გამოყენების საკითხი სახელმწიფო კომისიამ რამდენიმე წლით ადრე განიხილა და მეცნიერული არგუმენტების გამო, საბოლოოდ უგულებელყო. ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზეც, რომ ამ გარემოებებს საქმეში ი.მელაშვილისა და ნ. ილიჩოვას გარდა, სხვა პირებიც ადასტურებენ. სწორედ ამიტომ, პროკურატურის მტკიცება, რომ ბრალდებულ პირებს კომისიის წევრებისთვის ეს რუკა განზრახ არ წარუდგენიათ და არ განუხილავთ, უსაფუძვლოა და ხელოვნურად შექმნილი. მეტიც, საქმის მასალების მიხედვით, არც ამ რუკის გადამალვის ფაქტი დასტურდება, რადგან ჯერ კიდევ 2019 წელს, ნატალია ილიჩოვამ სახელმწიფო კომისიაში მის ნაცვლად დანიშნულ სხვა პირს იგი საქმის მასალებთან ერთად სრულად გადასცა“.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან იმის ხაზგასმა, რომ კარტოგრაფების საქმის პოლიტიზირებას „გარკვეული ძალები“ ცდილობენ (რაშიც აშკარად ოპოზიციურ ძალებს გულისხმობენ), კიდევ ერთ პოლიტიკურ მანიპულაციას წარმოადგენს.