რეზიუმე: ეუთო/ODIHR-მა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის პირველი ეტაპის ანგარიში (ივნისი – სექტემბერი 2019) წარადგინა. ანგარიშში გასაუბრების პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მხრიდან არათანაბარი მოპყრობის შესახებარისაღნიშნული, რაც კანდიდატებისთვის კითხვების დასმის მანერაში, რაოდენობასა და შინაარსში, გასაუბრებების ხანგრძლივობასა და ზოგიერთი კანდიდატის დახმარებაში გამოიხატებოდა. იქვე წერია ისიც, რომ ODIHR-ის რეკომენდაციების მიუხედავად, არ იქნა დანერგილი შესაბამისი სტანდარტი, რაც პროცესის სამართლიანად და მოწესრიგებულად ჩატარებას უზრუნველყოფდა.
ანალიზი
2019 წლის 3 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტში კანონპროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პირველი მოსმენით განიხილეს. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ კანონპროექტის წარდგენას, რომელიც მომზადდა სასამართლო რეფორმის, ე.წ. მეოთხე ტალღის ფარგლებში, ოპოზიციის წარმომადგენლებისგან კრიტიკა მოჰყვა. ,,ევროპული საქართველოს’’ წევრმა, ირაკლი აბესაძემ, სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენისა და დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა: ,,მაგალითად, ეუთო-ს დასკვნაში [წერია], რომ გასაუბრება რომელიც ტარდებოდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იყო აშკარად მიკერძოებული’’.
„ფაქტ-მეტრი“ დაინტერესდა განცხადების სიზუსტით და ეუთო/ODIHR-ის შესაბამის ანგარიშში გადაამოწმა ინფორმაცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან ჩატარებულ გასაუბრებასთან დაკავშირებით.
მოვლენების მიმოხილვა
2018 წლის 16 დეკემბერს ძალაში შევიდა საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ეხებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობას და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევისა და დანიშვნის პროცესს. ცვლილების შედეგად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა 16-დან არანაკლებ 28-მდე გაიზარდა, ხოლო 10-წლიანი ვადით დანიშვნის წესი უვადოთი შეიცვალა. ასევე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასანიშნად პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაეცა, რაც მანამდე პრეზიდენტს ჰქონდა.
2018 წლის 24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად დასანიშნად 10 კანდიდატი წარუდგინა. იმ გარემოებამ, რომ კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმებისა და პროცედურების განმსაზღვრელი კანონმდებლობა არ არსებობდა, ხოლო წარდგენა შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების გარეშე წარიმართა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრის, სამოქალაქო საზოგადოების, სახალხო დამცველისა და ოპოზიციური პარტიების უკმაყოფილება მოჰყვა. შედეგად ათმა ნომინირებულმა კანდიდატმა თავისი კანდიდატურა უკან გაიწვია, ხოლო პარლამენტი დათანხმდა, შერჩევის პროცესის მარეგულირებელი საკანონმდებლო ცვლილებები მოემზადებინა.
2019 წლის 17 აპრილს ეუთო/ODIHR- მა ცვლილებების კანონპროექტთან დაკავშირებით სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც შეფასებულია შემოთავაზებული ცვლილებების შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან და ეუთო-ს ვალდებულებებთან. ორგანიზაცია თავის დასკვნაში მიესალმა ,,ცვლილებების პროექტს“, რომლის მიზანიც ხარვეზის შევსება და უფრო დეტალური ნორმების შემოთავაზება იყო, თუმცა დაასკვნა, რომ ,,მისი შემუშავების და მიღების პროცესი არ შეესაბამებოდა დემოკრატიული კანონშემოქმედების პრინციპებს’’.
2019 წლის პირველ მაისს საქართველოს პარლამენტმა საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე განიხილა და 87 ხმით 33-ის წინააღმდეგ მიიღო. ეუთო/ODIHR-ის დასკვნაში მოცემული რეკომენდაციებიდან მხოლოდ რამდენიმე გაითვალისწინეს, მათ შორის, საბჭოში ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების საკითხi და არასამოსამართლე კანდიდატების გათავისუფლება მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისგან. ძირითადი ხარვეზები კი მაინც უცვლელი დარჩა.
ამავე ცვლილებებთან დაკავშირებული პროცესებიდან გამომდინარე, 29 ივნისიდან ODIHR-ის მონიტორინგის ჯგუფმა საქართველოში სადამკვირვებლო საქმიანობა დაწყო, კერძოდ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან მიმდინარე გასაუბრებების მონიტორინგი.
რა დაადგინა მონიტორინგის ჯგუფმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესის შესახებ
მონიტორინგის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ODIHR-ის რეკომენდაციების მიუხედავად, არ დაწესდა სტანდარტი კითხვების რაოდენობასთან და შინაარსთან, კითხვების დასმის წესთან და დროსთან, აგრეთვე გასაუბრების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით. არ არსებობდა ქცევის წესები, რომლებიც უზრუნველყოფდა პროცესის სამართლიანად და მოწესრიგებულად ჩატარებას. ასევე, მითითებულია, რომ თითოეული გასაუბრება, ფაქტობრივად, იმპროვიზაციის შედეგი იყო. ხდებოდა მხოლოდ ზოგიერთი წესის განხილვა და შეცვლა ზეპირად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, რაც არ უზრუნველყოფდა პროცესის თანმიმდევრულობას, ხოლო კანდიდატებს წინასწარ არ ჰქონდათ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ წარიმართებოდა პროცესი უშუალოდ მათ შემთხვევაში.
,,გასაუბრებები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან კითხვების რაოდენობისა და შინაარსის, კითხვების დასმის პროცედურის და გასაუბრებების ხანგრძლივობის მხრივ (გასაუბრების ხანგრძლივობა სხვადასხვა კანდიდატის შემთხვევაში ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა და გრძელდებოდა 1,5 საათიდან 6 საათამდე), რაც ეწინააღმდეგება თანაბარი მოპყრობის პრინციპს. მართალია, მთლიანობაში, დასმული შეკითხვები მოიცავდა კომპეტენტურობის და კეთილსინდისიერების კრიტერიუმების შეფასებისთვის საჭირო საკითხებს, თუმცა ODIHR-ის დამკვირვებლებმა დააფიქსირეს მნიშვნელოვანი განსხვავება კანდიდატებისთვის კითხვების დასმისა და მათ მიმართ მოპყრობის თვალსაზრისით. ზოგჯერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები სხვადასხვა მეთოდით მიანიშნებდნენ თავიანთი მხრიდან კანდიდატის მხარდაჭერას ან პირიქით - წინააღმდეგობას’’, - ვკითხულობთ ანგარიშში.
დოკუმენტში დამატებით წერია, რომ ,,ზოგიერთ კანდიდატს მისთვის ხელსაყრელ პირობებს უქმნიდნენ, რაც აზიანებდა პროცესის სამართლიანობას. ზოგიერთ კანდიდატთან გასაუბრება უფრო შინაურულ პირობებში მიმდინარეობდა და უსვამდნენ ზოგად და შედარებით იოლ სამართლებრივ კითხვებს - კანდიდატის სპეციალიზაციის სფეროდან ან კანდიდატის მიერ განხილულ საქმეებთან დაკავშირებით, რის გამოც მათი პასუხებიც წარმატებული იყო. დაფიქსირდა საბჭოს ზოგიერთი წევრის მიერ ზოგიერთი კანდიდატის სხვადასხვა ფორმით დახმარება პასუხის გაცემაში, მათ მიერვე ან სხვა წევრების მიერ დასმულ კითხვებზე“. ეუთო/ODIHR ყურადღებას ამახვილებს შიდა პროცესებზე. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საბჭოს მოსამართლე წევრები საუბარს ხშირად აწყვეტინებდნენ არამოსამართლე წევრებს კითხვების დასმას, მწვავედ აკრიტიკებდნენ და დასცინოდნენ მათ კითხვებს, აგრეთვე აიძულებდნენ, არ დაესვათ ისეთი კითხვები, რომლებიც დაპირისპირებას გამოიწვევდა.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშული ანგარიში არ არის საბოლოო და ერთიანი პროცესი სრულად არაა შეფასებული, მასში პირდაპირაა მითითებული გასაუბრებების დროს არათანაბარი მოპყრობის შესახებ[1], რის საფუძველზეც ვასკვნით, რომ ირაკლი აბესაძის განცხადება შეესაბამება სიმართლეს. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესს, ასევე, გამოეხმაურა კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის. განცხადებაში დადებითად არის შეფასებული გასაუბრების პროცესის ღიაობა, თუმცა აღნიშნულია, რომ ადგილი ჰქონდა მინიშნებებსა და კარნახს, საბჭოს მოსამართლე წევრების მხრიდან. განცხადებაში ასევე წერია, რომ თვალსაჩინო იყო საბჭოს მოსამართლე წევრების აგრესიული ტონი და ირონიული დამოკიდებულება იმ კანდიდატის მიმართ, რომლებმაც სასამართლოში არსებულ პრობლემებზე ღიად ისაუბრეს.
-------------------------------------------------
[1] ‘’ODIHR monitors noted significant differences in how candidates were questioned and treated and at times HCJ members indicated in various ways their support or opposition of a candidate’’ - REPORT ON FIRST PHASE OF THE NOMINATION AND APPOINTMENT OF SUPREME COURT JUDGES IN GEORGIA June – September 2019 OSCE/ODIHR Report, pg-4
ფოტო: 1tv.ge