დღეს, 12 იანვარს, 22:30 წუთზე საზოგადოებრივი მაუწყებლის - პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ გავიდა. მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო და საჯარო წერილი გამოაქვეყნა, ამ ინტერვიუსადმი საზოგადოებრივი ინტერესი გაიზარდა. როგორც ყოფილმა პრემიერმა ეთერში აღნიშნა, ეს მისი ერთ-ერთი ბოლო სატელევიზიო ინტერვიუა.
აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ ბიძინა ივანიშვილის მიერ ეთერში გაკეთებული განცხადებების სიზუსტით დაინტერესდა და მკითხველს ბიძინა ივანიშვილის ძირითად განცხადებებსა და მათ შესახებ სტატიებს, მაქსიმალურად ოპერატიულად ვაწვდით.
განცხადება 1: „ქართულმა ოცნებამ მოახერხა და შეაჩერა დაღმასვლა. ჩვენ სტაბილურად 8 წლის განმავლობაში ყველა მიმართულებით პრინციპულად უკეთესი მდგომარეობა გვაქვს.“
ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, ბიძინა ივანიშვილის განცხადება არის მცდარი.
ბიძინა ივანიშვილის განცხადების გადასამოწმებლად ავიღეთ სამი პარამეტრი: ეკონომიკური ზრდა, სახელმწიფო ვალი და მოსახლეობის კეთილდღეობა.
ეკონომიკის მიმართულებით, ზრდის შენელება ცალსახაა. 2004-2012 წლებში ეკონომიკა საშუალოდ 6.2%-ით, ხოლო 2013-2019 წლებში საშუალოდ 4.09%-ით იზრდებოდა. ასევე, სახეზეა მთავრობის ვალის როგორც ნომინალური, ასევე მშპ-სთან შეფარდებით გამოთვლილი წილის ზრდა.
მნიშვნელოვანი წინსვლა არც მოსახლეობის კეთილდღეობის მიმართულებით ყოფილა. სიღარიბე ქვეყნისთვის კვლავ უმთავრესი გამოწვევაა, ამასთან "შიმშილის გლობალურ ინდექსში" საქართველოს მდგომარეობა გაუარესდა.
მონაცემების დეტალური ანალიზისთვის იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ მიერ მომზადებული სტატიები (სტატია 1; სტატია 2; სტატია 3).
განცხადება 2: „არც ერთი ქვეყნის მთვრობას და ხელისუფლებას არ ჩამოუვარდება ქართული ოცნების გუნდი...ნახეთ რეიტინგები, კორუფცია იქნება ეს თუ სხვა, ძალიან ეფექტური გუნდი დარჩა.“
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ბიძინა ივანიშვილის განცხადება არის მცდარი.
„ქართული ოცნების“ მმართველობის ბოლო პერიოდში ქვეყანა მრავალი მიმართულებით რეგრესს განიცდის. ამ მხრივ, განსაკუთრებით საყურადღებო 2018, 2019 და 2020 წლებია. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია კორუფციის აღქმის ინდექსი, კანონის უზენაესობის ინდექსი და Freedom House-ის ანგარიშები.
სხვადასხვა მონაცემის ცვლილების შესახებ უფრო დეტალური ანალიზის სანახავად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.
განცხადება 3: „მე ვარ ხელისუფლების მაკონტროლირებელი, თუ ვინმე იმ თამაშის წესებს დაარღვევს იქნება გადაჭარბებული ძალის გამოყენება ან რაღაც მსგავსი, რაც მიუღებელია ჩვენი ხელწერისთვის, ქართული ოცნებისთვის, რომელიც დავაფუძნეთ, რა თქმა უნდა მე ხმას ამოვიღებ.“
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ბიძინა ივანიშვილის განცხადება არის ტყუილი.
სახალხო დამცველის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების შეფასებებით, 2019 წლის განმავლობაში ხელისუფლება მანიფესტაციების წინააღმდეგ, ყოველთვის გადამეტებულ ძალას იყენებდა. აღნიშნულის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილს გადაჭარბებული ძალის გამოყენების არცერთ ფაქტზე ხელისუფლება არ გაუკრიტიკებია. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი 20 ივნისის აქციის დარბევაა. აქციის დარბევას უამრავი ავტორიტეტული ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციის გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა მმართველი პარტიის ლიდერის მხრიდან კრიტიკა - არ გვინახავს. უფრო დეტალური ანალიზისთვის იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.
განცხადება 4: „ნატოს წევრი ქვეყნების დიდი ნაწილი ევროპაშიც 2%-საც არ იხდიან საერთო სასაქონლო პოზიციიდან [გულისხმობს „ნატოს სტანდარტს“ - ნატოს წევრი ქვეყნების მიერ წლიურად თავდაცვაზე გაწეული ხარჯები არ უნდა იყოს ნაკლები მშპ-ს 2%-ზე] ჩვენ ღარიბი ქვეყანა ამასაც კი ვიცავთ.“
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ბიძინა ივანიშვილის განცხადება არის სიმართლე.
ბიძინა ივანიშვილის განცხადება უშუალოდ თავდაცვაზე გაწეული ხარჯების ნაწილში რეალობას შეესაბამება, როგორც საქართველოს, ასევე ნატოს წევრი ევროპული ქვეყნების შემთხვევაში. ნატოს წევრი ევროპული ქვეყნების ნაწილი, მართლაც არ იცავს ნატოს სტანდარტს და თავდაცვაზე მშპ-ს 2%-ზე ნაკლებს ხარჯავს. საქართველოს შემთხვევაში აღნიშნული კრიტერიუმი, პრაქტიკულად ყველა საბიუჯეტო წლის განმავლობაში დაკმაყოფილებულია და თავდაცვაზე გაწეული ხარჯები მშპ-ს 2%-ის მიდამოებშია.
ამავე კონტექსტში, ბიძინა ივანიშვილი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მხრიდან ნატოს წევრობისათვის საჭირო, ყველა სხვა კრიტერიუმი, მათ შორის, ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების მოთხოვნა, დაკმაყოფილებულია, თუმცა „ფაქტ-მეტრი“ მოცემულ მსჯელობაში არ შედის და მხოლოდ ნატოს სტანდარტის ფინანსური თვალსაზრისით დაკმაყოფილების ნაწილს აფასებს.
ფაქტ-მეტრი ბიძინა ივანიშვილის სხვა განცხადებების ანალიზს მიმდინარე კვირის განმავლობაში გამოაქვეყნებს.