იტვირთება

რეზიუმე: სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვა შესაძლებელია, როგორც ორგანიზაციულ ჭრილში - სტრუქტურული ერთეულების (თავდაცვის სამინისტრო, შსს) მიხედვით, ისე ფუნქციურ ჭრილში - ცალკეულ სფეროზე (თავდაცვა, საზ. წესრიგი) დასახარჯი სახსრები. 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმით, მთლიანი ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის მაჩვენებლიდან, ფუნქციურად თავდაცვაზე 903 მლნ ლარია გამოყოფილი (მოიცავს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის ხარჯებსაც). ორგანიზაციულად, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 875 მლნ ლარია, რაც 2020 წლის პროგნოზით, 953 მლნ ლარამდე გაიზრდება. შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, თავდაცვაზე არც მიმდინარე წელს იხარჯება მილიარდი ლარი და არც 2020 წელს არის პროგნოზირებული მისი ზრდა 1.4 მლრდ-მდე.

2019-2020 წლებში თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისათვის 42.8 და 44.3 მლნ (პროგნოზი) ლარია გათვალისწინებული, თუმცა, აღნიშნული სახსრები მხოლოდ ნატოს ეგიდით განხორციელებულ ღონისძიებებს არ მიემართება და სხვა აქტივობებისთვის, მათ შორის, ევროკავშირის მისიებში მონაწილეობისათვის გასაწევ ხარჯს მოიცავს.

რაც შეეხება თავდაცვის ხარჯების დაყოფას „თავდაცვისთვის საჭირო“ და სხვა ხარჯებად, ამავდროულად, შეიარაღებაზე დახარჯული სახსრების არ შეყვანა „საჭირო“ ხარჯებში და მისი განხილვა, როგორც „ნატოზე დახარჯულად“ შინაარსს მოკლებულია. სფეროს სპეციფიკურობიდან გამომდინარე, შეიარაღებაზე დახარჯული სახსრების ზუსტად დადგენა რთულია. თუმცა, უხეშად, შეიარაღების შეძენაზე დასახარჯი სახსრების მოცულობაზე მსჯელობა შესაძლებელია „თავდაცვის შესაძლებლობების შენარჩუნება-განვითარებისა“ და „შეიარაღებული ძალების შესაძლებლობის გაძლიერების“ მუხლებში ასახულ თანხებზე დაყრდნობით, რაც 2019 წლის მდგომარეობით, 196.2 მლნ ლარს შეადგენს. აქვე აღსანიშნავია, რომ ეს სახსრები არც სრულად შეიარაღების შეძენაზე იხარჯება და მით უმეტეს, არც მხოლოდ ნატოს წევრი ქვეყნებიდან იარაღის იმპორტზე. შესაბამისად, შეძენილი იარაღის ღირებულების „ნატოზე დახარჯულად“ მიჩნევის აბსურდულობასთან ერთად, შეიარაღებაზე დასახარჯად დასახელებული 400 მლნ ლარიც არსებითად გადაჭარბებულია.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, თავდაცვაზე დანახარჯების მშპ-სთან ფარდობის თვალსაზრისით, საქართველო (2.46%) მეზობლებიდან მხოლოდ თურქეთს (2%) უსწრებს, აზერბაიჯანს (4.44%), სომხეთსა (4.05%) და რუსეთს (4.53%) კი, არსებითად ჩამორჩება[1].

ანალიზი

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ სააგიტაციო ბუკლეტი გაავრცელა, სადაც მითითებულია: „წელს თავდაცვასა და ნატოს პროექტებზე მილიარდი ლარია გამოყოფილი. აქედან საქართველოს თავდაცვას 600 მლნ სჭირდება 400 მლნ-ით კი ნატოსგან იარაღი უნდა ვიყიდოთ და საერთოდ ნატოზე უნდა დავხარჯოთ. მომავალ წელს მილიარდ 400 მლნ ლარი უნდა გამოიყოს, აქედან 600 მლნ თავდაცვაზე, 800 მლნ კი კვლავ ნატოს მოხმარდება“.

საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, ჯამური გეგმიური ასიგნებებიდან (13.1 მლრდ ლარი) თავდაცვის სამინისტროზე 875 მლნ ლარია (6.7%) გამოყოფილი. რაც შეეხება ფუნქციური თვალსაზრისით ჩაშლას, ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის[1] ჯამური მაჩვენებელი 11.8 მლრდ ლარს შეადგენს, საიდანაც თავდაცვაზე 903 მლნ ლარის (7.7%) გახარჯვაა დაგეგმილი. აღნიშნული შესაბამისი პერიოდის მთლიანი შიდა პროდუქტის საპროგნოზო მოცულობის 2%-ის მიდამოებშია, რაც ნატოს სტანდარტს წარმოადგენს[2]. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების (BDD) დოკუმენტის თანახმად,, 2022 წლის ჩათვლით თავდაცვის სამინისტროზე ყოველწლიურად მშპ-ს 1.96%-ის გამოყოფა არის დაგეგმილი. შესაბამისი მონაცემები გრაფიკი 1-ში არის ასახული.

გრაფიკი 1: თავდაცვის სამინისტროს ასიგნებები 2015-2022 წლები

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

როგორც გრაფიკიდან ჩანს, ბოლო წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ასიგნებები მშპ-ს 2%-ის ფარგლებშია. ის არც 2019 წელს არის მილიარდიან ნიშნულზე და პროგნოზის თანახმად, არც მომდევნო წელს გაიზრდება 1.4 მლრდ ლარამდე.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ თავდაცვის ხარჯები არ არის მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს მიერ გაწეული ხარჯები და მოიცავს სხვა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ თავდაცვის მიზნებისთვის გაწეულ ნებისმიერ ხარჯს. გრაფიკი 2 ასახავს თავდაცვაზე გაწეულ ხარჯებს საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში. მაჩვენებლები გაანგარიშებულია თავდაცვის ხარჯების ნატოს განმარტების შესაბამისად (გაფართოებული ხარჯები).

გრაფიკი 2: თავდაცვაზე გაწეული ხარჯები 2010-2017 წლები

წყარო: მსოფლიო ბანკი

საქართველოს მიერ თავდაცვაზე გაწეული ხარჯები 2013-2017 წლებში საშუალოდ მშპ-ს 2.46%-ს უტოლდება და არსებითად ჩამოუვარდება მეზობელი ქვეყნების შესაბამის მონაცემს, გარდა თურქეთისა, რომელიც ამავე პერიოდში, თავდაცვაზე საშუალოდ მშპ-ს 2%-ს ხარჯავდა. შესაბამისად მითითება, რომ საქართველოში თავდაცვაზე დიდი თანხები იხარჯება და ის შემცირებას საჭიროებს, რეალობას აცდენილია. ამავდროულად, თავდაცვის ხარჯების ფარდობითი მაჩვენებლის საშუალოდ არსებულ ნიშნულზე (2.46%) შენარჩუნების პირობებში, 2019 წელს შესაძლებელია მილიარდს მიაღწიოს, თუმცა 1.4 მლრდ ლარს მხოლოდ 2022 წლის მდგომარეობით გაუტოლდება, მშპ-ს ზრდის საბაზისო პროგნოზების გათვალისწინებით.

რაც შეეხება უშუალოდ თავდაცვის სამინისტროს ხარჯების ჩაშლას „თავდაცვისთვის საჭირო“ და სხვა ხარჯებად. გაუგებარია რა იგულისხმება ამ დეფინიციის ქვეშ ან რას ეყრდნობა მტკიცება, რომ თავდაცვისთვის 600 მლნ ლარია საჭირო. შედარებისთვის, მხოლოდ შრომის ანაზღაურებისათვის თავდაცვის სამინისტროს წლიურად საშუალოდ 390 მლნ ლარი სჭირდება. მით უმეტეს, შინაარსს მოკლებულია მიდგომა, რომ იარაღის შეძენაზე დახარჯული თანხები გამოცალკევებულია „თავდაცვისთვის საჭირო“ თანხებიდან და ის განიხილება ნატოზე დახარჯულად.

ცხრილი 1: თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი

2015 ფაქტი

2016 ფაქტი

2017 ფაქტი

2018 გეგმა

2019 გეგმა

2020 პროგ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

679.7

746.0

770.0

807.0

875.0

952.53

თავდაცვის მართვა

552.7

491.6

452.2

312.2

314.3

315

პროფესიული სამხედრო განათლება

19.9

18.7

38.6

43.5

46.9

47.33

ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა

7.5

49.2

51.9

54.6

55.5

64.3

მართვის კონტროლის კავშირგაბმულობის და კომპიუტერული სისტემები

1.6

6.8

8.4

9.5

9.5

9.5

ინფრასტრუქტურის განვითარება

9.1

20.2

38.6

26.0

26.5

31

საერთაშორისო სამშვიდობო მისიები

29.4

39.2

38.4

40.4

42.8

44.3

კვლევა და სამხედრო მრეწველობის განვითარება

38.0

35.2

40.5

28.3

33.5

42.5

თავდაცვის შესაძლებლობების შენარჩუნება/განვითარება

21.7

-

-

128.2

141.2

163

ლოჯისტიკური უზრუნველყოფა

-

2.9

2.3

142.2

150.0

180.6

შეიარაღებული ძალების შესაძლებლობის გაძლიერება (SG)

-

82.4

99.1

22.0

55.0

55

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

როგორც ცხრილიდან ჩანს, საერთაშორისო სამშვიდობო მისიების დაფინანსებაზე, რაც თეორიულად შესაძლებელია იგულისხმებოდეს „ნატოზე დახარჯულ“ სახსრებში, 2019 წელს მხოლოდ 42.8 მლნ ლარია გამოყოფილი, 2020 წელს კი 44.3 მლნ ლარია პროგნოზირებული, თუმცა, აღნიშნული მუხლი მოიცავს არა მხოლოდ ნატოს ეგიდით (მტკიცე მხარდაჭერის მისია - RSM და ნატოს რეაგირების ძალები - NRF) განხორციელებულ ოპერაციებს, არამედ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგისა და ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში გასატარებელ ღონისძიებებსა და ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ მისიებში (ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში – EUTM RCA და მალის რესპუბლიკაში – EUTM Mali) მონაწილეობას.

თავდაცვაზე გაწეული ხარჯების სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ბიუჯეტის დეტალური ჩაშლისა და შეიარაღების შეძენაზე გაწეული დანახარჯების ზუსტი მონაცემების მიღება პრაქტიკულად შეუძლებელია, მით უმეტეს, რთულია იმის იდენტიფიცირება შეძენელი შეიარაღება კონკრეტულად რომელი ქვეყნიდან (ნატოს წევრი თუ არაწევრი) იქნა მოწოდებული. თუმცა, უხეშად შეარაღების შეძენაზე დახარჯული სახსრების ოდენობაზე მსჯელობა შესაძლებელია „თავდაცვის შესაძლებლობების შენარჩუნება/განვითარებისა“ (საბიუჯეტო კოდი 29 08) და „შეიარაღებული ძალების შესაძლებლობის გაძლიერების“ (საბიუჯეტო კოდი 29 10) მუხლებში ასახული სახსრებით, რაც 2019 წლის მდგომარეობით, 196.2 მლნ ლარს შეადგენს. აქვე აღსანიშნავია, რომ ეს სახსრები არც სრულად შეიარაღების შეძენაზე იხარჯება და მით უმეტეს არც მხოლოდ ნატოს წევრი ქვეყნებიდან იარაღის იმპორტზე. შესაბამისად, შეძენილი იარაღის ღირებულების „ნატოზე დახარჯულად“ მიჩნევის აბსურდულობასთან ერთად, შეიარაღებაზე დასახარჯად დასახელებული 400 მლნ ლარი არსებითად გადაჭარბებულია.



[1] საბიუჯეტო მონაცემებით თავდაცვის ხარჯები მშპ-ს 2%-ის მიდამოებშია, თუმცა, მოცემული მაჩვენებლები დათვლილია განსხვავებული საერთო მეთოდოლოგიით (თავდაცვის ხარჯები განიმარტება ნატოს მიდგომით) რაც უზრუნველყოფს განსხვავებული ქვეყნების მონაცემებს შორის შესადარისობას

[2] გამორიცხულია ფინანსური აქტივების ცვლილებისა და ვალდებულებების მომსახურების ნაწილში ასახული გადასახდელები

[3]ნატოს წევრი ქვეყნებისათვის მოითხოვება, რომ მშპ-ს მინიმუმ 2% თავდაცვაზე დაიხარჯოს


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2693 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
23%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი