ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ დასაბამი მივეცით პროგრესს და შევამცირეთ სიღარიბე...
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით ბიძინა ივანიშვილის განცხადება არის ფაქტებით მანიპულირება.
რეზიუმე: საქსტატის 2019 წლის მონაცემებით, მოსახლეობის 19.5% სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ იმყოფება. ეს მაჩვენებელი 2012 წელთან შედარებით, 10.5 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. 2012 წელს 2004 წელთან შედარებით, სიღარიბის მაჩვენებელი 4.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა. რიცხვები, რომელიც ღია წერილის დანართშია ასახული, ზუსტია. თუმცა ბიძინა ივანიშვილი სიღარიბის პრობლემას, როგორც მემკვიდრეობას ისე განიხილავს და ქართული ოცნების პროგრესზე საუბრობს. საქართველოში სიღარიბის შემცირების ტენდენცია, წინა ხელისუფლების პერიოდში, 2011 წელს დაიწყო. 2011-2012 წლებში, ორ წელში აბსოლუტურ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 7.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა. ამასთან, თუ 2013 წელს შუალედურ წლად განვიხილავთ, რადგან ამ პერიოდში შემცირებულ სიღარიბეზე გავლენა უნდა ჰქონოდა, როგორც „ქართული ოცნების“, ისე წინა ხელისუფლების მმართველობის შედეგებს. ამ შემთხვევაში ვნახავთ, რომ სიღარიბის დონე 2011-2012 წლებში მეტად შემცირდა, ვიდრე 2014-2019 წლებში.
ამასთან, ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ საქსტატის მონაცემებს ეყრდნობა და Unicef -ის მონაცემებს უგულებელყოფს. „მოსახლეობის კეთილდღეობის“ ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ 2017 წელს 2015 წელთან შედარებით, ზოგადი სიღარიბის მაჩვენებელი 18.4%-დან 21.7%-მდე გაიზარდა. უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის წილი კი გაზრდილია, როგორც 2015, ასევე 2013 წელთან შედარებითაც. Unicef-ის აღნიშნული კვლევის შედეგებს იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა მოჰყვა.
ანალიზი
“ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის. ივანიშვილი საზოგადოებას ღია წერილით მიმართავს და „ქართული ოცნების“ მმართველობის 8 წელს აჯამებს. წერილში ავტორი ყურადღებას სიღარიბეზე, როგორც ქვეყნის მთავარ პრობლემაზე, ამახვილებს. „სიღარიბე ობიექტური რეალობაა, მაგრამ ვერ მივიღებ იმ ბრალდებას, რომ სიღარიბე, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო, „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგია... დღევანდელი სიღარიბე იმ უწყვეტი დაღმასვლისა და კატაკლიზმების შედეგია, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ოცი წლის განმავლობაში გამოიარა. ჩვენ მოვახერხეთ და შევაჩერეთ ვარდნა, დასაბამი მივეცით პროგრესს და შევამცირეთ სიღარიბე“. ღია წერილს ახლავს დანართი, სადაც აღნიშნულია: „ქართული ოცნების მმართველობის დროს, 10.5 პროცენტით შემცირდა სიღარიბე. „ნაცმოძრაობამ“ თავის დროზე სიღარიბის შემცირება მხოლოდ 4.3 პროცენტით შეძლო“.
საქსტატის 2019 წლის მონაცემებით, 2012 წელთან შედარებით, აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი 30%-დან 19.5%-მდე შემცირდა. აბსოლუტური სიღარიბე აჩვენებს, საარსებო მინიმუმს ქვემოთ მოსახლეობის რა ნაწილი ცხოვრობს.
2012 წელს, 2004 წელთან შედარებით, სიღარიბის მაჩვენებელი 4.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა. წინა ხელისუფლების პერიოდში სიღარიბის მაჩვენებლები იცვლებოდა როგორც ზრდისკენ, ასევე კლებისკენ. სიღარიბის მაჩვენებელი 2010 წელს მკვეთრად გაიზარდა, რაც მსოფლიო ფინანსურ კრიზისს და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდს უკავშირდება, რომელთაც გამაღარიბებელი ეფექტი ჰქონდათ. 2011-2012 წლებში აბსოლუტურ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 7.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
ბიძინა ივანიშვილი უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ საქართველოში სიღარიბის შემცირების ტენდენცია, წინა ხელისუფლების პერიოდში, 2011 წელს დაიწყო და დადებითი ტენდენცია 2015 წლის ჩათვლით შენარჩუნდა. 2016 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი გაიზარდა, 2017 წელს კი სიღარიბის დონე თითქმის იგივე ნიშნულზე დარჩა. 2018 და 2019 წლებში კი აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი მცირდებოდა, თუმცა შედარებით დაბალი ტემპით.
ამასთან 2013 წელი შესაძლოა,შუალედურ წლად განვიხილოთ, იმდენად, რამდენადაც ამ პერიოდში შემცირებულ სიღარიბეზე გავლენა უნდა ჰქონოდა, როგორც „ქართული ოცნების“, ისე წინა ხელისუფლების მმართველობის შედეგებს. 2014-2019 წლებში, აბსოლუტური სიღარიბე 6.7 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, რაც 2011-2012 წლების მაჩვენებელზე ნაკლებია.
გრაფიკი 1: სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი (%), 2004-2019 წლებში
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
სიღარიბის მაჩვენებლებზე საუბრისას, ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ საქსტატის მონაცემებს ეყრდნობა და Unicef-ის „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის“ შედეგებს, რომელიც 2018 წლის ივნისში გამოქვეყნდა, უგულებელყოფს. აღნიშნული კვლევის შედეგები ოფიციალური ვერსიით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე განიხილეს, რასაც იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა მოჰყვა.
Unicef „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევას“ ორ წელიწადში ერთხელ ატარებს. მოსახლეობის სიღარიბე და კეთილდღეობა სამომხმარებლო ხარჯების ანალიზის საფუძველზე ფასდება. უკიდურეს სიღარიბედ მიიჩნევა, როდესაც ადამიანი დღიურად 1.25 დოლარზე ნაკლებს მოიხმარს (რაც თვეში ერთ ზრდასრულ პირზე დაახლოებით 83 ლარს შეესაბამება). ზოგადი სიღარიბის ზღვრად მიჩნეულია 2.5 დოლარი დღეში (რაც ერთ ზრდასრულ პირზე თვეში 165.5 ლარს შეესაბამება). იუნისეფის ბოლო, 2017 წლის კვლევის თანახმად, სიღარიბის დონე გაიზარდა მოსახლეობის ყველა ჯგუფში, განსაკუთრებით კი - ბავშვთა სიღარიბე. 2017 წელს კი, 2015 წელთან შედარებით, ზოგადი სიღარიბის მაჩვენებელი 18.4%-დან 21.7%-მდე გაიზარდა. უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის (მათ შორის ბავშვების და პენსიონერების) წილი გაზრდილია, როგორც 2015 წელთან, ასევე 2013 წელთან შედარებითაც. Unicef-მა სიღარიბის ზრდის გამომწვევ მიზეზად ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება და გაზრდილი სამომხმარებლო ფასები დაასახელა(იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).
გრაფიკი 2: უკიდურესი და ზოგადი სიღარიბის მაჩვენებლები, 2009-2017 წლებში
წყარო: Unicef