დეზინფორმაცია გაეროსა და მისი ფონდების შესახებ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ანალიზი

21 დეკემბერს Facebook-გვერდმა „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებამ“ წერილი შემდეგი სათაურით: „როგორ ცდილობს გაერო, გამოიყენოს საპატრიარქო თავისი მიზნებისთვის“, გამოაქვეყნა. წერილში გაერო და მისი ფონდები: UNICEF Georgia, UN Women Georgia, UNESCO, UNFPA წარმოდგენილია, როგორც „სოდომური ორგანიზაციები“, რომლებიც საპატრიარქოსთან თანამშრომლობით საკუთარი ქმედებების ლეგიტიმაციას ახდენენ. წერილში საუბარია იმაზეც, რომ აღნიშნული ორგანიზაციები ლგბტ თემის პროპაგანდას, ბავშვებზე უარყოფითი ზეგავლენის მოხდენას და ქრისტიანული ოჯახების დანგრევას ემსახურება. მასალაში ბავშვის უფლებათა კოდექსიც უარყოფით კონტექსტშია ნახსენები. წერილი zneoba.ge-ის ვებგვერდსა და Facebook-გვერდზეც გამოქვეყნდა.

Facebook-პოსტში მოცემული ფაქტების ნაწილი სიმართლეს არ შეესაბამება, ნაწილი კი არასწორი ინტერპრეტაციითაა გაშუქებული. პოსტი გაეროს და მისი ფონდების დისკრედიტაციას, საერთაშორისო ინსტიტუტებისადმი უნდობლობის გაღვივებასა და ანტიდასავლური ნარატივის გავრცელებას ემსახურება.

წერილში მოცემული ინფორმაციის თანახმად, გაეროს პროგრამით საქართველოს ბაგა-ბაღებში, უკვე რამდენიმე წელია, რაც ე.წ. „ნეიტრალური გენდერის“ პროგრამა დაინერგა. მასალის თანახმად, პროგრამის ფარგლებში ბავშვებს სპეციალურად „ნეიტრალური სქესის“ და უფრო მეტად კი, საპირისპირო სქესის თვისებებს უღვივებენ, რათა მომავალში „სქესის შეცვლა“ გაუადვილდეთ და ჰომოსექსუალური ურთიერთობები ბუნებრივად მოეჩვენოთ.

რეალურად, UNICEF-ის რეკომენდაციების გათვალისწინებით შემუშავებული 2015 წლის „სასკოლო მზაობის პროგრამის“ სახელმძღვანელოში ინფორმაციას სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გენდერულად ნეიტრალური მიდგომების აუცილებლობის შესახებ ნამდვილად ვხვდებით. აღმზრდელის სახელმძღვანელოში ხაზგასმულია, რომ იმისთვის, რომ თითოეული ბავშვი გრძნობდეს და აცნობიერებდეს, რომ ის ზუსტად ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ყველა დანარჩენი, არც მეტად და არც ნაკლებად, პედაგოგმა ბავშვები გენდერული ნიშნის მიხედვი არ უნდა გამოარჩიოს. აღმზრდელმა უნდა წაახალისოს გოგონებისა და ბიჭების თანაბარი ჩართულობა ერთობლივ თამაშებსა და აქტივობებში; აღმზრდელმა უნდა წაიკითხოს ზღაპრები, რომლებშიც თანაბრად არიან წარმოდგენილნი ორივე სქესის გმირები; პედაგოგმა შესაბამისად უნდა უპასუხოს გენდერულად (სქესობრივი ნიშნით) დისკრიმინაციულ ქცევას, როგორიცაა ბიჭების მიერ თამაშიდან გოგოების გარიყვა (ან პირიქით), დამცირება და დაცინვა.

შესაბამისად, „სასკოლო მზაობის პროგრამის“ სახელმძღვანელოში მოცემული აქტივობების იმგვარი ინტერპრეტაცია, თითქოს საბოლოო მიზანი ბავშვებისთვის მომავალში „სქესის შეცვლის“ ხელშეწყობა და წახალისებაა, მანიპულაციურ ხასიათს ატარებს და მოცემული პროგრამის დისკრედიტაციას ემსახურება. რეალურად პროგრამის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება არის, ბავშვებს სკოლასა და ცხოვრებაში წარმატების მოპოვებაში დაეხმაროს და ასწავლოს მათ, თუ როგორ იმეგობრონ თანატოლებთან. ამ მიზნის მისაღწევად კი საჭიროა, ბავშვებს გამოცდილების მისაღებად და ახალ-ახალ უნარების ასათვისებლად მრავალფეროვანი შესაძლებლობები მიეცეთ.

წერილში არსებული ერთ-ერთი მტკიცების თანახმად, გაეროს ბავშვთა ფონდმა UNICEF-მა საქართველოში ოჯახების დამანგრეველი ბავშვის უფლებათა კოდექსი შემოიტანა, იგივე „ბავშვთა წართმევის კოდექსი“, რომელიც ყურის აწევასა და კუთხეში დაყენებაზეც კი, მშობლებისთვის შვილების წართმევას და ბავშვების ერთსქესიან ოჯახებზე გაშვილებას აკანონებს.

ბავშვის უფლებათა კოდექსი არაერთხელ გამხდარა დეზინფორმატორთა სამიზნე. აღნიშნულთან დაკავშირებით „ფაქტ-მეტრი“ აქამდეც წერდა.

რას გულისხმობს სინამდვილეში მოცემული კოდექსი?

ბავშვის უფლებათა კოდექსი გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შემუშავდა და 2020 წლის 1 სექტემბერს ამოქმედდა. კოდექსის მიზანი ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა, უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზება, ბავშვისთვის განვითარების საუკეთესო პირობების შექმნის ხელშეწყობაა. ამ მიზნით, კოდექსი ბავშვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემის სამართლებრივ საფუძვლებს ქმნის.

ბავშვის უფლებათა კოდექსის მიხედვით, ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდისა და განვითარებისთვის. კოდექსის 26-ე მუხლის თანახმად, ბავშვი მისი ნების საწინააღმდეგოდ მშობლისგან არ უნდა განცალკევდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი დაშორების აუცილებლობა ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარეობს. ბავშვის მშობლისგან განცალკევება უკიდურესი ზომაა, რომელიც მხოლოდ მაშინ გამოიყენება, როდესაც ბავშვის მშობლებთან დატოვება, მის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ამასთან, სახელმწიფო ვალდებულია, ბავშვის ოჯახისგან განცალკევების პრევენციის მიზნით სათანადო ზომები მიიღოს, რათა უზრუნველყოს ადეკვატური საცხოვრებელი პირობების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სერვისების, ინკლუზიური განათლების, უთანასწორო მოპყრობისა და ძალადობისგან დაცვის ეფექტიანი მექანიზმების ხელმისაწვდომობა. ბავშვი მშობლისგან არ უნდა განცალკევდეს მხოლოდ იმის გამო, რომ მშობელს არ აქვს სათანადო საცხოვრებელი პირობები ან ფინანსური სახსრები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ოჯახის მხარდაჭერის ღონისძიების განხორციელება სასურველ შედეგს არ იძლევა ან არსებობს საკმარისი საფუძველი დასკვნისთვის, რომ ამ ღონისძიების განხორციელებას სასურველი შედეგი არ ექნება.

შესაბამისად, Facebook-პოსტში წარმოდგენილი მტკიცება, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსი ყურის აწევასა და კუთხეში დაყენებაზეც კი, მშობლებისთვის შვილების წართმევას აკანონებს, სიმართლეს არ შეესაბამება და მანიპულაციურ ხასიათს ატარებს. წერილის ავტორი ცდილობს, საზოგადოებაში ბავშვთა მიმართ ძალადობის მსუბუქ ფორმებთან დაკავშირებული მიმღეობა გამოიყენოს და ძალადობის სხვადასხვა ფორმის (ყურის აწევა, კუთხეში დაყენება) მაგალითზე, ბავშვის უფლებათა კოდექსი და ის მექანიზმები, რომლებიც რეალურად ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ მყოფი ბავშვების დაცვას ემსახურება, ნეგატიურად წარმოაჩინოს. მხოლოდ, ის ფაქტი, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსი ბავშვის მშობლისგან განცალკევების შესაძლებლობას იძლევა, არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო მშობლებს ბავშვს „ყურის აწევის“ გამო, წაართმევს.

წერილის მიხედვით, ორგანიზაცია „გაეროს ქალები“ ნაადრევ ქორწინებასთან ბრძოლის მიზნით, მე-5 კლასის მოსწავლეებთან „სექსუალური აღზრდის გაკვეთილებს“ ატარებს და იმის დემონსტრირებას ახდენს, თუ ჩასახვისგან თავდასაცავად, რა და როგორ გამოიყენება.

საქართველოში საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე სქესობრივი განათლება ტაბუდადებულ თემას წარმოადგენდა. დღესდღეობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, სასკოლო პროგრამაში სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები არ შედის. თუმცა, უკვე აქტიურად მიმდინარეობს საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ სქესობრივი განათლება საქართველოს სკოლებშიც უნდა დაინერგოს და ფსიქოლოგებისა და სხვა სპეციალისტების ერთობლივი მუშაობით სასწავლო გეგმა შეიქმნას, რომელშიც სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები გათვალისწინებული იქნება. რაც შეეხება გაეროს ქალთა ორგანიზაციას, იგი საქართველოს სკოლების მე-5 კლასის მოსწავლეებს სქესობრივი განათლების გაკვეთილებს არ უტარებს. ორგანიზაციის მიზანია ქალთა შესაძლებლობების გაზრდა; ქალთა და გოგონათა მიმართ დისკრიმინაციის და ძალადობის აღმოფხვრა; ქალთა სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება; ქალების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. შესაბამისად, მტკიცება, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაცია მე-5 კლასის მოსწავლეებს სქესობრივი აღზრდის გაკვეთილებს უტარებს, არის ყალბი ამბავი.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები: