დეზინფორმაცია:ბავშვის უფლებათა კოდექსის საფუძველზე, სახელმწიფო შვილებს ყურის აწევის გამო წაგვართმევს
ვერდიქტი:ყალბი ამბავი
2020 წლის 27 სექტემბერს „Alt-Info • ალტ-ინფომ“ ფეისბუკზე ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში, Alpha Dominant-ის სახელით ცნობილი ქართველი ნაციონალისტი ემრე ქუჩუქი ბავშვის უფლებათა კოდექსის შესახებ საუბრობს. ავტორის თქმით: „ბავშვის უფლებათა კოდექსის მიხედვით, სახელმწიფო განსაზღვრავს და არა მშობელი, თუ რა იქნება ბავშვისთვის უკეთესი. ამით, სახელმწიფო ამბობს, რომ მას ეკუთვნის და არა მშობელს და მშობელი უბრალოდ მეურვეა საკუთარი შვილების, ანუ ამ კოდექსის მიხედვით, სახელმწიფოს მიერ ოჯახში ჩარევის შესაძლებლობა განუსაზღვრელ ხარისხშია აყვანილი. ამ კოდექსის მთავარი მიზანი არის სახელმწიფოს მიერ ოჯახში ჩარევის განუსაზღვრელი უფლების მოპოვება. მაგალითად, ამ კოდექსის მიხედვით მშობელს არ აქვს უფლება შვილს ყური აუწიოს, რადგან ეს ფიზიკური ძალადობაა. არ აქვს უფლება კუთხეში დააყენოს, რადგან ეს ფსიქოლოგიური ძალადობაა და თუნდაც სადმე მაღაზიაში ბავშვი ისტერიკაში რო ჩავარდება “მიყიდეს” კივილით და მშობელი მას დაუყვირებს ანდა ძალით გამოიყვანს, ეს ერთდროულად ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობად შეიძლება ჩაითვალოს, ამ კოდექსის ლოგიკა სახელმწიფოს აძლევს უსაზღვრო შესაძლებლობას, რომ სახელმწიფოს რაც მოესურვება ის დაასახელოს მიზეზად და ამ მიზეზის საფუძველზე მშობელს ბავშვი წაართვას“. ბავშვის უფლებათა კოდექსის ამგვარი ინტერპრეტირება, რომ სახელმწიფოს განუსაზღვრელი უფლება ეძლევა ბავშვი როცა უნდა მაშინ წაგვართვას, მართებული არ არის დადეზინფორმაციასწარმოადგენს.
სინამდვილეში რას გულისხმობს „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ?
ბავშვის უფლებათა კოდექსის მიზანია ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა, უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზება, ბავშვისთვის განვითარების საუკეთესო პირობების შექმნის ხელშეწყობა. ამ მიზნით, კოდექსი ბავშვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემის სამართლებრივ საფუძვლებს ქმნის. კოდექსის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, მუნიციპალიტეტის ორგანოები, სხვა ადმინისტრაციული ორგანოები, საერთო სასამართლოები, საჯარო და კერძო სამართლის სუბიექტები და ფიზიკური პირები ბავშვებთან და ბავშვის საკითხებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისა და გადაწყვეტილების მიღების დროს სწორედ ბავშვის საუკეთესო ინტერესით ხელმძღვანელობენ.
რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ბავშვის მშობლისგან განცალკევება?
ბავშვის უფლებათა კოდექსის მიხედვით, ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდისა და განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის. დაუშვებელია ბავშვის აღზრდისას მშობლის ან ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირის მიერ აღზრდის ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც ითვალისწინებს ბავშვის ფიზიკურ დასჯას ან მისდამი სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან/და სასჯელის გამოყენებას.
კოდექსის 26-ე მუხლის მიხედვით, ბავშვი მისი ნების საწინააღმდეგოდ მშობლისგან არ უნდა განცალკევდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი დაშორების აუცილებლობა ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარეობს. ბავშვის მშობლისგან განცალკევება უკიდურესი ზომაა, რომელიცმხოლოდ მაშინ გამოიყენება, როდესაც ბავშვის მშობლებთან დატოვება, მის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ამასთან, სახელმწიფო ვალდებულია ბავშვის ოჯახისგან განცალკევების პრევენციის მიზნით მიიღოს სათანადო ზომები, რათა უზრუნველყოს ადეკვატური საცხოვრებელი პირობების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სერვისების, ინკლუზიური განათლების, უთანასწორო მოპყრობისა და ძალადობისგან დაცვის ეფექტიანი მექანიზმების ხელმისაწვდომობა. ბავშვი მშობლისგან არ უნდა განცალკევდეს მხოლოდ იმის გამო, რომ მშობელს არ აქვს სათანადო საცხოვრებელი პირობები ან ფინანსური სახსრები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ოჯახის მხარდაჭერის ღონისძიების განხორციელება სასურველ შედეგს არ იძლევა ან არსებობს საკმარისი საფუძველი დასკვნისთვის, რომ ამ ღონისძიების განხორციელებას სასურველი შედეგი არ ექნება.
ბავშვის მშობლისგან განცალკევების შესახებ გადაწყვეტილებას სოციალური მუშაკი იღებს. იგი ბავშვის ადგილსამყოფელის მიხედვით, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს შუამდგომლობას წარუდგენს. მოსამართლე სოციალური მუშაკის შუამდგომლობას ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს და 24 საათის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას ბავშვის მშობლისგან განცალკევების ან განცალკევებაზე უარის თქმის შესახებ. ბავშვის მშობლისგან განცალკევების შესახებ გადაწყვეტილება პერიოდულ გადასინჯვას ექვემდებარება. განცალკევების მიზეზების აღმოფხვრის შემდეგ ბავშვის ოჯახში დაბრუნება მის საუკეთესო ინტერესებს უნდა შეესაბამებოდეს.
ზემოხსენებულის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიდეოში წარმოდგენილი მტკიცება, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსით სახელმწიფოს მიერ ოჯახში ჩარევის შესაძლებლობა განუსაზღვრელ ხარისხშია აყვანილი და სახელმწიფოს შეუძლია ყურის აწევის გამო, მშობელს ბავშვი ჩამოართვას, ტყუილია. ვიდეოში, ავტორი ცდილობს საზოგადოებაში ბავშვთა მიმართ ძალადობის მსუბუქი ფორმებთან დაკავშირებული მიმღეობა გამოიყენოს და ძალადობის სხვადასხვა ფორმის (ყურის აწევა, კუთხეში დაყენება) მაგალითზე, ნეგატიურად წარმოაჩინოს ბავშვის უფლებათა კოდექსი და ის მექანიზმები, რომლებიც რეალურად ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ მყოფი ბავშვები დაცვას ემსახურება. მხოლოდ, ის ფაქტი, რომ სახელმწიფოს შეუძლია ბავშვი მშობლისგან განაცალკევოს, არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო მშობლებს ბავშვს „ყურის აწევის“ გამო, წაართმევს.
სატელევიზიო და ინტერნეტ სივრცეში რეკლამების განთავსება
ვიდეოში საუბარი სატელევიზიო და ინტერნეტ სივრცეში არასრულწლოვნისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის განთავსების წესის დარღვევასაც ეხება. ავტორის თქმით, „ამ, მორიგი, ანტიოჯახური კანონის პრეზენტაცია, რა თქმა უნდა, მოახდინეს პოზიტიური მხარეებით. მაგალითად, იმით, რომ აზარტული თამაშების რეკლამები აიკრძალება ტელე და ინტერნეტ სივრცეში ... უკვე ერთი თვე გავიდა, რაც ეს კოდექსი ამოქმედდა და დღესაც, თითქმის ყველა საიტზე აზარტული თამაშების რეკლამები გვხვდება“. ამის მაგალითად, ვიდეოში წარმოდგენილია რამდენიმე საიტი, forum.ge, srulad.com, iMovies.cc, adjaranet.com. ავტორი აღნიშნავს, რომ „ტელეარხებზეც იგივე სიტუაციაა“ და საილუსტრაციოდ, ვიდეო პორტალზე myvideo.ge, სხვადასხვა სატელევიზიო არხს, ტვ-პირველს, მთავარ არხსა და ფორმულას, იმ კადრებს აჩვენებს, რომელშიც აზარტული თამაშების რეკლამაა. აღნიშნული მაგალითების საფუძველზე, ავტორი ამბობს, რომ „ვერც კაზინოებს და ვერც ოპოზიციურ არხებს, ფეხები ვერ მოჭამეს, კი არა და არ მოჭამეს, ანუ არც კი შეეხნენ ეს იდიოტები და ამ კოდექსის ეგრეთ წოდებული დადებითი მხარეები არის მორიგი ხალხის დაბოლება“. საყურადღებოა, რომ ვიდეოში მხოლოდ ოპოზიცურ არხებზეა ყურადღება გამახვილებული.ავტორის განცხადება, თითქოს კანონი ოპოზიციურ არხებს ვერ/არ შეეხო, არის ტყუილი. ვიდეო პორტალზე myvideo.ge ნებისმიერი სატელევიზიო არხის, მათ შორის პოსტTV-ის, პირველი არხის, ტელესკოლის, ჩართვისას აზარტული თამაშების რეკლამა გადის. ამასთან, ეს რეკლამები, არა ტელეარხებს, არამედ თავად ვიდეო პორტალს ეკუთვნის.
რას გულისხმობს მაუწყებლის მიერ ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან არასრულწლოვნის დაცვა?
ბავშვის უფლებათა კოდექსთან შესაბამისობის მიზნით, ცვლილებები შევიდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში. კანონის 56(1) მუხლის მიხედვით, მაუწყებელი ვალდებულია, უზრუნველყოს საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან არასრულწლოვნის დაცვა. ამ მიზნით, მაუწყებელს ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში ისეთი მასალის განთავსება ეკრძალება, რომელმაც შეიძლება არასრულწლოვნის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ინტელექტუალურ განვითარებასა და ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს. ბავშვთა ინტერესების დაცვის გათვალისწინებით, მაუწყებელი ვალდებულია, 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა 6 საათიდან 24 საათამდე არ განათავსოს. 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს აზარტული თამაშობის ამსახველ სცენას, მისი პოპულარიზაციის ხელშემწყობ ინფორმაციას და ეწევა აზარტულ თამაშობაში მონაწილეობის პროპაგანდას, მოგების მარტივად მიღების შთაბეჭდილების შექმნით. [1]
რას გულისხმობს ინტერნეტ სივრცეში ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან არასრულწლოვნის დაცვა?
2020 წლის 28 თებერვალს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების მოწესრიგების შესახებ“ დებულება დაამტკიცა. დებულების მიხედვით, ბავშვებისათვის ონლაინსაფრთხეების შეფასებასა და შემცირებაში, უპირატესი როლი მშობელს აკისრია. ამ დებულებით განსაზღვრული რეგულაცია მიმართულია მშობლის მიერ ბავშვებისთვის ონლაინსაფრთხეების თავიდან აცილების ხელშეწყობაზე.
დებულების მიხედვით, არასრულწლოვანის საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან დაცვის ვალდებულება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე ვრცელდება, რომლებიც მომხმარებელს აწვდიან ინტერნეტმომსახურებას ან საკუთარი ინტერნეტგვერდის საშუალებით ინტერნეტში ათავსებენ ინფორმაციას, კერძოდ, აუდიოვიზუალურ პროდუქციას (პროგრამები, თამაშები, ფილმები, მათ შორის ანიმაციური ფილმები და სერიალები) და ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია საქართველოს ტერიტორიაზე. იმ ინტერნეტგვერდებზე, რომელთა სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ მხოლოდ ბავშვები, აკრძალულია ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ნებისმიერი ფორმით განთავსება. 18 წლამდე არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი ინფორმაციის შემცველ, სხვა ინტერნეტგვერდზე დაშვება უნდა მოხდეს ფიზიკური პირის რეგისტრაციით. ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავლენისგან ბავშვის დაცვის მიზნით, ინტერნეტში ინფორმაციის განმთავსებელი ვალდებულია, გამოიყენოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56(2) მუხლით გათვალისწინებული პროგრამათა კატეგორიების განმსაზღვრელი კრიტერიუმები ინტერნეტში განთავსებული ინფორმაციის კატეგორიების დასადგენად და ინფორმაციას შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდება მიანიჭოს.
აზარტული თამაშების რეკლამირების საკითხი ამ ნორმების რეგულირების სფეროში არ ექცევა. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56(2) მუხლით გათვალისწინებული პროგრამათა კატეგორიზაცია უშუალოდ მაუწყებლის პროგრამას ან პროგრამის ანონსს ეხება. იგივე წესი მოქმედებს ინტერნეტგვერდებთან მიმართებაშიც. ეს გულისხმობს, რომ ინტერნეტგვერდს, მხოლოდ, მაშინ აქვს 18 წლამდე, ფიზიკური პირის დაშვებისთვის რეგისტრაციის დაწესების ვალდებულება, როცა კონკრეტული პროდუქტი (ფილმი, თამაში და ა.შ) შეიცავს არასრულწლოვნისთვის საფრთხის შემცველ ინფორმაციას. ამასთან, ზემოხსენებული ნორმები, საერთო არ ვრცელდება ინტენრეტგვერდებზე აზარტული თამაშების რეკლამის განთავსების საკითხზე. შესაბამისად, ვიდეოში განხილული მაგალითები, სადაც სატელევიზიო ბადეში და ინტერნეტგვერდებზე განთავსებული აზარტული თამაშების რეკლამებია ნაჩვენები, არც მაუწყებლის შესახებ კანონს და არც ბავშვის უფლებათა კოდექსს არ არღვევს.
ამდენად, ალტ-ინფოს მიერ გავრცელებულ ვიდეოში არსებული მტკიცებებიმცდარია - როგორც სახელმწიფოს მხრიდან ბავშვის მშობლისგან განცალკევების, ისე აზარტული თამაშების შესახებ რეკლამირების ნაწილში.
[1] არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამათა სრული ჩამონათვალი განსაზღვრული „მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონის 56(2) მუხლით.