რეზიუმე:
კორონავირუსთან დაკავშირებით ქართულ Facebook-ჯგუფებში მორიგი დეზინფორმაციის შემცველი პოსტები გავრცელდა. პოსტებს თან ვიდეოც ახლავს, რომელშიც „ექიმთა მსოფლიო ალიანსის“ წევრები ელკა დე კლერკი და დოლორეს კეჰილი კორონავირუსის პანდემიის არ არსებობას ამტკიცებენ. კლერკი კი ნიდერლანდების მთავრობის წინააღმდეგ სასამართლო დავის დაწყებას აანონსებს. აღნიშნულ პოსტებსა და ვიდეოში გავრცელებული ინფორმაცია, კოვიდის არარსებობასთან დაკავშირებით, სინამდვილეს არ შეესაბამება.
ანალიზი:
2020 წლის 17 ოქტომბერს, Facebook-ჯგუფებში „კორონა აფიორა“, „ანტი-მასონობა ანტიქრისტეს“ ახალი მსოფლიო წესრიგი(NWO); ანტი-ეკუმენიზმი“ და „მოქალაქე’’ არასამთავრობო ორგანიზაცია“ [1] Facebook-მომხმარებლის Nina Marji-ის პოსტი გავრცელდა, რომელსაც თან ვიდეო ახლავს. პოსტის ავტორი წერს, რომ კორონა აფიორის წინააღმდეგ სხვადასხვა ქვეყნიდან ერთიანდებიან და სულ მალე აფიორა დასრულდება, რადგან „ეს პანდემია ბუნებაში არ არსებობს და ის მხოლოდ სიცრუის ზომბი ყუთებიდან გამოდის“.
ვიდეოში 2020 წლის 15 ოქტომბრის „ექიმები სამართლისათვის“ პრესკონფერენციის ნაწყვეტია ნაჩვენები. მოძრაობის დამაარსებელი ელკა დე კლერკი ექიმებთან და მედდებთან ერთად ნიდერლანდების წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აანონსებს. დავის საფუძლად კი ის კორონავირუსის პანდემიის არ არსებობას, კორონავირუსის ჩვეულებრივ გრიპის ვირუსის მსგავსებასა და PCR-ტესტების არასანდოობას ასახელებს.
ამავე ვიდეოში ირლანდიელი პროფესორი დოლორეს კეჰილიც საუბრობს, რომელიც კორონავირუსს ირალანდიისთვის ნაკლებ სახიფათო დაავადებად მიიჩნევს, რადგან 2020 წელს 5 მილიონიან ქვეყანაში კორონავირუსისგან მხოლოდ 98 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ყოველწლიურად სხვა დაავადებებით გარდაცვლილი ადამიანების რიცხვზე გაცილებით ნაკლებია.
ცნობისთვის, კლერკი და კეჰილი 2020 წლის 10 ოქტომბერს ბერლინში დაარსებული „ექიმთა მსოფლიო ალიანსის“ (World Doctors Alliance) წევრები არიან. „ექიმთა მსოფლიო ალიანსის“ მტკიცებით, Covid-19-ის პანდემია არ არსებობს, ალიანსის მიზანი კი საზოგადოებისთვის თვალის ახელა და ხალხის ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნებაა.
კლერკისა და კეჰილის მანიპულაციური მტკიცებები
მტკიცება 1: Covid-19-ის პანდემია არ არსებობს
კლერკი და კეჰილი არ არინ პირველები, ვინც კორონავირუსის არსებობას უარყოფენ. კორონავირუსის პანდემიასთან ერთად მსოფლიოს ვირუსთან დაკავშირებით გავცელებულ დეზინფორმაციის დიდ ტალღასთანაც უწევს ბრძოლა. კორონავირუსს ხშირად უწოდებენ ხელოვნურად შექმნილ პანიკას, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფოების ინტერესებს ემსახურება. უფრო მეტიც, აქტიურად ვრცელდება კონსპირაციები ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების შესახებ. რეალურად, დღეს მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების 40,660,963 შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1,123,180 -ია (2020 წლის 20 ოქტომბრის მონაცემებით).
მტკიცება 2: კორონავირუსი ჩვეულებრივი გრიპის ვირუსის მსგავსია
კორონავირუსისა და გრიპის ვირუსის განსხვავებაზე „ფაქტ-მეტრი“ აქამდეც წერდა. COVID-19 უფრო გადამდებია, ვიდრე სეზონური გრიპი. კორონავირუსის ეს შტამი საშუალოდ 2-2.5 ადამიანს აინფიცირებს, გრიპი კი - 1.3-ს. COVID-19 უფრო სწრაფად და მარტივად ვრცელდება.
COVID-19-ის შემთხვევაში სიკვდილიანობის კოეფიციენტი გაცილებით მაღალია. COVID-19-ით გარდაცვალების მაჩვენებელი დაახლოებით 1%-ია, სეზონური გრიპის გარდაცვალების მაჩვენებელი კი დაახლოებით 0.1%-ია. თუმცა, ამ ეტაპზე, კორონავირუსის პანდემია აქტიურ ფაზაშია, შესაბამისად COVID-19-ის სიკვდილიანობის ზუსტი კოეფიციენტის განსაზღვრა რთულია და ეს პანდემიის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, COVID-19-ით სიკვდილიანობის ზუსტი კოეფიციენტი არ არის ცნობილი, მაგრამ სავარაუდოდ, იგი მნიშვნელოვნად მაღალია, (შესაძლოა, 10-ჯერ ან უფრო მეტადაც), ვიდრე გრიპის შტამების უმეტესობის შემთხვევაში.
აქვე აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, მსოფლიოში ყოველწლიურად, გრიპთან დაკავშირებული მიზეზებით, 290 ათასიდან 650 ათასამდე ადამიანი იღუპება. COVID-19-ით კი, უკვე მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
გრიპისგან განსხვავებით, COVID-19-ისთვის დამახასიათებელია, ყნოსვის და გემოს დაკარგვა. საინკუბაციო პერიოდიც განსხვავებულია, გრიპის დროს სიმპტომები 1-დან 4 დღემდე ვლინდება, COVID-19-ის შემთხვევაში, სიმპტომების გამოვლენას 2-დან 14 დღემდე სჭირდება. ამასთან, ახალ კორონავირუსს შეიძლება, უფრო მძიმე გართულებები მოჰყვეს, ვიდრე გრიპს. კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში პაციენტის გამოჯანმრთელებისთვის საჭირო დრო უფრო ხანგრძლივია. დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე, შესაძლოა, რამდენიმე კვირა გაგრძელდეს, კრიტიკულ შემთხვევაში კი, რამდენიმე თვეც.
მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ გრიპისგან განსხვავებით, COVID-19-ის საწინააღმდეგო დამტკიცებული ვაქცინა, ან სპეციალური მედიკამენტი ჯერჯერობით არ არსებობს, რაც მკურნალობის პროცესს კიდევ უფრო პრობლემურს ხდის და გარდაცვალების მაჩვენებელზეც შესაბამის გავლენას ახდენს.
PCR-ტესტების ცრუ დადებითი პასუხის ალბათობა 89-94%-ია
PCR- ტესტირება კორონავირუსის დადგენის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა.COVID-19-ის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად PCR/პჯრ (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის) მეთოდს მიიჩნევენ. პჯრ მეთოდით დიაგნოსტირება მხოლოდ მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიებშია შესაძლებელი. იმ შემთხვევაში, თუ ლაბორატორიაში სასუნთქი გზებიდან ტესტირებისთვის აღებული მასალის ანალიზის შემდეგ მასში ახალი კორონავირუსის რნმ-ი გამოვლინდება, ტესტი დადებითია და პიროვნების კორონავირუსით ინფიცირებულობა დასტურდება. ხოლო მაშინ, როდესაც ნაცხში ვირუსის გენეტიკური მასალის აღმოჩენა ვერ ხდება, მიიჩნევა, რომ ადამიანი ინფიცირებული არაა. ინფიცირებულობის ეჭვის არსებობის შემთხვევაში, დამატებითი ტესტირება ტარდება. PCR ტესტები კი, რომლებიც COVID – 19-ის დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება, არა ზოგადად ვირუსების, არამედ კონკრეტულად SARS-CoV-2-ის გამოვლენაზეა ორიენტირებული და პროცედურების დაცვის შემთხვევაში, ინფიცირებულების გამოვლენის მხრივ, მათი სიზუსტე დაახლოებით 98%-ია.
დოლორეს კეჰილის მტკიცება, რომ 2020 წლის განმავლობაში ირლანდიაში კორონავირუსით მხოლოდ 98 ადამიანი გარდაიცვალა და კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი აპრილამდე ნულის ტოლი იყო, სიცრუეა. სტატისტიკის მიხედვით, ირლანდიაში 2020 წლის 20 ოქტომბრის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაცვალების სულ 1852 შემთხვევაა, ხოლო პირველი გარდაცვალების შემთხვევა 11 მარტს არის დაფიქსირებული.
როგორც აღვნიშნეთ, ვიდეოში ელკა დე კლერკისა და დოლორეს კეჰილის მტკიცებები კორონა პანდემიის არ არსებობის, PCR-ტესტების არასანდოობის, კორონავირუსისა და გრიპის გაიგივებისა და ირლანდიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ, სიცრუეა. შესაბამისად, ქართულ Facebook-ჯგუფებში გავრცელებული ამბავი სიმართლეს არ შეესაბამება.