-
ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიცია შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს და იკვლევს, რა რეაქცია ექნებათ მოქალაქეებს, თუ სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული დაპირისპირების ფორმას მიმართავს
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ტყუილი
ტყუილიგანცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულიაVS
-
სერგი კაპანაძე: ევროპულ საქართველოს“ „აიფიემ“- თან არანაირი კვლევა არ ჰქონია
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, სერგი კაპანაძის განცხადება არის სიმართლე
სიმართლეგანცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია29/10/2020ნახვა 3698
რეზიუმე: გასული თვეების განმავლობაში კომპანია „აიფიემ“-ი World Value Survey-ზე დაფუძნებულ კვლევას ატარებდა, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ტარდება და საზოგადოების დამოკიდებულებას უმცირესობებისადმი, პროტესტის ფორმებსა და სხვა სოციალურ საკითხებს მოიცავს. როგორც კომპანიამ განაცხადა, აღნიშნულ კვლევასთან დაკავშირებით, ბოლო დღეებში, დეზინფორმაცია გავრცელდა და თემის პოლიტიზება მოხდა.
გარდა ამისა, ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ „რადიკალური ოპოზიცია“ შეიარაღებული ამბოხის სცენარს განიხილავს და ამ საკითხზე მოქალაქეთა რეაქციის გასარკვევად „აიფიემ“-ს კვლევა დაუკვეთა, ოპოზიციის წარმომადგენლებმა, მათ შორის, „ევროპული საქართველოს“ წევრებმა, უარყვეს.
ანალიზი
28 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რადიკალური ოპოზიცია შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს და იკვლევს, რა რეაქცია ექნებათ მოქალაქეებს, თუ რადიკალური ოპოზიცია სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული დაპირისპირების ფორმას მიმართავს. „რადიკალურ ოპოზიციასთან მჭიდროდ დაკავშირებულმა კომპანიამ - „აიფიემ“ (IPM) -მა დაკვეთილი კვლევის ანკეტაშიც ჩაწერა კითხვა - პროტესტის რა ფორმა იქნება მისაღები იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შედეგებმა არ დაგაკმაყოფილათ, ხოლო კითხვის პასუხებს შორის მოქალაქეებს შესთავაზეს „გამაოგნებული პასუხი“ - სახელმწიფო შენობების დაკავება და მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით ფიზიკური ან შეიარაღებული ძალის გამოყენება“, - განმარტა მან.
კობახიძის განცხადებას ოპოზიციის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ და მას ტყუილი და „ბოდვა“ უწოდეს. „ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე იტყუება, როდესაც ამბობს, თითქოს „ევროპულ საქართველოს“ ჰქონდა რაიმე კვლევა „აიფიემი“ -თან.
„ბატონი კობახიძე არის მატყუარა, „ევროპულ საქართველოს“ „აიფიემ“ -თან არანაირი კვლევა არ ჰქონია. ამაზე მეტი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებთ, რადგან აზრი არ აქვს იმის მტკიცებას, რაც ფიზიკურად ბუნებაში არ მომხდარა. ჩვენი კვლევა გუშინ რაც იყო, გავასაჯაროეთ შედეგები და იმ კვლევის მიხედვით, ისევე როგორც სხვა კვლევების მიხედვით, „ქართული ოცნება“ დრამატულად აგებს ამ არჩევნებს. როგორც ჩანს, ახლა მოიგონეს, რომ ნაცადი ხერხი გამოიყენონ და დააბრალონ ოპოზიციას რაღაც შეიარაღებული ამბოხება, ძალადობა, სამოქალაქო ომები და ბოდვები“,- განმარტა კაპანაძემ.
კვლევასთან დაკავშირებით, რომელსაც მმართველი პარტიის წარმომადგენლები ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის იყენებენ, კომპანია „აიფიემ“-მა განცხადება გაავრცელა. კომპანიის განმარტებით, ცალკეული პოლიტიკური აქტორებისა და ჟურნალისტების მიერ თემის პოლიტიზება მოხდა. გარდა ამისა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ მის მიერ ბოლო თვეების განმავლობაში ჩატარებული კვლევა მოიცავს საზოგადოების დამოკიდებულებას უმცირესობებისადმი, ასევე პროტესტის ფორმებსა და სხვა სოციალურ საკითხებს.
„გასული თვეების განმავლობაში კომპანია „აიფიემი“ ატარებდა World Value Survey-ზე დაფუძნებულ კვლევას, რომელიც მოიცავს საზოგადოების დამოკიდებულებას უმცირესობებისადმი, პროტესტის ფორმებს და სხვა სოციალურ საკითხებს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სამ ტელეკომპანიას მივეცით ინფორმაცია კვლევასთან დაკავშირებით, შევთავაზეთ მათ გაცნობოდნენ World Value Survey კითხვარს, ცალკეული პოლიტიკური აქტორების და კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ინტერესების გამტარი ჟურნალისტების დამსახურებით, მაინც მოხდა თემის პოლიტიზება.
აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვურჩევთ პოლიტიკურ აქტორებს, პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს, ინფორმაციის გავრცელებამდე, გადაამოწმონ აღნიშნული ინფორმაციის სიზუსტე, გაეცნონ World Value Survey-ს კვლევას, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ტარდება და თავი შეიკავონ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან“, - ვკითხულობთ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანია „აიფიემი“ 1995 წელს შეიქმნა და დღესდღეობით მისი ორგანიზაციათა ჯგუფი სამარკეტინგო, სოციალურ და პოლიტიკურ კვლევებს ამზადებს.