ბიძინა ივანიშვილი: სამჯერ და მეტჯერ არის გაზრდილი შედეგები სოფლის მეურნეობის პრაქტიკულად ყველა დარგში
ვერდიქტი: ბიძინა ივანიშვილის განცხადება არის მცდარი
რეზიუმე: იმისთვის, რომ მთლიანად სოფლის მეურნეობაში არსებული მდგომარეობა შევაფასოთ, სწოროა, ერთი მხრივ, მისი რეალური ზრდის ტემპის ანალიზი (როგორ იცვლებოდა სექტორის გამოშვება ფასების ცვლილების ეფექტის გარეშე), მეორე მხრივ კი, თუ რა წილი აქვს სოფლის მეურნეობას ქვეყნის მთლიან ეკონომიკაში, ანუ რა წილი აქვს მთლიან შიდა პროდუქტში. 2019 წელს სოფლის მეურნეობის რეალური ზრდა -1.1% იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობის გამოშვება წინა წელთან შედარებით 1.1%-ით შემცირდა. რაც შეეხება ბოლო წლების სტატისტიკას, 2012 წლის შემდეგ, სოფლის მეურნეობა მხოლოდ 2013 (13.3) და 2018 წლებში (13.8%) გაიზარდა, დანარჩენ წლებში გამოკვეთილი კლების ტენდენცია იყო. რაც შეეხება 2012 წელს, სოფლის მეურნეობის რეალური ზრდა -5% იყო (2011 წელს სოფლის მეურნეობის რეალურმა ზრდამ 9% შეადგინა).
ასევე, სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქში 2014 წლიდან ყოველწლიურად მცირდება და 2019 წელს მთლიანი ეკონომიკის 7.2 % შადგინა (2012 წელს 9.2% იყო), რაც იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკის სხვა სექტორები უფრო სწრაფი ტემპით გაიზარდა, ვიდრე სოფლის მეურნეობა.
რაც შეეხება ცალკეული დარგების პროგრესს, 2019 წელს, 2012 წელთან შედარებით, შემცირებულია ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობი, სიმინდის, კარტოფილის, ბოსტნეულის მოსავალი. ასევე შემცირებულია ხილის, ციტრუსის მოსავალი, შემცირებულია მსხვილფეხა პირუტყვის, ღორის სულადობა, შემცირებაა რძის და თაფლის წარმოებაში. ყველაზე მეტი პროგრესი ყურძნის წარმოებაშია დაფიქსირებული, რომლის ოდენობა 2012 წელთან შედარებით, გაორმაგებულია. გაზრდილია ხორბლის წარმოება (19.9 ათასი ტონით), მატება არის ასევე ფრინველის (3307 ათასი სულით), ცხვრის და თხის სულადობაში (149 ათასი სულით). გაზრდილია ხორცის ( 30 000 ტონით) და კვერცხის (160.8 მლნ ცალით) წარმოება, თუმცა აღნიშნულ მიმართულებებშიც, 2012 წელთან შედარებით, სამჯერადი ზრდა არსად ფიქსირდება, როგორც აღვნიშნეთ, ყველაზე მეტად ყურძნის წარმოებაა გაზრდილი და ისიც გაორმაგებულია.
ანალიზი
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას, პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის 8 წელი, მათ შორის სოფლის მეურნეობა, შეაფასა და განაცხადა: (19:19წთ) „სამჯერ და მეტჯერ არის გაზრდილი შედეგები სოფლის მეურნეობის პრაქტიკულად ყველა დარგში“.
„ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, სოფლის მეურნეობა პრიორიტეტულ დარგად გამოაცხადა. 2013-2019 წლებში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის ჯამში 1.7 მლრდ ლარზე მეტი, მათ შორის, ყველაზე მეტი თანხა 2019 წელს - 293 მლნ, დაიხარჯა.
აგრარულ სექტორში პროგრესის სანახავად, მართებულია, დარგში შექმნილი რეალური დამატებითი ღირებულება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს შევადაროთ. ამ მეთოდით შედარება ფასების მატებით (ინფლაციით) გამოწვეულ ღირებულების ზრდას გამორიცხავს. 2019 წლის წინასწარი მონაცემით, სოფლის მეურნეობის რეალურმა ზრდამ -1.1% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ წინა წელთან შედარებით სოფლის მეურნეობა 1.1%-ით შემცირდა. იგივე მონაცემი 2012 წელს -5% იყო, ანუ 2012 წელს, წინა წელთან შედარებით, სოფლის მეურნეობა 5%-ით იყო შემცირებული. რაც შეეხება ბოლო წლების სტატისტიკას, სოფლის მეურნეობის ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2018 წელს 13.8 % დაფიქსირდა, 2019 წელს კი როგორც აღვნიშნეთ, სოფლის მეურნეობა 1.1%-ით შემცირდა.
რაც შეეხება მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილს, 2014 წლიდან ყოველწლიურად მცირდება და 2019 წელს მშპ-ს 7.2% შეადგინა. 2012 წელს სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 9.2% იყო.
ბიძინა ივანიშვილმა სოფლის მეურნეობის დარგებში მიღწეულ პროგრესს გაუსვა ხაზი, ამიტომ ჩვენ შევეცდებით, ცალკეული დარგები მიმოვიხილოთ.
ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობი 2012 წელს 259.2 ათასი ჰექტარი იყო, 2019 წელს იგივე მონაცემმა 203 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ნაციონალების“ ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო წელთან შედარებით, ერთწლიანი ნათესი ფართობის რაოდენობა 56.2 ათასი ჰექტრით არის შემცირებული.
ბოლო წლების ნათესი ფართობის სტატისტიკა კი შემდეგნაირია:
ცხრილი 1: ნათესი ფართობის რაოდენობა (ათასი ჰა)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
როგრც მონაცემებიდან ჩანს, ნათესი ფართობის ოდენობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში კლების ტენდენციით ხასიათდება.
რაც შეეხება ერთწლიანი კულტურების წარმოებას, 2019 წელს, მხოლოდ ხორბლის წარმოებაა გაზრდილი, სიმინდის, კარტოფილის და ბოსტნეულის წარმოება, 2012 წელთან შედარებით, შემცირებულია.
ცხრილი 2: ერთწლიანი კულტურების წარმოება (ათასი ტონა)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
მრავალწლოვანი კულტურებიდან, 2012 წელთან შედარებით, 2019 წელს ყურძნის წარმოებაა მნიშვნელოვნად გაზრდილი (გაორმაგებულია), ხილის და ციტრუსის წარმოება კი შემცირებული.
ცხრილი 3: მრავალწლიანი კულტურების წარმოება
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
სოფლის მეურნეობაში პროგრესის შესაფასებლად, ასევე მნიშვნელოვანია პირუტყვის სულადობა. 2019 წელს, 2012 წელთან შედარებით, მსხვილფეხა პირუტყვის და ღორის სულადობა შემცირებული, ფრინველის, ცხვრის და თხის ოდენობა კი - გაზრდილია.
ცხრილი 4: პირუტყვის სულადობა (ათასი სული)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
სოფლის მეურნეობაში წინსვლის შესაფასებლად მნიშვნელოვანია, მეცხოველეობის პროდუქციის წარმოების გაანალიზებაც. 2019 წელს ხორცის და კვერცხის წარმოება გაზრდილია,რძის და თაფლის წარმოება კი - შემცირებული.
ცხრილი 5: მეცხოველეობის პროდუქტების წარმოება (ათასი ტონა)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ 2019 წელს სოფლის მეურნეობის სექტორი წინა წელთან შედარებით 1.1%-ით შემცირდა, ასევე მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილი 7.2%-მდე არის შემცირებული. რაც შეეხება ცალკეულ დარგების პროგრესს, 2019 წელს, 2012 წელთან შედარებით, შემცირებულია ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობი, სიმინდის, კარტოფილის, ბოსტნეულის მოსავალი. ასევე შემცირებულია ხილის, ციტრუსის მოსავალი, შემცირებულია მსხვილფეხა პირუტყვის, ღორის სულადობა, ასევე შემცირებაა რძის და თაფლის წარმოებაში.
პროგრესი დაფიქსირებულია ყურძნის წარმოებაში, რომელიც 2012 წელთან შედარებით, თითქმის გაორმაგებულია. გაზრდილია ხორბლის წარმოება - 19.9 ათასი ტონით (2012წელს 80.7 ათასი ტონა იყო), მატებაა ასევე ფრინველის (3307 ათასი სულით, 2012- 6159.1 ათასი ფრთა ), ცხვრის და თხის სულადობაში (149 ათასი სულით, 2012-742.6 ათასი სული). გაზრდილია ხორცის (30 000ტონით, 2012- 42.6 ათასი ტონა) და კვერცხის (160.8 მლნ ცალით, 2012-474 მლნ ცალი) წარმოება, თუმცა აღნიშნულ მიმართულებებშიც, 2012 წელთან შედარებით, სამჯერადი ზრდა არსად დაფიქსირებულა. როგორც აღვნიშნეთ, ყველაზე მეტად ყურძნის წარმოებაა გაზრდილი და ისიც მხოლოდ გაორმაგებულია.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ბიძინა ივანიშვილის განცხადება არის მცდარი.