დეზინფორმაცია: ვაქცინა საქართველოზე უნდა გამოსცადონ.

ვერდიქტი: ფაქტმეტრის დასკვნით ეს არის ყალბი ამბავი.

რეზიუმე:პრორუსული გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“ სტატიას ავრცელებს, რომელიც მეტწილად დეზინფორმაციული ხასიათისაა: კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით შემთხვევით თუ განზრახ დამახინჯებულ არასრულ ფაქტებს შეიცავს. რესპონდენტი, ავჭალის წმ. ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (რაზმაძე), აცხადებს, რომ ვაქცინის გლობალური ხელმისაწვდომობის მექანიზმისა (COVAX Facility) და „გაეროს ბავშვთა ფონდის“ (UNICEF) საქმიანობა გლობალისტური მაფიის მიერ დაგეგმილი ბიოექსპერიმენტის ნაწილია - ისინი არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, არამედ რაღაც ახალი პრეპარატის გამოცდას ე.წ. მესამე სამყაროს ქვეყნებზე აპირებენ. მეტიც, მამა გიორგი ამტკიცებს, რომ არანაირი ვაქცინა არ იარსებებს, რადგან კლინიკური ცდები ჯერ არ ჩაუტარებიათ. რეალურად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ნამდვილად არ არსებობს, თუმცა სატესტო კვლევები, რომელიც სამ ფაზას მოიცავს, ნამდვილად მიმდინარეობს. ამასთან ერთად COVAX Facility-ისა და UNICEF-ის მიზანი, ვაქცინის ხელმისაწვდომობისთანავე (მას შემდეგ, რაც ის წარმატებით გაივლის სატესტო რეჟიმის სამივე ფაზას), მისი სწრაფი, თანაბარი და უსაფრთხო გავრცელებაა. სტატია გაეროს დანაშაულებრივ საქმიანობასთან აკავშირებს და საზოგადოებას მოუწოდებს, დიდი თუ პატარა ფეხზე დადგეს და ვაქცინაზე უარი თქვას.

ანალიზი

„საქართველო და მსოფლიომ“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით - „გაეროს ბავშვთა ფონდი განვითარებად ქვეყნებში Covid-19-ის საწინააღმდეგო საცდელი ვაქცინის გავრცელებას იწყებს“. სტატია კორონავირუსის ვაქცინის გლობალური ხელმისაწვდომობის მექანიზმისა (COVAX Facility) და მის ფარგლებში „გაეროს ბავშვთა ფონდის“ მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებს ეხება. სტატიაში მოცემული ინფორმაციები მანიპულაციურია და ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებებს შეიცავს, რასაც მკითხველი შეცდომაში შეჰყავს. სტატიის ავტორი, ჯაბა ჟვანია, დასაწყისშივე „გაეროს ბავშვთა ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის, ჰენრიეტა ფორდის, განცხადებას ციტირებს, სადაც ნათქვამია, რომ „გაეროს ბავშვთა ფონდი“ იყენებს ვაქცინით მომარაგების უნიკალურ შესაძლებლობას, რათა მისი ხელმისაწვდომობისთანავე ყველა ქვეყნისთვის უსაფრთხო, სწრაფი და თანაბარი წვდომა უზრუნველყოს. აქვე ვკითხულობთ, „კონკრეტული თარიღი, თუ როდის მოხდება ვაქცინის პირველი პარტიის გავრცელება, ჯერჯერობით უცნობია“. ორივე ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება: COVAX Facility (რომელსაც ხელმძღვანელობს იმუნიზაციისა და ვაქცინის გლობალური ალიანსი - Gavi, the Vaccine Alliance) ვაქცინის გლობალური გეგმის ფარგლებში Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მზადყოფნისთანავე მის შესყიდვებსა და სწრაფ მიწოდებას აპირებს. „გაეროს ბავშვთა ფონდი“ კი ამ ძალისხმევას, COVAX Facility-ის სახელით, დაბალი, შედარებით დაბალი და საშუალო შემოსავლიანი 92 ქვეყნისთვის გაუძღვება.

მიუხედავად ამისა, რესპონდენტი, ავჭალის წმ. ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (რაზმაძე), ამტკიცებს, რომ არანაირი ვაქცინა არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს, რადგან კლინიკური ცდები არ ჩატარებულა. მისი თქმით, ეს გლობალისტური მაფიის ნაწილია და საუბარია ახალ პრეპარატზე, რომლის გამოცდას ე.წ. მესამე სამყაროს ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში აპირებენ.

რეალურად, ჯერ ვაქცინა ნამდვილად არ არსებობს, რაც სტატიის დასაწყისშივე ავტორის მიერ ისედაცაა აღნიშნული. მტკიცება, რომ კლინიკური ცდები არ ჩატარებულა, მცდარია. ვაქცინების ტესტირება, მასობრივ წარმოებაში გაშვებამდე, რამდენიმე საფეხურს გადის, რათა მისი უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადასტურდეს. თავდაპირველად, პრეკლინიკურ ეტაპზე, ვაქცინა ცხოველებზე იტესტება და აკვირდებიან, ისინი იმუნურ რეაქციას გამოიმუშავებენ, თუ არა. კლინიკური ტესტირების პირველ ფაზაში ვაქცინას ადამიანთა მცირე ჯგუფს აძლევენ, რათა მისი უსაფრთხოება დაადგინონ და მის მიერ გამოწვეული იმუნური რეაქცია უკეთ შეისწავლონ. მეორე ფაზის განმავლობაში ვაქცინა ასეულობით ადამიანს უკეთდება და მეცნიერები მის უსაფრთხოებასა და დოზირებაზე დამატებით ინფორმაციას იღებენ. მესამე ფაზაში ვაქცინაცია ათასობით ადამიანს უტარდება, რათა მისი უსაფრთხობა და ეფექტიანობა დადასტურდეს, ასევე იშვიათი გვერდითი მოვლენები გამოვლინდეს. მესამე ფაზის გამოცდები ასევე საკონტროლო ჯგუფს მოიცავს, რომელსაც პლაცებოს (ნივთიერება სამკურნალო თვისებების გარეშე, რომელსაც წამლის საშუალების სახით იყენებენ) უკეთებენ. ვაქცინების გლობალური ალიანსის (Gavi) ვებ-გვერდზე დეტალურადაა მოცემული იმ პოტენციური ვაქცინების ჩამონათვალი, რომლებიც კლინიკური კვლევების პირველ, მეორე ან მესამე ეტაპზეა. უახლესი ინფორმაციით, 9 ვაქცინა მესამე ეტაპზეა, მათ შორისაა ამერიკული კომპანია Moderna-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის პოტენციური ვაქცინები.

სტატიაში ფაქტების დამახინჯებაც გვხვდება: თითქოს, „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ (WHO) განმარტებით, მათი საქმიანობა ქველმოქმედებაა განვითარებადი ქვეყნებისთვის, რომლებსაც პანდემიასთან ბრძოლისთვის საკმარისი ფინანსები არ გააჩნიათ. მამა გიორგის შეფასებით, ეს იაფფასიანი ბლეფია და დახმარება რომ სურდეთ, ადგებოდნენ და აქ წარმოების განვითარების მიზნით პირდაპირ ინვესტიციებს განახორციელებდნენ. WHO კი განმარტავს, რომ „COVAX-ის საშუალებით ერთობლივი მუშაობა ქველმოქმედებას არ წარმოადგენს, პანდემიის კონტროლი და გლობალური ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენის დაჩქარება ყველა ქვეყნის ინტერესებში შედის“.

სტატიაში ხშირია კონკრეტული ფაქტების გარეშე „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“, გაეროსა და მისი ფონდების დისკრედიტაცია. ვაქცინაციისა და გაეროს მიერ „ბავშვთა უფლებების“ დაცვის თემას დანაშაულებრივ საქმიანობასთან აკავშირებენ. მიზეზად კი მამა გიორგი იმას ასახელებს, რომ ასეულობით მილიონს ჰაერში ტყუილად არავინ გაისვრის. აქვე მკითხველს ახსენებს ჰეპატიტის უფასო პროგრამას: „როგორც მაშინ გამოიყენეს ეს ქვეყანა და კიდევ უამრავი ჩვენისთანა გაჭირვებული სახელმწიფო საცდელად, ისე გამოგვიყენებენ ამჯერადაც“. აღნიშნული განცხადება დეზინფორმაციაა. მიზეზი, რატომაც საქართველო C ჰეპატიტის ვირუსის ელიმინაციის პროგრამაში მოხვდა, არა ეკონომიკური მდგომარეობა, არამედ ქვეყნის მცირე მასშტაბი და ვირუსის მაღალი გავრცელებადობაა. აღსანიშნავია, რომ ამავე პროგრამის ფარგლებშია ისლანდიაც. უახლესი თაობის, ძვირადღირებულ მედიკამენტებს, რომლებსაც ყველა კლინიკური კვლევა გავლილი აქვს, კომპანია „გილეადი“ საქართველოს უფასოდ აწვდის. შესაბამისად, იმის მტკიცება, რომ საქართველო მედიკამენტების საცდელად გამოიყენეს, მცდარია. აღსანიშნავია ისიც, რომ მკურნალობის შემდეგ ტესტირება 38 538 ბენეფიციარს ჩაუტარდა, მათი 98.6% (38 006) განიკურნა.

გიორგი რაზმაძე რუსულ ვაქცინასაც ახსენებს და უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ ზემოაღნიშნული ფონდები არაფერს ამბობენ მასთან დაკავშირებით. სინამდვილეში, „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია“ რუსულ ვაქცინას აკრიტიკებს და მის სანდოობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. რუსეთის კლინიკური კვლევითი ორგანიზაციების ასოციაციამ კი აღნიშნულ ნაბიჯს კლინიკური კვლევების პრინციპების უხეში დარღვევა უწოდა. ვინაიდან რუსული ვაქცინა სრულად ტესტირებული არაა, მას გვერდითი მოვლენების გამოწვევისა და არაეფექტიანობის მაღალი რისკი აქვს. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ვაქცინების უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორის, დანიელ სალმონის განცხადებით, რუსეთის მხრიდან ტესტირების მესამე ფაზის გამოტოვება სახიფათო ნაბიჯია, რადგან ამ ფაზაში უნდა დადასტურდეს ვაქცინის ეფექტიანობა და უსაფრთხოება. ვაქცინა ამავე ფაზაში განსხვავებულ ასაკობრივ ჯგუფებსა (მათ შორის, ბავშვებზე) და სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებზე უნდა დაიტესტოს. რუსულ ვაქცინაზე მომუშავე მკვლევრების მტკიცებით კი, დროის დაზოგვის მიზნით, ვაქცინა საკუთარ თავზე გამოსცადეს, რაც მის უსაფრთხოებას განსაკუთრებით საეჭვოს ხდის. რუსულ ვაქცინასა და მასზე გავრცელებულ ყალბ ამბებზე ჩვენს არაერთ სტატიაშია საუბარი (იხილეთ ფაქტმეტრის სტატიები: ბმული 1, ბმული 2).

თეგები: