კორონავირუსის პანდემიას მსოფლიოში ვირუსთან დაკავშირებით გავრცელებული დეზინფორმაციის დიდი ტალღა მოჰყვა, რაც „ინფოდემიის“ სახელითაა ცნობილი. ქართული ინტერნეტ-სივრცე ამ პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა სახის ყალბმა ამბავმა მოიცვა. მათი დიდი ნაწილი ფაქტ-მეტრმა უკვე გამოააშკარავა. დეზინფორმაცია ხშირად ოფიციალური პირების განცხადებების გაყალბებას წარმოადგენს და მისი ძირითადი ნარატივია:
1. ეპიდემია საერთოდ არ არსებობს და ადამიანებმა მისგან თავის დასაცავად არავითარი ზომა არ უნდა მიიღონ;
2. ვაქცინების გამოყენება მოსახლეობის დასაინფიცირებლად ან მათ გასაკონტროლებლად მოხდება;
3. კორონავირუსის სადიაგნოსტიკო ტესტები თავადაა ჯანმრთელობისთვის საშიში;
4. COVID – 19 სატანისტების მზაკვრული გეგმაა, რომლის საბოლოო მიზანსაც ტოტალური კონტროლის დამყარება წარმოადგენს.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობის რეკორდულ მატებასთან ერთად, ფაქტ-მეტრი კიდევ ერთი დეზინფორმაციის შესახებ მოგითხრობთ, რომელიც ინტერნეტში რამდენიმე თვის წინ ვირუსულად გავრცელდა და COVID – 19-სგან თავის დაცვის არასწორ რეკომენდაციებს ეხება:
Facebook-ზე სხვადასხვა წყაროს მიერ გავრცელებული აღნიშნული დეზინფორმაცია მოსახლეობას COVID – 19-სგან თავის დაცვის მიზნით, მარილიანი ან ძმრიანი თბილი წყლის მიღებისკენ მოუწოდებს. ყალბი ამბის მიხედვით, „სანამ კორონავირუსი დაინფიცირებული ადამიანის ფილტვებში მოხვდება, ის 3-4 დღის განმავლობაში ჩერდება ყელში, რა დროსაც ადამიანს ეწყება ხველა და ყელის ტკივილი. ამ დროს ადამიანმა უნდა მიიღოს ბლომად წყალი და ასევე ხშირად ივლოს ყელში მარილიანი ან ძმრიანი თბილი წყალი. ეს მარტივი პროცედურა დაინფიცირებული ადამიანის ფილტვებში ჩასვლამდე ანადგურებს ვირუსს და ხელს უშლის მის გადაცემას სხვა ადამიანებზე...“
აღნიშნული რჩევები კორონავირუსით ინფიცირებისგან თავის დაცვის ოფიციალურ რეკომენდაციებს შორის არ გვხვდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, იმის მტკიცებულება, რომ მარილიანი წყლის გამოვლება ადამიანს კორონავირუსით ინფიცირებისგან იცავს, არ არსებობს. არსებული ინფორმაციით, მარილიანი წყლით ცხვირის რეგულარული გამორეცხვა ადამიანებს გაციების შედარებით სწრაფად დამარცხებაში ეხმარება, თუმცა ის რესპირაციული ინფექციების ეფექტურ პრევენციულ საშუალებად არ მიიჩნევა.
ვირუსი, რომელიც COVID – 19-ს იწვევს, ადამიანიდან ადამიანს ძირითადად წვეთოვანი გზით, ხველების, ცემინების ან საუბრის დროს გადაეცემა. მეცნიერების განმარტებით კი, აღნიშნული წვეთები მეტისმეტად პატარა ზომისაა იმისათვის, რომ ორგანიზმიდან მათი წყლით გამორეცხვა წარმატებით მოხერხდეს.
აღსანიშნავია, რომ პანდემიის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებისგან თავის დასაცავად სხვადასხვა სითხის, მათ შორის, ალკოჰოლისა და მათეთრებლის მიღების არასწორი რჩევებიც გავრცელდა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ დღეის მდგომარეობით, კორონავირუსით ინფიცირების პრევენციის ან მკურნალობისთვის რეკომენდებული კონკრეტული მედიკამენტი არ არსებობს.
COVID – 19-ის გავრცელების შესამცირებლად და ინფიცირებისგან თავის დაცვის მიზნით:
1) გაიკეთეთ ნიღაბი;
2) ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით, ან დაიმუშავეთ სპირტის შემცველი ხსნარით;
3) დაიცავით არანაკლებ 1 მეტრიანი ფიზიკური დისტანცია თქვენსა და გარშემომყოფებს შორის;
4) მოერიდეთ ხალხმრავალ შეკრებებს;