რეზიუმე: პოლიტიკოსის განცხადების შესაბამისად, 2019 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, პუი-ს ზრდამ 13.6% შეადგინა და რეინვესტირების მაჩვენებელი გაორმაგდა, 125 მლნ აშშ დოლარიდან 258 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
რადგან 2019 წლის მონაცემები ჯერ სრულად არ არის წარმოდგენილი, ტექნიკურად მხოლოდ 2013-2018 და 2006-2012 წლების საშუალო მაჩვენებლების გამოთვლა და შედარებაა შესაძლებებლი. 2006-2012 წლებში პუი-ს საშუალო წლიური მაჩვენებელი 1.17 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო 2013-2018 წლებში, 1.58 მლნ აშშ დოლარს, რაც 34.5% ზრდას წარმოადგენს. აღნიშნული ზრდა ნათია თურნავას მიერ დასახელებულ მაჩვენებელს შეესაბამება. თუმცა სხვადასხვა წლებში პუი-ს აბსოლუტური მაჩვენებლების ფორმით შედარება სპეკულაციურია და წარმატებული დინამიკის ინდიკატორად ვერ გამოდგება, რადგან დროის სხვადასხვა პერიოდში ეკონომიკური მოცემულობა განსხვავებულია. აქედან გამომდინარე,რელევანტურია პუი-ს აბსოლუტური მაჩვენებლის ნაცვლად, ფარდობითი მაჩვენებლების განხილვა. საანგარიშო პერიოდში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისას, საშუალო წლიური პუი მშპ-ს 10.4%-ს შეადგენდა, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდის ანალოგიური მაჩვენებელი 9.63%-ს. შესაბამისად, ამ თვალსაზრისითაც ქართული ოცნების პერიოდი შეგვიძლია, უფრო წარმატებულად მივიჩნიოთ, თუმცა სხვაობა მონაცემებს შორის მინისტრის მიერ დასახელებულ მაჩვენებელზე არსებითად დაბალია.
ამავდროულად, ნათია თურნავას მიერ შერჩეული მიდგომით, ბოლო 2 წლის განმავლობაში გამოკვეთილი უარყოფითი ტენდენციის (რაც პუი-ს მაჩვენებლის არსებითად შემცირებაში გამოიხატება),წარმატებულად გადაფარვა ხდება. კერძოდ, 2018 წელს ქვეყანაში პუი 2017 წელთან შედარებით 35.5%-ით შემცირდა. უარყოფითი ტენდენცია გრძელდება 2019 წლის განმავლობაშიც და 3 კვარტლის მონაცემებით შემცირება, 2018 წლის 3 კვარტალთან შედარებით, 18.6%-ს შეადგენს. მონაცემების გასაშუალოება კი წარმატებული 2014 და 2017 წლების ხარჯზე ბოლო წლებში გამოკვეთილი უარყოფითი ტენდენციის გადაფარვას ემსახურება. ასევე მინისტრი მხოლოდ ცალკე აღებულად მესამე კვარტლის შედეგებს ასახელებს, სადაც ზრდა ფიქსირდება და სამი კვარტლისჯამურ მონაცემს (რომელიც, ასევე ხელმისაწვდომია და 18.6%-იანი შემცირება ფიქსირდება) ყურადღების მიღმა ტოვებს.
ანალიზი
Invest in Georgia 2020 - 2021 - სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალი საინვესტიციო სტრატეგიის წარდგენისას, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა: „ბოლო შვიდი წლის მანძილზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საშუალო წლიური მაჩვენებელი გაზრდილია 35% -ით წინა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, მთელი რიგი აღმოსავლეთის ქვეყანასთან შედარებით, სამჯერ უფრო მაღალია FDI-ის წილი მთლიან შიდა პროდუქტში. მესამე კვარტალში FDI-ის ზრდა ორნიშნა ნიშნულით ხასიათდება და პრაქტიკულად გაორმაგებულია რეინვესტირებული მოგების მოცულობა“.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (პუი) ერთი ქვეყნის რეზიდენტის მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში წილის ფლობასა და საწარმოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა ეკონომიკური ხასიათის ოპერაციების წარმოებას გულისხმობს. პირდაპირია ინვესტორი, რომელიც საწარმოს აქციების არანაკლებ 10 პროცენტს ან ასეთი მონაწილეობის ეკვივალენტს ფლობს. ამჟამად 2019 წლის პუი-ს სამი კვარტლის სტატისტიკა არის გამოქვეყნებული, რომლის მიხედვით საქართველოში 909 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. სამი კვარტლის ჯამური მაჩვენებელი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 185 მლნ აშშ დოლარით (16.9%) ნაკლებია. უშუალოდ მესამე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, პუი-ს ზრდამ 13.6% შეადგინა და რეინვესტირების მაჩვენებელი გაორმაგდა, 125 მლნ აშშ დოლარიდან 258 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
გრაფიკი 1: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2006-2019 წლებში, კვარტლების მიხედვით(მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
2019 წლის მონაცემები სრული არ არის, შედარების თვალსაზრისით, ტექნიკურად სწორი იქნება 2013-2018 და 2006-2012 წლების საშუალო მაჩვენებლების გამოთვლა და მათი შედარება. 2006-2012 წლებში პუი-ს საშუალო წლიური მაჩვენებელი 1.17 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო 2013-2018 წლებში, 1.58 მლნ აშშ დოლარს, რაც 34.5%-იან ზრდას წარმოადგენს. აღნიშნული ზრდა, შეესაბამება, ასევე ნათია თურნავას მიერ დასახელებულ მაჩვენებელს. თუმცა სხვადასხვა წლებში პუი-ს აბსოლუტური მაჩვენებლების ფორმით შედარება სპეკულაციურია და წარმატებული დინამიკის ინდიკატორად ვერ გამოდგება, რადგან განსხვავებულ პერიოდში ეკონომიკური მოცემულობა სხვადასხვაა და შესაბამისად, რელევანტური ფარდობითი მაჩვენებლების განხილვაა. „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში საშუალო წლიური პუი მშპ-ს 10.4%-ს შეადგენდა, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდის ანალოგიური მაჩვენებელი- 9.63%-ს. შესაბამისად, ამ თვალსაზრისითაც „ქართული ოცნების“ პერიოდი შეგვიძლია უფრო წარმატებულად მივიჩნიოთ, თუმცა, ერთი მხრივ, მინისტრის მიერ დასახელებული ზრდა გადაჭარბებულია, მეორე მხრივ კი მონაცემების გასაშუალოებით ნათია თურნავა საწყისი წლების მაღალი მაჩვენებლების ხარჯზე ბოლო წლების მკვეთრად შემცირებული მონაცემების გადაფარვას ცდილობს.
გრაფიკი 2. პუის ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ნათია თურნავამ განცხადებაში ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში FDI-ის წილი მთლიან შიდა პროდუქტში მთელ რიგ აღმოსავლეთის ქვეყანასთან შედარებით, სამჯერ უფრო მაღალია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნეტო ნაკადით, საქართველო რეგიონში მეოთხე ადგილზეა და 7.3%-იანი მაჩვენებლით, მართლაც ორჯერ და მეტჯერ აღემატება მეზობელ ქვეყნებს და ასევე რეგიონის ისეთ ქვეყნებს როგორიც არის მაგალითად: რუმინეთი (2.9%), პოლონეთი (2.1%), ხორვატია (2.1%), ტაჯიკეთი (2.9%) და ა.შ.
გრაფიკი 3: ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (ნეტო) ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან (2018 წელი)
წყარო: მსოფლიო ბანკი