რეზიუმე: 2012 წელთან შედარებით, 2018 წელს ნომინალური მშპ ერთ სულზე, გამოსახული ლარში, გაზრდილია დაახლოებით 56%-ით, ხოლო 2013 წელთან შედარებით, 2018 წელს დოლარში გამოსახული მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა უმნიშვნელოა და მხოლოდ 4 აშშ დოლარს შეადგენს. თუმცა დოლარში გაანგარიშებული მაჩვენებლის გამოყენება სპეკულაციურია დროში ანალიზის შემთხვევაში, ვინაიდან ის არ არის თავისუფალი ვალუტის კურსის ცვლილების გავლენისაგან. ეროვნული ვალუტის კურსის შემცირებას რიგი უარყოფითი შედეგები აქვს. მაგრამ მოსახლეობის შემოსავლების დინამიკის განხილვისას დოლარში კონვერტაციის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან საქართველოში ანგარიშსწორების ერთეულს ლარი წარმოადგენს, მოსახლეობის ხარჯებიც ძირითადად ლარშია დენომინირებული.

შემოსავლის დინამიკის განხილვისთვის რელევანტურია რეალური [1] მთლიანი შიდა პროდუქტის განხილვა ერთ სულზე, რომელიც კორექტირებულია ფასების დონის ცვლილებაზე (თავის მხრივ, ფასების დონის ცვლილება მოიცავს კურსის ცვლილების გავლენასაც). ასევე, სხვა ქვეყნებთან შედარების მიზნებისათვის, მიზანშეწონილია მოსახლეობის რეალური შემოსავლების დინამიკის განხილვა საერთაშორისო დოლარში, მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) მიხედვით, ეს მიდგომა თანხვედრაშია ლილუაშვილის განცხადების პათოსთან. PPP მიდგომაში გათვალისწინებულია, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ვალუტებს განსხვავებული მსყიდველობითი უნარი აქვთ. აღნიშნული მაჩვენებელი მეტად რელევანტურია ვიდრე უბრალოდ დოლარში კონვერტირებული მაჩვენებელი, თუმცა ნებისმიერ უნივერსალურ ერთეულში, მათ შორის საერთაშორისო დოლარში, კონვერტირების მიზანი სხვადასხვა ქვეყნების მაჩვენებლების შედარებაა. ცალკე აღებული ქვეყნის მშპ-ს დროით ჭრილში განხილვისათვის კი საყოველთაოდ მიღებული რელევანტური მაჩვენებელი რეალური მთლიანი შიდა პროდუქტია, გამოსახული ეროვნულ ვალუტაში.

საქართველოში, როგორც რეალური (25.6%), ასევე PPP დოლარში გამოსახული მშპ (რეალური 25.6%, ნომინალური 38.6%) ერთ სულზე ზრდადი იყო 2013-2018 წლებში. შესაბამისად, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ საერთო ჯამში მთლიანი შიდა პროდუქტი მოცემულ პერიოდში ერთ სულზე ზრდადი დინამიკით ხასიათდება. დოლარში გამოსახულ ნომინალურ მშპ-ზე დაყრდნობით მტკიცება, რომ მაჩვენებელი შემცირდა, არასწორია.

ანალიზი

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა: „2013 წლიდან 2019 წლამდე, ერთ სულ მოსახლეზე მშპ არ გაზრდილა. ჩვენ ვსაუბრობთ სრულიად მიუღებელ და კატასტროფულ ტენდენციაზე, რომ პრაქტიკულად 6 წელზე მეტია მთლიანი შიდა პროდუქტი გამოხატული დოლარში, ერთ სულ მოსახლეზე არ იზრდება იმ დროს, როდესაც ჩვენ გვჭირდება პირიქით ძალიან დიდ ტემპებით ზრდა, რომ გავაუმჯობესოთ ადამიანების მდგომარეობა, მათი შესაძლებლობები, რომ გამოვიდეთ ამ სიდუხჭირიდან, რომელშიც ქვეყანა იმყოფება“. აღნიშნულის პასუხად პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა: „ამ მაჩვენებლის [მშპ უნივერსალურ ერთეულში] შეფასებისთვის გამოიყენება ისეთი მეთოდი, რომელიც დამკვიდრებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის მიერ, ეს არის საერთაშორისო დოლარის მაჩვენებელი და იმისთვის, რომ ერთი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე შევადაროთ მეორე ქვეყნის იმავე მაჩვენებელს, გამოიყენება სწორედ, ეს მაჩვენებელი და არა რომელიმე ნომინალური ვალუტა რომელიმე ქვეყნის. ამ მაჩვენებლით (PPP მშპ) 2012 წელთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე ქვეყანაში გაზრდილია თითქმის 40 პროცენტით“.

მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) დროს გარკვეულ პერიოდში ქვეყნის შიგნით საბოლოო მოხმარებისთვის წარმოებული საქონლისა და მომსახურების მოცულობას აჩვენებს, რაც ქვეყნის ეკონომიკის ზომისა და მასშტაბების საზომია. ხოლო, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მშპ-ს მოცულობა კი ქვეყნაში არსებული ცხოვრების დონის ერთ-ერთი ინდიკატორია. მშპ-ს მოცულობის განსაზღვრის არაერთი მაჩვენებელი არსებობს (ნომინალური მშპ, რეალური მშპ, PPP მშპ და სხვა), თუმცა ამ აგრეგატების უნარი, ტენდენცია აღწეროს, უნივერსალური არ არის. საქართველოსათვის დათვლილი თითოეულ ასეთ მაჩვენებელს ცხრილი 1 ასახავს.

ცხრილი 1. მშპ-ს მოცულობის შეფასების მაჩვენებლები

მაჩვენებელი

2012

2018

ზრდა

1

მშპ ერთ სულზე, PPP (ნომინალური, საერთაშორისო დოლარი)

8 240

11 421

38.6%

2

მშპ ერთ სულზე, PPP (რეალური, საერთაშორისო დოლარი)

8 084

10 152

25.6%

3

რეალური მშპ ერთ სულზე (ლარი)

6 343

7 965

25.6%

4

ნომინალური მშპ ერთ სულზე (ლარი)

7 017

11 010

56.9%

5

ნომინალური მშპ ერთ სულზე (დოლარი)

4 250

4 345

2.2%

6

რეალური მშპ ერთ სულზე (2010 წლის დოლარში)

3 559

4 469

25.6%

7

რეალური მშპ ერთ სულზე (დოლარში კოვერტირებული ნომინალური კურსით)

3 842

3 144

-18.2%

წყარო: მსოფლიო ბანკი, საქსტატი

ცხრილში მოცემულ თითოეულ მონაცემის გამოყენებას განსაზღვრული ფარგლები და მიზანი აქვს, ხოლო ანალიზისათვის, შეგნებულად თუ არაკომპეტენტურობის შედეგად, არარელევანტური ერთეულის შერჩევას მცდარ დასკვნამდე მიჰყავს ანალიზის ავტორი. მაგ. ნომინალური მშპ (4) არ არის თავისუფალი ინფლაციური პროცესების გავლენისაგან და მისი გამოყენება დროში ანალიზისათვის აბსოლუტურად მიუღებელია, ისევე, როგორც ნომინალური მშპ-ს დოლარში კონვერტირებული მაჩვენებელი (5), რომელიც გარდა ინფლაციისა, დამატებით სავალუტო რყევების გავლენას მოიცავს და რეალურ ტენდენციას ამახინჯებს.

ცალკეული ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტენდენციის შეფასების ფართოდ მიღებული ობიექტური საზომი ეროვნულ ვალუტაში დათვლილი რეალური მთლიანი შიდა პროდუქტია (3), რომელიც ითვალისწინებს ინფლაციური პროცესის გავლენას და ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე ობიექტურ წარმოდგენას ქმნის. სხვა ქვეყნებთან შედარების მიზნებისათვის კი PPP მშპ-ს სახით დამოუკიდებელი მაჩვენებელი გაიანგარიშება (1,2) რომელიც ერთგვარი ხელოვნური მონაცემია, თუმცა, ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ ხშირად შეცდომით უნივერსალურ საზომად გამოყენებულ ამერიკულ დოლარს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა მსყიდველუნარიანობა აქვს.

როგორც გრაფიკ 1-ზე ჩანს, 2012 წელთან შედარებით, 2018 წელს ერთ სულზე ნომინალური მშპ, გამოსახული ლარში, დაახლოებით 56%-ით არის გაზრდილი, ხოლო 2013 წელთან შედარებით, 2018 წელს დოლარში გამოსახული მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა უმნიშვნელოა და მხოლოდ 4 აშშ დოლარს შეადგენს. თუმცა არცერთი ამ მონაცემთაგან დროითი ტენდენციის ანალიზისთვის მისაღები არ არის. პირველი მათგანი ზრდის ტემპს გადაჭარბებით, მეორე კი ვალუტის კურსის მკვეთრი შემცირების პირობებში მას არსებითად შემცირებულად წარმოაჩენს.

გრაფიკი 1: ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე საქართველოში, გამოსახული აშშ დოლარში და ლარში, 2012-2018 წლებში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის სამსახური

აღსანიშნავია, რომ საკმაოდ ხშირად, მთლიანი შიდა პროდუქტის დინამიკის განხილვისას პოლიტიკოსები დოლარში გამოსახულ ნომინალურ მაჩვენებელს განიხილავენ, რაც არასწორი მიდგომაა. რა თქმა უნდა, ეროვნული ვალუტის კურსის შემცირებას მთელი რიგი უარყოფითი შედეგები აქვს. მათ შორის, იმატებს სესხის მომსახურების წნეხი იმ პირთათვის ვისაც შემოსავლი ლარში, ხოლო ვალდებულები უცხოურ ვალუტაში აქვს, აძვირებს იმპორტს, მოგზაურობას უცხოეთში და ა.შ. თუმცა ამის მიუხედავად, მოსახლეობის შემოსავლების დინამიკის განხილვისას დოლარში კონვერტაციის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან საქართველოში ანგარიშსწორების ერთეულს ლარი წარმოადგენს, მოსახლეობის ხარჯებიც ძირითადად ლარშია დენომინირებული. კურსის ცვლილებით გამოწვეულ ფასების დონის ზრდას კი ინფლაციის მაჩვენებელი მოიცავს საკუთარ თავში, შესაბამისად, რეალური მონაცემის მისაღებად ნომინალური მშპ დოლარში კი არა, არამედ ინფლაციის მაჩვენებელზეუნდადაკორექტირდეს.

დოლარში კონვერტირებული მშპ-ს ანალიზისათვის გამოყენების სპეკულაციურობის ხაზგასასმელად შესაძლებელია ცალკეული მაგალითების განხილვა. ასეთ მაგალითად, შეგვიძლია, მოვიყვანოთ ნორვეგიის შემთხვევა, სადაც ნორვეგიული კრონის დოლართან გაუფასურების შედეგად 2015 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე 22 ათასი აშშ დოლარით შემცირდა და 74 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2014 წელს ის 97 ათას აშშ დოლარს შეადგენდა. სინამდვილეში ნორვეგიის ეკონომიკის რეალური მოცულობა არ შემცირებულა და არასწორი მონაცემის აღებას შეცდომაში შევყავართ. მსგავსი კლება სხვა რიგი ქვეყნების შემთხვევაშიც აღინიშნა, რადგან 2014 წლის მეორე ნახევარში დოლარი მსოფლიო მასშტაბით გამყარდა.

გრაფიკი 2: მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე ნორვეგიაში, გამოსახული აშშ დოლარში

წყარო: მსოფლიო ბანკი

განხილული შეცდომების თავიდან ასარიდებლად, შემოსავლის დინამიკის განხილვისას რელევანტურია რეალური[1] მთლიანი შიდა პროდუქტის განხილვა ერთ სულზე, რომელიც კორექტირებულია ფასების დონის ცვლილებაზე (თავის მხრივ ფასების დონის ცვლილება მოიცავს კურსის ცვლილების გავლენასაც). ასევე, როგორც ბექა ლილუაშვილი აღნიშნავს, სხვა ქვეყნებთან შედარების მიზნებისათვის შესაძლებელია მოსახლეობის რეალური შემოსავლების დინამიკის განხილვა საერთაშორისო დოლარში, მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) მიხედვით. PPP მიდგომაში გათვალისწინებულია, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ვალუტებს განსხვავებული მსყიდველობითი უნარი აქვთ. დაბალშემოსავლიან სახელმწიფოებში პროდუქციაზე უფრო დაბალი ფასებია, ვალუტის მსყიდველობითი უნარი კი მეტია (1 დოლარით მეტი პროდუქტის შეძენა არის შესაძლებელი).

გრაფიკი 2: რეალური მშპ-ს (ერთ სულზე) და PPP მშპ-ს დინამიკა 2013-2018 წლებში, საქართველო

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

როგორცხრილი 2-დან ჩანს, რეალური, ასევე PPP დოლარში გამოსახული მშპ ზრდადი იყო 2013-2018 წლებში, შესაბამისად, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ საერთო მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე ზრდადი დინამიკით ხასიათდება და დოლარში გამოსახულ ნომინალურ მშპ-ზე დაყრდნობით მტკიცება რომ მაჩვენებელი შემცირდა რეალობას აცდენილია.


[1]რეალურ მაჩვენებლებში გამორიცხულია ინფლაციის, ანუ ფასების მატების ეფექტი.

თეგები:

პერსონები