რეზიუმე: „ალტ-ინფოს“ სტატიის სათაურში აღნიშნულია, რომ „კოლორადოში მარიხუანის ლეგალიზაციის შემდეგ არასრულწლოვნებში მარიხუანის მოხმარებამ 65%-ით იმატა“. სტატიას წყაროდ მითითებული აქვს Learnaboutsam.org-ის კვლევის ანგარიში, რომელშიც არსად წერია, რომ მარიხუანის მოხმარება კოლორადოს შტატში ლეგალიზაციის შემდგომ, 12-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებში 65%-ით გაიზარდა. ერთადერთი სეგმენტი, რასაც კვლევის მიხედვით 65%-იანი ზრდა აღენიშნება, არის არასრულწლოვნებში გასინჯვის ტენდენცია, თუმცა აღსანიშნავია, რომ 65%-იანი ზრდა ამ სეგმენტში არა ერთი წლის, არამედ 6 წლის (2012-2017) ჯამური მაჩვენებელია. საკუთრივ მოხმარების მაჩვენებელი 12-დან 17 წლამდე მოზარდებში შემცირებულია. „ალტ-ინფოს“ წყაროდ გამოყენებული აქვს Learnaboutsam.org, რაც წარმოადგენს იმ ორგანიზაციათა ალიანსის ვებგვერდი, რომლებიც ეწინააღმდეგებიან მარიხუანის ლეგალიზებასა და კომერციალიზაციას.
15 აგვისტოს ვებგვერდმა „ალტ-ინფომ“ გაავრცელა სტატია, სათაურით: „აშშ-ის კოლორადოს შტატში მარიხუანის ლეგალიზაციის შემდეგ არასრულწლოვანთა შორის მარიხუანის მოხმარებამ 65%-ით იმატა“. სტატიას წყაროდ მოჰყავს Learnaboutsam.org-ის მიერ 2018 წელს გამოქვეყნებული კვლევა, რომელიც, თავის მხრივ, ეყრდნობა რამდენიმე კვლევის სტატისტიკურ მონაცემებს, მათ შორის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC), ალკოჰოლიზმისა და ალკოჰოლის არასწორად გამოყენების ეროვნული ინსტიტუტის (NIH), ვაშინგტონის, კოლორადოს, ალასკის, ორეგონისა და კოლუმბიის ოლქის ადგილობრივი ინსტიტუტებისა და ჯანმრთელობისა და ადამიანური რესურსების სახელმწიფო დეპარტამენტის კვლევებს. აღნიშნულ კვლევებში არ გამოვლენილა მარიხუანის მოხმარების 65%-იანი (ან ამ რიცხვთან მიახლოებული) მატება არც ერთ ასაკობრივ ჯგუფში. ზემოთჩამოთვლილი კვლევებიდან ყველაზე მასშტაბური და ყოვლისმომცველი ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების სახელმწიფო დეპარტამენტის (U.S. Department of Health & Human Services) მიერ გამოქვეყნებული ნარკოტიკების მოხმარებისა და ჯანმრთელობის ეროვნული კვლევის (NSDUH) მონაცემებია. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ „ალტ-ინფოს“ მიერ გამოქვეყნებული სტატიის სათაური არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან მათ მიერ წარმოდგენილი პროცენტული მონაცემი, რის მიხედვითაც კოლორადოში მარიხუანის ლეგალიზაციის შემდეგ არასრულწლოვანთა შორის მოხმარებამ 65%-ით იმატა, არის მანიპულაციური. რეალურად, 2012 წლიდან 2017 წლის ჩათვლით ჯამში 65%-ით იმატა არასრულწლოვანთა შორის გასინჯვის ტენდენციამ (საშუალოდ 10.8%-ით), რაც არაა საგანგაშო რიცხვი, რადგან ლეგალიზაციამდეც და ლეგალიზაციის შემდეგ აშშ-ში გასინჯვიანობის ყოველწლიური მაჩვენებელი მოზარდებში საშუალოდ 15%-ია. რაც შეეხება მოხმარების მაჩვენებელს, ის ლეგალიზაციამდელ მაჩვენებელზე დაბალია.
კოლორადოს შტატის კონსტიტუციის 65-ე ცვლილებას შტატის მოსახლეობის 55.32%-მა დაუჭირა მხარი, რის შედეგადაც მარიხუანის მოხმარება და შენახვა ოფიციალურად ლეგალური 2012 წლიდან გახდა. მარიხუანით მოვაჭრე ლეგალური მაღაზიები 2014 წელს გამოჩნდა, რითაც მარიხუანის შავი ბაზრის აღმოფხვირსკენ პირველი ნაბიჯი გადაიდგა.
სამედიცინო მიზნებისათვის მარიხუანის მოხმარება ამჟამად აშშ-ის 32 შტატში ლეგალურია. ბოლო წლების განმავლობაში, აშშ-ში არაერთი კვლევა ჩატარდა, რომელიც მიზნად ლეგალიზების შემდეგ მარიხუანას მოხმარების სიხშირის დადგენას ისახავდა.
მარიხუანის მოხმარების შესახებ მონაცემების ყველაზე ყოვლისმომცველი და რელევანტური წყარო ნარკოტიკების მოხმარებისა და ჯანმრთელობის (NSDUH) ყოველწლიური ეროვნული კვლევაა.
ქვემოთ მოყვანილია გრაფიკები, რომლებიც სწორედ ამ კვლევის მონაცემებს ეყრდნობიან:
1. ბოლო წელს მოხმარებული მარიხუანის სტატისტიკა ასაკობრივ ჯგუფებში:
წყარო: politfact.com
2. ბოლო თვეს მოხმარებული მარიხუანის სტატისტიკა ასაკობრივ ჯგუფებში:
წყარო: politfact.com
მოცემული გრაფიკების მიხედვით არასრულწლოვანთა მოხმარება შემცირებულია და არა 65%-ით გაზრდილი. 2012 წელს, მაშინ, როდესაც კოლორადოს 65-ე შესწორებით მარიხუანის მოხმარება ლეგალიზებული გახდა, 12-დან 17 წლამდე მოზარდებში მარიხუანის მოხმარების მაჩვენებელი 17.64% იყო, ხოლო 2017 წელს 16.97%-მდე შემცირდა.
მეორე გრაფიკის მიხედვით, რომელიც გვაწვდის ინფორმაციას ასაკობრივი ჯგუფების პროცენტულ რაოდენობაზე, რომლებმაც გამოკითხვის წინა თვეს მოიხმარეს მარიხუანა, 2012 წელს 12-დან 17 წლამდე მოზარდებში მოხმარების მაჩვენებელი 10.4% იყო, ხოლო 2017 წელს 9%-მდე შემცირდა.
ამ მონაცემების მიხედვით, არასრულწლოვნებში მარიხუანის მოხმარება არათუ გაიზარდა, არამედ შემცირდა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მარიხუანის მომხმარებელთა ზრდა ლეგალიზაციის თანმდევი პროცესია, თუმცა არა გრძელვადიანი. გარკვეული დროის შემდეგ მოხმარების მაჩვენებელი რეგულირდება და ხშირად ლეგალიზაციამდელ მაჩვენებელზე ქვემოთ ჩამოდის.
მარიხუანის მოხმარების შემცირებასთან ერთად, ასევე მცირდება მისი გასინჯვის მაჩვენებელიც. SAM-ის კვლევაში აღნიშნულია, რომ ლეგალიზაციის შემდგომ წლებში (2012-2017) მარიხუანის პირველად მოხმარების მაჩვენებელმა ჯამში 65%-ით მოიმატა, რაც საშუალოდ ყოველ წელს 10.8%-იან მატებას ნიშნავს. მარიხუანის გასინჯვის საშუალო მაჩვენებელი აშშ-ში 12-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებს შორის 15%-ია, რაც არ შეცვლილა იმის შემდეგ, რაც რამდენიმე შტატში მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა. (იხ. სრული კვლევა)
მოცემულ შემთხვევაში „ალტ-ინფოს“ წყაროდ გამოყენებული აქვს Learnaboutsam.org, რაც წარმოადგენს Smart Approaches to Marijuana (SAM) -ის, ორგანიზაციათა ალიანსის ვებგვერდს. მის სექციაში ჩვენ შესახებ აღნიშნულია, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან მარიხუანის ლეგალიზებასა და კომერციალიზაციას.