„ალტ-ინფოს“ სტატიაში მოყვანილია ექიმ-ინფექციონისტ გიორგი კანდელაკის ანგარიში, რომლის მტკიცებითაც, ჩეხეთსა და პორტუგალიაში ნარკოტიკების დეკრიმილანიზაციის შემდეგ ვითარება მკვეთრად გაუარესდა. მოიმატა სხვადასხვა სახის ნარკომომხმარებელთა რიცხვმა, ხოლო სარეაბილიტაციო ცენტრების მიმართვიანობა შემცირებულია. ანგარიშის ავტორს წყაროდ ნარკოტიკებზე და ნარკოტიკულ დამოკიდებულებაზე ევროპული მონიტორინგის ცენტრის (EMCDDA) სტატისტიკა მოჰყავს. თუმცა, მონაცემთა ანალიზისას განზრახ მალავს იმავე ბაზაში ასახულ იმ წლების მაჩვენებლებს, რომლებიც დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებული რეფორმის წარმატებას ადასტურებენ. სინამდვილეში, როგორც პორტუგალიაში, ასევე ჩეხეთში, დეკრიმინალიზაციის შემდგომ წლებში საგრძნობლადაა შემცირებული ნარკომომხმარებელთა რაოდენობა და ნარკოტიკების ინტოქსიკაციით გარდაცვალების მაჩვენებელი, ხოლო სარეაბილიტაციო ცენტრების მიმართვიანობა გაზრდილია.
ანალიზი მედიასაშუალება „ალტ-ინფომ“ გამოაქვეყნა სტატია,სათაურით: „ნარკოტიკების ფლობა ევროპის მხოლოდ ორ ქვეყანაშია დეკრიმინალიზებული და მდგომარეობა ორივეგან გაუარესდა“. სტატიაში მოყვანილია ექიმ-ინფექციონისტ გიორგი კანდელაკის ანგარიში, რომლის მტკიცებითაც, ნარკოტიკების ფლობა მხოლოდ ორ ევროპულ ქვეყანაში, ჩეხეთსა და პორტუგალიაშია დეკრიმინალიზებული და რის შემდგომი მდგომარეობაც ორივეგან მკაფიოდაა გაუარესებული. ანგარიშში გამოყენებულია ნარკოტიკებზე და ნარკოტიკულ დამოკიდებულებაზე ევროპული მონიტორინგის ცენტრის (EMCDDA) მონაცემები. თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გიორგი კანდელაკის მიერ წარმოდგენილი მაჩვენებლები EMCDDA-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის შესაბამის სრულ დინამიკას არ ასახავს (არ აჩვენებს ყველა წლის მონაცემს) და მანიპულაციას წარმოადგენს.
ნარკოტიკული საშუალების მცირე რაოდენობით ფლობისა და მოხმარების დეკრიმინალიზაცია პორტუგალიაში 2001 წელს, ხოლო ჩეხეთში - 2010 წელს მოხდა. აღნიშნულ თემაზე მსჯელობისას აუცილებელია დეკრიმინალიზაციასა და ლეგალიზაციას შორის არსებულ მკვეთრ სხვაობას გაესვას ხაზი. ლეგალიზაცია გარკვეულ ქმედებას კანონიერს ხდის, ხოლო დეკრიმინალიზაციისას ქმედება (ამ შემთხვევაში ნარკოტიკების მცირე რაოდენობით ფლობა, რაც კონკრეტული ქვეყნის კანონმდებლობით გაწერილ ოდენობაზეა დამოკიდებული, და მოხმარება) აღარ წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს, მაგრამ ნარჩუნდება ადმინისტრაციული ჯარიმები და სხვა სადამსჯელო ღონისძიებები.
ჩეხეთში ნარკოტიკების მოხმარებისა და მცირე დოზით ფლობის დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონი 2009 წლის 8 იანვარს მიიღეს, ხოლო ძალაში 2010 წლის 1-ელ იანვარს შევიდა. რაც იმას ნიშნავს, რომ სტატისტიკის განხილვისას 2010 წელი უკვე დეკრიმინალიზირებული ნარკოტიკების წლად უნდა მოვიაზროთ. იმის საილუსტრაციოდ, რომ დეკრიმინალიზაციის შემდგომ წლებში სტატისტიკა ბევრად არასახარბიელოა, ანგარიშის ავტორს მოჰყავს ჩეხეთში 15-24 წლის ახალგაზრდებში კოკაინისა და LSD-ს შედარებით აქტიურ მომხმარებელთა პრეველანტობის დინამიკა 2010-2012 წლებში, სადაც 2010 წელთან შედარებით, მონაცემები გაზრდილია. თუმცა, ანგარიშში დაფარულია და არ არის წარმოდგენილი 2012 წლის შემდეგი წლების სტატისტიკური მონაცემები,სადაც ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების კლების ტენდენცია შეინიშნება. ქვემოთ მოყვანილი გრაფიკიდან ირკვევა, რომ ჩეხეთში 2010 წლამდე (დეკრიმინალიზაციამდე) 15-24 წლის ახალგაზრდებში კოკაინისა და LSD-ს მომხმარებლების საკმაოდ მაღალი პროცენტული რაოდენობა ფიქსირდებოდა. მიუხედავად 2010 წელთან შედარებით 2011-ში გაზრდილი მაჩვენებლისა (რაც ლოგიკურია, რადგან დეკრიმინალიზაცია გრძელვადიან პერსპექტივას წარმოადგენს, ხოლო მის პირველ წლებში სხვადასხვა ნივთიერებების მოხმარების გაზრდა გარკვეულწილად მოსალოდნელი შედეგია), 2012 წლიდან მკვეთრი შემცირება აღინიშნება. 2015 წლის მდგომარეობით (EMCDDA-ის ბაზაში ხელმისაწვდომი ამ დროისათვის უახლესი სტატისტიკური მონაცემი), 15-24 წლამდე ჩეხ ახალგაზრდათა ჯგუფში LSD-ს მოხმარება 0.8-მდე, ხოლო კოკაინის -0-მდეა დაყვანილი.
გრაფიკი 1: 15-24
წლის ასაკის პოპულაციაში LSD-სა და კოკაინის მომხმარებელთა პრეველანტობა 2002-2015 წლებში. ჩეხეთი
წყარო: European Monitoring Centre fir Drugs and Drug Addiction
ანგარიშში ასევე არასრულადაა ნაჩვენები კანაფის, ექსტაზისა და ამფეტამინის მოხმარების სტატისტიკა 15-24 წლის ჩეხ ახალგაზრდებში. ავტორს ნაჩვენები აქვს მხოლოდ დეკრიმინალიზაციის შემდგომი წლების შედეგები (2010-2015 წლის), სადაც აღნიშნული ნივთიერებების მოხმარება მართლაც მაღალია. თუმცა, არ წარმოაჩენს დეკრიმინალიზაციამდე პერიოდს, როდესაც სამივე ნივთიერების (კანაფის, ექსტაზისა და ამფეტამინის) მოხმარება მიმდინარე პერიოდზე მაღალი იყო. ქვემოთ მოყვანილი გრაფიკი ასახავს დინამიკას, რომლის მიხედვითაც, დეკრიმინალიზაციის შემდეგ წლებში, წინა წლებთან შედარებით, ზემოთ აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების პროცენტული რაოდენობა შემცირებულია.
გრაფიკი 2: 15-24
წლის ასაკის პოპულაციაში ექსტაზის, ამფეტამინისა და კანაფის მოხმარების პრევალენტობა 2002-2015 წლებში. ჩეხეთი
წყარო: European Monitoring Centre fir Drugs and Drug Addictionანგარიშის ავტორი ჩეხეთში ნარკოტიკების ინტოქსიკაციით სიკვდილიანობის მაჩვენებელზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ 2010 წლიდან 2015 წლამდე სიკვდილიანობის მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა და 29%-დან 53%-მდე გაიზარდა. თუმცა, ეს მონაცემები გარდაცვლილთა ზოგადი რეესტრის მაჩვენებელს წარმოადგენს. EMCDDA-ის ოფიციალური სტატისტიკის
თანახმად, 2010 წელს ნარკოტიკების ინტოქსიკაციით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 55%-ს შეადგენდა. დეკრიმინალიზაციის შემდეგ აღნიშნული რიცხვი შემცირდა და 2015 წელს 44%, ხოლო 2016 წელს 32% შეადგინა.
გრაფიკი 3:
ნარკოტიკებით ინტოქსიკაკიით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2006-16 წლებში, ჩეხეთი.
წყარო: European Monitoring Centre fir Drugs and Drug Addiction
ექიმი-ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი სტატისტიკით მანიპულაციას მიმართავს პორტუგალიის შემთხვევის ანალიზისასაც. პორტუგალიაში 15-დან 34 წლამდე პოპულაციაში ამფეტამინის, ექსტაზისა და კანაფის მოხმარებაზე საუბრისას მოჰყავს მხოლოდ 2001-2007 წლების მონაცემები და არ აჩვენებს უახლეს (პორტუგალიის შემთხვევაში 2012 წლის) მაჩვენებლებს. 2012 წლის მონაცემების თანახმად, 15-დან 34 წლამდე პოპულაციაში, 2001 წლის შემდეგ, ისტორიულ მინიმუმამდეა დასული როგორც ამფეტამინისა (0.1%) და კანაფის (5.1%), ასევე ექსტაზის (0.6%) მომხმარებელთა პროცენტული რაოდენობაც. ამ მხრივ განსაკუთრებით კარგი შედეგი შეინიშნება, პორტუგალიის 15-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში, სადაც 2012 წლის მონაცემებით, ამფეტამინის მომხმარებელთა რიცხვი 0-მდეა დაყვანილი. ხოლო კოკაინის - 0.2%-მდე.
გრაფიკი 4:
ექსტაზის, ამფეტამინისა და კანაფის მოხმარების პრევალენტობის დინამიკა 15-34 წლის ასაკობირივ პოპულაციაში 2001-2012 წლებში. პორტუგალია
წყარო: European Monitoring Centre fir Drugs and Drug Addictionგარდა ზემოთ აღნიშნულისა, ანგარიშის ავტორი პორტუგალიის სკოლის მოსწავლეებში მარიხუანას და ჰაშიშის გარდა ყველა სხვა ნარკოტიკული საშუალების ჯამური მოხმარების გავრცელების სტატისტიკასაც წარმოადგენს. მისი მტკიცებით, მონაცემების ანალიზისას „ალკოჰოლისა და სხვა ნარკოტიკული საშუალებების შესახებ ევროპული სკოლის კვლევის პროექტის“ (ESPAD) 2015 წლის ანგარიშს ეყრდნობა. თუმცა, ავტორი სტატისტიკურ მონაცემებს კვლავ შერჩევით წარმოადგენს (მხოლოდ 1999-2011 წლის მონაცემებს) და ფარავს იმავე კვლევის 2015 წლის მაჩვენებლებს, რომლის მიხედვითაც პორტუგალიის 13 წლამდე მოსწავლეებში კანაფისა და ჰაშიშის გარდა ყველა სხვა ნარკოტიკული საშუალების ჯამური მოხმარება ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა და 4% შეადგინა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ პორტუგალიაში 13 წლამდე მოსწავლეების მიერ კანაფის, ტრანკვილიზატორების, ინჰალანტებისა და ყველა სხვა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების დონე ევროპის ქვეყნების საშუალო მაჩვენებლებზე
ნაკლებია.
გრაფიკი 5: 13
წლამდე მოსწავლეებში ყველა ტიპის ნარკოტიკული საშუალების (მარიხუანას და ჰაშიშის გარდა) ჯამური მოხმარების პროცენტული მაჩვენებელი 1999-2015 წლებში. პორტუგალია
წყარო: The European School Survey Project on Alcohol and Other Drugsექიმი-ინფექციონისტი, გიორგი კანდელაკი, თავის ანგარიშში ჩეხეთში არსებულ სარეაბილიტაციო მკურნალობაზეც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ მიუხედავად სარეაბილიტაციო ქსელის განვითარებასა და მოსახლეობის ანტინარკოტიკულ განათლებაში ჩადებული ინვესტიციისა, სარეაბილიტაციო ცენტრებში ნარკოდამოკიდებულთა მიმართვიანობა შემცირებულია. აღნიშნავს, რომ 2010 წელთან შედარებით, 2014 წელს ოპიოიდებზე დამოკიდებულ პაციენტთა მიმართვიანობა შემცირებულია. უშუალოდ ჰეროინდამოკიდებულების მიმართვიანობა 1333-დან 818-მდეა შემცირებული, ხოლო ამფეტამინის შემთხვევაში, 2010 წელს 5324 მიმართვა დაფიქსირდა, 2013 წელს - 5, ხოლო 2014-ში მხოლოდ 19. სინამდვილეში, EMCDDA-ის ანგარიშში, რომელიც წყაროდ თავადვე მოჰყავს, სხვა მაჩვენებლებია მითითებული. სარეაბილიტაციო ცენტრებისათვის ამფეტამინდამოკიდებულ ადამიანთა მიმართვიანობა 2010 წელს 2939-ს, 2011-ში - 3122-ს, 2012-ში - 3040-ს, 2013-ში - 3431-ს, ხოლო 2014-ში 3550-ს შეადგენდა. ჰეროინდამიკუდებულთა მიმართვიანობის კლება კი იმით აიხსნება, რომ ჩეხეთში ზოგადად შემცირებულია ჰეროინდამოკიდებულთა რაოდენობა, შესაბამისად, ნაკლები ადამიანი მიმართავს სარეაბილიტაციო ცენტრსაც. 2012 წლის ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში სულ 4300 ჰეროინდამოკიდებული იყო, 2013
წელს კი ეს რიცხვი 3500-მდე შემცირდა.
ანგარიშის ბოლოს ავტორი ასკვნის, რომ „დეკრიმინალიზაცია ერთმნიშვნელოვნად ზრდის სხვადასხვა სპექტრის ნარკოტიკების მოხმარების ტენდენციებს. რეფორმა, რომელმაც არ გაამართლა სხვა, ეკონომიკურად და განათლების დონით ჩვენზე განვითარებულ ევროპის ქვეყნებში, გაცილებით მძიმე შედეგებს გამოიღებს ჩვენთან.“ აღნიშნული მსჯელობა ცალსახად არასწორია, რადგან ზემოთ მოყვანილი სტატისტიკური მაჩვენებლებიდან ნამდვილად იკვეთება ნარკოტიკების მოხმარების შემცირების ტენდენცია და იზრდება ნარკოდამოკიდებულთა მიერ სარეაბილიტაციო ცენტრების მიმართვიანობა.